“პერის კომპანიამ ივანიშვილის ლიკვიდაციის ის გეგმა ჩაშალა, რომელიც სააკაშვილმა და ალასანიამ შეიმუშავეს”
„მოსადის“ ყოფილი შეფის, იაკობ პერის კომპანიამ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის ის გეგმა ჩაშალა, რომელიც სააკაშვილმა და მისმა ბიძამ, თემურ ალასანიამ შეიმუშავეს. ამის შესახებ ჩემმა ებრაელმა პარტნიორებმა მაცნობეს“, – ამ სკანდალურ ინფორმაციას გაზეთ „ასავალ-დასავალს“ საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსის წარმომადგენლობის დირექტორი და „გეორგია შენი პროექტიას“ დამფუძნებელი ირაკლი შიხიაშვილი აწვდის.
ირაკლი შიხიაშვილი გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას ებრაელმა თანაპარტნიორებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომელიც 25 ნოემბერს ისრაელის ერთ-ერთმა გამოცემამ დაბეჭდა.
მისივე თქმით, ამ პუბლიკაციით მთელი მსოფლიოსთვის გახდა ცნობილი, რომ სააკაშვილი შეშლილი ტერორისტი და მკვლელია, რომელიც ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად მზად არის, უმძიმესი დანაშაულებები ჩაიდინოს.
„ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ მყარდება არცთუ უსაფუძვლო ვარაუდი, რომ ზურაბ ჟვანია და ბადრი პატარკაციშვილის იდუმალი გარდაცვალების მიღმა სააკაშვილი და ბიძამისი იდგებოდნენ! ებრაულმა ფირმამ ხელთ ჩაიგდო ფარული ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია საქართველოში ყველაზე მდიდარი, თანაც ხელისუფლების სათავეში მყოფი ადამიანის – ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ.
ებრაულმა კომპანიამ თავდაუზოგავი გამოძიების შედეგად, მიაგნო იმ ადგილს, სადაც ლიკვიდაცია იგეგმებოდა. წარმატებულად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, ლიკვიდაციის დამკვეთები გამომჟღავნდნენ. ისინი მიხეილ სააკაშვილი და ბიძამისი, თემურ ალასანია აღმოჩნდნენ.
CGI-ის სამსახურის თანამშრომლებისთვის გამოძიებისა და ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების პროცესში, ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ეძებდნენ მაღალი კლასის სნაიპერს, რათა ყველაზე გავლენიანი ადამიანის, ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია მოეხდინათ.
შეთქმულება „მოსადის“ ყოფილმა შეფმა CGI კომპანიის პრეზიდენტმა იაკობ პერიმ და ბიზნესმენმა ცვიკან ნავცემ გამოააშკარავეს.
ჩანაწერის ავთენტურობა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლაბორიოტიარიაში შემოწმდა. ექსპერტიზამ სააკაშვილის და ალასანიას ხმის ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა. მოკვლევის მასალები ქართულ საგამოძიებო ორგანოებს გადაეცათ, რომლებმაც თავის მხრივ, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საერთოდ, ასეთი საქმეები საიდუმლოდ დიდხანს არ რჩება. აღნიშნული მასალები საქართველოში ელექტრონული მედიით გავრცელდა. გამოძიების შედეგად, შეკვეთილი პოლიტიკური მკვლელობა ჩაიშალა და ამით, საქართველოში ისრაელის ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად ამაღლდა.
1) ჩანაწერში ჩანს, ის რომ სააკაშვილსა და ალასანიას სურთ, დაიქირაონ მაღალი კლასის სნაიპერი, რომელიც ესვრის ივანიშვილს.
2) ჩანაწერში ისმის გინება და ქართველი ერის უხამსი შეურაცხყოფა, რომ ქართველები დებილები და შერეკილები არიან“, – აცხადებს ირაკლი შიხიაშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში და ამასთანავე დასძენს, რომ აღნიშნული შეთქმულება ჩავარდა.
თუმცა, შიხიაშვილი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციის გეგმა მიხეილ სააკაშვილისა და მისი გარემოცვის დღის წესრიგიდან არ მოხსნილა.