„ჩემთვის ჯვრული ნაქარგობის შესწავლა ღვთის დიდი საჩუქარი იყო “…
სურამში დაიბადა და გაიზარდა, ამჟამად ცხოვრობს და მოღვაწეობს რუსთავში. პენსიონერია, მერვე წელია, ქარგავს. მისი ხელნაკეთი ნივთები, ძირითადად, საეკლესიოა. გამოირჩევა ორიგინალური ხედვით და სიახლით…
მისი ნამუშევრები ინახება რუსთავის სიონის მონასტერში, თავკავთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში. საშუალო ზომის სახარება ჰამლეტ გონაშვილის ოჯახშია…
ახლა სამოციქულოს გადასაკრავზე მუშაობს, რომელიც ბებნისის მონასტერს უნდა შეწიროს შვილიშვილებისა და გვარის პატარა ბავშვების სახელზე… – მანანა მჭედლიძის პერსონა.
– ოთხი წელია პენსიონერი ვარ. სახლში ვმუშაობ ნაქარგობებზე. სამრევლო სკოლაში ჩემით შევისწავლე ელემენტარული წესები, დანარჩენი შემდეგ ჩემით გავაგრძელე. მე-8 წელია ვქარგავ.
– ბავშვობა, გარემო...
– დღემდე ჩემთან არიან მეხსიერებაში, ჩემთან ერთად ცოცხლობენ. სურამში ის სახლი დავაყენეთ ფეხზე, სადაც გავიზარდე. ახლა, როდესაც იქ სიცოცხლე და პატრონობაც იქაურობის ჩვენმა შვილებმა გააგრძელეს, მგონია, რომ ამას ხედავენ და გრძნობენ წინაპრები და დავმშვიდდი. მანამდე საშინლად ვდარდობდი, მაგრამ დედმამიშვილები ავიყოლიე და ახლა ყველაფერი წესრიგდება.
– მშობლები… ბავშვობიდან გიყვარდათ, ალბათ, ხელსაქმე?
– დედა დიასახლისი, წარმოშობით გურული იყო, მამა – ინჟინერ-მექანიკოსი და მას ვუმადლი გამოგონების უნარს. თავად იგი მრავალი რაციონალიზატორული წინადადებისა და გამოგონებისთვის ფულად ჯილდოებს ხშირად იღებდა. ბავშვობიდან მიყვარდა ხელსაქმე, მაგრამ განათლება მაკლდა და როდესაც გემოვნებამ შესაძლებლობებს გაუსწრო, არაფერს აღსანიშნავს და ღირებულს აღარ ვაკეთებდი.
ხელოვნება უზომოდ მიყვარდა. 1977 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი დავამთავრე, მაგრამ მეორად ფაკულტეტზეც ვსწავლობდი ჰუმანიტარულის განხრით და ერთხანს სერიოზულად ვჟურნალისტობდი კიდეც, მაგრამ შვილების გულისთვის ვეღარ გავაგრძელე საქმიანობა.
ჩემს წარმატებას შვილების წარმატება ვარჩიე და, მადლობა ღმერთს, გამიმართლა.
– მეუღლე, შვილები…
– ჩემი მეუღლე – ვახტანგ ჯღარკავა ჩემზე ერთი კურსით წინ სწავლობდა პოლიტექნიკურში.ახალი დაწყებული მქონდა ქარგვა, მოულოდნელად ექიმებისგან წამოსული მეუღლე შვილის მანქანაში გარდაიცვალა. იმ დროს ქარგვამ გადამარჩინა.
რვა თვე თვალის გახელიდან წაქცევამდე ვქარგავდი, რომ არ მეფიქრა.
ორი ვაჟი მყავს. ლუკა ჯღარკავა – მხატვარი -ანიმატორი. ილია ჯღარკავა – რეგენტი-ლოტბარია, მისი ძირითადი საქმიანობაა ხმის რეჟისორობა.
– აღნიშნეთ, რომ პირველად სამრევლო სკოლაში შეისწავლეთ ქარგვა…
– სტუდია „გუთანის“ დამფუძნებლის, რეჟისორ ლექსო გელაშვილის მეუღლის თხოვნით დავიწყე ქსოვაზე სიარული. მე და ლექსო კარგი მეგობრები ვართ და ნათლიმირონი გვაკავშირებს. ჩემთვის დიდი ტრამვა იყო მისი მეუღლის გარდაცვალება.
პირველად ჯვრული ნაქარგობა სამრევლო სკოლაში ვნახე და უზომოდ მომეწონა. მალე ქარგვა სახლში გავაგრძელე. ამ პერიოდს დაემთხვა მეუღლის გარდაცვალება… ქსოვით გადავაყოლე გული… მერე ტექნიკა წინ წავიდა. ფანტაზია ისედაც არ მაკლდა, მაგრამ პირობებმა მაიძულა, მეკეთებინა ის, რაც აქაურებისთვის გამოსადეგი იქნებოდა… რაც ჩემთვის კარგი იქნებოდა, ის სხვასაც გამოადგებოდა…
– გამოფენები?
– კი, მიმიღია მონაწილეობა… მაგრამ დიდად არ ვინტერესდები გამოფენით. ძირითადად, ახალი ნივთების გამოგონება-დახვეწა-გაუმჯობესებაზე მიწევს მუშაობა.
შევეცადე, ერთი-ორჯერ თვითონ სასწავლებელში ამ საქმის წინსვლის გზები დამენახვებინა, რადგან სისტემური მიდგომა თუ არ იქნა, ძნელია ცალკეული მეწარმეებისთვის ხარისხიან რაოდენობაზე გასვლა. თუ ადამიანს ხედვა არ აქვს, იმას იოლად ვერ დაარწმუნებ. ძალიან დიდი ნიშა ცარიელია დიდი საქმეებისთვის, მაგრამ…
ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ქალებს მსგავსი სახელსაქმო სამუშაოების ცოდნა-გავრცელება საგრძნობლად აკლიათ. არადა, ყველას და ყველაფერს სარგებელს მოუტანდა, მაგრამ ამას აგიტაცია-პროპაგანდა-მუშაობა სჭირდება.
– თქვენი ხელნაკეთი ნივთები, ძირითადად, საეკლესიოა…
– ქართული ხელნაკეთი ნივთები – ჩემს გვერდს ალბათ ნახავდით – ყველა მართლაც საეკლესიოა. აქვეა ბლოკნოტების გადასაკრავებიც. საზღვარგარეთ ბლოკნოტის გადასაკრავის გაკეთებას ითხოვენ, ოღონდ გამოკვეთილი ჯვრებით – არა.
არ მიყვარს შეკვეთებზე მუშაობა. ძალიან მძაბავს. არადა, რაღაცას რომ ვაკეთებ და გამოდის, ბავშვივით მიხარია, ოღონდ მერე ნაკლს ვუძებნი და მინდა უკეთესი მინდა.
– რომელ ეკლესიებშია თქვენი ნამუშევრები?
– რუსთავის სიონის მონასტერში, საზიარებელი ჭურჭლისთვის გორსი გადავგზავნეთ თავკავთის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისთვის. დანარჩენი წიგნები თანამედროვე ანბანითაა და, ძირითადად, ოჯახებშია…. ერთი საეკლესიო წიგნი კიდევ დედაოს მოვუქარგე, როდესაც წინამძღვარი იყო სურამის იტრიის მონასტერში.
საშუალო ზომის სახარება ჰამლეტ გონაშვილის მეუღლეს, ქალბატონ ლამარას გავუგზავნე საჩუქრად. ძალიან მოეწონა. ჩვენი ერთი ნათლიის შვილი მისი რძალია.
– ანუ ჯვრულად ქარგავთ და აგრძელებთ ასე მუშაობას?
– ძირითადად კი, მაგრამ მომწონს ოქრომკედის ნამუშევრებიც, ამისთვის ხან ჯვრულის წესებს ვარღვევ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ცუდი არ გამოდის. სკოლაშიც მოეწონათ და გადაიღეს კიდეც.
უექსპერიმენტოდ წინსვლა შეუძლებელია, მაგრამ ამასაც დოზირება და ზომიერება სჭირდება.
– საეკლესიო ნივთზე მუშაობას ალბათ სულიერი სიმაღლე სჭირდება…
– როდესაც საეკლესიო ნივთზე მუშაობ, დიდია ფიზიკური თუ სულიერი ბრძოლები. ამ დროს ლოცვები გეხმარება. პირველად ზიარების ჭურჭლისთვის რომ ვქარგავდი, ხანგრძლივი მუშაობამ მომიწია და ერთი კვირა არაფერს აღარ გავკარებივარ, უჯრებსაც ვეღარ ვხედავდი.
ისე კი, დავრწმუნდი, რომ ჩემთვის ამ ნაქარგობის სწავლა ღვთის დიდი საჩუქარი იყო და მუშაობასაც სიმშვიდე და სიკეთე სჭირდება. თუ არადა, შეიძლება საერთოდ დაკარგო მხედველობა.
მე, მითუმეტეს, თვლებს ვხმარობ ქარგვისას და ისე სჭრის თვალებს, ამას რომ ნერვიულობაც დაურთო, შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოჰყვეს. მაგრამ ნორმალური მიდგომით სიმშვიდისა და სიხარულის მომტანია.
– მხედველობის დაკარგვაში რას გულისხმობთ?
– პირდაპირი მნიშვნელობით. ერთხელ თავს არ გავუფრთხილდი, უზომოდ გადავღალე თვალები და ერთი თვე საერთოდ ქარგვა ვერ შევძელი. მაშინ მივხვდი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლებოდა.
ახლა ბევრს ვქარგავ, მაგრამ უკვე დიდი გამოცდილებაც მაქვს. ვმუშაობ ჩემი სიამოვნებისთვის, რადგან ბუნებით მაძიებელი ვარ და მიყვარს, როცა რაღაცა ახალი გამოდის.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– ახლა სამოციქულოს გადასაკრავზე ვმუშაობ, რომელიც ბებნისის მონასტერს უნდა შევწირო შვილიშვილების და გვარის პატარა ბავშვების სახელზე.
მეუფე იობის მოღვაწეობა სურამის ეკლესია-მონასტრების აღორძინების დროს ემთხვევა, როდესაც რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იყო. მე და სტუდია „გუთანის“ დამფუძნებელმა ლექსო გელაშვილმა მაშინ ფილმიც გადავიღეთ სურამის ეკლესია – მონასტრებზე, რაშიც მეუფე იობი სიამოვნებით დაგვეხმარა.
ახლა, როცა ვფიქრობდი, რომელი მონასტრისთვის გამეგზავნა სამოციქულოს გადასაკრავი, ფეისბუქზე ბებნისის მონასტრის დედების ნამუშევრებს ვადევნებ ხოლმე თვალს და გულმაც იმათკენ გამიწია. მიხარია მათი წინსვლა და თავდაუზოგავი შრომის ნაყოფიც სახეზეა მათ ეპარქიაში. ღმერთმა ჯანმრთელობა და დიდი დღე მისცეთ.
– ლექსო გელაშვილთან ერთად ფილმებზეც იმუშავეთ…
– რამდენიმე საერო ფილმზე ერთობლივად ვიმუშავეთ და კარგი დოკუმენტური მასალა შემოვინახეთ საარქივოდ.
– რომელი ფილმებია?
– ანსამბლ „რუსთავის“ რუსთაველებზე, ხალხური საკრავების ხელოსან კაკო ლაშქარაშვილზე, ჰამლეტ გონაშვილის ოჯახზე, სურამზე…
ჩემს გვართან დაკავშირებით, ახალმოწამენ სვიმონ მჭედლიძის (წმინდანად შერაცხული) შვილს წავაწყდით, და, საერთოდ, ეს ფილმი ნაგლეჯებიდან ავაწყეთ. 7-8 წლის მასალაა, სადაც მამაჩემიდან დაწყებული ყველა ცოცხალი მყავს და ფილმის ბოლოს კი, ქმარიც გარდაცვლილი და ნახევარი ნათესაობაც…
მხატვარზეც მინდა ორიოდე სიტყვის თქმა.
ერთი წლის გარდაცვლილი იყო – რუსთაველი ფიროსმანი ვაჟა თანდილაშვილი, მეგობარმა მთხოვა ფილმის გადაღება. უმაღლესი რანგის მხატვარია, მაგრამ მერე პატრონი არ მოიძებნა და გეგმები გეგმებად დარჩა.
– რუსთავში ცხოვრობთ და მოღვაწეობთ. ჯილდო?
– რუსთავში ვცხოვრობ და ზაფხულობით სურამში ჩავდივარ.
არანაირი ჯილდო არ მიმიღია. დასაწერად არა, ისე გეტყვით, რომ მართლა წარმატებული შვილები მყავს და არანაკლები რძლები. ესაა ჩემი ჯილდოც და ღვთის საჩუქარიც.
თამარ შაიშმელაშვილი