„მე გზას გავუდექი და ვგრძნობდი, უფალი მიყურებდა“…
ადამიანების ხატვა ბავშვობიდან უყვარდა. ხატავდა მუდმივად, წიგნის ყდებს შორის ცარიელ ქაღალდებს ნახატებით ავსებდა… ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს.
არაერთი ნახატი შექმნა კლასიკური მუსიკის მოსმენის პროცესში. დაიბადა კომპოზიციები, სადაც ადამიანები ანგელოზებივით დაფრინავენ… ამ დროს, შინაგანად, თითქოს ცდილობს, გაექცეს მიწიერ რეალობას და ცაში იპოვოს სულიერი სიმშვიდე... ერთხელ უფლის მზერაც კი იგრძნო – თიკო ჟღენტის პერსონა.
– დავიბადე დიდ ოჯახში, გურიის ერთერთ ულამაზეს სოფელში, 8 და-ძმა ვიზრდებოდით ერთად. სიმდიდრით არ გამოვირჩეოდით, მაგრამ აუცილებელი გვქონდა. მშობლები: დედა, ციალა ვაშაკიძე, მამა ტარიელ ჟღენტი ურთიერთსიყვარულს, უფროსის პატივისცემას, შრომას გვასწავლიდნენ. მამას განსაკუთრებით უყვარდა ხელოვნება,ხშირად ჩემი ნახატების შემფასებელი იყო. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი, ოთხი-ხუთი წლისა, ბავშვებიდან განვმარტოვდებოდი, ავიღებდი ქაღალდს და ფანქარს და ვხატავდი. არ მიყვარდა, როცა ხატვის პროცესში მიყურებდნენ. ეს თვისება დღემდე გამომყვა. მაშინაც მიყვარდა ადამიანების ხატვა.
– სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეთ...
– ბავშვობიდან მხატვარს მეძახდნენ. რომ წამოვიზარდე და გავაცნობიერე, მიყვარდა თუ არა ჩემი საქმე, მივხვდი, ჩემი არჩევანი გადაწყვეტილი იყო. ვიცოდი, უდიპლომოდაც მხატვარი ვიქნებოდი.
– პირველი ნახატები...
– მახსოვს, სკოლაში რომ შემიყვანეს, ხატვის გაკვეთილზე ჩემი კლასელი გოგონა დავხატე, როცა მასწავლებელს ვაჩვენე, გაოცებულმა მკითხა, ეს მართლა შენ დახატე? გაოცდა, რადგან ეს არ იყო ბავშვური ნახატი. ვხატავდი მუდმივად, წიგნის ყდებს შორის ცარიელ ქაღალდებს ნახატებით ვავსებდი…
– უნატუროდ, ფანტაზიით ქმნით: პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, კომპოზიციებს. ამ დროს რა არის შთაგონების წყარო?
– მართლაც ასეა, არ მიყვარს ნატურიდან ხატვა, ვზატავ შთაბეჭდილებებით. შთაგონების წყარო პირველ რიგში, არის ფერები და ფორმები, რომელსაც ბუნებაში ვხედავ, და ემოცია, რომელიც ადამიანებთან ურთიერთობის დროს მოდის..
– ხაზებით ხატვა, როგორ ახერხებთ, ერთი ან ორი ხაზითაც ემოციის გადმოცემას? რომელიმე ნახატის ისტორია…
– ვაკვირდები მოცემულ, საინტერესო ფიგურებს, გადამაქვს გონებაში, დამყავს მისი მოძრაობის მოხაზულობა ხაზამდე, თუ ხაზი ძლიერია, ერთი ან ორი ხაზითაც გადმოიცემა ემოცია.
ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს. კლასიკური მუსიკა ჩემი შთაგონების წყაროა, არაერთი ნახატი შევქმენი მუსიკის მოსმენის პროცესში, ერთ-ერთი ჩემი ნახატი ,,ტანგო“ სწორედ ამ დროს შეიქმნა, ვუსმენდი ტანგოს და გონებაში წამოვიდა ქალის და მამაკაცის ცეცხლოვანი ცეკვის მოძრაობის ხაზები. და ერთი ხელის მოსმით დავხატე ეს სურათი.
– თქვენს ნახატებში ბევრს მოსწონს ფერთა გამა, რომელიც ერთი გულშემატკივრის შედარებისა არ იყოს, პოლარურ ციალს ჰგავს. როგორ ახერხებთ ამ სიმშვიდის, ნათების გადმოცემას?
– ფერთა გამა…მაქვს კომპოზიციები, სადაც ადამიანები ჰაერივით მსუბუქები დაფრინავენ,როგორც ანგელოზები… ამ დროს, შინაგანად, თითქოს ვცდილობ, გავექცე მიწიერ რეალობას და ცაში ვიპოვო სულიერი სიმშვიდე… ფერებიც სცდება მიწიერ ფერთა გამას… სხვა ტონებში ვხედავ ფერებს, რომელიც შუქსა და ჰაერს გამოხატავს…
– ფერად რელიგიურ სიზმრებს ხედავთ…
– ვხედავ ფერად სიზმრებს, ერთხელ უფალი გამომეცხადა, დაჩოქილი წამომაყენა, ულამაზეს უსასრულო გზაზე დამაყენა და მითხრა: ,,ი ა რ ე!“
მე გზას გავუდექი და ვგრძნობდი, უფალი მიყურებდა…
შემოქმედებაში რამდენად მეხმარება, არ ვიცი, მაგრამ სიზმარს თუ გავაცნობიერებთ, „იარე“ – ნიშნავს, არ გაჩერდე, ისწავლე, იბრძოლე, იმუშავე, იმოქმედე, არ მოკვდე, გააგრძელე სიცოცხლე…
– ქარგავთ ბისერებით, რამდენიმე საავტორო კომპოზიციის ავტორიც ხართ...
– თავისუფალ დროს ვქარგავ. ვქარგავ ბისერებით და მეტალით. თითოეული დეტალი ჩემი ხელით არის დამუშავებული, ვაძლევ სასურველ ფორმას და ასე გამომყავს კომპოზიცია. თვითონ ვერცხლისფერი მეტალი, ისეთ გამომსახველობას აძლევს ფიგურებს, ნაკეთობებს უფრო ჰგავს ვიდრე ნაქარგს. ძირითადად, ვქმნი ყვავილების ნატურმორტებს, დეკორატიულ საყვავილეებსა და დოქებს.
– როგორ მოვიდა ფერწერის ორიგინალური მანერა, თავისით თუ დროთა განმავლობაში?
– თავიდანვე ჩემი სტილი მქონდა, ვქმნიდი სიურრეალისტურ, აბსტრაქტულ კომპოზიციებს. გრაფიკოსი ვარ და, როგორც იცით, ეს ურთულესი დარგია, უდიდეს შრომას მოითხოვს, რომ დაიხვეწოს ხაზი, პლასტიკა, ვმუშაობ ინტენსიურად და დროთა განმავლობაში უფრო დავიხვეწე.
– ოჯახი…
– ერთადერთი, რასაც ვნანობ, არ შემიქმნია საკუთარი ოჯახი, ვთვლი, რომ დედობა და შვილების აღზრდა, უფლის უდიდესი საჩუქარია… ეს ბედნიერება ყველა ქალმა უნდა შექმნას.
– ჰობი…
– ვცდილობ, თავისუფალი დრო დავუთმო საყვარელ საქმიანობას, რომელიც სიამოვნებას მანიჭებს, მიყვარს ხელსაქმე, ქარგვა, კერვა, ხელნაკეთი ნივთების, სამკაულების შექმნა, თუ ჰობად ჩავთვლით, ვწერ ლექსებს, მოთხრობებს, ჩანახატებს.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– შევცვლიდი ყველა ქართველის ცხოვრებას უკეთესობისკენ, რომელთაც უჭირთ.
– უწინარესი საფიქრალი?
– საქართველოს გამთლიანება, მიმოფანტული ქართველების სამშობლოში დაბრუნება და მშვიდობა.
– სამშობლო შორიდან…
– არცერთ ერს არა აქვს გენეტიკურ კოდამდე აყვანილი სამშობლოს არსი, როგორც ქართველს. ოდითგანვე განსაკუთრებული იყო დაბადების ადგილი ქართველისთვის. რას ნიშნავს სიტყვა ,,სამ შობლო“ – ეს ნიშნავს სამ მშობელს, დედას, მამას და სადაც დაიბადე.
შორიდან და მომავალში საქართველოს გაბრყინებულს, აყვავებულს, განვითარებულს, პატივსაცემ და საინტერესო ქვეყანად ვხედავ მთელ პლანეტაზე.
თამარ შაიშმელაშვილი