ნანა კაკაბაძე: ზუსტად ვიცი, რომ 1989 წლის 18 თებერვალს მამუკა ხაზარაძე ანტისაოკუპაციო აქციის დარბევაში მონაწილეობდა 

“თი-ბი-სი ბანკის“ დამფუძნებლებსა და მეწილეებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომლებსაც საქართველოს გენერალური პროკურატურა 17 მილიონამდე ამერიკული დოლარის უკანონო ლეგალიზაციასა და განსაკუთრებით დიდი შემოსავლის დანაშაულებრივი გზით მიღებაში სდებს ბრალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად გირაო შეუფარდა – თითოეულს 700 ათასი ლარის ოდენობით. გარდა ამისა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, რომლებსაც თავისუფლების  9-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ, საგამოძიებო ორგანოს ინფორმირებისა და მისი ნებართვის გარეშე ქვეყნის დატოვებაც აეკრძალათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას და საჯაროდ დაიქადნა – პირობას ვდებ, ეს სისტემა აუცილებლად დაინგრევაო! არის თუ არა მამუკა ხაზარაძე ის კაცი, რომელიც „სისტემის დანგრევა“ შეუძლია და, საერთოდ, საკუთარი ბიოგრაფია რამდენად აძლევს მორალურ უფლებას, პოლიტიკური ამბიციები გამოამჟღავნოს? ამ საკითხზე გაზეთი „ასავალ-დასავალი“ უფლებადამცველსა და ეროვნული მოძრაობის აქტიურ წევრს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები – ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელს, ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.

ნანა კაკაბაძე: ეს სისტემა მართლაც დასანგრევია, მაგრამ არა იმ ფორმითა და იმ გაგებით, როგორც ხაზარაძე გულისხმობს.

-თუ შეიძლება, დააკონკრეტეთ…

ეს სისტემა იმიტომ უნდა დაინგრეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სამართლიანობა არ აღადგინა და კრიმინალური ბანდა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, პოლიტიკაში დატოვა, მამუკა ხაზარაძის გაგებით კი „სისტემის დანგრევა“ იმას გულისხმობს, რომ „ნაცმოძრაობა“, თავისი ყველა დანაყოფითა თუ გამონაყოფით, კიდევ უფრო გაძლიერდეს და აღზევდეს.

-ანუ ხაზარაძეს „ნაციონალების“ ხელისუფლებაში დაბრუნება უნდა?

სამწუხაროდ და საუბედუროდ, „ნაცმოძრაობის“ გარდა არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელსაც „ქართული ოცნების“ წასვლის შემთხვევაში ძალაუფლების ხელში აღება შეუძლია და ეს ხაზარაძემაც მშვენივრად იცის. აქედან გამომდინარე, ყველა – ხაზარაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ვინც ახლა ხელისუფლების შესაცვლელად იბრძვის, ავტომატურად იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყნის მართვის სადავეები კვლავ „ნაცმოძრაობად“ წოდებულ კრიმინალურ ბანდას ჩაუვარდეს ხელში. აქვე მინდა, ხმამაღლა განვაცხადო: „რუსთავი 2-ის“, ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობისა და მოქალაქე გოგალაძის წამების საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ ახლახან გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებითაც სამართლებრივად დასტურდება,  რომ სააკაშვილის ხელისუფლება დანაშაულებრივი რეჟიმი იყო, „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკიდან ჩამოშორების საფუძველი უნდა გახდეს. გარდა ამისა, სტრასბურგის სასამართლოს მიერ სანდრო გირგვლიანისა და სულხან მოლაშვილის საქმეებზე გამოტანილი გადაწყვეტილებები, რომლებშიც სააკაშვილის ხელისუფლება პირდაპირ არის მხილებული უმძიმეს სისტემურ დანაშაულებში, საფუძვლად უნდა დაედოს „ნაცმოძრაობისათვის“ პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას. საქართველოს პროკურატურას აღარც კი სჭირდება გამოძიების ჩატარება და მტკიცებულებების მოპოვება, რადგან სტრასბურგის სასამართლომ თავისი არაერთი გადაწყვეტილებით უკვე შექმნა მყარი საფუძველი სააკაშვილის რეჟიმის გასასამართლებლად. როცა „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკიდან სამუდამოდ მოიკვეთება, ეკონომიკაც წინ წავა, ლარის კურსიც გამყარდება, რუსული საფრთხეც მოიხსნება და ქვეყანა შვებით ამოისუნთქავს!

-მიგაჩნიათ თუ არა, რომ ხელისუფლება მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას ახორციელებს?

იცით რა? მამუკა ხაზარაძე და ყველა, ვინც 1990-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოში დიდი ფული იშოვა, კრიმინალშია გასვრილი. საბჭოთა კავშირი 1991 წელს დაიშალა და ხაზარაძე, რომელიც 1989 წლამდე „გეპეიში“ კომკავშირის კომიტეტის მდივანი იყო, თვალის დახამხამებაში ბიზნესმენი როგორ გახდა? ბილ გეიტსია და „მაიკროსოფტი“ შექმნა თუ რა გაუკეთებია ისეთი, ამხელა კაპიტალის პატრონად რომ იქცა?

– მამუკა ხაზარაძეც და ბადრი ჯაფარიძემ აცხადებენ – წარმატების სიმბოლოები ვართო!

მე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ხაზარაძისა და ბოლო 20-25 წლის განმავლობაში საქართველოში გამდიდრებული ყველა “ბობოლას” უკან კრიმინალი დგას და მათი კაპიტალი კრიმინალური კაპიტალია. ხელისუფლების პოლიტიკური ნება თუ იქნება და საგამოძიებო ორგანოები მოინდობენ, ხაზარაძისა და მისნაირთა ქონების უკანონო წარმომავლობას ძალიან ადვილად დაამტკიცებენ.

-ხაზარაძესა და ჯაფარიძეს მხოლოდ იმას ედავებიან, რომ 2008 წელს უკანონო ტრანზაქცია განახორციელეს და 17 მილიონამდე დოლარი გაათეთრეს.

ხაზარაძემ ერთხელ კი არ განახორციელა უკანონო ტრანზაქცია, არამედ ფული თავიდანვე უკანონოდ იშოვა და მთელი მისი კაპიტალი კრიმინალური გზით არის დაგროვებული. იცით, ხაზარაძემ თავის დროზე „ბორჯომი“ რამდენად გაყიდა? – 400 ათას ლარად შეიძინა, როცა „ბორჯომი“ ამაზე ორჯერ მეტ შემოსავალს მხოლოდ დღეში ტოვებს. საერთოდ, როგორ  შეიძლებოდა, რომ „ბორჯომი“, რომელიც საქართველოსთვის უფლისგან ნაბოძები სიკეთეა და მთელი ერის ბუნებრივ საკუთრებას წარმოადგენს, რომელიმე კონკრეტული ბიზნესმენის ხელში აღმოჩენილიყო?! კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველა ასეთი ქონება, რომელიც ხაზარაძემ და სხვა ბიზნესმენებმა კაპიკებად ჩაიგდეს ხელში, უკანონოა და ყოველთვის შეიძლება მტკიცებულებების დადება, რომ ესენი ფულს კრიმინალური გზით შოულობდნენ. სხვათა შორის, “ბორჯომი“, რომელიც საქართველოს სტრატეგიული სიმდიდრეა, „პროდასავლელმა“ ხაზარაძემ რუსებს მიჰყიდა.

-ახსენეთ, რომ 1989 წლამდე მამუკა ხაზარაძე „გეპეიში“ კომკავშირის კომიტეტის მდივანი იყო და ამის შესახებ მართლაც ყველამ იცის, თქვენ კი იმ პერიოდში დისიდენტი და ეროვნული მოძრაობის წევრი იყავით. რა იცით ხაზარაძის, როგორც აქტიური კომკავშირელის საქმიანობის შესახებ?

თქვენ ხომ კარგად იცით, რას აკეთებდა მაშინ მამუკა ხაზარაძე? იგი სწორედ ეროვნული და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წინააღმდეგ იბრძოდა. 1989 წლის 18 თებერვალს „ილია ჭავჭავაძის საზოგადოების“ მიერ პოლიტექნიკური ინსტიტუტის პირველ კორპუსთან ჩატარებული საპროტესტო აქცია ხაზარაძემ და სხვა კომკავშირელებმა დაარბიეს.

-იმ საპროტესტო აქციაზე თქვენ პირადად იმყოფებოდით?

იმ დღეს იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რაც მოხდა და მოვლენები როგორც განვითარდა.

-გვითხარით…

ზუსტად ვიცი, რომ 1989 წლის 18 თებერვალს მამუკა ხაზარაძე ანტისაოკუპაციო აქციის დარბევაში მონაწილეობდა. სამარცხვინოა, რომ ასეთი ბიოგრაფიის მქონე ხაზარაძეს დღეს, ვითომ, ანტისაოკუპაციო მოძრაობის მხარდამჭერად და პროდასავლელ ბიზნესმენად მოაქვს თავი, რეალურად კი ბიზნესსაქმიანობას ისევ კომკავშირული და ბოლშევიკური სულისკვეთებით, მტაცებლურად აგრძელებს.

-გსმენიათ თუ არა იმის შესახებ, რომ 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგის დარბევის დროს მამუკა ხაზარაძე მერაბ კოსტავას „გაექაჩა“?

იცით რა? ამ თემაზე საუბარი ზუსტად იმიტომ არ მინდა, რომ საქმე მერაბ კოსტავას ეხება და არ მიმაჩნია საჭიროდ იმის გახსენება, რაც მარტო ხაზარაძის ან რომელიმე კონკრეტული პირის კი არა, მთელი საქართველოს სირცხვილია. ყველამ თავის გულში ჩაიხედოს და გაიხსენოს, როგორ უპირისპირდებოდა ეროვნულ მოძრაობას და რა აქვს ჩადენილი ეროვნული გმირების წინააღმდეგ, რომელიც საბჭოთა რეჟიმს უპირისპირდებოდნენ.

-არ გთხოვთ, რომ დეტალებს მოყვეთ, მაგრამ ის მაინც მითხარით, მამუკა ხაზარაძის მიერ მერაბ კოსტავაზე ხელის აღმართვის ფაქტს ადასტურებთ თუ არა?

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მერაბ კოსტავა საქართველოს სინდის-ნამუსია და მასზე ხელის აწევა არა მხოლოდ ხაზარაძის, არამედ მთელი საქართველოს სირცხვილია, რის გამოც ამ თემაზე საუბრისგან თავს ვიკავებ.

წყარო: გაზეთი “ასავალ-დასავალი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები