„ლიტერატურამ მომავალი პროფესია შემირჩია“ – 20 წლის მომავალი ექიმი, რომელიც უკვე მესამე რომანზე მუშაობს

 დაიბადა ჭიათურაში. წერს 14 წლიდან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია. 2015 წელს კონკურს Homo Scribens– ის ლაურეატი გახდა და გამოიცა მისი მოთხრობების კრებული. 2017 წლის აპრილში ლიტერატურულ ჟურნალ „ავტოპილოტის“  მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. 2018 წლის ოქტომბერში „აზრმა“ გამოსცა მისი მეორე რომანი – „სურვილის სიმძიმე“. მუშაობს ახალ რომანზე, რომელიც ბერძნულ მითოლოგიასა და პერსონაჟებზეა.
ამბობს, რომ გაქვს ამბიცია, ცნობილი გახდეს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს –  „მინდა მწამდეს და ვიბრძოდე“… – ბოკო ჭიღლაძის პერსონა.

 

– ბავშვობა ისეთი მქონდა, როგორიც საჭირო იყო. ოჯახი, მეგობრები, გართობა და ანცობა. მახსოვს, მშობლიური ქალაქის ყველა ქუჩა. ჭიათურა პატარა სამეგობრო გახლდათ. ხშირად ვიხსენებ, სკოლას და იმ აწ უკვე სევდანარევ  ამბებს, რომლებიც სიცოცხლის ბოლომდე თან გამყვება. ჩემს ოჯახში წიგნებზე, განათლებასა და პერსონაზე საუბრობდნენ. საბოლოო ჯამში, ძმამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
 სკოლის პერიოდი…
– სკოლის პერიოდიდან გამოვყოფდი იმ გარემოს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრ სასწავლო დაწესებულებაში სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ იქნებოდა. ეს იყო კერძო სკოლა, 200-მდე ბავშვით და მასწავლებლებით. პედაგოგებს ყოველთვიური ანაზღაურება 100 ლარი ჰქონდა. იყო შემთხვევები, როდესაც მსგავს მიზერულ თანხასაც კი ვერ იღებდნენ. მათთვის ფული მხოლოდ ფორმალობა გახლდათ.
რატომ გადაწყვიტე სამედიცინოზე ჩაბარება, როცა 14 წლიდან წერ? რამ განაპირობა არჩევანი?
– საექიმო საქმისადმი ინტერესი, სწორედ მაგ ასაკში აღმომაჩნდა. მახსოვს, კინგის მოთხრობა, „ცოცხლად დარჩენილი“ წავიკითხე, სადაც მთავარი გმირი ქირურგია. ნაწერში აღწერილმა სცენებმა მედიცინისადმი ლტოლვა გამიღრმავა. შემდეგ იყო ბულგაკოვის „ახალგაზრდა ექიმის ჩანაწერები“ და ასე შემდეგ… გამოდის, რომ ლიტერატურამ მომავალი პროფესიაც შემირჩია.
პირველი მოთხრობარატომ უწოდე მოთხრობების პირველ კრებულსგაფიქრება“?
–  პირველი მოთხრობა გოდერძი ჩოხელიც წაკითხვის შემდეგ დავწერე. გამაოგნა, ავტორის მინიმალისტურმა სტილმა, იმ ღრმა სევდამ, თუ აუტანელმა რეალობამ და ვცადე მსგავსი რამ შემექმნა. რა თქმა უნდა, ცდა წარუმატებელი აღმოჩნდა… 13 წლის ვიყავი…
ჟურნალავტოპილოტისკონკურსში გაიმარჯვე სტიმულს მოგცემდა
–  დიახ, როგორც არ უნდა ვცდილობდეთ, კონკურსებსა და ჯილდოებზე აგდებულად საუბარს, ისინი ძალზე დიდ როლს ასრულებენ. პირველი ჰონორარიც მაშინ ავიღე. ხელახლა დაბადებას ჰგავდა.
ახლახან გამომცემლობააზრმაშენი მეორე რომანი დაბეჭდა – „სურვილის სიმძიმე“. გაიხსენე პირველი რომანი. ალბათ სათქმელიც შეიცვალა ამ შუალედში, მეორე რომანის გამოსვლამდე
– სწორს ბრძანებთ, სათქმელი შეიცვალა, თუმცა, არც პირველი რომანია ურიგო (იცინის).  ამ ბოლო დროს, ბევრჯერ გადავიკითხე  და შესაძლოა ვიფიქრო კიდეც მის გამოცემაზე. მახსოვს, როგორც კი ბოლო წერტილი დავსვი, გავხევდი. შემდეგ ტანზე ჭიანჭველებმა დამიარა და ამ წრფელმა ემოციამაც გაიარა.
რომანი ავტობიოგრაფიულია. სიურეალისტური ხედვით გადმოცემული თხრობარატომ „სურვილის სიმძიმე“?
–  ყველა სურვილი სულაც არაა მძიმე. მათი სიმძიმე გარემოებებით ისაზღვრება. ასეთ რთულ და კომპლექსურ რეალობაში ამოჰყო თავი მთავარმა გმირმა და, შესაბამისად, მისი სურვილიც მძიმე აღმოჩნდა.
რომანის მთავარი ღერძი სიყვარულია. ფინალში ისეა წარმოჩენილი, რომ სიყვარული არ მარცხდებარას ნიშნავსგარდაცვლილ სულთა ზეიმი“?
– გარდაცვლილები მხოლოდ საზოგადოებისთვის. „ის იქცა პიროვნებად, მაშინაც კი, როცა უამრავ ადამიანს უსაზღვრო ტკივილი დაუტოვა საუკუნო განსაცდელად, მაშინაც კი, როცა მთელ კაცობრიობას საკუთარ ერთ წარმატებაში გაცვლიდა, მაშინაც კი, როცა მეგობრებს გულში სიცარიელე უანდერძა, რადგან,ზოგჯერ, და ამ ბოლო დროს უმეტეს შემთხვევაში მისაღწევი კეთილმქნელობით არ მიიღწევა“. სხვის თვალში, ჩვენ უკვე მკვდრები ვართ, მაშინ, როდესაც უკანმოუხედავად გავრბივართ, მივდევთ სურვილებს და საზოგადოებისთვის „საშიშნი“ ვხდებით.
სწავლობდე სამედიცინოზე, თან წერდე, იოლი არ რის, ვგულისხმობ თავისუფალ დროს. როდის წერ?
– ვწერ მაშინ, როცა ამის საჭიროებას ვგრძნობ. ძირითადად, თავისუფალ დროს. ყველაზე პროდუქტიული, რუტინიდან გამომდინარე, ზაფხულში ვარ. არ მიყვარს ღამით წერა. ამ მძიმე და საყურადღებო პროცესისთვის დილა დიდებული რამაა.
წერის მანერავიცი, რომ არ მოგწონს დღეს დამკვიდრებული გამარტივებული, სასაუბრო სტილის პირდაპირ გადატანა ფურცელზე
– დიახ, დღეს ლიტერატურა სასაუბრო ენას ემგავსება. გამარტივებით, ხომ უფრო ადვილია. მერე თხზავენ მარტივ სიუჟეტებს, იქნება ეს ქილიკი სამღვდელოებაზე, უმცირესობასა თუ ძალდატანებით მნიშვნელობაშეძენილ ამბებზე. ლიტერატურას უხდება ჩარჩოები. თუ წერის პროცესში, ნორმებს იცავ, ეს უფრო მეტ თავისუფლებას გაძლევს.
 ახალ რომანზე მუშაობმოგვიყევი, რაზეა რომანი.
– ახალი რომანი, მითიურ პერსონაჟებსა და ამბებზეა. ბერძნული მითოლოგია  მრავლისმომცველია, მაგრამ, ამავდროულად, ძლიერ სათუთი. რთული საქმეა, მაგრამ ვეცდები.
ჰობი
– წერა, ფილმების ყურება, კითხვა. ბევრისთვის ჩემი გემოვნება, ძველმოდურია, მაგრამ მე სულ სხვა წარმოდგენა და სივრცე მაქვს.
–  ამბობ, რომ გაქვს ამბიცია, ცნობილი გახდე… 20 წლის ასაკში ცოტა პრეტენზიული განაცხადი ხომ არ არის?
– ადამიანის ბუნება ასეთია, ასიდან ასივე გეტყვით, ასეთი სიტყვების პატრონი კაცი კარგი მწერალი ვერასდროს იქნებაო, თუმცა კი, ამბიციაში დასაწუნი არაფერია. მინდა მწამდეს და ვიბრძოდე. სხვაგვარად, თუ მოტივატორად ხალხს გამოიყენებთ, ეჭვი მაქვს, გაწბილებულები დარჩებით. ჩვენ ხომ უბრალოდ აზრებს ვცვლით, სიტყვებში კი, ემოცია მეტწილად არაა.
ადამიანები, ვინც საგრძნობი კვალი დატოვა შენს ცხოვრებაში
– მოგონებები დიდი რამაა. ყველაფერი მაინც ბავშვობასთან ასოცირდება. ნათლად მახსოვს, ბაბუაჩემი, ოთარ წერეთელი, დილიდან საღამომდე წიგნთან იყო მიჯაჭვული. ეს იყო, გასაოცარი, გასაკვირი და ამაღელვებელი. დაჟინებით ვუმზერდი ხოლმე, მაგრამ ერთსაც არ შემომხედავდა. დაასრულებდა წიგნის კითხვას და მხოლოდ მაშინ გამომელაპარაკებოდა ხოლმე. თბილი, დარბაისელი კაცი იყო. ამ დროს, სკოლაშიც კი არ დავდიოდი. მიკვირდა, რას აკეთებს-მეთქი, მერე კი მივხვდი…
არანაკლები კვალი დატოვა ჩემმა ძმამ. რთულად მოიძებნება, მკითხველი, რომელსაც ქართული ლიტერატურა ასე ძლიერ უყვარს. ჭკუას მარიგებდა, მუდამ ჩემ გვერდით იყო და სწორი ნაბიჯების გადადგმაში მეხმარებოდა. დედა და მამა  კი, ყოველთვის იმაზე მეტს აკეთებდნენ, რაც რეალურად შეეძლოთ.
 რომელი მწერლები გიყვარს
– ყველა მწერალი  საყვარელია, თუ იცის, რა არის წერა. შაბლონურია, მაგრამ ჩამოვთვლი: კაფკა, კამიუ, მარკესი, ბალზაკი, ფოლკნერი და, რა თქმა უნდა, დოსტოევსკი.
 ახლახან რომანსურვილის სიმძიმისწარდგენა გაიმართა. ალბათ დაიწყო ახალი ეტაპი შენს ცხოვრებაში...
–  ნამდვილად. ახლაც ემოციებში ვარ. ეს იყო შესანიშნავი საღამო, დიდებული ხალხითა და გარემოთი. რთული ყოფილა, გავსებული დარბაზის წინაშე პიროვნების ნაწილობრივი გაშიშვლება, მაგრამ, ალბათ, შევეგუები…

თამარ შაიშმელაშვილი

გენადი გაბოძე-ორიოლის ფოტოები

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები