ეკა ბესელია: არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიბინძურის ორგანიზატორთა წრეში „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ შეფარებული ადამიანებიც იყვნენ
„ვერ გამაჩერებენ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს და მის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში გავრცელებულ შავ პიარკამპანიაზე საუბრობს.
როგორც ეკა ბესელია განმარტავს, მას შემდეგ, რაც მან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, სურვილი ჰქონდა, რომ პოლიტიკიდან დისტანცირება მოეხდინა და სამეცნიერო მუშაობა გაეგრძელებინა, თუმცა, მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა, ათმაგად მოტივირებული გახდა.
„ახლა, როცა ასეთი ბინძური და სამარცხვინო მეთოდებით დამიპირისპირდნენ, ათმაგად უფრო მოტივირებული გავხდი სააკაშვილის რეჟიმის ნამსხვრევებთან ბრძოლაში, რომლებიც „ქართულ ოცნებაში“ არიან. ხმამაღლა ვაცხადებ – ვერ შემაჩერებენ! ჩემი ყოველი მომდევნო დღე იმისთვის ბრძოლას მიეძღვნება, რომ ხალხი, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტს ასეთი ბინძური მეთოდებით ებრძვის, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას საერთოდ ჩამოშორდეს! ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ ამ სიბინძურის ორგანიზატორთა წრეში „ქართული ოცნების“ ქოლგის ქვეშ შეფარებული ადამიანებიც იყვნენ, რომლებიც თანაგუნდელებს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. დიახ, ამ სიბინძურის კვალი არ არის შორს იმ ჯგუფისგან, რომელთანაც ახლა პოლიტიკურ და მორალურ კონფლიქტში ვიმყოფები. ამიტომაც, უკანონო ფარული ჩანაწერის გავრცელების ორგანიზატორთა გამოვლენა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის სერიოზული გამოცდაა!“ – აცხადებს ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 16 პირი დააკავა, მათ შორის არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებიც.