„ერთი ცხოვრება არ ჰყოფნის ადამიანს, რომ საქართველო და ქართველად მყოფობის საიდუმლო ბოლომდე გაიგოს და გაითავისოს“

დაიბადა დედულეთში, წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის სახლში, თუმცა მამაპაპისეული სახლი საგარეჯოს რაიონის სოფელი ხაშმია. 12 წლამდე აქ იზრდებოდა, მამამისი რევაზ ინანიშვილის თანაკლასელი იყო, ბავშვობიდან ჩარჩა მეხსიერებაში დიდი მწერლის მოთხრობებში არეკლილი აქაური ხასიათები, ხაშმის სანახები და ველ-მინდვრები…
უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა და ბედნიერია, რომ გრანდები, სახელგანთქმული პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიდნენ.  შემდეგ დაიცვა საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები.
ავტორია წიგნებისა:„რაფიელ ერისთავი და ხალხური შემოქმედება“ (1986), „ქართული ფოლკლორისტიკის სათავეებთან“ (1986), „ქართულ-რუსული ფოლკლორისტული ურთიერთობები XIX საუკუნეში“ (რუსულ ენაზე, 1989), „ბერი კაცი ვარ, ნუ მამკლავ“ (ფოლკლორისტულ-ლიტერატურათმცოდნეობითი ნარკვევები, 1990), „ქართული მეტყველების კულტურის საკითხები“ (რედაქტორი და თანაავტორი, 1998, 2004),  „ქართული ორატორული ხელოვნება“ (სახელმძღვანელო, 2000), „ქართული ორატორული ხელოვნება, ქრესტომათია-პრაქტიკუმი (2000, თანავტორი), „ქართული ფოლკლორისტიკის ისტორია, წიგნი I“ (XIX საუკუნე, 2004), „ერეკლეს ეპოსი“ (2005), აკადემიური წერა (სახელმძღვანელო, თანაავტორი, 2008), „ვერბალური კომუნიკაციები“ (თანაავტორი, 2009), „ნოდარ ტაბიძე“ (ცხოვრება-მოღვაწეობა (2009), „თაობათა მოძღვარი“ (2011), „ხანძთა ძველი, ახალი“ (2014), „ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები“ (2016)…
გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო წერილი, სტატია ნარკვევი ფოლკლორისტიკის, ლიტერატურათმცოდნეობის, კომუნიკოლოგიის, ქართული ენის სწავლების, ჟურნალისტიკამცოდნეობის პრობლემებზე.
წიგნი „ხანძთა ძველი, ახალი“, 2014 წელს გამოიცა და  გრიგოლ ხანძთელის მიერ აშენებულ ხანძთის მონასტერზე,  კლდეში გამოკვეთილ კომპლექსზე მოგვითხრობს… წიგნს ახლავს დამამტკიცებელი დოკუმენტები (ფოტო და ვიდეოკადრები), რომელიც ტაო-კლარჯეთში მისი ხელმძღვანელობით გამგზავრებულმა ექსპედიციამ ჩამოიტანა და  ადასტურებს, რომ დღემდე ხანძთის მონასტრად ცნობილი გუმბათიანი მონასტერი, სინამდვილეში ხანძთა არ არის.
მიღებული აქვს ჯილდოები:  სახელმწიფო პრემია, ღირსების ორდენი, სამახსოვრო მედლები. –
საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ თემურ ჯაგოდნიშვილის პერსონა.

თემურ ჯაგოდნიშვილი (შუაში)

– წერაქვში, მიხეილ ჯავახიშვილის სახლში დაიბადეთ, თუმცა მამაპაპისეული სოფელი ხაშმია…
– მოგეხსენებათ, ძველი ქართული წესის თანახმად, სიყრმის შვილზე მოსალოგინებლად  რძალი მიდიოდა მშობლების სახლში  და იქ უნდა დაებადა პირმშო. ასე  წაიყვანეს ხაშმიდან ფეხმძიმე დედაჩემი წერაქვში და იქ დავიბადე. როგორც მითხრეს, ეს იყო მიხეილ ჯავახიშვილის სახლი, მოგვიანებით ამბულატორია თუ რაღაც ჯანდაცვის დაწესებულება მდებარეობდა. დღეს ის სახლი აღარ არსებობს. მერე წამომიყვანეს უკან, ხაშმში,   დაბადების მოწმობაში კი დაბადების ადგილი ხაშმი მიწერია.
დედა წერაქველი მაისურაძეა, სოფო ჰქვია, თუმცა ჩვენთან, კახეთში და გარეკახეთშიც, თუ რძალს ცოტა განსხვავებული სახელი ერქვა, აუცილებლად შეუცვლიდნენ – ან სონას, ან ნინას არქმევდნენ. დედაჩემის თაობის რძლებს რომ გადავხედავდი, თითქმის 90 პროცენტი სონა  ან ნინა იყო.
ასე დაარქვეს დედაჩემს სონა და არა სოფო. მყავს მარტყოფელი ძალუა, 95-ე წელშია,  ტოტიკაშვილის გვარის, თავდაპირველად ზოია ერქვა, შემდეგ დაარქვეს ნინა. რატომღაც მეგონა, რომ სონია რუსული გავლენით უწოდეს, მაგრამ ვეძებე და აღმოჩნდა, რომ სპარსულად სონას  ლამაზ ქალებს,  წარმოსადეგ ქალებს კი ნინას ეძახდნენ. ასეთი  კარგი ტრადიცია ყოფილა ჩვენში.
ხაშმელი იყო მამაჩემი. ჯაგოდანიძეები თუშეთში, სოფელ შტროლთაში ცხოვრობდნენ, ჯაგოდან ჭალა, ჯაგოდან ბილიკები და ჯაგოდანიძეები ქვეყანაა… 1800 წლისთვის წამოსულან იქიდან.   პირველი, ვინც წერილობითი წყაროებით ფიქსირდება, მახარეა, მაგრამ უკვე ჯაგოდნიშვილი. იქვეა ხიზანი და ამან მიმანიშნა, რომ შემოხიზნულია სოფელში.
ჩემი მშობლები უკვე სიბერის, მოწიფულობის ჟამს დაბრუნდნენ ხაშმში. სახლი, კარი იქ მაქვს, დედა ცოცხალი მყავს, 94-ე წელშია. ყოველ შაბათ-კვირას ხაშმში ვარ. იშვითად რომ არ ჩავიდე.
– ბავშვობა…
– მამაჩემი ენერგეტიკის სფეროში მუშაობდა, ჯერ „სიონმშენში“, მერე იქიდან „ლაჯანურმშენში“ გადავიდა და… ასე მოგზაურობდა. მე უფრო მეტად ბებიასთან ვიზრდებოდი,  მამის დედა ბაბალე ოძელაშვილის ქალი იყო. ხაშმი, მისი ჭალები, ტყე- ველი, მინდვრები… იყო პირველი ბავშვობის სამყარო, იქ გავიზარდე დაახლოებით 12 წლამდე, მერმე რუსთავში გადავედით.
რა დაგამახსოვრდათ ხაშმიდან, ხაშმი რევაზ ინანიშვილის სოფელია…
– ბავშვობიდან  წიგნი მიყვარდა, ბევრს ვკითხულობდი,  ერთხელაც მამამ დამანახვა რეზო ინანიშვილი  და მითხრა, ეს არის მწერალიო… იმ დღიდან  ჩარმჩა გუნებაში, მერმე, გაგიკვირდებათ და, რეზო ინანიშვილის მოთხრობების სამყარო პირადად ჩემი სამყარო გახდა  –  იქ გავიზარდე, იმ ჭალებსა და ტყეებში დავრბოდი, ის საყარულო გორა, რომელიც რეზოს მოთხრობებშია, ახლაც არის. ჩემს ვენახს რომ ჩავუვლი, იმ საყარაულო გორას გვერდით უნდა გავუარო და ყოველთვის მიცოცხლდება რეზო, მისი მშვენიერი მოთხრობები, მისი მოთხრობების მიხედვით გადაღებული კიდევ უფრო მშვენიერი ფილმი „არდადეგები“. რამდენჯერაც შევხედავ, იმდენჯერ მიცოცხლდება ეს ყველაფერი – საოცარი გამორჩეული სამყარო.
– მამა იცნობდა ალბათ დიდ მწერალს…
– რევაზ ინანიშვილი იყო მამაჩემის კლასელი… მამაჩემმა მიამბო, ერთხელ  რეზოს შევხვდი, შემეკითხა, როგორ ხარო? მე თავი მოვიწონე,  ვუთხარი, უფროსი ბიჭი ფილოლოგიურზე სწავლობს თბილისშიო. ეჰ, ვანო, – უთქვამს რევაზ ინანიშვილს, – რად გინდოდა, კაცო, ეკონომიურზე შეგეყვანა, ფილოლოგია მე დავამთავრე და, აბა, რა ვარო? არადა ამ დროს უკვე კაი სახელოვანი მწერალი იყო.
– ფილოლოგობა როგორ აირჩიეთ?
– პროფესიის არჩევა განაპირობა ჩემი ბაბაბლე ბებოს არჩევანმა, რომელიც სართიჭალაში, გერმანელებთან გაიზარდა. ჩემი ბაბოს მამა მებაღე ყოფილა და  ბაბომ გერმანული იქ ისწავლა, სუფთად ლაპარაკობდა. წიგნის სიყვარული მან ჩამინერგა.
„20 ძმის ზღაპარს“  წამიკითხავდა, მომაყოლინებდა, მერმე მეტყოდა, აბა, რას დაამატებდი? გამოიგონეო.  ახალ ვერსიებს მაკეთებინებდა და მისმენდა, ასე გამოიკვეთა ჩემი ინტერესი წიგნისადმი, ლიტერატურისადმი…
უნდა ვთქვა, რომ ეს პატარა მიკროსამყარო, უჯარმა, ხაშმი, გომბორი, რომელიც პატარძეულით არის შემოსაზღვრული, ყოველთვის გამოირჩეოდა წიგნიერებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. დიდი ხანია ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, ამომეხსნა, რატომ იყო, რომ ზეპირ სიტყვაზე უფრო მეტად ნაწერი სიტყვა ფასობდა აქაურებში – თუ რამეს გაიგებენ, რას ამბობ, ეგ წიგნში, გაზეთში წერია და როგორ შეიძლება იქ რამე სიცრუე იყოსო,-  აი ნაწერი სიტყვისადმი  აქაური კაცის რეაქცია.
ფოლკლორში დავიცავი დისერტაცია და, ასე თუ ისე, ფოლკლორული ტრადიციისაც რამე გამეგება, მაგრამ აქ ფოლკლორულ ტრადიციაზე მეტად წიგნიერების, ნაწერი სიტყვის ტრადიცია ჭარბობდა. აქაურების მეტყველება პირწმინდად  სუფთა ქართული სასაუბრო-სამეტყველო  სტილია.
უჯარმა მივიწყებული ქართული ისტორიის ძეგლია, მხოლოდ ზაფხულობით კი არ რჩებოდა იქ სულმნათი ვახტანგ გორგასალი, ეს ადგილები გამორჩეული იყო მისთვის. თავად უჯარმელებსაც ეტყობათ შინაგანი გამორჩეულობის ხაზგასმულობა. რევაზ ინანიშვილი ზაფხულს ხშირად უჯარმაში, მეუღლის სოფელში  ატარებდა… . შემთხვევითი არ იყო, რომ ამბობდა, უჯარმაა ჩემი სამშობლოო. ბევრმა ეს არასწორად გაიგო და ხაშმელები შემოწყრნენ კიდეც, როგორ, ხაშმელი ხარ და უჯარმა შენი სამშობლო როგორააო? სწორედაც რომ იყო, ხაშმი – უჯარმა და ის სივრცე   ერთი დიდი კულტურული სამყარო იყო, რაც მწერლის ალღომ და ხედვამ იგრძნო და „დაიჭირა“.
ასე რომ, ავირჩიე ფილოლოგია და არ ვნანობ…
– სტუდენტობიდან დასამახსოვრებელი ბევრი გექნებათ…
ეს იყო სტუდენტური პატარ-პატარა ლაშქრობები და ექსპედიციები. ბედნიერი  ვიყავი, რომ გრანდები მასწავლიდნენ. ლექციებს აკაკი შანიძე მიკითხავდა, შალვა ნუცუბიძეს ცოტა ხანს მოვესწარი, მასწავლიდნენ – სიმონ ყაუხჩიშვილი,  გიორგი ახვლედიანი, გიორგი ჯიბლაძე, აკაკი ურუშაძე…
კარგი ტრადიცია გვქონდა უნივერსიტეტში, შიდა ყამირი ერქვა ჩვენს გასვლებს, მივდიოდით არქეოლოგიურ გათხრებზე, პირწმინდად ფიზიკურ სამუშაოს ვასრულებდით, მაგრამ რაღაც დიდთან ზიარების საშუალება გვქონდა.
1969 წელს ჯიხაშკარში ვიყავით  ციხის გათხრებზე, უძვირფასესი დღეები იყო ჩვენთვის. პროფესორი ნაპო ზაქარაია ხელმძღვანელობდა ექსპედიციას. შემდეგ იყო ქსენია სიხარულიძის  პატარ -პატარა ლაშქრობები, რომელსაც თვითონ ასე უწოდებდა – გაფრენა ერთი ლექსისთვის. ახლო-მახლო გავიდოდით, ვინმე მთქმელს ვნახავდით, ვიწერდით ფოკლორულ ლექსებს. რაც მთავარია, სამშობლოს ვეცნობოდით.
დღეს ჩვენი ახალგაზრდობის ნაკლი ისაა, რომ სან-ფრანცისკო უფრო იციან, ვიდრე ჯავახეთის, ან კახეთის რომელიმე სოფელი, ან კიდევ სვანეთი, ფშავი. მათი ყურადღება ქვეყნის გარეთ არის გადატანილი, ჩვენ კი  ამ ხიბლს, სილამაზეს ვხედავდით.
ქართულ მიწას ერთი უცნაურობა ჰქონია,  გრძნობ, რომ ამ მიწის შვილი ხარ, რაღაც საერთო მოდის, თავის ენაზე უთქმელად გელაპარაკება ეს მიწა,  ხე, ჭალა, ტყე და გიცნობიერებს იმას, რა მაგარი და რა ძლიერი ხარ, რომ მისი შვილი ხარ. ესაა სასწაული!  ეს დაგვრჩა სტუდენტობიდან, ასევე – წიგნის კითხვაც…

ახალი ხანძთა

– ვიცი, რომ თქვენც წერდით სტუდენტობისას…
– ვწერდი პატარ-პატარა ნოველებს, ვთარგმნიდი პოეზიის ნიმუშებს,  მაგრამ არ გამომიქვეყნებია. ეს სიყვარულია და არა ის ნიჭი, რაც სჭირდება მწერლობას და პოეზიას. მე დიდ ნიჭად ისიც მყოფნის, რომ შემიძლია წავიკითხო და ჩემებურად გავიაზრო, გავიცნობიერო, რაც წერია. ეს სრულიად საკმარისია.
– დიდი გზა გაიარეთ, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიიდან დაიწყო…
– ბედმა გამიღიმა, გამიმართლა, რომ  ბედნიერ ვარსკვლავზე დავიბადე გიორგობა დღეს… თითქოს განაპირობა მერე ჩემი ცხოვრების გზაც…
უნივერსიტეტის შემდეგ მუშაობა დავიწყე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმში  პრეზიდენტის თანაშემწედ, რეფერენტად. და ეს პიროვნება იყო ილია ვეკუა. მასთან გავიარე ერთი კი არა, ორი უნივერსიტეტის კურსი –  კურსი განთლებისა, მოქალაქეობისა, ადამიანობისა  და ბევრი რამ შევიძინე.
ფაქტობრივად, აკადემიის პრეზიდიუმმა გამზარდა. იქ დავიცავი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები და უკვე გვიან, 1988 წელს, წამოვედი ლიტერატურის ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. აქ, ტექნიკურ უნივერსიტეტში კი, შემთხვევით მოვხვდი და დავრჩი.
– რომელი წლიდან?

ძველი ხანძთა (ნუკას საყდარი)

– 1986 წლიდან. 1986 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია. ისე მოხდა, რომ მაშინდელ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში  ახლად გაიხსნა ქართული ენის კათედრა, კათედრის გამგედ დაინიშნა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი   სარგის ცაიშვილი. ჩვენ ვმეგობრობდით და ვინაიდან მრავალი საქმის გამო ყოველდღე ვერ ახერხებდა კათედრაზე სიარულს, მე მთხოვა დახმარება.
მე დავდიოდი, როგორც რიგითი წევრი, მაგრამ გამგის მოვალეობას ვასრულებდი… მოგვიანებით კი გამგის თანამდებობაზეც ვიყავი.
90-იან წლებში, როდესაც  გამოვიდა კანონი შეთავსებითი მუშაობის უფლების შეზღუდვაზე, იძულებული გავხდი,  მიმეტოვებინა ლიტერატურის ინსტიტუტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც  და მას მერე ტექნიკურ უნივერსიტეტში დავრჩი.
ბედს არ ვემდური, ბევრი რამის გაკეთება შევძელით, რადგან კარგი ხელშეწყობა გვქონდა.
– ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობთ…
– დიახ, ასეა. ამის გარდა, აქვე დავაფუძნე ქართველოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელიც თვითდაფინანსებაზეა, მაგრამ ვცდილობთ გრანტების მოპოვებას, ამჟამად რუსთაველის ფონდის კონკურსში ვმონაწილეობთ და გვინდა,  გამოვცეთ ქართული პუბლიცისტიკის სრული კორპუსი.  ჩვენ მდიდარი პუბლიცისტური მემკვიდრეობა გვაქვს, პუბლიცისტიკა ხომ იმთავითვე გახდა ქართული ეროვნული მეობის გამოვლენის ყველაზე უფრო ქმედითი და შედეგიანი ფორმა. სამწუხაროდ, დღემდე არ არის გამოცემული ყველა წერილი. 122  ავტორი უკვე მოვიძიეთ და შევარჩიეთ, ზოგს ერთი წერილი აქვს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ზოგს -ტომეულები, ვნახოთ, როგორ მოვახერხებთ ამ საქმის ბოლომდე მიყვანას.

თემურ ჯაგოდნიშვილი ძველი ხანძთის ფონზე

თქვენ ხელმძღვანელობდით 2014 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ექსპედიციას ტაო-კლარჯეთში, VIII საუკუნეში აგებული ხანძთის მონასტრის ადილმდებარეობის დადგენის მიზნით… თვალსაჩინო გახდა ორი ხანძთის მონასტრის არსებობის შესახებ…
– ექსპედიციის მოგზაურობაზე  გამოვეცით წიგნი „ხანძთა ძველი, ახალი“… გადაღებულია ფილმი, ექსპედიციის დღიური. ამ ფილმმა მონაწილეობა მიიღო მართლმადიდებლური ფილმების  ფესტივალში და მოიპოვა ჯილდო – საპატიო სიგელი.
ექსპედიციის შედეგად დადგინდა, დადასტურდა  ძველი ხანძთა,  რომელიც  ცნობილია სხვა სახელით – ნუკას საყდარი ჰქვია მთის სახელწოდების მიხედვით.
ახალი კვლევებით დადასტურდა არა მხოლოდ ძველი, ანუ გრიგოლ ხანძთელის მიერ აგებული ხანძთის იდენტობა ნუკას საყდართან, არამედ გრიგოლ ხანძთელის გარდაცვალებიდან ლამის ერთი საუკუნის შემდეგ, X საუკუნის 20-30-იან წლებში, სრულიად სხვა თაობის მიერ  ახალი ხანძთის ადგილას მშენებლობის ფაქტიც. დადგინდა, რომ გრიგოლ ხანძთელის მიერ არის აგებული ძველი ხანძთა.
ამის წინაპირობა გახდა გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთლის ცხოვრების“ ტექსტის ფილოლოგიური „განჩხრეკა“,  ახალი არგუმენტების ძიება და გრიგოლ ხანძთელის ეპოქის პოლიტიკურ ფილოსოფიასთან მიმართების კონცეპტუალური გააზრება- გაცნობიერება.
ძველი ხანძთა ისეთ მიუვალ ადგილზეა,  გაგაოცებთ. იქ  შესასვლელი  არავითარი საშუალება არ არსებობს გარდა ალპინისტების თოკებისა. ეკლესიის შესასვლელი ისეა დაფარული, თუ არ იცი, ვერ მოხვდები.
და რა არის მთავარი კიდევ – ეკლესია მიმიკრიის საოცარი უნარით გამოირჩევა. მონასტრის კედელი აშენებული კი არ არის, კლდეშია ნაკვეთი. მხოლოდ ორი კედელია ამოშენებული. ტაძარი  იწყება დაახლოებით 40-50 მეტრის ქვემოდან, ქვა ქვაზე ამოდის და მერეა ზედ  მონასტერი დაშენებული.
ახლაც შემორჩენილია სამტეხლოების ნაშთი, საიდანაც ამოღებული ქვით არის კედელი აშენებული. თან სიმეტრიაც არ არის დაცული, სპეციალურად ქვების ტალღოვანი წყობაა, 100 მეტრით რომ დაშორდები, ვეღარ ხედავ მონასტერს – იქვეა შენ თვალწინ, მაგრამ ვერ ხედავ. შევედით, სურათები გადავიღეთ, ვნახეთ  გრიგოლ ხანძთელის  და გაბრიელ დაფანჩულის ორი იავარქმნილი საფლავი. წესისამებრ, დიდგვაროვანი დედები გუნათლის ვანში იკრძალებოდნენ, მამაკაცები  – ძველ ხანძთაში.
ძველ ხანძთას ბედი ჰქონია, თუ შეიძლება ბედზე ლაპარაკი, ახლა იქ  არავინ აღარ შედის, მიუვალია და შეურყვნელი, უბრალოდ, მიტოვებულია. სახელიც აღარ ახსოვთ, ძველი ხანძთა მეტროპოლიის ფუნქციას ვეღარ ასრულებდა, ამ სტატუსის დაკარგვისა და ამით მნიშვნელობის დამცრობის გამო, ჟამთა სვლის კვალდაკვალ, სახელიც დაკარგა და ნუკას საყდარი ეწოდა.
ეროვნული იდეებით აღვსილი  გრიგოლ ხანძთელი  ტაო-კლარჯეთში  მოღვაწეობას მიუვალ ადგილებზე პატარა მონასტრების შენებით იწყებს. გრიგოლ ხანძთელი ჩასწვდა ერთ დიდ იდუმალებას, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის საყრდენი ჰქვია – აიტაცა ქართული მიწების ქართულ სახელმწიფოში ქართული ენის (მეტყველების) ნიშნით შემოკრების მოდელი. გრიგოლმა და მისმა ეპოქამ ეს მოდელი (ანუ მიწების ენის ნიშნით გაერთიანება)  ქართულ ენაზე ქრისტიანული აღმსარებლობით დააზუსტა.  სწორედ ამიტომ ხანძთა გახდა სიმბოლო ქართული ქრისტიანობით ქართველთა ახალი სამეფოს შენებისა.
გრიგოლ ხანძთელს დიდი ამოცანა ჰქონდა განზრახული, სინას მთის ზეციური ჯვარიონის გამეორება ტაო-კლარჯეთში. 12 ქართული მონასტრის მაგალითზე გრიგოლმა ანალოგიურად გაიმეორა ეს ტაო-კლარჯეთში.  ჩრდილოეთით იყო სოფელი მერე, ცენტრში – ოპიზა, სამხრეთში შატბერდი, ცალკერძ – ჯმერკი, დაბა, დოლისყანა, ცოტა ქვევით იყო ხანძთის მონასტერი, უფრო ზევით – წყაროსთვალი, მიძნაძორი  და შეიკრა ჯვარი.  ამ დროს გრიგოლ ხანძთელს გადასაწყვეტი ჰქონდა უმთავრესი ამოცანა, მას უნდა ხანძთა გაეხადა სასულიერო მეტროპოლიად,  ცენტრად.
გიორგი მერჩულეს ტექსტში პირდაპირ წერია, ხანძთა იყო საეპისკოპოსო მოსამზადებელი მონასტერი. აქედან ნაწილდებოდნენ გაზრდილები ქართული ეკლესიის სივრცეში.
გრიგოლი რომ გარდაიცვალა, 90 წლის შემდეგ დაიწყეს ახალი ადგილის დავაკება და დიდი გუმბათიანი ეკლესიის აგება. ამ ადგილს ფორთას ვენახები ერქვა. აშოტ კუხმა და გურგენმა არაუადრეს 940 და არაუგვიანეს 970-975 წლებში  ააშენეს ახალი ხანძთა.

ექსპედიციის მონაწილეები ბანას ტაძართან

მეათე საუკუნეზე ადრინდელი გუმბათიანი ტაძარი  არ გვაქვს, არის მხოლოდ ერთნავიანი, ორნავიანი და სამნავიანი ეკლესიები…  ყველაზე დიდი სამნავიანი ეკლესია ტაო-კლარჯეთში არის ოთხთა.
პავლე ინგოროყვა უჭერდა მხარს იმ მოსაზრებას, რომ ნუკას საყდარი იყო ძველი ხანძთა. უბრალოდ ჩვენ ჩვენი ექსპდიციით დავამტკიცეთ, დავადგინეთ, რომ ნუკას საყდარი არის ძველი ხანძთა, ხოლო გუმბათიანი ტაძარი – ახალი ხანძთა.
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება არ არის მხოლოდ აგიოგრაფიული ტექსტია, დიდი პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე ნარატივი, პოლიტიკური ფილოსოფიის შემცველი ტექსტია,  რასაც ახალი ქართული სახელმწიფოს იდეოლოგია უნდა დაემყაროს. ეს იდოლოგიაა „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამნი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების“.
ამით გაამთლიანა გრიგოლ ხანძთელმა ფარნავაზის  ფილოსოფიური დოქტრინა – ქართულია ის სახელმწიფო, ის მიწები, სადაც ქართულად მეტყველებენ. და ერთადერთი, რაც დაამატა –  ქართული ქრისტიანობაა.
რა შეეხება ზეციურ ჯვარიონს, როგორც კი მეტროპოლია ძველი ხანძთიდან ახალ ხანძთაში ჩამოვიდა, ზუსტად ოპიზის მონასტრის სიახლოვეს მოექცა.  ხანძთა ჯვარიონის ცენტრშია. კოსმოსიდან გადავიღეთ რუკა, კომპიუტერით მოვიპოვეთ,  სადაც კარგად ჩანს,   როგორ შეიკრა ეს ჯვარიონი.
– ხანძთით არ სრულდება თქვენი წიგნები. გამოვიდა ახალი კრებული, რომელსაც გიორგი ლეონიძის ცნობილი სტრიქონი აქვს სათაურად – „ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები“…
 საერთოდ, ერთ-ერთი წერილის სათაური გამაქვს ხოლმე წიგნის სათაურად. წერილების, სტატიების და გამოკვლევების კრებული – „ისევ სუნთქავენ ქართულ ოცნებით მესხეთის მთებზე დიდი ტაძრები“…  2016 წელს გამოიცა. ამ წერილში ხანძთა და ხანძთელობა მესამე ათასწლეულის გადასახედიდან არის დანახული.
ნარკვევების პირველი კრებული  1990 წელს გამოვეცი და ასე დავარქვი -„ბერი კაცი ვარ, ნუ მამკლავ“.  ამ სიმღერის წარმომავლობა გამოვარკვიე და აქაც ყველაზე მთავარი რაც იყო, არსი და სულისკვეთება, სწორედ იმ წერილის სათაური გადმოვიტანე გარეკანზე.  როგორც შემეძლო, მე ისე გამოვხატე სიყვარული ჩემი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის, ჩემი ხალხისადმი.
– უნიკალური წიგნი გამოეცით – ტიციან ტაბიძის გამოკვლევა – „ახალი ქართული ლიტერატურა“…
– ტიციან ტაბიძის ამ გამოკვლევის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ საერთოდ არ იცოდა.
მოგეხსენებათ, ქართული სიმბოლისტების პოეზია უმაღლეს დონეზე იყო შესწავლილი, მაგრამ კვლევები – პუბლიცისტიკა, ლიტერატურათმცოდნეობა და განსაკუთრებით პროზა საფუძვლიანად არ იყო გამოკვლეული.
და აი, ლადო მინაშვილთან ერთად,  გამოვეცით ეს წიგნი,  ტიციან ტაბიძეს რუსულ ენაზე დაუწერია მე-19 საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორია, მისი მეგობრის სომეხი პოეტის ეღიშე ჩარენცის თხოვნით. შემდეგ სომხებს უთარგმნიათ და 1939 წელს გამოუციათ კიდეც. ჩვენში ეს ამბავი ცნობილი არ იყო, და აი, მერმე დედანი ჩაუვარდა ხელში ლადოს. მე ვთარგმნე რუსულიდან ქართულად, გადმოვაქართულე, და ასე ცალკე წიგნად გამოვეცით.
მე-19 საუკუნის კალიგრაფიაა, რუსული ხელწერა  ძალიან ძნელი ამოსაცნობი და გასარკვევია,  სამი-ოთხი თვე ვსწავლობდი, თუ როგორი იყო მისი ხელრთვა. სომხურ ტექსტთან  ერთად  რუსულიც გამოვეცით და ქართული თარგმანიც დავურთეთ.
– 2012 წელს სახელმწიფო ეროვნული პრემია ფილოლოგიის დარგში მოგენიჭათ „მეტალურგიული ტერმინების ლექსიკონის“ ორტომეულის გამოცემისთვის, რომელიც 6 ენაზე – ქართულ, რუსულ, უკრაინულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ ენებზე გამოვიდა…
– სამი ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტები,  საქართველოს, უკრაინის, რუსეთის, უცხოეთის წამყვანი მეცნიერები ესწრებოდნენ ამ ლექსიკონის წარდგენას.
ამჟამად გამოდის ახალი ლექსიკონი. ემატება იაპონური ენა და 7-ენოვანი წიგნი გამოვა. ეს საკითხი უკვე განიხილა  უკრაინის მეცნიერებათა აკადემიამ, 2018 წელს იქ გაიმართა ე.წ. პრეზენტაცია და უკრაინული საზოგადოება ძალიან დიდი მოწონებით შეხვდა ამ ლექსიკონს.  უკრაინელებს,  იმის მიუხედავად, რომ მეტალურგიის ქვეყანაა, არ ჰქონდათ მეტალურგიის ტერმინთა ლექსიკონი და  პირველად  ჩვენ შევუდგინეთ.
– ოჯახი…
– ორი ბიჭი მყავს, ერთი ჩემს კვალს გამოჰყვა, ჩემი თანაავტორია, ერთად ვმუშაობთ, ერთად ვწერთ.  მამის სახელი ვანო დავარქვი. ოქტომბერში შვილთაშვილი მეყოლება. ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო მედიატექნოლოგიების და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია. 5 შვილის მამაა. ამ მხრივაც ქართულ ტრადიციებს მისდევს, მეორე ვაჟი მანუჩარი, ეკონომისტია ინჟინერი, მერიაში განყოფილების უფროსია, ქალ-ვაჟი ჰყავს.
მეუღლე – როზა კურსელი და ჯგუფელია, ისიც ფილოლოგია.
7 შვილიშვილი მყავს და ოქტომბერში შვილთაშვილს ველოდები.
– ჰობი…
– მოგზაურობა, ქართული ხალხური სიმღერა… ქართული ხალხური ყოფა, სულიერი კულტურა, სულიერი ცნობიერება. სულ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი გავიგო და ვრწმუნდები, რომ ძალიან შორსა ვართ იმ დიდი მისტერიალური იდუმალებისაგან, რასაც ქართული სული ჰქვია. არადა, უცნაურად საინტერესონი და უცნაურად განსხვავებულები ვართ. ასე მგონია, ხანდახან სხვა მისიით ვართ მოვლენილი და ელემენტარულად აღარც ჩვენ გვახსოვს, აღარც ჩვენს მეზობლებს.
ერთი კი შეგვრჩენია, გამორჩეულობაზე პრეტენზია. კარგი გაგებით პრეტენზია, რომელიც ჩვენს არაკეთილმოსურნეებს ცუდად ესმით. სხვანაირად ამდენ მტრობას ვერ გავუძლებდით. სულ რომ გვეგონა, ისტორიაში დარჩა ყველაფერი, დაპირისპირებები, ტყვევნა, ტაცება, გულისტკივილი,  ჩვენი დიდი წინაპრების, თუნდაც დავით გურამიშვილის, ყველაფერი გაგვიახლდა და თვალწინ დაგვიდგა. თქვენ და ჩემ თვალწინ გაირბინა ამ ყველაფერმა.

შეხვედრა საპატრიარქოში

ღმერთმა უწყის, კიდევ რა განსაცდელი მოგველის, მაგრამ ამ გამორჩეულობის ქვეცნობიერი განცდა ალბათ გვამაგრებს და გვინერგავს იმის რწმენას, რომ ვძლებთ.
ისე კი, როგორც ჩანს, ერთი ცხოვრება არ გყოფნის ადამიანს, რომ საქართველო და ქართველად მყოფობის საიდუმლო ბოლომდე გაიგო და გაითავისო. პირადად მე, ზღურბლზე მივდივარ  და ვხედავ, დრო აღარ მყოფნის.  უცნაურია…  გულისტკივილიც ახლავს, სიამაყეც ახლავს…
კარგი გაგებით, ბევრი უცნაურობა, – აი ჩემი ცხოვრების აზრი და არა მხოლოდ ჰობი.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები