რა მანძილია ლექსის კაილასიდან სიყვარულის მარადიული რუკის შექმნამდე…
„პოეზიაა ჩემი ფერწერა“…
სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ბავშვობიდან პოეზიის სამყაროში ცხოვრობდა, მაგრამ იმავდროულად მსახიობისა და ხატვის ნიჭიც დაჰყვა. ამიტომ სკოლის შემდეგ ფერწერის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მალევე, როგორც ამბობს, ფუნჯების ფარშევანგები პოეზიაში შეიჭრნენ და მისი არსება ერთიანად მოიცვეს.
ასე დაიწყო ლექსის „კაილასის“ აგება და კრებულ „ცრემლების ფერწერის“ დაბადება.
შემოქმედებითი ნიჭის გარდა ბიზნესსაქმიანობის უნარსაც არ უჩივის – საქმიანი და წარმატებული ქალების დაჯილდოების ცერემონიალზე „არტბიზნეს ლედის“ წოდება მიენიჭა…
ამზადებს ორენოვან წიგნს აფხაზეთზე, სადაც ქართველი მწერლების საუკეთესო სურვილები შევა…
ოცნება? ოცნებაც უამრავია, ერთ-ერთია – სიყვარულის მარადიული რუკის შექმნა. – პოეტ მადონა დვალის პერსონა.
– მე სოხუმში იმ ქართველი ბოლშევიკის სახელობის მოსწავლე გახლდით, გაჩენისას დედა რომ გადაიყოლა და დედასამშობლოს გასაბჭოებაში რომ იაქტიურა. პედაგოგებს თავიდანვე თვალში არ მოუვიდათ დედის გვარზე მყოფი გოგონა- გაზეთში გახვეული წიგნებით ხელში, ლაშა-გიორგის შვილი ხომ არ ვიყავი, რომ ვითომცდა, უკანონოდ გაჩენილი ტახტზე დავებრძანებინეთ.
შორსმხედველს, ანუ შორსჭვრეტისუნარიანს, ამხანაგებმა „ოჩკარიკა“ შემარქვეს, რის გამოც იმ სათვალის მინებს საკუთარი სამყაროს ამორფული ნივთებით ვამტვრევდი და გაკვეთილის უცოდინარობის მიზეზად ვასახელებდი. ოროსანს, პიონერთა რიგებში აღარ მღებულობდნენ, წითელი ყელსახვევის ნაცვლად ნისლის სინთეპონის საყელოს ვატარებდი და მასწავლებლებმა საბოლოოს გიჟ-პოეტას დიაგნოზიც დამისვეს, მაგრამ ბიბლიური კონცეფციის თანახმად, სამყარო არაფრისგან შეიქმნა, ამიტომ არ გახდა აუცილებელი, ოჯახს თუ სკოლას ჩემთვის რაიმე მოეცა, რომ ადამიანად ჩამოვყალიბებულიყავი.
მსახიობის სკანდალური ნიჭით დაჯილდოებულმა, თეატრალური ინსტიტუტის გამოცდაზე უარი მივიღე, მიზეზად რუსულ-მეგრული კილო დასახელდა, მაგრამ რადგან არც ხატვის ნიჭი დაიშურა ჩემთვის მამაზეციერმა, ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ჩემი მხატვრობის სასინჯი ქვა, ალიონის ღრუბლით დაგრუნტულ ფურცელზე ფიქრის გარეშე წერით არაცნობიერის გამოხატვა გახდა, რაც ჯერ მხოლოდ მამის ფეხსაცმლებით გატკეპნილ ბავშვობის ოცნებებს ეხებოდა.
– როდის დაიწყო ხელოვნების სიყვარული?
– ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბავშვობა პოეზიის თეთრ პანსიონში გავატარე – ახალი მთვარის ბოლო სართულზე. ახალგაზრდობაში ლექსით შეშლილთა კლინიკაში აღმოვჩნდი. ამჟამად, პოეზიით გვემამისჯილთა საკანში ვიმყოფები. ჩემს მდგომარეობას ხელოვნებისადმი სიყვარულს ვერ შევარქმევ, ეს ჩემი განაჩენი, ჩემი სასჯელია.
– ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდით. სტუდენტობა…
– დიახ, ფერწერის ფაკულტეტზე ჩავაბარე, მაგრამ ვინაიდან ჩემში მსახიობისა და პოეტის ნიჭი დომინირებდა – ფუნჯების ფარშავანგები გაფრინდნენ ტილოს სანაპიროდან და ჩემს პოეზიაში შემოიჭრნენ.
– გამოიცა თქვენი წიგნი – „ცრემლების ფერწერა“. რა იყო თქვენი სათქმელი?
– ჩემი პოეზიის ის ზღაპრული გამოსახულებები ცრემლთა კრისტალის თხელ ფირფიტაზე ამოიკვეთა, ჩაღრმავებები საკუთარი სისხლის მელნით ამოვავსე, პოეზია გახლავთ ჩემი ფერწერა.
– პროზაულ ნაწარმოებებსაც ქმნით?
– ნაწარმოები წერის პროცესშია, ვყვები, თუ როგორ გაითელა ქალური ოცნებებიც ჯერ პირველი ქმრის აზიაცკებით და მერე მეორის მოკასინებით, თუ როგორ დავტენე მთვარის „ბრაუნინგი“ ასპიროზის ტყვიით და ცხოვრების გალიიდან როგორ გავიქეცი. რას წარმოვიდგენდი, რომ პოეზიის უღელში შებმულს „სამი ხის“ ტარება დაჩოქილს მომიწევდა, რომ შუაღამის ლაბირინთებში ჩასაფრებული ჯაყოები და თეიმურაზები მთელ ჩემს სილამაზეს და ერთგულებას ცის ლომბარდში ჩააბარებდნენ და რომ ლექსის კაილასის აგებამდე, ჯერ თვითმკვლელობაზე მექნებოდა სტატია დასაწერი.
ნაწარმოები შეიცავს ადამიანთა არაადამიანური ტენდენციების კვლევის შედეგებს, მაგრამ სულის სიღრმეში არსებულ ნამარხ საწვავს ვინახავ მარადიული სიყვარულის რუკის შესაქმნელად, თუ მოვასწარი და საკუთარი პოეზიის ეგზოპლანეტის ზედაპირის გეომეტრიულად შესწავლა მოვახერხე.
– თარგმნეთ ქართველ კლასიკოსთა პოეზია, რომელიც აფხაზეთის მთავრობამ გამოსცა…
– ოთარ ჭილაძე, ტიციამ ტაბიძე, გიორგი ლეონიძის „ყივჩაღის პაემანი“, რომელიც ძალიან მოიწონეს რუსულის მცოდნეებმა და, მგონი, არც არის ნათარგმნი. ვთარგმნე ლადო ასათიანის პოეზიაც…
სიამოვნებით ვთარგმნიდი სხვა ენებზეც, ისევე სრულყოფილად რომ ვფლობდე, რასაც თარგმანი მოითხოვს.
– ამზადებთ ორენოვან წიგნს აფხაზეთზე, სადაც ქართველი მწერლების საუკეთესო სურვილები შევა…
– ამ წიგნის მიზანია, გახდეს ერთ-ერთი მაცნე საქართველოს რენესანსისა, როცა ყველა საკითხს მაღალი სულიერებისა და მოწიფული ცნობიერების ადამიანები გადაჭრიან.
– საქმიანი და წარმატებული ქალების დაჯილდოების ცერემონიალზე „არტბიზნეს ლედის“ წოდება მოგენიჭათ… ბიზნესსაქმიანობის ნიჭიც გაქვთ…
– კომერცია მისასალმებელია, თუ იგი ძუნწ, ხარბ და ამაყ ადამიანად არ გაქცევს. კომერციის ნიჭიც მაქვს და ამ საქმიანობას ხელი მხოლოდ იმიტომ მოვკიდე, რომ თავისუფალი ვიყო. კოლექტივში ყოფნა და კოლექტიური აზროვნება ჩემთვის ნამდვილი კოშმარია. განსხვავებული ხედვის გამო, დღევანდელ ყოფიერებაში ჩემთვის სამუშაო ადგილი არ არსებობს.
– თქვენი ერთი ლექსი…
– სონეტი 3
ნუ მიწყენ, უკვე თუ მოგმართავ მხოლოდ სახელით,
ასე უხმობენ ან მეფეს და ანდა, მსახურებს-
მე დიდსულოვნად შეგეგებე- თვალთა გახელით,
მაგრამ ამ სითბოს თურმე არვინ არ იმსახურებს.
რარიგად მსურდა, შენს თვალებში წრფელად მემზირა,
მთელი ცხოვრება ვიგერიებ ათას „ლოველასს!“
მეგონე მეფე – რამ გაქცია ბოლოს ვეზირად?
ვაი, თუ ლექსიც დაემსგავსოს ბოლოს ნოველას.
უნდა წავიდე, ავუჩქარო იქნებ ნაბიჯებს,
ჩემი მუზების საუფლოშიც ვიდრე მოყინავს,
მე მამრის ტრფობა ძვირად რატომ უნდა დამიჯდეს?
მე, ლექსის, კერპთან, პოეზიის ღმერთთან მორკინალს!
შენ უფაქიზეს ღრუბლის ნავში უნდა ჩაგესვი,
მაგრამ აღმოჩნდი თვით „გოჩაზე უგოჩავესი!“
– ჰობი…
– ჩემი დაუოკებელი ლტოლვაა, სამყაროს წარმოშობის წამიდან დღევანდელ უახლეს კვლევებამდე, ყველა დეტალის შესწავლა, მსურს, ამოვიცნო სიცოცხლის მიზანი და გავცე გალაკტიონს პასუხი კითხვაზე: „ვუხმობ, ვეძახი სიცოცხლის მიზანს, მაგრამ არავინ იძლევა პასუხს“.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ…
– თითქმის ყველა ძველი ღირებულება შესაცვლელია, მაგრამ პირველი ნაბიჯებისთვის განათლების სისტემას შევაცვლევინებდი მეცნიერებსა და გენიალურ ადამიანებს.
– როგორ წერთ, როგორ მოდის შთაგონება?
– შთაგონება მოდის წინააღმდეგობებთან ბრძოლაში, როცა სიმწრის ცრემლი მომადგება, ვწერ უმთავრესად დილის საათებში, ღამის ფიქრებს დილით ლექსებად ვთარგმნი ხოლმე.
– სამომავლო გეგმები…
– მართალია, ბევრი ოცნება და იმედი გაითელა, მაგრამ გადარჩა მთავარი – სიმართლე, ეს ბოლო ინსტანცია, რომელსაც თამამად შემიძლია დავეყრდნო, და როგორც უკვე ვთქვი, იქნებ შევძლო და, ყველაფრის მიუხედავად, შევქმნა სიყვარულის მარადიული რუკა, მაგრამ ამისათვის, ჯერ სიყვარულით დამუხტული აზრები წამში 300,000კმ. სიჩქარით უნდა გავგზავნო ყოვლისშემძლე სუბსტანციასთან, მხოლოდ მას შეუძლია მოძრაობაში მოიყვანოს მიზეზი იმ აზრთა განსახორციელებლად.
მინდა ავაგო უძველესი რწმენის სასახლე, რომ მის ბაღებში სამუდამოდ გაიდგან ფესვი სიყვარულის ციურმა მარცვლებმა და გააძევონ ცდომილების სარეველები.
მე უმაღლესი სიყვარული ჩავზარდე ჩემში, რომელიც ღვთიურ სიჩუმეში აღმოვაჩინე უჩვეულოს და უცნაურის განზოგადებით. მას მერე გაქრა, წაიშალა დრო და მანძილი, გაიხსნა ფარდა უხილავი ბარიერების და მე ვიხილე თეთრი ხიდი უფსკრულის თავზე – უკვდავების ქათქათა ხატი, ვირწმუნე, რომ მას მივიღებდი, მივიღე უმალ, მიზიდულობის კანონის ძალით. გადავურაზე კარი გონის ფსიქიკურ კარებს, დავეპატრონე ჩემი ძალის მაგნიტურ ისარს, დავემშვიდობე გამოგონილ-მორალურ ბორკილს და უსასრულო მცირედიდან გადავედი უსასრულო გრანდიოზულში. ასე დასრულდა მენტალური კატასტროფის ეპოქა მთელი.
თამარ შაიშმელაშვილი