„მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომ ეს გულანთებული, სამშობლოს სიყვარულით აღზრდილი ქალბატონი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია”
„მადლობელი ვარ ქართველი ხალხის, რომ ეს გულანთებული, სამშობლოს სიყვარულით აღზრდილი ქალბატონი საქართველოს პრეზიდენტად აირჩია“, – ამის შესახებ კომუნისტური რეჟიმის მიერ რეპრესირებული და სამშობლოდან დევნილი ბაბო დადიანის ქალიშვილი, 95 წლის თათული ღვინიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ თათული ღვინიაშვილი ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი მოდელი სალომე ღვინიაშვილისა და მისი დის თათული ღვინიაშვილის ბებიაა.
95 წლის თათული ღვინიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის ახალგაზრდობას იხსენებს.
იგი, ამავე ინტერვიუში, სალომე ზურაბიშვილის გარეგნულ იერსახეზეც ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, სალომეს განსაკუთრებული თვალები ჰქონდა, რომელიც დღემდე „ასხივებს“.
„როდესაც პარიზში ჩავედი და სალომე ზურაბიშვილს შევხვდი, სრულიად ახალგაზრდა, 22 წლის იყო. სწორედ
მაშინ გაიმარჯვა იტალიაში ძალიან პრესტიჟულ დიპლომატიურ სამსახურში მოსაწყობ კონკურსში. ჭკვიანი და გონიერი გოგონა რომ არ ყოფილიყო, დიპლომატის აზროვნება რომ არ ჰქონოდა, ასეთ სერიოზულ მარათონში ვერ გაიმარჯვებდა. არ დაგავიწყდეთ, ჯერ კიდევ 22 წლის ასაკში, მთელი ემიგრაცია გულშემატკივრობდა. მათ შორის დედაჩემი – მია (ქეთევან) დადიანი, რომელიც მაშინ ქართული სათვისტომოს მდივანი იყო. მაშინ სალომეს არაჩვეულებრივი მშობლები – ლევან ზურაბიშვილი და ზეინაბ კედია, ცოცხლები იყვნენ. სალომე ემიგრაციის წიაღში და ქართველი პატრიოტების წრეში გაიზარდა, მათთან, ვისაც უზომოდ უყვარდა საქართველო და ქართული მიწის ნატვრაში გარდაიცვალა. ერთი ასეთი იყო ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა, საზოგადო მოღვაწე – კოკი დადიანი, რომელიც პარიზში, ლევილის სასაფლაოზეა დაკრძალული (ქაქუცა ჩოლოყაშვილის გვერდით განისვენებს). პარიზში ყოფნის დროს, რა თქმა უნდა, მოვინახულე როგორც ბაბუაჩემის, ისე მისი თანამოაზრეების საფლავები, მათ შორის არიან სალომე ზურაბიშვილის წინაპრებიც. ლევილის სასაფლაო უბრალო საძვალე არ არის, ის იმ ქართველ მამულიშვილთა განსასვენებელია, რომელთა საფლავებიც, საქართველოს სიყვარულს გასწავლიან, ქედს იხრი მათ წინაშე და მამულის დასაცავად ინთება. სალომე ხშირად დადიოდა მათ საფლავებზე, პატივს მიაგებდა მათ სულებს და როგორ გგონიათ, ის სულისკვეთება, რაც თავისი წინაპრებისა და მშობლებისგან აქვს შეთვისებული, სადღაც წავიდოდა?! სალომეს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა საზღვარგარეთ. შესანიშნავი ბინა ჰქონდა პარიზში, ყველა სიკეთე რომ იქ დარჩენილიყო, დიდ თანამდებობაზე იქნებოდა, მაგრამ ყველაფერს თავი დაანება და საქართველოში ჩამოვიდა. ის არის დიდი პატრიოტი და ამის არაღნიშვნა არ შეიძლება. სიყვარულით გავიხსენებ მის მშობლებს, რომლებიც უზომოდ ბედნიერები იქნებოდნენ, სალომეს გამარჯვებას რომ მოსწრებოდნენ“, – აცხადებს თათული ღვინიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.