ეროსი კიწმარიშვილის მეგობარი: „გვარამიას ლამის „საფლავში“ მიჰყვნენ და ეროსის არც ახსენებენ“

„აღშფოთებული ვარ იმით, რაც დღეს „რუსთავი 2-ში“ ხდება, გვარამიას ლამის „საფლავში“ მიჰყვნენ და ეროსის არც ახსენებენ“, – ამის შესახებ გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ საუბრისას  ეროსი კიწმარიშვილის ბავშვობის მეგობარმა, თანაკლასელმა გრიგოლ ტორჩინავამ განუცხადა.

გრიგოლ ტორჩინავა: ეროსი ისეთი გულანთებული და მომავლის გეგმებით სავსე იყო, თვითმკვლელობა გამორიცხულია. ბოლო პერიოდის მანძილზე ყოველ დღეს ერთად ვიყავით (მას შემდეგ, რაც პარტია „ჩვენი საქართველო“ დააფუძნა). თავის მოკვლა გადაწყვეტილი ჰქონდა, იმ დღეს იარაღიც იყიდაო… არადა, იარაღი ეროსის მანამდეც ჰქონდა, თვითმკვლელობა რომ სდომოდა, არ გაუჭირდებოდა. უშიშარი იყო, ამბობდა – ცუდი არავისთვის გამიკეთებია, არც მეშინიაო. მიუხედავად ამისა, დაცვა მაინც ავუყვანეთ. 4 წელს ამერიკაში იყო, შეეძლო მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ გული და სული საქართველოსკენ ჰქონდა, ამბობდა – ჩემი ყველაზე დიდი ბიზნესი ჩემი შვილების სწავლა-განათლებაში ჩადებული ფულია, მინდა, რომ სამშობლოში იცხოვრონო. უყვარდა აქაურობა, ხელისუფლებაში 15 წესიერი კაცი თუ მოვა, ამ ქვეყანაში ყველაფრის დალაგება შეიძლებაო.

-ახალი ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის მიმართ რა განწყობა ჰქონდა?

გრიგოლ ტორჩინავა: ეროსი ამბობდა: სააკაშვილის დამარცხებისათვის ხალხმა, პირველ ყოვლისა, მადლობა უნდა გადაუხადოს ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ – პატარა მონაკვეთში ვერა, მაგრამ მის მერე მე მოვალო. რუსთავის მერის არჩევნებში დამარცხების მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრია, მეტსაც გეტყვით – ის არჩევნები ეროსის, რეალურად, მოგებული ჰქონდა. ბოლო დღეებში ისეთი რაღაცები გაუკეთეს, გაოგნებული იყო – მოწინააღმდეგე მხარის გასამარჯვებლად რუსთავში სპეციალურად 10 ათასი კაცი დაარეგისტრირეს. მაინც არ გატყდა, მომავლის გეგმების განხორციელებაზე ფიქრობდა – ამბობდა „რუსთავი 2-ს“ ოფიციალურად არ დამიბრუნებენ, მაგრამ „60 წუთის“ მსგავს გადაცემას გავაკეთებო. ენატრებოდა ტელევიზია…აღშფოთებული ვარ იმით, რაც დღეს „რუსთავი 2-ზე“ ხდება, გვარამიას ლამის „საფლავში“ მიჰყვნენ და ეროსის არც ახსენებენ, მის სახელს მხოლოდ მაშინ აჟღერებენ, როცა სასიცოცხლოდ სჭირდებათ.

ამასწინათ ასე მოხდა, როცა 5 წუთი დაუთმეს ეროსის სიუჟეტს. არადა, სანამ ამ ტელევიზიიდან წამოვიდოდა, ჟურნალისტებს ხელფასები გაუორმაგა და თქვა: ამათ ფული მაინც სააკაშვილმა უნდა გადაუხადოსო. ეროსის ამაგი არ დაუფასეს. სხვათა შორის, არც „მაესტროში“ – გაიხსენეთ, რა იყო „მაესტრო“ ეროსის მისვლამდე და როგორი ყურებადი გახდა მისი მისვლის შემდეგ.

-რაზე გამოთქვამდა სინანულს?

შეხვედრებზე ხშირად მის გვერდით ვიყავი. ისინი, ვისაც დღეს დიდ პოლიტიკოსებად მოაქვთ თავი, ჭკუას მას ეკითხებოდნენ და, ჩემდა გასაკვირად, მეორე დღეს ტელევიზიით გამოდიოდნენ და ეროსის ლანძღავდნენ. თვითონაც მეუბნებოდა – ხომ ნახე, რა კარგად ვისაუბრეთ,  ახლა შეადარე, ტელევიზიით რა თქვესო. ერთხელ მასთან იური ვაზაგაშვილი მოვიდა და 40 წუთს  ელოდა. იქ ვიყავით ეროსის უახლოესი მეგობრები და თანაკლასელები – 4 კაცი. ამ შეხვედრის შემდეგ იური ვაზაგაშვილი  ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, ეროსის იარაღიანი ხალხი ჰყავდაო. არადა, უბრალო ხალხი, მეგობრები ვიყავით მისულები. ამის შემდეგ  ვაზაგაშვილი სრულიად შემთხვევით შემხვდა რუსთავში, დაველაპარაკე, მაგრამ არ გამიჩერდა, მანქანა დაქოქა და წავიდა.

-გაიხსენეთ ბოლო შეხვედრა ეროსი კიწმარიშვილთან…

წინა დღეს ერთად ვიყავით ორთაჭალაში, რესტორანში. მეორე დღეს სიდედრის გასვენებაში გურიაში მივდიოდი. უკვე ჩოხატაურთან ვიყავი, დამირეკა, მალე დაბრუნდიო. 2-3 დღეში ჩამოვალ-მეთქი. მეორე დღეს „რუსთავი 2-ი“ს ჟურნალისტები დამიკავშირდნენ, ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი იპოვესო. გადავირიე, ჭორი მეგონა. მერე „მაესტროდანაც“ დამირეკეს. ეროსის საქმეზე ყველა დაკითხეს, ვინც კი მის გვერდით ტრიალებდა, მაგრამ მე დღემდე არავის დავუკითხივარ.

– მიწისქვეშა ავტოსადგომზე, სადაც ეროსი გარდაცვლილი იპოვეს, ნამყოფი ხართ?

დიახ, ეროსისთან ერთადაც და მარტოც. მისი მანქანა ამ „გარაჟიდან“ ბევრჯერ ამომიყვანია და ერთად წავსულვართ. ეს მიწისქვეშა „გარაჟი“ არასდროს მომწონდა, განათება კი იყო, მაგრამ მაინც სიბნელე სძლევდა, მკაფიო განათება არასოდეს შემინიშნავს და, სხვათა შორის, არც ის მახსოვს, რომელიმე მანქანის პატრონი შეგვხვედროდა. ყოველთვის შემაძრწუნებელი სიჩუმე იყო, ის სიტუაცია და ადგილი არ მომწონდა.

-ერთი წუთითაც არ უშვებთ იმას, რომ ეს იყო თვითმკვლელობა?

არა! ყველამ ძალიან კარგად იცის, რა სიტუაციაში იყო გარდაცვლილი ეროსი – მანქანაში ჩაწეული მინები, ანთებული ფარები, სამზეურები ჩამოწეული, ჩართული კონდიციონერი, გადაჭერილი ღვედი. თვითმკვლელის მოქმედებას ეს არ ჰგავს. გული მტკივა, ასეთი ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე რომ წავიდა ამ ქვეყნიდან, მეორე კლასიდან ერთად ვიყავით, უსაზღვროდ ნიჭიერი იყო.

წყარო: გაზეთი „ასავალ-დასავალი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები