„ჩემთვის მაინც ყველაზე მიმზიდველი შავი ფერია“…
მარნეულის რაიონში მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი და ფარმაცევტია. ტუშით გრაფიკული ნამუშევრების შექმნა მოგვიანებით დაიწყო.
ხატავს შავი ფერით, თუმცა წითელი, ოქროსფერი და ვერცხლისფერიც შეიტანა ფერებში… ულამაზესი კომბინაცია გამოდის. ამბობს, რომ შავი მაინც ყველაზე მიმზიდველი ფერია მისთვის, ხატვის პროცესში კი სირთულე მოსწონს…
მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში, საქველმოქმედო აქციებში. საინტერესო გეგმებიც აქვს. – ნინი ცარციძის პერსონა.
– დავიბადე მარნეულის რაიონში, 1991 წლის 17 ნოემბერს, მრავალშვილიან, ტრადიციულ ოჯახში, სადაც ყველა ერთმანეთს პატივს სცემდა, სადაც მხოლოდ სითბო და სიყვარული სუფევდა. კარგად მახსენდება ბავშვობის წლები. ჩემს მშობლებს ხუთი შვილი ვყავართ, ყველაზე პატარები მე და ჩემი ტყუპისცალი ვართ. ჩვენზე ყველა განსაკუთრებულად ზრუნავდა, თუმცა განებივრებული ბავშვი არასდროს ვყოფილვარ. მადლობა ჩემს ოჯახს ამ ლამაზი წლებისთვის, სწორედ მათი დამსახურებით ვარ ასეთი, როგორიც ვარ.
– ტანსაცმლის დიზაინერი ხართ, ფარმაციაც შეისწავლეთ…
– სკოლის დამთავრების შემდეგ დავამთავრე პროფესიული სასწავლებელი, ტანსაცმლის დიზაინის განხრით, ამის შემდეგ შევისწავლე ფარმაცია. 18 წლიდან ვმუშაობ და მაქვს საკუთარი შემოსავალი, კარგად ვიცი შრომის ფასი.
– გრაფიკულ ნამუშევრებს ქმნით…
– ნახატებს ვხატავ ტუშით, ჯერ ესკიზს ვაკეთებ ფანქრით, შემდეგ კი ვტუშავ. საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს.
– როგორ შეიქმნა პირველი ნამუშევრები?
– სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა, როდესაც პირველი ნახატი დავხატე. ეს იყო ერთმანეთის მსგავსი ორი გოგონას პროფილი, შთაგონების წყარო ჩემი ტყუპისცალი იყო. თავიდან უბრალო შავი პასტით ვხატავდი, შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ტუშით უკეთესი გამოვიდოდა და გავაგრძელე ტუშით ხატვა.
– მუსიკის ფონზე გიყვართ ხატვა…
– მუსიკა ფანტაზიას მიძლიერებს, ამიტომ მუსიკის თანხლებით ხატვა სასიამოვნო პროცესია. ინსპირაციის წყარო ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად განწყობა, ხასიათი, სიხარული, სევდა და სიყვარული თავისთავად.
– მონაწილეობთ საქველმოქმედო გამოფენებში…
– უახლოესი ადამიანის წყალობით გავიცანი ქალბატონი ნათია ფრანგიშვილი, ადამიანი, რომელიც აწყობს აუქციონებს და შესული თანხით ეხმარება უძლურებაში მყოფ ადამიანებს. ეს რომ გავიგე, მეც შევუერთდი ამ არაჩვეულებრივ წამოწყებას, გავიტანეთ ერთ-ერთი ჩემი ნახატი აუქციონზე, საკმაოდ წარმატებით ჩაიარა აუქციონმა, შემოსული თანხით დავეხმარეთ ახალგაზრდა მხატვარს ნინო ნაკვეთაურს, რომელსაც სიმსივნე აქვს და სჭირდება დახმარება. ის თანხა, რაც ჩავურიცხეთ, ზღვაში წვეთია, მაგრამ იმედია, ცოტათი მაინც შევუმსუბუქებთ ტკივილს.
– რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– ჩემ ირგვლივ ალბათ ბევრ რამეს შევცვლიდი, გული მტკივა, როდესაც მოშიმშილე მოხუცებს ვხედავ. მათთვის დიდ, თბილ სახლს ავაშენებდი, სადაც მშვიდად და შიშის გარეშე იცხოვრებდნენ. კონკრეტულად ჩემს ქალაქში საგამოფენო დარბაზს გავხსნიდი და დავუთმობდი ადგილობრივ მხატვრებს, რათა თავიანთი ნამუშევრები უფრო ფართოდ გააცნონ საზოგადოებას.
– ოჯახი…
– მყავს არაჩვეულებრივი მეუღლე და პატარა ვაჟი, ბედნიერად ვცხოვრობთ, ბავშვის დაბადებამ ძალიან იმოქმედა ჩემს ხელწერაზე, ნახატები უფრო თბილი და ფერადი გამომდის, ვიდრე უწინ. მეუღლე ხელს მიწყობს პროფესიულ საქმიანობაში, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მას.
– გამოფენები…
– პირველად ჩვენი რაიონის კულტურის ცენტრის დახმარებით ჯგუფურ გამოფენაში ვმონაწილეობდი, რაც უდიდესი სიხარული იყო ჩემთვის… მსგავს გამოფენებში ხშირად ვმონაწილეობ. პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია. გამოფენებმა თავდაჯერებულობა შემმატა, ხალხმა გამიცნო, შეიყვარა ჩემი ნახატები. უღრმეს მადლობას ვუხდი მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს და ხელმძღვანელობას.
– ხელნაკეთ აქსესუარებს ქმნით… და ჰობს უწოდებთ…
– ხელნაკეთი აქსესუარებისთვის ადრე უფრო მქონდა დრო და ტყუპისცალთან ერთად უამრავ ლამაზ ნივთს, თუ აქსესუარს ვქმნიდი, ვკერავდით ჩანთებს, ვაკეთებდით სამკაულებს, გამხმარი ყვავილებით და უამრავი სხვა მასალით ვქმნიდით სხვადასხვა აქსესუარს და ნივთს.
– ამ ბოლო დროს ფერად გრაფიკულ ნამუშევრებსაც ქმნით…
– თავიდან მხოლოდ შავი ტუშით ვხატავდი, შემდეგ დავამატე წითელი, ახლა ოქროსფერი და ვერცხლისფერიც შევიტანე ფერებში და მართლაც ულამაზესი კომბინაცია გამოდის.
ამის მიუხედავად, ჩემთვის შავი ყველაზე მიმზიდველია, ერთი ფერით რომ გადმოვცემ ნახატის მთელ სილამაზეს, ეს უფრო მომწონს, ვიდრე რამდენიმე ფერით. საკმაოდ რთულია, მაგრამ სწორედ ეს სირთულე მიზიდავს ხატვის პროცესში, რაც უფრო რთულია ნახატი, მით უფრო საინტერესოა ჩემთვის.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმები უამრავი მაქვს, უახლოეს მომავალში ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას, ძალიან მინდა შევიძინო საბეჭდი დანადგარი, რომ ჭურჭელზე გადავიტანო ულამაზესი ორნამენტები და შემდეგ ვაწარმოებ ამ ბიზნესს. იმედია, შევძლებ მიზნების განხორციელებას, რა თქმა უნდა, უფლის ნებით.
თამარ შაიშმელაშვილი