თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს – საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს
სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავდაცვის სამინისტროს ორ დეპარტამენტს ამოწმებს – ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ აუდიტის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან მიაწოდეს. შემოწმება ორ – შესყიდვებისა და ფინანსური მართვის დეპარტამენტებში მიმდინარეობს. კერძოდ, აუდიტის სამსახური დაინტერესდა 2011-2012-2013 წლების პერიოდით, თუ რა შესყიდვები განახორციელა თავდაცვის სამინისტრომ, შესაბამისად, ფინანსური მართვის დეპარტამენტიც შემოწმდება.
აუდიტის სამსახური შემოწმებას, სავარაუდოდ, 2014 წლის სექტემბერში დაასრულებს. ამავე პერიოდში ცნობილი გახდება აუდიტის დასკვნაც. თუმცა, შემოწმების მასალებს – გრიფით საიდუმლო ადევს.
თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის შემოწმების ფაქტს სამხედრო ექსპერტი ეხმაურება. გიორგი თავდგირიძე „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ აუდიტის სამსახურის მიერ 2011-2012-2013 წლების შემოწმება მნიშვნელოვანია. მისი თქმით, სწორედ ამ პერიოდს ემთხვევა ის საეჭვო შესყიდვები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ ფორსმაჟორული სისტემით განახორციელა.
ექსპერტი კონკრეტულ ფაქტებსაც ასახელებს. ის აცხადებს, რომ აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს თბილისის თავდაცვითი ზოლის მშენებლობის საკითხითაც, რომელიც, თავის დროზე, უწყებაში შემავალმა ქვედანაყოფმა ააშენა, – რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა მშენებლობაზე თანხები.
„ვფიქრობ, აუდიტის სამსახური იმ პერიოდის შემოწმებისას ძალიან მნიშვნელოვან დარღვევებს აღმოაჩენს. საქმე ეხება დიმიტრი შაშკინისა და ბაჩანა ახალაიას მინისტრობის პერიოდს. ამ დეპარტამენტში ყველაზე დიდი დარღვევები იყო. კერძოდ, შესყიდვები მუდმივად ფორსმაჟორული სისტემით ხორციელდებოდა. მაგალითად, თბილისის გარშემო თავდაცვითი ზოლი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ქვედანაყოფებმა ააშენა. ეს არის ძალიან დიდი თემა და აქაც უამრავი კითხვის ნიშანია.
გარდა ამისა, ვფიქრობ, შესყიდვების დეპარტამენტში გარკვეული დანაკლისია და, შესაბამისად, შეიარაღებული ძალებიდან იარაღები გამქრალია, ანუ, სავარაუდოდ, ამ იარაღის გადაყიდვა მოხდა, აგრეთვე პრობლემური საკითხია ფასები – რეალურსა და არსებულ საბაზრო ფასს შორის ხშირად მკვეთრი სხვაობაა. მათ შორის: იარაღზე, საკვებზე ფორმაზე, ანუ ყველა შესყიდვაზე … რა თქმა უნდა, საჭიროა ამ ფასების გადამოწმება.
მაგალითად, ჩემთვის ცნობილია ავტომატების შესყიდვის ფაქტები, როდესაც რეალურ ფასსა და საბაზრო ფასს შორის დიდი განსხვავება იყო, – როცა იარაღის ერთეული 500 დოლარად იყო შეფასებული და საბაზრო ფასი უფრო ნაკლები აღმოჩდა… ამ ყველაფერს დეტალური ფინანსური შემოწმება სჭირდება, რათა გამოიკვეთოს, ეს დანაშაული იყო თუ სამსახურებრივი გულგრილობა.
გარდა ამისა, აუდიტის სამსახური უნდა ინტერესდებოდეს თავდაცვის სამინისტროს არა მარტო ფინანსური დარღვევებებით, არამედ, უნდა მოწმდებოდეს მისი ფუნქციონირებაც – ანუ რამდენად ასრულებს უწყება იმ საკანონმდებლო მოთხოვნას, რაც მას ავალია, – არის თუ არა თავდაცვის სამინისტრო საბრძოლო მოქმედებისთვის მზად სათანადო დონეზე. გარდა ამისა, უნდა ჩატარდეს ინვენტარიზაციაც, რათა დადგინდეს, თუ რა სამხედრო შესაძლებლობები აქვს დღეს თავდაცვის სამინისტროს“, – აცხადებს გია თავდგირიძე.