“საკუთარი ყურით მოვისმინე, რომ, სააკაშვილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის შემდგარი შეთანხმებით, რუსული ჯარი რამდენიმე დღეში საქართველოში შემოვიდოდა”
გაზეთი “ასავალ-დასავალი” აგვისტოს ომის 11 წლისთავს ეხმიანება და ომის გარემოებებზე “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ემზარ კვიციანს ესაუბრება.
“სააკაშვილი და თავისი ბანდა თავიდანვე უცხოურ სპეცსამსახურებთან იყვნენ გარიგებულნი და კოდორის ხეობის მტრისათვის ჩაბარებაზე მუშაობა ჯერ კიდევ 2004 წლიდან დაიწყეს”, – ამბობს კვიციანი.
ის თავდაცვის მაშინდელი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მინისტრობის პერიოდში, 2004 წელს, ცხინვალში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს: “ირაკლი ოქრუაშვილმა, ვითომ, ცხინვალის აღება მოინდომა. იმ პერიოდში, სახალხო დიპლომატიის წყალობით, ქართველები და ოსები, ფაქტობრივად, შერიგებულები იყვნენ და ოქრუაშვილის სამხედრო ავანტიურა სწორედ ამ მშვიდობიანი პროცესის ჩაშლას ემსახურებოდა.
ოქრუაშვილი, რომელსაც ჩეჩნების სპეციალური ჯგუფი ჰყავდა, ოსებსაც ესროდა და ქართველებსაც!”
როგორც რესპონდენტი აგვისტოს ომის შესახებ საუბრისას აცხადებს – “რუსები ვერ ახერხებდნენ, რომ კოდორის ხეობაში აფხაზები შემოეყვანათ და საშველად ისევ სააკაშვილის ხელისუფლებას მიმართეს, რომელმაც ეს დავალება კარგად შეასრულა”.
კვიციანის თქმით, ომის დროს ის რუსეთის ტერიტორიაზე, სოჭში აღმოჩნდა: “სააკაშვილმა, ოქრუაშვილმა და მერაბიშვილმა სარეკი მომიწყვეს, იძულებით აღმოვჩნდი რუსეთის ტერიტორიაზე – სოჭაში, სადაც რუსული სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ვითომ მცველები მომამაგრეს და ჩემს უსაფრთხოებას იცავდნენ, სინამდვილეში კი მყარაულობდნენ, რომ საქართველოში არ დავბრუნებულიყავი და სააკაშვილისთვის კოდორის ხეობის გაყიდვისთვის ხელი არ შემეშალა”.კვიციანი საუბრისას ამბობს, რომ 2 აგვისტოს, რუსი მედესანტეების დღეს, მისმა მეთვალყურემ საქეიფოდ წაიყვანა, სადაც მან მოსკოვიდან მოისმინა: “ძმებო, თქვენთვის კარგი ამბავი მაქვს, ამ დღეებში საქართველოში ჩვენი ორი სამხედრო ბაზა შევაო. ამის გაგონებაზე ჩემთან ახლოს მჯდომი ერთ-ერთი პიროვნება ძალიან აღშფოთდა და მოსკოვიდან ჩამოსულს მკაცრად უთხრა – ბიჭო, რას ლაპარაკობ შენო?! იმან უპასუხა-გეფიცებით, ასეა, საქართველოსა და რუსეთის ხელმძღვანელობას შორის ყველაფერი შეთანხმებულიაო”.
კვიციანის თქმით, მაშინდელი ხელისუფლება ყველაფრის მისთვის გადაბრალებას შეეცდებოდა: “კოდორის ხეობას რუსებს რომ ჩააბარებდა, მერე ეს ჩემთვის უნდა დაებრალებინა, თითქოს, რუსულ ჯარს მე შევუძეხი ხეობაში და მე დავეხმარე მის დაპყრობაში”.
წყარო: “ასავალ-დასავალი”.