ამერიკელი გენერალი – თითქმის ქართველი

ამერიკის შეერთებული შტატების გენერალი, სრული პროფესორი დიპლომატიის საკითხებში 35 -წლიანი გამოცდილების მქონე რონალდ მანგამი დაახლოებით 9 წელია უკვე საქართველოში მუშაობს. ამერიკელი გენერალი საქართველოში 2005 წლის ნოემბერში ჩამოვიდა. მან წლების წინ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განხორციელებულ ცვლილებებში დიდი წვლილი შეიტანა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ამერიკელი გენერალი დაახლოებით 6 წელი ხელმძღვანელობდა თანამედროვე ინსტრუქტორთა ორგანიზაციას, რომელიც სამხედრო დარგში კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე მუშაობდა. იგი საქართველოში გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის ინიციატივით ჩამოვიდა და თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა.
მანგამი ბოლო 5 წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში, საქართველოს ეროვნული უშიშროების საკითხებზე მუშაობს. რონალდ მანგამი საქართველოში მის ახალანდელ და სამომავლო გეგმებზე „კვირას“ ექსკლუზიურად ესაუბრა. მან ასევე ქართული თავდაცვითი სისტემის დეტალების შესახებაც ისაუბრა, თავდაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი გაიხსენა და რჩევებიც გაგვიზიარა. გენერალი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე, თავდაცვის სფეროში არსებულ პრობლემებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსა და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალზე გვესაუბრა. როგორც გენერალმა „კვირასთან“ აღნიშნა, საქართველოს რთული და შრომატევადი მუშაობა მოუწევს, რომ თავდაცვითი სისტემა განვითარდეს, შესაბამისობაში იყოს მსოფლიო სამხედრო ძალებთან და ნატოში შესვლის სამოქმედო გეგმის მიღების მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს. რონალდ მანგამის უპირველესი რჩევა კი თავდაცვის სფეროში სტაბილურობის შენარჩუნებაა. მისი თქმით, ნებისმიერ სტრუქტურაზე და, განსაკუთრებით, თავდაცვის სფეროში მინისტრებისა და კადრების ხშირი ცვლა უარყოფითად აისახება, ამიტომ უმჯობესი იქნება, თუ ეს სფერო სტაბილურობას შეინარჩუნებს. ამასთან, მისი თქმით, ყველა ძლიერი სამხედრო ძალის მქონე ქვეყნისთვის სამხედრო კარიერაში დამახასიათებელია ეტაპობრივი განვითარება, საქართველოში კი ქრონოლოგია არეულია და სამხედრო ჩინის მინიჭება არათანამიმდევრულად ხდება.
„იმ წლების განმავლობაში, რაც სამინისტროში ვმუშაობდი, რამდენჯერმე შეიცვალა თავდაცვის მინისტრი. ასევე ხშირად იცვლებოდნენ გაერთიანებული, გენერალური შტაბის უფროსები. ყოველივე ეს კი სირთულეებს ქმნიდა. როდესაც ჩვენ ვაძლევდით მათ რეკომენდაციებს, სანამ ამ მითითებებს გაითვალისწინებდნენ, ეს კადრები უკვე იცვლებოდა და ახალი კადრები მოდიოდნენ. ეს კადრები ხშირად თითქმის მთლიანად იცვლებოდნენ და ვისაც ის რეკომენდაციები მიეცა, ისინი უკვე აღარ მუშაობდნენ სამინისტროში. ამ კუთხით სამინისტროში სტაბილურობა უნდა იყოს, რომ პროფესიონალურ ამაღლებას მივაღწიოთ. სტაბილურობა არა მხოლოდ თავდაცვისთვის, არამედ სტუქტურისთვის აუცილებელი რამ არის. ჩემი სამინისტროში მუშაობისას კი, როცა ლიდერი მიდიოდა, ყველაფერი იშლებოდა. ეს იწვევს შეფერხებას. ისინი, ვინც უკვე მიიღო გამოცდილება, მიდიან. ახალი, გამოუცდელი კადრების მოსვლით კი უკან დაბრუნება ხდება, მათ ახალი გამოცდილება თავიდან უნდა შეიძინონ. ასევე ოფიცერთა კადრების პრობლემაც არსებობს. სამხედრო ჩინის მინიჭება და სამხედრო პირის განვითარება არ ხორციელდება ქრონოლოგიურად და განვითარების ეტაპები ხშირად არათანაბარია“, – ამბობს გენერალი.
მანგამის თქმით, ქვეყნის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ სამხედრო ძალის გაძლიერებაზე არ არის დამოკიდებული და ეს უფრო პოლიტიკური პროცესია. მისივე აზრით, საქართველოს ნატოში გაწევრიანების დასაჩქარებლად რუსეთის ფაქტორი ძალიან დიდი როლს ასრულებს, რადგან დასავლეთს მასთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურს.
„მაპი პოლიტიკურ ჭრილში უფროა განსახილველი. ეს არ არის მხოლოდ სამხედრო ძალის რაოდენობა და გაძლიერება. შესაძლოა, ბევრი ბატალიონი და ბრიგადა გყავდეს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ამ დროს გლობალური პრობლემების დაძლევაა საჭირო. დასავლეთს არ უნდა დაპირისპირება, ომი რუსეთთან, რაც გარკვეულ სირთულეებს იწვევს. ჩემი პირადი შეხედულებით, უკრაინის მოვლენები შეიძლება საქართველოს ნატოში გაწევრიანებაში დაეხმაროს. ევროპამ დაინახა რუსეთის ახალი სახე და ის ეცდება საქართველოს ნატოში შესვლის დაჩქარებას. მე საქართველოში მყოფ ნატოს ჯგუფთან ერთად ვმუშაობდი. მაპის მისაღებად შექმნილი ნატოს ინსპექცია აკვირდებოდა, როგორ იცვლებოდა უშიშროების კონცეფცია. ისინი ატარებდნენ ტრენინგებს. ტრენინგები იმ საუკეთესო გზებს იძიებდა, რაც ნატოში შესვლაში დაეხმარებოდა. დასავლეთის, ნატოს და ამერიკელების რეკომენდაციების მთავარი პრინციპი არის ის, რომ არ წერენ დიქტატს, არამედ წერენ, როგორც არის საჭირო გარემოებიდან გამომდინარე. ეს არ არის მკაცრად გაწერილი და მოქნილი პროცესი. ასე გაცილებით ადვილია, რომ ხალხმა აითვისოს და გააცნობიეროს. ჩემ მიერ დაწერილი რეკომენდაციები უნდა ყოფილიყო 2008-2009 წლის უშიშროების კონცეფცია და მთლიანად საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოს გაძლიერებისთვის, საჭირო რამ“, – ამბობს გენერალი და აღნიშნავს, რომ რეკომენდაციების სრულყოფილად გათვალისწინება სწორედ არასტაბილური საკადრო გარემოს გამო ფერხდებოდა.
გენერალმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათთან ახალებური მიდგომა, ეკონომიკური კავშირების განახლება მისასალმებელია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს გარკვეული დათმობების ხარჯზე. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მუდმივად ვლადიმერ პუტინი ვერ იქნება. იგი ფიქრობს, რომ პუტინის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ საქართველოს მიეცემა ყველაზე რეალური შანსი ნატოში გაწევრიანებისთვის.
რაც შეეხება მის სამომავლო გეგმებს, ახლა ის საქართველოში ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს და ფიქრობს, რომ ქვეყანას დიდი ტურისტული პოტერნციალი აქვს. მისი არასამთავრობო ორგანიზაცია „ტაძრელები“ მუშაობს საზღვრისპირა ტურიზმის საკითხებზე. ორგანიზაციაში ჩართულები არიან: სომხეთი, საქართველო, თურქეთი, საბერძნეთი. ყველა ღირსშესანიშნავი ადგილის, რესტორნების, სასტუმროების ინფორმაციას აღწერს, სახავს სტრატეგიულ გეგმებს. აპირებს საერთო, ევროპულ ტურისტულ ზონაში საქართველოს მოქცევას და მისთვის საიდენტიფიკაციო კოდის მინიჭებას.
მანგამი 2004 წლიდან აშშ-ის წამყვან სამხედრო უნივერსიტეტებში ონლაინლექციებს კითხულობს. პროფესორმა გამოსცა 4 წიგნი, რომლითაც აშშ-ის სამხედრო უნივერსიტეტები ხელმძღვანელობენ. დაამთავრა Maine East High School, შემდეგ ჩააბარა Northwestern University-ში. დაცული აქვს იურისტის დოქტორის ხარისხი, 2004 წელს კი დაიცვა მაგისტრის ხარისხი – დიპლომატიისა და სამხედრო მეცნიერებაში. 2000-2003 წლებში სამხრეთ კორეაში ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სარდალი იყო. წარსულში, თითქმის 20 წელი, ჩიკაგოში მუშაობდა. იყო ამერიკის სამხედრო გენერალი კორეაში და სპეციალურ ოპერაციებს ხელმძღვანელობდა. ასევე მუშაობდა სლოვაკეთში, საქართველოში, სომხეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები