„ყველას, ყველაფერს, დიდი ხანია, უკვე სძინავს ხევსურეთის ნაღვლიან მთებში“…

ხევსურეთში დაიბადა და გაიზარდა. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა. პარალელურად სწავლობდა თსუ ხელოვნების ფაკულტეტზე. 1985 წლიდან იყო ჟურნალ „ნობათის“ რედაქტორი და ჟურნალ „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების გამგე. გაზეთ „ლომისის“ მთავარი რედაქტორი.
ამჟამად ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორი და საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარეა.
გამოსცა ლექსების, თარგმანების, პუბლიცისტური წერილების 13 წიგნი. 2016 წელს გამომცემლობა „მწიგნობარმა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით დასტამბა ლექს-ანდრეზების მისი ახალი კრებული „ხევსურული საგა“. წიგნში გადმოცემულია არაორდინარული, უცნაური ქმედებები მთაში, პოეტი ჯერ კიდევ შემორჩენილ თქმულებებსა და ლეგენდებს მკითხველისთვის ახლებურად აცოცხლებს და საინტერესოდ წარმოაჩენს…
– ბაღათერ არაბულის პერსონა.

– როგორც ეკზიუპერი ამბობს, ჩვენ – ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, რომელიც მარადიული თანამდევი ცნობიერებაა თავისი სილამაზით, უბრალოებით, უშუალობით…
ჩემთვის განსაკუთრებულია ბავშვობის პერიოდი და მარადიულად დარჩა ჩემში. ხევსურეთში დავიბადე, შემდეგ იყო ბარისახოს სკოლა-ინტერნატი…
მაშინ იმ ძველი თემურ-გვაროვნული ცხოვრების საოცარი ისტორიული გამოცდილებისა და ტრადიციების დაცვის პერიოდი იყო. ახალი ცნობიერების, ახალი ცივილიზაციის შემოსვლისა და ხევსურეთში დამკვიდრების დრო იყო, ყველაფრის წაშლის მცდელობა, რაც მიჩნეული იყო მოძველებულად…

ცირა რაზმაძის ნახატი

ჰოდა, ბავშვობისას, მესმოდა ხევსურული მითები, ლეგენდები, ანდრეზები, სადაც მამაკაცისა და ქალის ურთიერთობები აყვანილი იყო უმაღლეს დონეზე, სადაც სალოცავების, რწმენის ძალა პატრიოტიზმის საოცარ გამოხატულებად მიიჩნეოდა, წარსულის ისტორიული გმირები კი სამაგალითო იყო ჩვენთვის – ახალგაზრდა თაობისთვის, ჩვენ ვიზრდებოდით იმ ლეგენდებზე, მითოლოგიაზე, ანდრეზებზე – მამუკა ქალუნდაურის, ხირჩლა ბაბურაულის, თორღვა ძაგანის… ისტორიული ცხოვრებისა და გმირობის მაგალითზე.
ბავშვებს ასეთი გმირობის მაგალითით კიდევ უფრო გვიძლიერდებოდა სამშობლოს სიყვარული. უფრო გამოკვეთილად იყო წარმოჩენილი პატრიოტიზმი და პატრიოტული თემატიკაც.
ჩემი სოფელია მაწმაო, რომლითაც იწყება ხევსურეთი და  მთავრდება ფშავი. შუაფხოს შემდეგაა მაწმაო, სადაც ოდესღაც ცხოვრობდა 40 ოჯახი. იყო ქვემო და ზემო მაწმაო,  ჩემს ბავშვობაში სოფელში 8 ოჯახი ცხოვრობდა. მე მაწმაოში დავიბადე. 1991 წლის მიწისძვრამ  მაწმაოში სახლები მთლიანად დაანგრია. ამ სოფელში აღარავინ დარჩა, ერთი მკვიდრი ოჯახი ჭალაშია ჩამოსახლებული, თუმცა მარიამობას, ათენგენობას, დღეობებს იმ სოფლებში მაინც ვიხდით…
ეს არის არა მხოლოდ მაწმაოს წუხილი, ხევსურეთში კატასტროფული დემოგრაფიული ვითარებაა. სულ 150 ოჯახამდეა დარჩენილი, ძირითადად მოხუცები ცხოვრობენ… უამრავი მიტოვებული სახლი, სასაფლაო, სალოცავია… ეს კი დიდი ტრაგედიაა.
ხელისუფლებამ მიიღო მთის აღორძინების სპეციალური კანონი – „მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ“, რომელიც სხვადასხვა შეღავათს და დახმარებას გულისხმობს…
–  ჯერჯერობით რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადადგმულა,  კანონი ქაღალდზე დარჩა… კანონი კი მაშინ იწყებს კანონობას, როცა პრაქტიკული მოქმედებები იწყება ადგილზე.
კანონი ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის განვითარებას, მცირე საწარმოების გახსნას, სხვადასხვა ხელსაქმის ტრადიციული საწარმოების გახსნა- ჩამოყალიბებას, რამაც უნდა დააბრუნოს მთაში ახალგაზრდები, რომლებიც იქვე დარჩებიან და დაოჯახდებიან.
როდესაც ხელისუფალი ამას არ აკეთებს, არაფერი გამოვა, ეს იქნება ქაღალდზე დარჩენილი კანონი. არადა, მინდა, რომ ხელისუფლების ეს კანონი, რომელიც შინაარსობლივად საინტერესოა,  მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩეს.
არსებობს „საპარტნიორო ფონდიც“, რომელსაც   ევალება პროექტების განხორციელება მთაში, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი პროექტი  და რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიღებულა.
ხევსურეთის იდენტური პრობლემები აქვს ფშავსაც. არადა, დღეს საქართველოს ყველაზე მეტად რაც სჭირდება,  სწორედ ამ მთიანი რეგიონების გაძლიერება და შემომტკიცებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მთების გარეშე დარჩენილ ქვეყანას, რომელიც იქნება კატასტროფა საქართველოსთვის. უცხოეთში, იტალია იქნება, შვეიცარია  თუ სხვა მთიანი ქვეყანა, ყველგან არსებობს მთის გადარჩენის, დაცვის მოქმედი კანონი, გაორმაგებული ხელფასები,  შეღავათები, საწარმოები გადასახადებისგან თავისუფალია.
აუცილებელია საწარმოების ხელშეწყობა და მთაში მცხოვრებლების უპირატესობა ყველა მიმართულებით. ეს ყველაფერი უნდა ამოქმედდეს არა მარტო ხევსურეთში, ფშავში, მთიულეთში, გუდამაყარში, სვანეთში, რაჭაში, აჭარაში… მთების პრობლემა მთლიანობაში მართლაც მისახედია  და ეს ხელისუფლების უპირველესი საქმეა.
– ანუ, კანონის მიხედვით, თითქოს რაღაც შეღავათებს აძლევდნენ მოსახლეობას და გამოდის, რომ არაფერი არ მოქმედებს?
– მთის ხსენებული კანონი შეღავათებს ითვალისწინებს, პენსიას და ხელფასებს 20-პროცენტიანი დანამატით. წარმოება მთის კანონის მიხედვით დღგ-სგან გათავისუფლებულია, მაგრამ მარტო ეს არ არის მნიშვნელოვანი დანამატი.
დიდი შედეგის მისაღებად უნდა გაიხსნას საწარმოები, თუნდაც ხალხური საწარმოები, რომელიც ხევსურულ ხელსაქმეთა წარმოებას დანერგავს, წრეებს, სკოლებს გახსნის, მაგრამ ამას ხელისუფლებამ უნდა გაუკეთოს ორგანიზება, დაავალოს იგივე ლუდის ჩამოსასხმელ საწარმო „ყაზბეგს“, რომ ააშენოს ქარხანა ხევსურეთში, დაასაქმოს ადგილობრივი ახალგაზრდები. მერე იქ თბილისიდანაც ჩავლენ ახალგაზრდები. საწარმოს მოეხსნება დღგ-ს გადასახადი, რაც ძალიან დიდი შეღავათია წარმოებისთვის და გამოთავისუფლებული თანხით საწარმოს შეუძლია, განავითაროს თავისი წარმოება, ან გამოთავისუფლებელი თანხა მოახმაროს ხევსურეთის ინფრასტრუქტურის განვითარებას. ხელისუფლებამ ხევსურეთის განვითარებაზე ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს და სხვადასხვა დარგის მცირე საწარმოები გახსნას, ახალგაზრდები დააბრუნოს და მათ მისცეს გრძელვადიანი – 30-წლიანი, 40-წლიანი სესხები… სახლები აუშენოს, დაასაქმოს, საქონელი შეუძინოს… ელემენტარული პირობები შეუქმნას. ფაქტობრივად იქ სახლები აღარ არსებობს თუ ამაში არ დაეხმარე ადგილობრივებს და თბილისიდან დაბრუნებულ ხევსურ ახალგაზრდებს, რომ იქ დაოჯახდნენ, ვერავინ დაბრუნდება. მოხუცების იმედზე დარჩენილი მთა დასაღუპადაა განწირული.
ლექს-ანდრეზების ახალი კრებულიხევსურული საგა“ ხევსურეთში გაგონილი თქმულებების, მითების, ლეგენდებისა და ანდრეზული გადმოცემების პოეტურ-პროზაული გააზრება-ანარეკლია, რაც თანამედროვე პოეზიაში სიახლეა…
– ესაა ჩემი ერთ-ერთი ბოლო კრებული, რომელიც  გამოიცა თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ვფიქრობ, იმ ანდრეზებისა და მითების გადარჩენის მცდელობაა, რომელიც ბავშვობაში ხევსურეთში  ხანდაზმულებისგან მესმოდა. მე მივუსწარი იმ მოხუცებს, ამ ყველაფერს  მეხსიერებაში რომ ინახავდნენ,  ჩავიწერე ანდრეზები, მითები. ამიტომაც ამ ციკლს დავარქვი – „ხევსურეთს ამბად ნათქვამი“.
გმირების მაგალითები და საოცარი ტრადიციები, დამოკიდებულება  მტრების მიმართ, ზნეობრივი მაგალითები ურთიერთობებში, რომელიც უმნიშვნელოვანესია მომავალი თაობის აღზრდის თვალსაზრისით… მართლაც, საოცარია ეს მაგალითები, რომელიც აუცილებლად უნდა გადარჩენილიყო.
ვეცადე,  ხევსურული დიალექტის საფუძველზე, როგორც მესმოდა მათგან, გადმომეცა ეს ამბები, ოღონდ  მათ სამოსი შევუცვალე და პოეტური სამოსი ჩავაცვი. სიმართლე გითხრა, არ ველოდებოდი და უდიდესი მოწონება  მოჰყვა, ერთდროულად 6 წერილი გამოქვეყნდა  ამ წიგნზე.
– წიგნმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია…  გამოქვეყნდა ივანე ამირხანაშვილის, ანდრო ბუაჩიძის, მანანა ჩიტიშვილის, სოსო სიგუას, მანანა ჩაჩანიძის, მამუკა ვაშაკიძის… წერილები. ივანე ამირხანაშვილის თქმით, ეს არის ახალი სიტყვა ქართულ პოეზიაში, ხოლო მანანა ჩიტიშვილი წერს, რომ ბაღათერ არაბულის „ხევსურული საგის“ წაკითხვის შემდეგ ვაჟა ჩემთვის უფრო გასაგები გახდაო.
– რა თქმა უნდა, სასიამოვნოა ასეთი შეფასებები. ამ ციკლს ვაგრძელებ და უახლოეს ხანში  მეორე წიგნის გამოცემასაც ვაპირებ…
– რომელ თქმულებას გაიხსენებ ახლა…
– წიგნში თავმოყრილია ფანტასტიკური ამბები. ალექსი ჭინჭარაულის მამის – ლეკოს და მისი წინაპრების სისხლი ემართათ ქისტებს. მოსისხლეები იყვნენ. წავიდა ღამე ქისტეთში ლეკო თავისი მოსისხლის მოსაკლავად ან მოსატაცებლად… ღამე დაეცა თავზე მწოლარე ქისტს,  გაკოჭა, წამოაგდო და წამოიყვანა…  მოჰყავს ფეხშიშველა, და ხედავს  ლეკო, რომ კოჭლობს ქისტი, დაეჭრა ფეხები ქვებზე, კლდეებზე…  მტერს ღირსება ელახებაო… გაიხადა თავისი ქალამნები და ჩააცვა მოსისხლეს. დილით მივიდნენ შატილში და ხალხი ხედავს, რომ ლეკო ფეხშიშველაა, მისი მოსისხლე მტერი კი ქალამნებჩაცმული.
ამ ლექსს „მოსისხლეები“ ჰქვია.
მეორე გაბურების თემაა. არხოტში სამნი ძმანი გაბურები და მათი ოჯახები ამოწყვიტეს, ერთ-ერთი  ოჯახის ცოლი და შვილი გადარჩნენ მხოლოდ, რადგან საქონელში მწყემსად იყვნენ. საღამოს რომ დაბრუნდნენ, დედა ჭკუაზე შეიშალა, ყველა ამოწყვეტილია, მხოლოდ ბავშვი გადარჩა…   რა აზრი აქვს ასე დარჩენას ძმა-ბიძაშვილები აღარ გვყავს არავინო. ხვალ უნდა მივუყვანო ქისტებს ეს შვილი, იქნებ ესეც მოკლან, იქნებ ჩენი სისხლით  გაძღნენო.
სოფელი აჩერებს, ხო არ შეიშალე, ღმერთმა, ბიჭი გადაგირჩაო. არ იშლის მაინც… მაინც მიჰყავს ეს ბიჭი ქისტებთან, მიუგდებს და ეტყვით,  მოგიყვანეთ,  გაძეხით ჩვენი სისხლითო. და მოდის უკან… გადის 20 წელი…  ეს ქალი ზის ნახევრად შეშლილი, თმაჩამოშლილი და ნანობს თავის ნაბიჯს, მოსთქვამს, ეს რა ვქენი, რატომ წავიყვანეო?
ერთ დღესაც მთებზე გადმოდგნენ ქისტები თეთრი დროშით და საქონელი მოჰყავთ… საოცრება ხდება,  მოჰყავთ  ეს ბიჭი, უკვე გაზრდილი, 23-24 წლის.  მას ქისტი ცოლი შერთეს, სამი კაცი–ძმა ხომ ამოწყვიტეს ქისტებმა?  ვიდრე სამი ბიჭი არ ეყოლა, არ დააბრუნეს. ყველაფერი მისცეს, რაც აუცილებელი იყო ოჯახისთვის, მათ შორის კუთვნილი საქონელიც. გაბურების სიცოცხლე რომ გაგრძელებულიყო, არ მოკლეს,  უკან დააბრუნეს. ასე იქცნენ მოსისხლეები მძახლებად.
მერე ხევსური ამბობს, ეგრე იყო,  გამორჩეული მტრობა და მოყვრობა იცოდნენ ქისტებმაო.
შეურაცხყოფას კი არ ამბობს, გამორჩეულიო…
ასეთი ლეგენდებით და ანდრეზებითაა სავსე ეს წიგნი. ვფიქრობ, საინტერესო იყო მკითხველისთვის,  სიახლე იყო.
–  ლექსში „გახსენება“ ხევსურეთის ტკივილი მძაფრადაა ამოთქმული… იმ გმირების მონატრებაა, რომლებსაც ახლა „ხევსურეთის ნაღვლკიან მთებში სძინავთ“…
– ნაწყვეტს წაგიკითხავთ…
„…სად არის ახლა ქალუნდაური?
სანეს წვერზე რომ მტრის ლაშქარს დახვდა
და მერე თოფი მიწაში ჩაფლო,
რომ მეტი არვინ შემოჰკვდომოდა?!
სად არის ხირჩლა ბაბურაული?
ანდა იმ ვეფხვის მომკვლელი მოყმე?
ან მოყმის დედა –
ვეფხვის დედა რომ შეიბრალა!…
რა იქნენ:
ლიბოდამსკდარი ციხის პატრონი თინიბექი?
აკათ სუხა და მელექსე ხინკალაური?
სად არიან ის ვაჟები სვილისფერანი? –
არხოტიონნი, შატილელნი,
პირაქათელ-პირიქითელნი –
მტრის ჯარს რომ რისხვად თავს ესხმოდნენ,
შიშის ზარს სცემდნენ!..
სად არის ახლა ის ძაღლიკა ხიმიკაური –
ხის ხანჯლიანი ერეკლეს რომ ეახლა ომში?
სად არის დიდი გულთმისანი ხოგაის მინდი?

ყველას,
ყველას სძინავს ხევსურეთის ნაღვლიან მთებში“…

– სად შეუძლია მკითხველს წიგნის შეძენა?
– „ბიბლუსის“ ქსელში.
 ჟურნალი „ცისკარი“… დღეს წყვეტილად გამოდის… არადა  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა – ქართული პერიოდიკის უწყვეტი ტრადიციალიტერატურული ჟურნალი ცისკარი“…
– დღესდღეობით ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები სულს ღაფავს. რაც გამოდის, მათი ტირაჟი და გაყიდვის რაოდენობა კატასტროფულია. ეს პროცესი ძალიან მტკივნეულია. გახსოვს, ალბათ, როცა უწინ „ცისკარში“ იბეჭდებოდი, 75 ათასი ტირაჟით გამოდიოდა, „ნობათშიც“ იბეჭდებოდი და 35 ათასი ტირაჟი ჰქონდა…
დღეს „ნობათი“ აღარ არსებობს… კულტურის სამინისტროს „ცისკრისთვის“ მივანიჭებინე არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი“. ამის მიუხედავად, „ცისკარს“ არ აფინანსებენ. განაცხადი შევიტანეთ კულტურის სამინისტროში, თბილისის მერიაში, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდში, ყველგან  უარი გვითხრა. მათთვის ეს ღირებული არ არის, არც ძეგლის სტატუსია მნიშვნელოვანი და არც ისტორია. ჟურნალი „ცისკარი“ 166 წლის გახდა, როდესაც ზოგიერთ  სახელმწიფოს ევროპაში 166 წლის ისტორიაც კი არ აქვს. მაგალითად, „ცისკარი“ შეიქმნა 1852 წელს და იტალიის სახელმწიფო შეიქმნა 1860 წელს. „ცისკარი“ 8 წლით ადრე  დარსდა. ამას წინათ, პალერმოში ვიყავი და ამის შესახებ იქ გამოსვლისას ვთქვი. გაოცებული დარჩნენ იტალიელი მწერლები. ამ საკითხზე რამდენიმე იტალიურმა ჟურნალმა ჩემთან ინტერვიუც კი დაბეჭდა.
დღეს კულტურის სამინისტრო და მწერალთა სახლი ორ ჟურნალს აფინანსებს, გასაგებია. მაგრამ „ცისკარი“ აკადემიური, ყველა თაობის ჟურნალია, ყოველგვარი პარტიულობისა და მიმდინარეობისგან თავისუფალი. აქ ყოველთვის იბეჭდებოდა  დრმატურგია, პიესები, რომანები,  დიდი თარგმანები. დღეს არ არსებობს ჟურნალი, სადაც რომანის დაბეჭდვა შეიძლება…
არადა, იუნესკოს კანონმდებლობით,  სახელმწიფოს ევალება „არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის“ მქონე ძეგლებზე, – ჟურნალებზე რომ  ქვეყანამ იზრუნოს და უპატრონოს.
სახელმწიფო, კულტურის სამინისტრო იქნება, მერია თუ სხვადასხვა ფონდი, ყველანაირად ვალდებულია, ამ ჟურნალების საკითხი განიხილოს. ვფიქრობ, მწერლებს ერთდროულად მოგვიწევს მუშაობა და ერთნაირი პრინციპებით მოქმედება, რომ ლიტერატურა გადავარჩინოთ.
ლიტერატურის, მწერლობის ქვეყანა ვართ. არც ტექნიკური მიღწევებით გამოირჩევა საქართველო, არც წიაღისეული გააჩნია, ყველაზე დიდი განძი, წიაღისეული და სიმდიდრე არის ჩვენი ლიტერატურა, მწერლობა, კულტურა.
ჩვენ – მსოფლიო მასშტაბით შეგვიძლია ვიამაყოთ ჩვენი მწერლობით, ჩვენი ლიტერატურით… ამიტომ საქართველოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს მწერლობა, კულტურა, არ შეიძლება კულტურის სამინისტრო გააერთიანო განათლების სამინისტროსთან, იმიტომ რომ საქართველოში პრიორიტეტული უნდა იყოს ცალკე კულტურა და ცალკე განათლება. არ შეიძლება ერთმანეთში აღრიო… ამ ქაოსში როგორ შეიძლება რაიმე საქმის გამორჩეულად და განსკუთრებულად გაკეთება? სხვა არავითარი სიმდიდრე კულტურის გარდა არ გაგვაჩნია. ამ სიმდიდრეს უნდა მოვუაროთ.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები