ირაკლი ჩიმაკაძე: ჩატაევის გათავისუფლება მოსამართლის გადაწყვეტილება იყო
სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩატაევის დევნა დაიწყო არა ტერორიზმის, არამედ იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლით, რომელიც არ ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს”, – ამის შესახებ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიმაკაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
“21 ნოემბერს ერთი წელი სრულდება თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული გახმაურებული ანტიტერორისტული ოპერაციიდან, რა დროსაც ლიკვიდირებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი აჰმედ ჩატაევი, იგივე “ცალხელა აჰმედი” და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები: იბრაჰიმ ადაშევი (აბუ-ჰურეირა) და ასლანბეკ სოლტ აჰმედოვი. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა “ჩატაევის საქმე” იყო, თუმცა არც 2012-2016 წლებში პანკისის ხეობასა და მაღალმთიან გურია-აჭარაში განვითარებული მოვლენები დავივიწყეთ.
2012 წლის ლაფანყურის მოვლენებმა საზოგადოება ახალი მოცემულობის წინაშე დააყენა – ის, რაც აქამდე მხოლოდ ყურმოკვრით ვიცოდით, რეალური აღმოჩნდა – შეიარაღებული ჯგუფი დაღესტნის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა “კავკასიის ემირატთან” ერთად საბრძოლველად” , – ნათქვამია სტატიაში.
როგორც ჩიმაკაძემ “კვირის პალიტრასთან” საუბარისას აღნიშნა, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლება მოსამართლის პირადი გადაწყვეტილება იყო, რაც ბრალდებულის პირად საქმეში არსებულ მასალებზე დაყრდნობით მიიღო.
ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იჩქარა ხელისუფლებამ მისი გათავისუფლება და იყო თუ არა საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრთან ამ თემაზე კონსულტაციები, ჩიმაკაძემ უპასუხა:
“რაც შეეხება ლაფანყურს, ამ თანამდებობაზე 2012 წლის ნოემბრიდან დავინიშნე. ჩვენი ერთი თანამშრომელი პირადად შეხვდა ჯგუფს, რათა დაერწმუნებინა, დაეყარათ იარაღი და ჩაგვბარებოდნენ. ტყეში იყო აჰმედ ჩატაევიც. სავარაუდოდ, ჩატაევი წაიყვანეს, რათა ჯგუფის უფრო აგრესიული ნაწილი დაეყოლიებინა იარაღის დაყრაზე, მაგრამ მოხდა შეტაკება, რა დროსაც შვიდი მებრძოლი მოკლეს. მსხვერპლი იყო ჩვენს რიგებშიც, გადარჩენილმა ათმა მებრძოლმა მოახერხა (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ) საქართველოდან გასვლა. ნაწილი სირიაში წავიდა, ნაწილი რუსეთში, სადაც დააკავეს კიდეც, ხოლო ნაწილი მოხვდა ევროპაში. სირიაში მყოფთაგან უმეტესობა დაიღუპა, მათ შორის, ცნობილი საველე მეთაური გიორგი კუშტანაშვილი. ჩატაევის გათავისუფლება არ იყო ჩვენი პრეროგატივა, ეს იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც იმსჯელა არსებული მტკიცებულებების საფუძველზე და ჩატაევის ბიოგრაფია ვერ გახდებოდა განხილვის საგანი. მოსამართლე მხოლოდ მსჯელობდა იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში იდო. როგორც იცით, საქმის მთავარმა მოწმეებმა – მესაზღვრეებმა ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალა ჩატაევს არ ჰქონია და ის ჩაუდეს. სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩატაევის დევნა დაიწყო არა ტერორიზმის, არამედ იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლით, რომელიც არ ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს.
ჩვენთვის ნამდვილად არ უკითხავთ, უნდა დაეტოვებინათ თუ არა აჰმედ ჩატაევი ციხეში. ეს იყო მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და სურვილის შემთხვევაშიც კი, ვერ ჩავერეოდით”, – განაცხადა კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელმა.