დიღომში ავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვი მართვით სუნთქვაზეა
ამ წუთებში ექიმები ავარიის შედეგად დაშავებული 4 წლის ბავშვის გადარჩენას ცდილობენ. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, მცირეწლოვანი ბავშვი ცოცხალია და ის უმძიმეს მდგომარებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბოლო მონაცემებით, ის იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს. უკვე დაზუსტებული ინფორმაციით, დიღომში, შემთხვევის ადგილზე “მერსედესის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის ორი მგზავრი, 50 წლამდე ასაკის ქალი და მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალნენ. რაც შეეხება “ჯიპის” მძღოლს, ის შედარებით მსუბუქი დაზიანებებით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შეგახსენებთ, რომ დიღომში მომხდარი ავარიის შესახებ “კვირას” ინფორმაცია სამაშველო სამსახურიდან მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 4 წლის ბავშვი, თუმცა ამ დროის მონაცემებით მცირეწლოვანი ცოცხალია და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილზე ამ წუთებში პოლიციის და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლით აღიძრა. ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზებს გამოიძიება დაადგენს.