შედგა თუ არა გამსახურდიასა და შევარდნაძეს შორის საიდუმლო შეხვედრა მოსკოვში

რატომ იყო შეუძლებელი გამსახურდიასა და შევარდნაძის თანამშრომლობა? რატომ ჰყავდა ყველა პრეზიდენტს მტრულად განწყობილი ოპოზიცია? რატომ ვერ ვაღწევთ თანხმობას და რატომ განვიხილავთ არჩევნებს როგორც მეორე მოსვლას? ამ და სხვა შეკითხვებზე „პრაიმტაიმს“ ისტორიკოსი და ანალიტიკოსი დავით გამცემლიძე ესაუბრა:

– იყო საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას შეხვდა, თუმცა, გამსახურდია ამ შეხვედრას ასაიდუმლოებდა. თქვენი ინფორმაციით, შედგა ასეთი შეხვედრა? რა თემაზე იყო საუბარი და რატომ შეიძლებოდა ის დაემალათ? ზვიადს ეშინოდა, რომ „კაგებეს“ აგენტობას დააბრალებდა იმ დროისთვის მისი ყველაზე მრისხანე და დაუძინებელი მტერი (ამ სიტყვას საგანგებოდ ვხმარობ ოპოზიციის ნაცვლად) ედპ?

– პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მხოლოდ ერთხელ იყო მოსკოვში: 1991 წლის 10 ივლისს, როდესაც კრემლში გაიმართა რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ინაუგურაცია. საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის დედაქალაქში იმყოფებოდა ბორის ელცინის მიწვევით მეუღლესთან, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასთან ერთად.

საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მაშინ უკვე ყოფილი მინისტრი ედუარდ შევარდნაძე ამ ღონისძიებაზე მიწვეული არ ყოფილა. ელცინსა და შევარდნაძეს შორის თბილი ურთიერთობა არასდროს ყოფილა ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ბორის ელცინმა კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, მიხეილ გორბაჩოვის და მისი გუნდის კრიტიკა დაიწყო (1987წ.), ხოლო  შევარდნაძემ, პასუხად, მას „დეგრადირებული პოლიტიკანი“ უწოდა კომპარტიის პლენუმზე.

მე არც მაქვს ამგვარი ინფორმაცია და არც მჯერა თუნდაც თეორიულად, რომ მოსკოვში ყოფნისას, ზვიად გამსახურდია შეხვდა ედუარდ შევარდნაძეს. ასეთი შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტს მაშინ არათუ არაფერში სჭირდებოდა, არამედ მხოლოდ პრობლემებს შემატებდა საქართველოში, სადაც (როგორც სწორად აღნიშნეთ) ბევრი „გამადიდებელი შუშით“ აკვირდებოდა მის კონტაქტებს მოსკოვთან, მათ შორის ედუარდ შევარდნაძესთან.

საქართველოს პრეზიდენტსა და სსრკ-ს საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს შორის, „სამხრეთ ოსეთის“ გარშემო ვითარების განსაკუთრებით გამწვავებისას მხოლოდ სატელეფონო საუბარი შედგა და სრულიად უსარგებლო, რაკი იმ სიტუაციის „მენეჯმენტის“ რესურსი არც ერთ მათგანს არ ჰქონდა

– შევარდნაძე-გამსახურდიას თანამშრომლობის შემთხვევაში როგორ შეიძლება მოვლენები განვითარებულიყო? შევძლებდით თავიდან აგვეცილებინა სამოქალაქო ომი, ტერიტორიების დაკარგვა?

– ისტორიაში არსებობს „თეორიულად შეუძლებლის“ ცნება. შევარდნაძესა და გამსახურდიას შორის არათუ სისტემური, გრძელვადიანი, არამედ სიტუაციური კოოპერაციაც კი აბსოლუტურად შეუძლებლად მიმაჩნია. ეს ორი ადამიანი ორ სრულიად განსხვავებულ ფენომენს წარმოადგენდა – გადაჭარბების გარეშე, ორ სხვადასხვა საქართველოს, რომელთა შეთავსება შეუძლებელი იქნებოდა.

აქედან გამომდინარე, ორივეს (შევარდნაძეს არანაკლებ, ვიდრე გამსახურდიას ან პირიქით) ჰქონდა პრეტენზია საქართველოს ლიდერობაზე და ამ საკითხში ისინი ვერაფრით, ვერასდროს შეთანხმდებოდნენ, რასაკვირველია.

ზვიად გამსახურდიასთვის, ედუარდ შევარდნაძის ლიდერობის  აღიარება ან თუნდაც მასთან „კოჰაბიტაცია“ საკუთარი ცხოვრების „გადახაზვა“ იქნებოდა. შევარდნაძისთვის კი გამსახურდია ბოლომდე დარჩა „შემაწუხებელ დისიდენტად“, რომელიც მუდამ ხელს უშლიდა „რესპუბლიკის“ მართვაში.

– რატომ იდგა ყოველთვის შერიგებისა და თანხმობის პრობლემა ქართულ პოლიტიკაში? შეიძლება ითქვას, რომ შევარდნაძე და ჟვანია იყვნენ ერთადერთები, ვინც საზოგადოების გაერთიანება, ასე თუ ისე, შეძლეს?.. როგორ ხსნით ქართული პოლიტიკის ამ თავისებურებას?

– საინტერესო კითხვაა. ამაზე ბევრი მიფიქრია. ჩემი აზრით და დაკვირვებით, ქართველ საზოგადოებას, ასევე, ქართველ ელიტებს ისტორიულად მოსდგამთ ერთი უკეთური თვისება, შეიძლება ითქვას „ისტორიული მანკი“: კომპრომისის კულტურის არქონა! ეს უკეთური თვისება „წითელ ხაზად“ გასდევს საქართველოს ისტორიას არა მხოლოდ ერთმანეთთან, არამედ გარეშე მტერთან ურთიერთობაშიც.

„კომპრომისის კულტურა“, ანუ იმის აღქმა, სად გადის ზღვარი მიზანშეწონილობას, ინტერესს, სურვილსა და შესაძლებელს შორის, უძვირფასესი სახელმწიფოებრივი თვისებაა, რომელიც ელიტებს ეხმარება, უპასუხონ ისტორიულ გამოწვევებს და გადაჭრან რთული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი  პრობლემები.

ამგვარი კულტურა, ქართველ ელიტებს, ტრადიციულად, არ გააჩნიათ… სხვათა შორის, მეზობელი სომხებისგან განსხვავებით, ანუ ამ უკეთურობას ვერ ავხსნით ისტორიული ბედუკუღმართობით და უამრავი გადატანილი უბედურებით: სომხებს არანაკლები გადაუტანიათ, მაგრამ თუნდაც სულ ბოლო მოვლენებიც კი ადასტურებს, რომ მათი ელიტები კრიტიკულ მომენტში მიზანშეწონილად იქცევიან „უარესის“ თავიდან ასაცილებლად.

ხოლო ჩვენში, ასევე ტრადიციულად, მეფობს „უჩემოდ ვით იმღერეთა“ და არჩევანი ხშირად კეთდება „უარესის“ სასარგებლოდ. ამისავე შედეგი იყო, მათ შორის, სამოქალაქო ომი, ისევე როგორც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთობების დეგრადირება კონფლიქტამდე და ომამდე.

– შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს კონკურენტის აღქმა და გამოცხადება მტრად და მისი დაკავშირება კრემლთან ან „კაგებესთან“? ეს ტენდენცია სწორედ ეროვნული მოძრაობის დროს გაჩნდა და სააკაშვილმა ის კიდევ უფრო აქტიურად გამოიყენა კონკურენტების ჩასარეცხად.

– „მტრის ხატი“ და მასთან პოლიტიკური მოწინააღმდეგის დაკავშირება შეურიგებელი ბრძოლის ტექნოლოგიაა. ქართველი პოლიტიკოსები სწორედ ამ „კავშირის“ აღმოჩენასა თუ „ხატვაში“ არიან დიდოსტატები, ესე იგი ნამდვილად ძლიერები, ნიჭიერები, კრეატიულები და შემოქმედებითნი. ოღონდ კი „უჩემოდ ვით იმღერეთა“ არ მოიშალონ. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული პოლიტიკოსის ან თუნდაც პოლიტიკური თაობის თვისება. სინამდვილეში, სოციალური მენტალობის პროდუქტია და, სამწუხაროდ, ისიც უნდა ითქვას (რაოდენ უსიამოვნოდაც არ უნდა ჟღერდეს), რომ ამგვარი „სოციალური კულტურის“ საზოგადოება, რომლის ელიტებს ისტორიულად არ მოსდგამთ „კომპრომისის კულტურა“, თანამედროვე დემოკრატიას ვერასგზით ვერ  ააშენებს.

შემაძრწუნებლად და გულისმომკვლელად ჟღერს, რასაკვირველია, თუმცა ასეთი  „კულტურა“ (უფრო ზუსტად, უკულტურობა) ბუნებრივად შობს უსასრულო პათოლოგიურ დაპირისპირებებს, შესაბამისად, ან სამოქალაქო ომს, ან „საკონსტიტუციო უმრავლესობის“ მქონე ავტორიტარულ რეჟიმთა მახინჯ მოდელს. რაც გრძელდება თაობიდან თაობამდე.

– რას იტყვით სააკაშვილსა და ივანიშვილზე. მართალია, ახლა 90-იანი წლები არ არის და არც სააკაშვილი ჰგავს გამსახურდიას სიმამაცეში – საქართველოში დაბრუნებაზე ჯერ არ ფიქრობს, თუმცა, რამდენად მნიშვნელოვანია, საერთოდ, იყოს შეთანხმება, პოლიტიკაში თამაშის წესები, რადგანაც ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს საკმაოდ ახლოს ვდგავართ 90-იანი წლების ექსცესების გამეორებისგან, რაც დამანგრეველი იქნება.

– სრულიად გეთანხმებით: ამჟამინდელი  დაპირისპირება, რომელშიც რეალური პოლიტიკური შემადგენელი არც ისე დიდია (უფრო პიროვნული ვნება, ამბიცია  და ფანატიზმია) ტიპოლოგიურად ჰგავს 1990-იანი წლების დასაწყისს. იმდროინდელმა ელიტებმა, რომელთაც მაშინ „ინტელიგენციას“ ვუწოდებდით, ვერც ერთ გამოწვევას ვერ უპასუხეს, ვერც ერთი რისკი ვერ აგვაცილეს და ქვეყანა სამოქალაქო ომამდე სრულიად ბუნებრივად და ლოგიკურად მიიყვანეს. მთლიანობაში, საოცრად პრიმიტიულნი აღმოჩნდნენ. თუმცაღა მათ შორის უამრავი ნიჭიერი და თავისთავადი, შემოქმედი ადამიანი იყო. ძალიან მეეჭვება ახალი ქართველი ელიტები, რაიმე თვალსაზრისით, უფრო ინტელექტუალურნი და პასუხისმგებელნი აღმოჩნდნენ მათზე.

– რას იტყვით ინაუგურაციაზე? მას პირველად დაესწრება ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა, ოპოზიცია ასეთ პრეცედენტს ვერ ქმნის. საინტერესოა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების გადაბარების პრეცედენტი შექმნა, თუმცა, ახლა უკვე ოპოზიციაში, ვიღაც ახერხებს თანამედროვე, დასავლური პარტიის იერის შენარჩუნებას და ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე დასწრებაზე უარს ამბობს. როგორ აფასებ ამ, ასევე დამახასიათებელ, მუდმივი „ბუნტის“ პოზაში და პოზიციაში მყოფ ოპოზიციას?

– ესაა სწორედ „კომპრომისის კულტურის“ დეფიციტი! ყველაზე ნიშანდობლივი და კომიკური ისაა, რომ დღევანდელი პოლიტიკური ლიდერები ამ ფენომენს „მასის რადიკალიზმით“ ხსნიან. აქაოდა „მომხრეები არიან უკომპრომისონი და ჩვენ რა ვქნათ, – „ხალხის“ შეკვეთა ხომ უნდა შევასრულოთო“.

სინამდვილეში, ამ ნარატივით ნიღბავენ საკუთარ, ჩლუნგად რადიკალურ, შეურიგებელ და მაქსიმალისტურ მენტალობას, რომელიც არ აძლევთ საშუალებას, ამაღლდნენ პათოლოგიურ „პერფექციონიზმზე“ და აღიარონ, რომ, მაგალითად, პრეზიდენტ მარგველაშვილის გადაწყვეტილება, დაესწროს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას, „სისუსტის“, „უნდილობის“, „არაფრისმაქნისობის“ გამოვლინება კი არ არის, არამედ ჯანსაღი პოლიტიკური კულტურის ნიმუშია.

ასეთივე კულტურის გამოვლინება იქნებოდა ისიც, რომ ოპოზიციური კანდიდატი დასწრებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციას მაშინაც კი, თუ მისი გამარჯვება ლეგიტიმურად არ მიაჩნია. ოღონდ ეს ძალზე რთულად აღსაქმელი და ასახსნელია ჩვენი სოციალური კულტურის მატარებელთათვის, ვისთვისაც მხოლოდ ორი (შავი ან თეთრი) ფერი არსებობს და მენტალურად ვერ აღიქვამს უზარმაზარ სივრცეს „ტოტალურ გამარჯვებასა“ და „ტოტალურ დამარცხებას“ შორის.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები