„ბავშვობაში ცელქი იყო, მაგრამ დედამისს თქვენობით მიმართავდა“ – 14 წლის მოსწავლე გიდი მირზა გელოვანით ამაყობს
იგი მირზა გელოვანის სახელობის მემორიალურ სახლ-მუზეუმში სტუმრობისას გავიცანი, დიდი ადამიანივით გვიძღვებოდა ოთახიდან ოთახში და მირზა გელოვანზე გველაპარაკებოდა…
14 წლის მოსწავლე გიდი თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის I საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ნიკა ხადილაშვილი აღმოჩნდა.
მას იქვე, მუზეუმში გავესაუბრეთ.
– ცელქი და ონავარი ვიყავი ბავშვობაში, მაგრამ წიგნის კითხვა მიყვარდა. მყავს კარგი დედა და მამა, დედა ბაგა- ბაღის დირექტორია, მამა – მძღოლი. მყავს 18 წლის ძმა – გიორგი ხადილაშვილი.
ბავშვობაშიც და ახლაც ინფორმატიკა მაინტერესებდა. კომპიუტერული განათლება მაინტერესებს… მინდა, რომ ინფორმატიკის განხრით განვაგრძო სწავლა.
– მუზეუმთან არსებული „ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბის“ წევრი ხარ. როგორ უთავსებ პოეზიას და ინფორმატიკას ერთმანეთს?
– კარგად შევუთავსე, ლექსები მიყვარს, ბევრი ვიცი ზეპირად… ვაჟა-ფშაველას, გალაკტიონ ტაბიძის ლექსები… „გურიის მთები“ გალაკტიონობაზე წავიკითხე ვანში, სადაც სამადლობელი სიგლით დამაჯილდოვეს. მიხარია, რომ ძალიან მოვეწონე ჟიურის წევრებსაც.
– მირზა გელოვანის სახელობის მემორიალურ სახლ-მუზეუში მოსწავლე გიდი ხარ…
– შემომთავაზეს მოსწავლე გიდობა და დავთანხმდი, ჩემი აზრით, ძალიან კარგი პროექტია.
უკვე 4 თვეა, მოსწავლე გიდი ვარ… ძალიან საინტერესოა ბუმბერაზი თიანელი პოეტის – მირზა გელოვანის ბიოგრაფია, მინდა, რომ რაც შეიძლება ბევრ ადამიანს გავაცნო.
მომცეს წიგნი, სადაც დის – როენა გელოვანის მოგონებებია ძმაზე. მირზას შესახებ ყველაფერი შევისწავლე და უფრო მეტად დავაფასე ჩვენი თიანელი პოეტი.
– პირველად რომ იყავით გიდი, როგორი იყო განცდა?
– ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ როცა დავიწყე მოყოლა, როდის დაიბადა, მისი ბიოგრაფიის დეტალები, როლში შევედი და აღარ გამჭირვებია თხრობა.
– ვინ იყო პირველად შენი აუდიტორია?
– ქალბატონები, ძალიან მოეწონათ ჩემი მონაყოლი, ისე დაინტერესდნენ, უამრავი კითხვა დამისვეს. შემდეგ თქვეს, კარგი ბავშვიაო და ამან სტიმული და შემართება მომცა. მას მერე ბევრ ექსკურსიას ვუძღვებოდი.
მინდა დიდხანს გაგრძელდეს ჩემი გიდობა.
– რამდენ ხანში ერთხელ გიწევს გიდობა?
– როცა დამიძახებენ, მაშინვე მუზეუმში ვარ… ხშირად მეძახიან. დიდი მადლობა მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ციცინო გაბიდაურს.მან საშუალება მომცა, არა მხოლოდ გამეხსენებინა მირზას ლექსები, არამედ სხვა ახალი ცნობები გამეგო მირზას შესახებ….
– მირზა გელოვანის რომელი ლექსი გიყვარს?
– „თეთრი მიწა“ და „ექსპრომტი“. ამ ლექსებს ხშირად ვამბობ საღამოებზე, მომწონს მირზას ლირიკული პოეზია, განსაკუთრებით ლექსები სიყვარულზე.
– თავადაც წერ ლექსებს?
– უკვე აღარ ვწერ… უფრო ბავშვობაში ვწერდი ლექსებს და მოთხრობებსაც… ახლა ხშირად დრო აღარ მაქვს. გაკვეთილების და გადატვირთული გრაფიკის გამო…
– შენი თვალით დანახული მირზა გელოვანი…
– მირზა ბუმბერაზი პოეტია, მეამაყება, რომ თიანელია, თიანელმა ბავშვებმა მას უდიდესი პატივი უნდა სცენ. მირზა მისაბაძი პიროვნებაა. ბავშვობაში ცელქი იყო, მაგრამ დედამისს თქვენობით მიმართავდა. ზუსტად მისი ეს თვისებაა მისაბაძი, მშობლებთან მოქცევა იცოდა, ონავარი იყო, მაგრამ უზრდელი და თავხედი არასოდეს ყოფილა.
მირზა გელოვანს სიცოცხლეშივე აფასებდნენ, თავად გალაკტიონ ტაბიძემ შეაქო და, როგორც ამბობენ, ზეპირად იცოდა მირზას სტრიქონები…
– ჰობი…
– ჩემი ჰობი წიგნების კითხვაა. ქართველი მწერლებიდან მიყვარს ნოდარ დუმბაძე, მისი იუმორი. განსაკუთრებით – „მე ვხედავ მზე“. ასევე, ძალიან მიყვარს ვაჟა-ფშაველა.
– სკოლას რომ დაამთავრებ, როგორც ზემოთ უკვე გვითხარი, ინფორმატიკის პროფესიას აირჩევ?
– ინფორმატიკის კუთხით გავაგრძელებ სწავლას, მაგრამ ლექსების თქმას, მხატვრულ კითხვას არ შევწყვეტ. ვიცი, რომ ეს გამომდის ყველაზე კარგად. ხელოვნურად კი არ ვკითხულობ, შიგნიდან მოდის სურვილი. მმატებს ენერგიას, ხალისს…
უნდა გავინაწილოთ ოთახები, ავად გახდა ერთ ერთი გიდი და მე მომიწია სამივე ოთახი, ეს დაღლა არ არის, კარგი საქმიანობაა.
– პროექტში „მოსწავლე გიდი“ სხვა ბავშვებიც არიან ჩართულნი, ანუ ეტყობა, თიანელებს მოგწონთ ეს საქმე?
– პროექტი უნდა გაგრძელდეს, ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, სამუდმოდ გავაგრძელებდი, უფრო მეტ ბავშვს ჩავრთავდი. მიხარია, რომ ქალბატონი ციცინო კიდევ მრავალ ექსკურსიას მთავაზობს.
მირზა გელოვანზე და ამ პროექტზე ვისაუბრე რადიო „თავისუფლებაში“ და ტელევიზია „ერთსულოვნების“ ეთერში.
– შენს თაობას რას ეტყოდი?
– წერონ ლექსები, ილაპარაკონ სიმართლე, არ შეეშინდეთ, რომ ვინმე სიმართლეს არ დაუფასებს. სიმართლე არ ფასობს ამქვეყანაში, მაგრამ, ჩემი აზრით, სიმართლე არის ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია… შეიძლება, თავიდან არ დაგაფასონ, ილიას ბედი გაიზიარო, მაგრამ მომავალი უკვალოდ არ ჩაივლის… სიმართლე, ვაჟკაცობა და გამბედაობა ყველას, თუნდ ძველ და თუნდ ახალ თაობას ძალიან სჭირდება.
– მირზას ეზოში არის მირზასდროინდელი ტყემლისა და ვაშლის ხეები… იქ ძვირფასი ნივთებიცაა…
– მუზეუმში უძვირფასესია მირზა გელოვანის ბიბლიოთეკა, მისი მშობლების ბიბლიოთეკა, აკვანი, ნარდი… მირზას ნადირობა, ცხრაკარაზე ასვლა და გადმოხედვა უყვარდა. ბევრი მწერალი და მეგობარი აჰყავდა და იქიდან გადმოახედინებდა ხოლმე.
მუზეუმში ინახება მისი მონადირებული არწივის ფრთები და რქები… საინტერესოა, როგორ დაიწყო ნადირობა. ბავშვობაში იყო ჯანმრთელობაშელახული, თამაშის დროს ავად ხდებოდა, მშობლებმა ბიძას მიაბარეს, მირზა მას ტყეში დაჰყვებოდა, რამაც ჯანმრთელობა გამოუკეთა. მერე თვითონაც ნადირობდა…
– დიდი ხანია, მირზა გელოვანის საფლავის გადმოსვენებაზეა ლაპარაკი…
– მირზას საფლავი საქართველოში უნდა იყოს. ბევრმა უნდა ნახოს ამ ბუმბერაზი პოეტის საფლავი თიანეთში…
ნიკასთან ინტერვიუს შემდეგ თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის მემორიალური მუზეუმის დირექტორს, ქალბატონ ციცინო გაბიდაურსაც გავესაუბრეთ.
აი, რა გვითხრა მან:
„პროექტი „მოსწავლე გიდი“ არ ახალია, ძველია. რამდენიმე წლის წინ გვქონდა მსგავსი: „მოხალისე ექსკურსიამძღოლი“, იგივე „ვოლონტიორი“.
პროექტი ითვალისწინებს მოსწავლეთა ჩართვას სამუზეუმო ცხოვრებაში. ეს ევროპის ქვეყნებში ძალზე პოპულარული პროექტია და საგანმანათლებლო სისტემისათვის – მისაღები.
მოზარდები ინტერესდებიან და სწავლობენ მუზეუმებს, რაც შემდგომში პროფესიის არჩევაშიც ეხმარება, რომ არაფერი ვთქვა იმ გამოცდილებაზე, რასაც მოსწავლეები, ცოდნასთან ერთად, იძენენ მუზეუმის კვალიფიცირებულ თანამშრომლებთან, აქ არსებულ მასალებზე მუშაობისას.
მირზა გელოვანის მემორიალური სახლ-მუზეუმი თანამშრომლობს რაიონის საგანმანათლებლო საჯარო სკოლებთან და მათთან ერთად ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. დაინტერესების შემთხვევაში ბავშვები ინდივიდუალურად და მთლიანი კლასები თანამშრომლობენ ჩვენთან.
გასულ წლებში თიანეთის რაიონის მე-2 და სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლების ბავშვებმა შეისწავლეს გიდის საქმე და ექსკუსიამძღოლთან ერთად უძღვებოდნენ ექსკურსიებს მუზეუმში.
რაც შეეხება ნიკა ხადილაშვილს, ის თიანეთის მირზა გელოვანის სახელობის I საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეა. ძალიან ნიჭიერი და მონდომებული ბავშვია, უყვარს მირზა გელოვანის პოეზია, კარგად იცნობს მის შემოქმედებას და აინტერესებს სამუზეუმო ცხოვრება. მას შეუძლია დამოუკიდებლად გაუძღვეს ექსკურსიას, რაც ძალიან ლამაზად გამოსდის.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჯერად მთელი მისი კლასია ჩართული პროექტში, ამავდროულად ისინი მუზეუმთან არსებული „ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბის“ წევრებიც არიან. მოსწავლეთა ასეთი დაინტერესება და ჩართულობა კლასის დამრიგებლის, ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებლის ნინო შეყელაძის დიდი დამსახურებაა. სკოლის დირექტორია ნათელა კოჭლამაზაშვილი“.
თამარ შაიშმელაშვილი