ნინო კიტია: ნინო ანანიაშვილმა შესანიშნავად ააწყო თავისი ბედნიერება ჩვენს ტრაგედიაზე
„ნინო ანანიაშვილმა შესანიშნავად ააწყო თავისი ბედნიერება ჩვენს ტრაგედიაზე“, – ამის შესახებ, ამჟამად დევნილობაში მყოფი, ცნობილი ბალერონის თამაზ ვაშაკიძის მეუღლე, ნინო კიტია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ნინო კიტია გამოცემასთან იმ ტრაგედიაზე საუბრობს, რომელიც უკვე 13 წელია გრძელდება და საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დახმარებას სთხოვს.
პროფესიით მხატვარი ნინო კიტია ინტერვიუში „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის იმ წლებს იხსენებს, როდესაც პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი საქართველოში დაბრუნდა.
„13 წელია, შიშისა და ტკივილის განცდით ვარსებობ. ბოღმა მახრჩობს. ვიცი, რომ ბევრი ოჯახი ააწიოკა სააკაშვილის რეჟიმმა, თუმცა ძალიან ძნელია, როცა ეს ყველაფერი შენს თავზე ხდება, საშინელებაა, როცა მართალი ხარ და ვერ ამტკიცებ საკუთარ სიმართლეს, როცა საკუთარ ქვეყანაში იჩაგრები და გვერდით არავინ გიდგას, როცა გაბრალებენ იმ ფულის მითვისებას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. თამაზ ვაშაკიძემ საკუთარი ბინა გაყიდა და ფესტივალი მოაწყო, სახლიდან მიჰქონდა ფული და სასწავლებელს ახმარდა. მამაჩემისგან ნასესხები თანხით, სასწავლებლის ბავშვებისათვის ავტობუსი იყიდა. ქრთამი არასოდეს აუღია და ყველა ნიჭიერ მოსწავლეს უანგაროდ ემსახურებოდა. თამაზ ვაშაკიძე იყო მკაცრი, შეუვალი და პრინციპული ადამიანი, სწორედ საკუთარ პრინციპებსა და პროფესიონალიზმს შეეწირა. 2005 წელს, როდესაც ნინო ანანიაშვილი აპირებდა რესპუბლიკური სასახლე წაერთმია ბავშვებისთვის, საზოგადოების პროტესტმა და ერთი პატარა ბიჭუნას ცრემლებმა შეაჩერა სააკაშვილის რეჟიმი და ხელი ააღებინა ვერაგული ჩანაფიქრის სისრულეში მიყვანაზე. ჩემი შვილი 13 წელია ტირის და იტანჯება. ჩემი ოჯახი 13 წელია სტრესის ქვეშ ცხოვრობს და არავინ ფიქრობს სამართლიანობის აღდგენაზე“, – აცხადებს ნინო კიტია.
როგორც ის განმარტავს, მისი მეუღლე ამჟამად რუსეთშია გადახვეწილი, სადაც მუშაობდა და საქართველოში ოჯახს ფინანსურად ეხმარებოდა.
თუმცა, მისივე თქმით, გრიგოლ ვაშაძესა და ნინო ანანიაშვილს, ისეთი გავლენები აქვთ, რომ უკვე წლებია უმუშევარია.
საქართველოს ღირსების ორდენოსანის, სახალხო არტისტის, თამაზ ვაშაკიძის მეუღლე ინტერვიუში იმ დღეებს იხსენებს, როდესაც მისი მეუღლე დააკავეს. მაშინ, ნინო კიტია მესამე შვილზე იყო ორსულად.
მისივე თქმით, მაშინ, შიშისა და სტრესის გამო, ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და მესამე შვილი აუტიზმით დაავადებულია. ბავშვი ვერ ლაპარაკობს.
ნინო კიტიას თქმით, იგი 3 არასრულწლოვანი შვილის დედაა და დღემდე მესამე შვილის პენსიით 180 ლარით ცხოვრობს.
ამასთან, როგორც ნინო კიტია ამბობს, მას შვილების გაზრდაში მეგობრები ფინანსურად ეხმარებიან.
„ახალშობილი მყავდა სახლში და ინტენსიურად მიმდინარეობდა ყვირილით შემოვარდნები, დაძინებული ბავშვების აწიოკებით, მუდმივად მითვალთვალებდნენ. ბავშვს ძუძუს ვაჭმევდი, ნერვიულობის გამო რამდენჯერ გამიშრა რძე. 5 კაცი შემოვარდებოდა და აგდებულად მელაპარაკებოდნენ 24 წლის გოგოს“, – აცხადებს ნინო კიტია.
თამაზ ვაშაკიძის მეუღლე და შვილები საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს თხოვნით მიმართავენ:
„უმორჩილესად ვთხოვთ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს, დაინტერესდეს თამაზ ვაშაკიძის საქმით და დაუბრუნოს ბავშვებს მამა, რომელსაც 13 წელია ელოდებიან“, – აცხადებს ნინო კიტია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.