„ციხეში გადაყვანიდან მეორე დღეს დაგვირეკეს – მოკვდა და მოდით, გვამი წაიღეთო“ – გარდაცვლილი პატიმრის ძმა

„პრაიმტაიმს“ 2007 წელს გარდაცვლილი  ლევან ალელიშვილის ძმა დაუკავშირდა და ინტერვიუს ჩაწერა გვთხოვა. 29 წლის ლევან ალელიშვილი 2007 წლის იანვარში დააკავეს, თუმცა ციხეში შესვლიდან მეორე დღეს ოჯახს აცნობეს, რომ გვამის წასაღებად მისულიყვნენ.
რატომ გადაწყვიტა გარდაცვლილის ძმამ ჩვენთან საუბარი? რა ვითარებაში გარდაიცვალა ციხეში შესვლიდან ერთ დღეში აეროპორტის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და რა კავშირი აქვს ამ საქმესთან ციხის ყოფილ დირექტორს, ლაშა ბრეგვაძეს, რომლის წინააღმდეგ პროკურატურაში 600-მდე პატიმრის საჩივარი დევს?
ვასილ ალელიშვილი, გარდაცვლილის ძმა:
– ჩემი ძმა 2007 წლის ოთხ თებერვალს დაიღუპა. 31 იანვარს დააკავეს, ორი დღე წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავდათ. ციხეში გადაყვანიდან მეორე დღეს კი დაგვირეკეს, – მოკვდა და მოდით, წაიღეთ გვამიო.
– რა მიზეზით დააკავეს?
– ნარკოტიკი ჩაუდეს. ვითომ ორი აბი „სუბოტექსი“ ჰქონდა მანქანაში, რაც არის აბსოლუტური ბლეფი. პოლიციელები მას ავტომობილით აედევნენ და როგორ წარმოგიდგენიათ, ნარკოტიკებს ე.წ. „ტორპედოზე“ დადებ და ისე ივლი, მართლა რომ გქონდეს?! ორი აბი „სუბოტექსის“ გადაგდებას არ შეეცდებოდით?!
– რა ინტერესი ჰქონდათ, აბა?
– ჩემი ძმა აეროპორტის უშიშროებაში მუშაობდა. ეს ნახევრად ძალოვანი სტრუქტურაა. სავარაუდოდ, მან იცოდა რაღაც ისეთი, რის გამოც გადაწყვიტეს, ამ გზით გაეჩუმებინათ და დაეჭირათ. კუდი სწორედ აეროპორტიდან იყო გამოყოლილი. მოკლედ, 31 იანვარს დაიჭირეს, სამ თებერვალს შეასახლეს ციხეში და ერთ დღეში, ანუ ოთხ თებერვალს, მიცვალებული გამოგვატანეს. გვითხრეს, რომ თავი ჩამოიხრჩო. მე განახვებთ გარდაცვლილის ფოტოებს და შეგიძლიათ, თავად დაასკვნათ – ჰგავს თუ არა ეს ადამიანს, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო (ფოტოები იმდენად მძიმე სანახავია, რომ „პრაიმტაიმმა“ მისი გამოქვეყნებისგან თავი შეიკავა. ცხედარს სხეულზე, მათ შორის თავის არეში, მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. – ავტ.). დაზიანებები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული და გვიმტკიცებდნენ, რომ ფეხსაცმლის ე.წ. „შნურუკით“ თავი ჩამოიხრჩო. ჯერ ერთი, ვინც ერკვევა, ყველამ იცის, რომ „შნურუკიან“ ფეხსაცმელს ციხეში არავინ შეგატანინებს. ამაზე გვითხრეს, რომ ვითომ რაკიღა თანამშრომელი იყო, პატივი ვეცით და შევატანინეთო. ასე იმართლეს თავი. ანუ, გადააბა ნასკები, ფეხსაცმლის „შნურუკები“ და თავი ჩამოიკიდაო. პირველ ცდაზე ჩამოწყდა და მეორე ცდაზე ჩამოიხრჩოო. აი, ასეთი აბსურდული ვერსია შემოგვთავაზეს.
– გამოძიებამ რა თქვა მაშინ?
– 2007 წელი იყო. გამოძიება მოვითხოვეთ, მაგრამ რა აზრი ჰქონდა. ხომ იცით, ეს რა პერიოდი იყო. პანაშვიდზე უამრავი ადამიანი მოდიოდა. ზუსტად ამ დროს, ეზოში ჩემთან მოვიდა პიროვნება, მომისამძიმრა, მხარზე ხელი მომარტყა და მითხრა, – მოკლედ, ჯობია, ამ ამბავს არ ჩაეძიო და არ გააგრძელო, თორემ კიდევ ცუდი ამბები მოჰყვებაო. ეს მითხრა და წავიდა. მე იმდენად შოკირებული ვიყავი, მაშინ ყურადღებაც არ მიმიქცევია, მაგრამ ეს სიტყვები ცოტა ხნის წინ ამომიტივტივდა, მას შემდეგ, რაც თანაგრძნობისა და მხარდაჭერის მიზნით პარლამენტთან ზაზა სარალიძის აქციაზე მივედი. ამ ადამიანის ტკივილსა და მოთხოვნებს აბსოლუტურად ვიზიარებ და სულ მინდოდა, რომ ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, მხარდაჭერა დამეფიქსირებინა მის მიმართ და ასეც მოვიქეცი. მოკლედ, მივედი აქციაზე, უცებ ჩემთან მოდის ვიღაც პიროვნება. მეკითხება, – შენ ალელიშვილი არ ხარ, ლევანას ძმაო? ვიფიქრე, ჩემს ძმას იცნობს და შინაურულად მოკითვა გადაწყვიტა-თქო. კი, ლევანის ძმა ვარ-თქო, – ვუპასუხე და ამ ტიპის აგრესია იყო ჩემთვის სრულიად გამაოგნებელი. „დავაი ახლა, აქედან დაახვიე და აღარ დაგინახო აქ მოსულიო, ვიცი, აქ რისთვისაც ხარ, წადი და აღარ მოხვიდეო“. ჩემთვის მოულოდნელად ეს ადამიანი იმდენად აგრესიული გახდა, რომ ადგილზე დავმუნჯდი. გარშემო კიდევ ვიღაც მისნაირი ადამიანები ტრიალებდნენ და ვიფიქრე, რაიმე პროვოკაციაზე შეეძლოთ ჩემი წამოგება. ამიტომ საქმის გარჩევას ისევ გაცლა ვარჩიე. დიდი უნამუსობა იქნებოდა ეს ჩემი მხრიდან, თუნდაც ზაზა სარალიძის მიმართ, რომელსაც მართლა გულით თანავუგრძნობ. თანავუგრძნობ, რადგან ზუსტად მესმის მისი ტკივილი, მესმის, რას ნიშნავს ოჯახის წევრის, მით უმეტეს, არასრულწლოვნის დაკარგვა.
– და ვინ იყო ეს პიროვნება, ვინც აქციიდან წასვლა მოგთხოვათ?
– დღესაც არ ვიცი, ვინ იყო. ცხადია, მას სახეზე ვიცნობ. თეთრი პერანგი ეცვა, „კაპიუშონიანი“ ჟილეტით.  ჩემი ვარაუდით, ყოფილი ძალოვანი – კუდელი თუ სოდელი, ან სასჯელაღსრულების ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც იცოდა ჩემი ძმის გარდაცვალების საქმე და ალბათ, ჩათვალა, რომ იქ იმიტომ ვიყავი მისული, რომ „ნაციონალები“ მელანძღა. ძალიანაც რომ მდომოდა, ამას არ ვიკადრებდი და არ ვაკადრებდი ზაზა სარალიძეს – მისი მხარდამჭერი აქცია რაღაც პოლიტიკური ლანძღვა-გინებისთვის გამომეყენებინა. ხმის ამოღებასაც არ ვაპირებდი. უბრალოდ, მივედი და მინდოდა ამ გაუბედურებული კაცისთვის ჩემი თანაგრძნობა გამომეხატა. სამწუხაროდ, დღეს მის ტრაგედიას ასეთი ადამიანები პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ, ყოფილი ჯალათები გარშემო დასტრიალებენ და ვინმეს სჯერა, რომ ისინი რეალურად წუხან ამ ტრაგედიის გამო? მე პოლიტიკურ გარჩევებში მათ ვერ გავეჯიბრებოდი და არანაირი პოლიტიკური ინტერესი არასდროს მქონდა. არავისტი არ გახლავართ. კი ბატონო, წარმოუდგენლად მიმაჩნია მათი ხელისუფლებაში მობრუნება და ვფიქრობ, ეს კატასტროფა იქნება, მაგრამ შვილმკვდარი მამის აქციაზე მათ მიმართ ჩემი პირადი დამოკიდებულების გამოხატვას ნამდვილად არ ვაპირებდი. ამიტომ, ყოველგვარი შეპასუხების გარეშე წავედი ჩემს გზაზე. მას შემდეგ სულ ვფიქრობ ამაზე? რატომ მომაყენა ამ ადამიანმა ასეთი შეურაცხყოფა? რამდენად სწორად მოვიქეცი, რომ არ მოვთხოვე განმარტება? სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ჩემი წუხილი თქვენთვის გამეზიარებინა. ბევრი ადამიანია, ვინც რეალურად განიცდის ზაზა სარალიძის ამბავს, მაგრამ ის ხალხი, ვინც გარშემო დასტრიალებს ამ გაუბედურებულ ადამიანს, პირიქით, ძალიან ცუდ საქმეს უკეთებს. პირველ რიგში, მათ არ აწყობთ ამ საქმეზე სიმართლის დადგენა. მათ აწყობთ, რომ რაც შეიძლება დიდხანს იდგეს ზაზა სარალიძე ქუჩაში. სამწუხაროდ, ხელისუფლებაც არ თუ ვერ იძიებს ამ საქმეს.
– თქვენი ძმის საქმეზე გამოძიება არ ჩატარდა?

– წინა ხელისუფლების დროს რა გამოძიება ჩატარდებოდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროკურატურაში შევიტანეთ განცხადება, მაგრამ, სამწუხაროდ, მას შემდეგაც სიახლე არაფერია. დაკითხეს ვიღაცები, მაგრამ შედეგი ჯერ არაფერია. ჩემს ძმას თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონია. მის მიმართ განაჩენი არ დამდგარა და სასჯელი არ ჰქონია შეფარდებული, მხოლოდ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა. რატომ უნდა მოეკლა თავი, სრულიად ჯანმრთელი ფსიქიკის მქონე ადამიანს?! ციხეში შესახლებიდან ერთ დღეში ვინ იკლავს თავს?!

– აბა, რა მოხდა რეალურად?

– რაც ხდებოდა ხოლმე წინა რეჟიმის დროს. ციხეში შესვლისთანავე სასტიკად სცემეს, ამ ცემაში შემოაკვდათ და გაასაღეს, თითქოს თავი მოიკლაო.

– და ამ დაზიანებებზე რას ამბობდნენ, რომელიც ცხედარს ფოტოსურათებშიც ნათლად ეტყობა?

– ამაზეც აბსურდული პასუხი გაგვცეს. თითქოს ეს დაზიანებები თოკიდან ჩამოხსნის დროს მიიღო, კედელს შეეჯახა ცხედარიო. არადა, მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზაც კი წერს, რომ ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები სიცოცხლის დროინდელიაო, თუმცა იქვე იმასაც ამბობს, რომ თითქოს ამ დაზიანებებს სიკვდილის დადგომა არ შეეძლო. ამ ამბებს შეეწირა მამაჩემიც, რომელიც ორი წლის შემდეგ ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. დღეს, როდესაც ვისმენ, რომ ეს ჯალათები კიდევ ჰონორზე არიან და აქეთ მაყენებენ შეურაცხყოფას – აღარ დაგინახო აქ მოსულიო, სრულიად წარმოუდგენელი ამბავია. ანუ რა გამოდის, მე ადამიანს, რომელსაც ციხეში ერთ დღეში მოუკლეს ძმა, არ მაქვს უფლება, თანაგრძნობა და მხარდაჭერა გამოვუცხადო შვილმოკლულ მამას და ამ დროს, სარალიძის ჭირისუფლად იქ დგანან ადამიანები, ვინც შეიწირა ჩემი ძმა და ასობით ადამიანი.

რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორი იმ პერიოდში განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილი ლაშა ბრეგვაძე გახლდათ. 2012 წლის შემდეგ მის წინააღმდეგ პროკურატურას საჩივრით არაერთმა ყოფილმა პატიმარმა მიმართა. საჩივრებში ყველა მათგანი თითქმის ერთსა და იმავე სცენარს აღწერდა. ლევან ალელიშვილის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებაც ლაშა ბრეგვაძემ პირადად ჩაიბარა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბრეგვაძე სასჯელაღსრულების სისტემიდან გაათავისუფლეს, თუმცა სამმა ყოფილმა პატიმარმა ის თბილისის ერთ-ერთ უბანში შეამჩნია და 2013 წელს ფიზიკურად გაუსწორდა. ციხის ყოფილი დირექტორის ცემის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. მათი გადმოცემით, პატიმრობაში ყოფნის დროს ლაშა ბრეგვაძე სასტიკად აწამებდათ, თუმცა დღემდე დასჯილი არ არის. სწორედ ამით ხსნიდნენ ისინი ციხის ყოფილ დირექტორზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას.

მაშინ ამ ფაქტს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბაჩო ახალაიაც გამოეხმაურა და ციხის ყოფილი უფროსის ცემაში ე.წ. ქურდული სამყაროს წარმომადგენლები დაადანაშაულა.

„რამდენიმე დღის წინ ქურდულმა სამყარომ, ვატო ყიფიანის მეთაურობით, კიდევ ერთხელ გაბედა ხელი აეღო ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე. სასტიკად იქნა ნაცემი ერთ-ერთი საპატიმროს დირექტორი. ეს არის კრიმინალური სამყაროს მცდელობა, ჩამოშალოს სახელმწიფოს ფუნდამენტი, დაამყაროს ქვეყანაში ანარქია და ქაოსი. ისინი ცდილობენ, დაგვაბრუნონ 90-იანი წლების დასაწყისში“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბაჩო ახალაიამ, რასაც არაერთი ყოფილი პატიმრის აღშფოთება მოჰყვა.

პატიმარ ილგარ მამედზადეს დედა ია ქაჯაია აცხადებს, რომ მის შვილს ციხეში უმიზეზოდ სცემდნენ, რის გამოც ორგანოები დაუზიანდა და გათავისუფლების შემდეგ მალევე გარდაიცვალა. ის შვილის გარდაცვალებაში სწორედ ლაშა ბრეგვაძეს ადანაშაულებს.

ასევე, ყოფილი პატიმრის რუდიკ ოვაკიმიანის განცხადებით კი, ლაშა ბრეგვაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრების ცემასა და წამებას მუდმივად ახორციელებდა, განურჩევლად მათი წარსულისა და კრიმინალური წოდებისა.

„ყველას ერთნაირად აწამებდა, კარცერში აგვიყვანდნენ, გვაშიშვლებდნენ და დღეში ორჯერ გვცემდნენ“, – იხსენებს ყოფილი პატიმარი.

ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული კიდევ ერთი პატიმარი რუდიკ ოვაკიმიანი, როგორც ამბობს, ერთ-ერთი იყო, ვინც ციხეში გააშიშვლეს და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.

„ლაშა ბრეგვაძეს პირადად მე ვყავარ ნაწამები, როდესაც #5 იზოლატორიდან #6-ში გადაგვიყვანეს. ამ პერიოდში, #17 დაწესებულებაში გადასვლამდე, #6-ის ადმინისტრაციაში მოვიდა ლაშა ბრეგვაძე, რომელსაც ავყავდით კარცერში, სადაც ვისხედით შიშვლები. მას დღეში ორჯერ გამოჰყავდა ყველა პატიმარი და სცემდა, სანამ გონებას არ დაკარგავდა. კაცის წამება სიამოვნებდა. ეს ნანახი აქვს იმდროინდელ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს, რომელთან ერთად უცხოური ორგანიზაციის წარმომადგენლები შემოვიდნენ ციხეში და სურათები გადაგვიღეს. ლაშა ბრეგვაძის და ამ ფაქტში მონაწილე სხვა პირების მიმართ საჩივარი სტრასბურგშიც კი მაქვს გაგზავნილი. საჩივარი მაშინვე დავწერე პროკურატურაშიც, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია“, – განაცხადა ყოფილმა პატიმარმა.

სოზარ სუბარი ადასტურებს, რომ სახალხო დამცველად მუშაობის პერიოდში პირადად შეესწრო რუსთავის #6 დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.

„რუსთავის #6 დაწესებულების კარცერში მოთავსებული შიშველი პატიმრები ჩვენ აღმოვაჩინეთ ორჯერ, სექტემბრის თვეში – რამდენიმე დღის დაშორებით. ამას შეესწრო სახალხო დამცველის ორი თანამშრომელი და გაეროს მიერ დაქირავებული თანამშრომელი, რომელიც სახალხო დამცველის პროექტში მუშაობდა. უფრო მეტი მტკიცებულება შეუძლებელია, არსებობდეს, როდესაც პატიმრები კი არ ჰყვებიან ამას, არამედ უშუალოდ მონიტორინგის განმახორციელებელი ადამიანები ხედავენ. მაშინ ამ საქმეზე საჯარო განცხადებაც გავაკეთეთ და გამოძიებისთვისაც მივმართეთ შესაბამის ორგანოს, თუმცა არც ერთი ფაქტის შემსწრე პირი არ დაუკითხავთ. ამის შედეგი იყო ერთადერთი, რომ ის პატიმრები, რომლებიც შიშვლები აღმოვაჩინეთ და ამბობდნენ, რომ ეს 10 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, წლების განმავლობაში მუდმივი ზეწოლის ქვეშ იყვნენ. მათზე ყოველწუთიერ ზეწოლას ახორციელებდნენ, რომ საჩივრები არ დაეწერათ“, – განაცხადა სუბარმა.

წყარო: .primetime.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები