„ექთნობას შევწირე ჩემი ცხოვრება. ღმერთმა ხომ იცის, ბევრი კარგი საქმე მიკეთებია“…

„გენაცვალე, როგორ შეწუხდი ამ ცუდ ამინდში“… – ეს იყო პირველი სიტყვები, როცა  ალადაშვილის სახელობის N1  კლინიკის კარი შევაღე… ნოემბრის წვიმისა  და სიცივისგან თავშესაფარი უზნაძის ქუჩაზე მდებარე ისტორიული  კლინიკის სიმყუდროვეში მოვნახე… კლინიკის ძველი თანამშრომლის, ვენერა იმესაშვილის ნაამბობიც აქ ჩაიწერა. მან მთელი ცხოვრება ექთნობას – საყვარელ საქმეს შესწირა…

– დავიბადე ნახალოვკაში, ლოტკინის ქუჩაზე, ახლა ალექსი-მესხიშვილის ქუჩა ჰქვია. იქვე იყო ჩემი სკოლა,  ქალთა და ვაჟთა სკოლები. ვსწავლობდი აქ, 45-ე ქალთა სკოლაში. 14 წლისას დედა გარდამეცვალა, მამიკომ მეორე ცოლი აღარ მოიყვანა და ასე გაგვზარდა მე და ჩემი ძმა. დედა გათენაშვილის გვარის,  კიკეთიდან იყო, მამა – რკინიგზელი, ვერაზე დაბადებული და გაზრდილი. ომიანობის დროს, როდესაც მამა ქერჩში იბრძოდა, დედა საავადმყოფოში იწვა. ბინა გაგვიტეხეს და ორი წელი სკოლაში აღარ გვივლია, რადგან ყველაფერი წაიღეს,  არც ტანსაცმელი გვქონდა და არც არაფერი. თებერვალი იყო, ერთ ოთახში ვიყავით მე, ჩემი ძმა და ბებია.
შემდეგ  დავამთავრე სამედიცინო ტექნიკუმი. თბილისელებს მაშინ არ გვანაწილებდნენ, ქარხანა „ცენტროლიტის“ ქარხნის დირექტორი იმერლიშვილი ჩემს ეზოში ცხოვრობდა, მან წამიყვანა ქარხანაში და ექთნად დავიწყე მუშაობა იქ.
1961 წლის 5 მაისიდან კი  უზნაძის ქუჩაზე,  ალადაშვილის სახელობის N1  კლინიკაში ვმუშაობ.
თავიდან რაზე მუშაობდით?
–  ჯერ 19 წელი  პალატებში ვიმუშავე, მერე ვახტანგ ალადაშვილის უფროსი ექთანი ვიყავი.
მახსოვს, თავიდან რომ მივედი, უფროსი ექთანი მოხუცებული იყო და 2 წელი ის შევინახე. რას ვგულისხმობ, გეტყვით:
განყოფილების გამგე ილია ბაქრაძემ დამიბარა და მითხრა,  ვენერა, ის 85 წლისაა, აღარ შეუძლია, მაგრამ ვერ გავუშვებ სასახურიდან. იჯდეს შენ გვერდით და შენ აკეთე მისი საქმეო. მართლაც, 2 წელი მის მაგივრად ვიმუშავე ექთნის სახელით. კომისია რომ მოდიოდა, უკვე მცნობდნენ… მოვიდოდნენ, შემამოწმებდნენ. არანაირი დარღვევა არ მქონდა. გიჟდებოდნენ, როგორ, უფროსი ექთანი არ არის და მაინც რა კარგად ასრულებს ამ მოვალეობასო.
– ვის გაიხსენებდით?
– ექიმებიდან დოდო უგულავას,  ნარგიზა შუბლაძეს, თამრიკო გობრონიძეს, ლუარა ცხაკაიას, რუსიკო ჭეიშვილს…
ილია ბაქრაძე ძალიან კარგი განყოფილების გამგე იყო. არ მახსოვს მისი ხმამაღალი შენიშვნაც კი. თუ რამე არ მოეწონებოდა, წყნარად  და საქმიანად  მოგმართავდა, ასევე მისაბაძი იყო პროფესორ ვახტანგ ალადაშვილის დამოკიდებულება ჩვენდამი. გვარიგებდა, ავადმყოფს ჩუმად, მშვიდად უნდა ელაპარაკოთო. ერთხელ შემაქო კიდეც, ვენერასნაირი კარგი გოგო ჯერ არ გვყოლია, სამაგალითოდ ემსახურება ავადმყოფებსო.
1983 წელს, ნოდარ ემუხვარმა გადამიყვანა კარდიოლოგიის განყოფილებაში, სადაც 35 წელი ვიმუშავე. ნოდარ ემუხვარის შემდეგ  განყოფილების გამგე იყო კლინიკის კარდიოლოგი, არაჩვეულებრივი პიროვნება შალვა პეტრიაშვილი, პატრიარქის გულის ექიმი… დღესაც უამრავი ხალხი მოდის მასთან, პირველ სართულზე, მის კაბინეტთან მუდამ დიდი რიგი დგას. ძალიან ჭკვიანი და  კეთილი პიროვნებაა. კარდიოლოგიის განყოფილებას, ასევე ხელმძღვანელობდა მედეა ცინცაძე.
– გამოდის, რომ 35 წელია გულს ერთგულად ემსახურებით… სამწუხაროდ,  გახშირდა გულის დაავადებები… როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანები, რომ თავი გადაირჩინონ?
– თუ იგრძნობენ, რომ ცუდად არიან და გული აწუხებთ, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართონ. კარდიოგრამა გადაიღონ. თუ საოპერაციოა, ოპერაციას გაუკეთებენ, თუ სტენტია საჭირო, სტენტს ჩაუდგამენ.  დააწვენენ, უმკურნალებენ.
ჩემს ამბავს მოგიყვებით – 2015 წელს, დილით ავდექი, გავემზადე და წავედი სამსახურში…  არაფერს ვუჩიოდი, ნორმალურად ვიმგზავრე… მაგრამ სამსახურის კარებთან რომ მივედი, დავიყვირე, მიშველეთ, გოგონებო, ცუდად ვარ-მეთქი. ამომიყვანეს, ჩამიდგეს სტენტი. გადარჩი, ვენერა, ქუჩაში რომ წაქცეულიყავი, მოკვდებოდი, სტენოკარდიული შეტევა იყო და ინფარქტი ვითარდებოდაო.
ასე გადავრჩი… მართლაც, წამები წყვეტს ზოგჯერ ადამიანის ბედს.
– ვის გაიხსენებთ პაციენტებიდან?
– პოეტი თემურ ჩალაბაშვილი საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, ლექსებს გვიკითხავდა….
მახსოვს თამარ სხირტლაძე. შემოვიდოდა და თბილად მომიკითხავდა. განყოფილების გამგესთან, მედეა ცინცაძეთან მოდიოდა ხოლმე, მედეა რომ გასინჯავდა, მერე ჩემთან შემოვიდოდა და  ყავას დამალევინებ, ვენერაო, მკითხავდა?  მასთან საუბარი ერთ რამედ ღირდა… რამდენი ხანი აღარ მინახავს…
– რას იტყოდით თქვენი დროის თბილისზე, რა არ მოგწონთ ახლა?…
– მე მაშინდელი თბილისი მომწონდა, ყველაფრით – წესიერებით, გზაზე ნორმალურად სიარულით,  შეურაცხყოფას არავინ მოგაყენებდა. ტრანსპორტი, ტრამვაი და ტროლეიბუსი იყო, ძირითადად, კარგად დადიოდა. ახლა დიდხანს უნდა ელოდო ავტობუსს…
არ მომწონს ისიც, რომ ადამიანებმა გზაზე სიარული არ იციან. იმ დღეს კაცი მოდიოდა, ლამის დამეჯახა. გავჩერდი და ვუთხარი,  მიბრძანდი-მეთქი…
თუ ტრანსპორტში ხანდაზმული ადამიანი ამოვიდოდა, წამოვხტებოდი და ვუთმობდი ადგილს… ამას წინათ, ხელჯოხიანი ქალბატონი შემოვიდა მეტროში… ჩემ გვერდით 20-22 წლის გოგონა იჯდა, არ განძრეულა.  ავდექი და დავუთმე ადგილი… გადაირია ის ქალი, არაფრით აღარ დაჯდა.
არ მომწონს პლეხანოვის გამზირი. ჩვენს დროს მთლიანად ქართული იყო.  ახლა კი… თურქებისაა.
– რა უნდა შეიცვალოს თბილისში?
– უნდა შეიცვალოს სიკეთისაკენ, ბედნიერებისაკენ… ასე მესმის.
–  ჰობი და საყვარელი საქმიანობა?
– მიყვარს ჩემი სამსახური და ჩემი საქმე… ჰობი – კინო და   მარჯანიშვილის თეატრი იყო. ორშაბათს და ხუთშაბათს გოგონები 4-საათიან სეანსებზე დავდიოდით „ამირანში“ და  „ოქტომბერში“. კინო არ გამომიტოვებია… სპექტაკლებიდან მედეა  ჯაფარიძე გამორჩეულად მიყვარდა.
ხელსაქმეც მიყვარდა…  დედა კარგად ქსოვდა და კერავდა. თუმცა მე ჩემით ვისწავლე.
ბევრს ვქსოვდი, ჩემი მოქსოვილი ბლუზები ექიმებს ეცვათ. მე რომ ჩავიცვამდი ლამაზ კაბებს, ვინ გიქსოვს, ვენერაო? მეკითხებოდნენ. ჩვენც მოგვიქსოვეო, მთხოვდნენ. მართლაც, ძაფები მოჰქონდათ და ვუქსოვდი…
ასე მოვუქსოვე რუსიკო ჭეიშვილს, დოდო უგულავას,  მაყვალა ალადაშვილს…
სიმღერაც მიყვარდა… ლოტკინზე გვერდიგვერდ ვცხოვრობდით ჩვენ და მერაბიშვილების ოჯახი. სამნი ძმანი იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი რუსთაველის ძეგლის ავტორი,  მოქანდაკე კოტე მერაბიშვილი იყო. ჩემხელა შვილი ჰყავდა მერაბ მერაბიშვილი, ახლა ცნობილი მოქანდაკეა… ბავშვობაში ჩვენს ეზოში  იმერლიშვილების ქალიშვილი უკრავდა და  ვმღეროდი  ხოლმე…
– ექთნად აღარ მუშაობთ, მაგრამ სამსახურს მაინც ვერ ელევით…
– 84 წლის  ვარ და კიდევ ვმუშაობ. 35 წელი უფროსი ექთანი ვიყავი და 2016 წლიდან გადავაბარე…  დღეს ავადმყოფების ისტორიას მე ვავსებ, ჟურნალში ვატარებ.
– ოჯახი…
–  ოჯახი არ შემიქმნია… ვცხოვრობ ძმისშვილთან ერთად. ექთნობას შევწირე მთელი ჩემი ცხოვრება. ღმერთმა ხომ იცის, ბევრი კარგი მიკეთებია.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები