„ამ გამარჯვებამ სტიმული მომცა, ევროპის ჩემპიონატიდანაც გამარჯვებული დავბრუნდე“…

16 წლისაა და უკვე სასტენდო სროლაში თბილისის თასის გათამაშების  ოქროს მედლის მფლობელია. წარმატება შემთხვევით არ მოსულა, 11 წლიდან სროლის ამ სახეობაზე დადის… როგორ გადაიქცა ჰობი სერიოზულ საქმედ, ამაზე თავად გიამბობთ.. – ლევან კაპანაძის პერსონა.

– ბავშვობა, როგორც ყველას, მქონდა ლაღი. მშობლებისგან ვიყავი მუდამ განებივრებული, განსაკუთრებით ბებია-ბაბუებისგან, თუმცა ჩემს დებთან შედარებით მე უფრო მეტს მთხოვენ, ალბათ იმიტომ, რომ ბიჭი ვარ. ბავშვობაში,  6 წლის ასაკში მიყიდეს კვადრო… ეს იყო ძალიან დიდი სიხარული. აგარაკზე მყავდა და ისე ვატარებდი, რომ ხალხი კვადროთი მიცნობდა. მერე უკვე ვოცნებობდი მოპედზე და შარშან ეს სურვილიც ამისრულეს.
– რა საგნები გიყვარდათ ბავშვობიდან?
ბავშვობიდან მიყვარს ტექნიკური საგნები და განსაკუთრებით – მათემატიკა…
– მე-10 კლასელი ხართ… სროლის სახეობით – მრგვალი სტენდით ხართ დაკავებული. ვიცი, რომ თავიდან ბაბუამ მიგიყვანათ ამ სპორტზე…
– ამ სპორტზე სიარული დავიწყე 11 წლის ასაკში. თავიდან იყო უბრალოდ ჰობი და გასართობად დავდიოდი, შემდეგ კი უფრო სერიოზულად მივუდექი…
დაახლოებით 11 წლის ასაკში მე და ბაბუაჩემი ხშირად დავდიოდით ტირზე თოფის სასროლად და საკმაოდ კარგად გამომდიოდა. მოგვიანებით გადავწყვიტე, ცოტა სერიოზულად მივდგომოდი სროლას და შევედი მრგვალ სტენდზე.
–  თბილისის თასის გათამაშების სასტენდო სროლაში  ოქროს მედალი მოიპოვეთ 25 ქულით… ელოდით ამ შედეგს?
–  ყველა შეჯიბრში ვმონაწილეობდი, კონკრეტულად ამ შედეგისთვის კი ბევრი ვიშრომე, მაგრამ არ მაკმაყოფილებს. ძალიან ბევრს ვშრომობ მის გასაუმჯობესებლად…
– რა შეცვალა თქვენში ამ გამარჯვებამ?
– ამ გამარჯვებამ სტიმული მომცა, ჩემს თავს და გულშემატკივრებს იმედი არ გავუცრუო და ევროპის ჩემპიონატიდანაც გამარჯვებული დავბრუნდე.
– ჰობი…
– ჩემი ჰობია მუსიკა და გატაცებული ვარ გიტარაზე დაკვრით.
–  როგორ უთავსებთ ერთმანეთს სპორტის ამ სახეობას და სწავლას? ასწრებთ?
– რა თქმა უნდა, ორივე ერთად ძალიან რთულია, მაგრამ მეტ ყურადღებას ვუთმობ იმ საგნებს, რომელი განხრითაც მინდა წასვლა.
სამომავლო გეგმები…
– ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს ფარგლებს გარეთ შევძლებ სწავლას და იქ ნასწავლს გამოვიყენებ საქართველოში.

თამარ შაიშმელაშვილი

 

ნინო ჯაჯანიძის ფოტოები

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები