ზურაბ კიწმარიშვილი: ეროსისა და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას “რუსთავი 2-ის” გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია
“ეროსისა და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას “რუსთავი 2-ის” გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია”, – ამის შესახებ “რუსთავი 2-ის” ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ძმა – ზურაბ კიწმარიშვილი “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
“ეროსისა და იასგან ვიცი, რომ ჩემს ძმას “რუსთავი 2-ის” გაყიდვით ერთი თეთრიც არ მიუღია. ჯარჯი და დათო ამბობენ, რომ მოლაპარაკებები გამიჯნული იყო. აქედან გამომდინარე, ეროსისთან რა მოილაპარაკეს და შესრულდა თუ არა პირობა, ვინც გადაიხადა, მან უნდა თქვას. ხალვაშისგან მსმენია, რომ მას ეროსი არ უნახავს და არც თანხა გადაუცია. ეროსისთვის არასდროს მიკითხავს, რა გაყიდა და რა მიუტანეს, მაგრამ ასე რომ ყოფილიყო, არ დამიმალავდა. ის ნამდვილად ვიცი, რომ მას ისევე ეკუთვნის “რუსთავი 2”, როგორც – მათ, ვინც ახლა ყურადღების ცენტრშია. “რუსთავი 2-ის” მფლობელობიდან გასვლის საკითხი ეროსისთვის იმ მომენტში დღის წესრიგში არ იდგა, ეს იყო შექმნილ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება. წილის გასხვისება ყველასთვის მოულოდნელი და არასასურველი იყო”, – აცხადებს ზურაბ კიწმარიშვილი.
კითხვაზე: ეროსის ოჯახიც აპირებდა პროკურატურაში ჩივილს წილის მოთხოვნის შესახებ? – ზურაბ კიწმარიშვილი შემდეგნაირად პასუხობს:
“თუ წილობრივ და ქონებრივ დავაში ია რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას, გვერდში დავუდგები. ეს მისი, როგორც სამართალმემკვიდრის გადასაწყვეტია. ვიცი, რომ ეროსის ჰქონდა პრეტენზია “რუსთავი 2-ზე” და მიიჩნევდა, რომ მისი ინტერესი არ იყო დაკმაყოფილებული”.