„თოჯინები ჩემი დიდი სიყვარულია“…

თიანეთის რაიონში გაიზარდა. ხელოვნების სიყვარული ადრეული ბავშვობიდან დაიწყო და მშობლებს უმადლის.
დაამთავრ თოიძის სამხატვრო სასწავლებელი… ერთხანს სკოლაში ხელოვნების პედაგოგად მუშაობდა.
თოჯინებს 4 წელია ინტენსიურად აკეთებ. ფიქრობს, რომ  ეს გატაცება გენეტიკურია, რადგან მშობლები და წინაპრები ყოველთვის თავისი ხელით ქმნიდნენ ულამაზეს ნივთებს...
3 შვილის დედა და 1 შვილიშვილის ბებია. ამბობს, რომ თოჯინები მისი უდიდესი სიყვარულია. მოწოდებას მიაგნო ცხოვრებაში და ბედნიერი ადამიანი. – მეთოჯინე  ქეთევან ოთარაშვილის პერსონა.

– დავიბადე და გავიზარდე თიანეთში. ოჯახში პატარა შვილი ვიყავი და ყურადღებით მანებივრებდნენ. რაც ასაკი მემატება, უფრო და უფრო მენატრება ჩემი ბავშვობა.
ახლა, როცა ჩემი მშობლები აღარ არიან, უფრო ხშირად ვფიქრობ მათზე. მახსოვს, როგორ ათენებდა ქსოვაში და კერვაში ღამეებს დედა, საოცარი ფანტაზია ჰქონდა და მე და ჩემი და-ძმა განებივრებული ვიყავით მისი შეკერილ-მოქსოვილებით. ასევე მამაც სამსახურის შემდეგ თავის სახელოსნოში გვიანობამდე ფუსფუსებდა და აკეთებდა ხის ულამაზეს ნივთებს.
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ვცხოვრობდით დედას ყოველთვის დავყავდი თბილისში გამოფენებზე და წრეებზე, რამაც უფრო გამიღვივა სიყვარული ხელოვნებისადმი. ეს გატაცება და ახლა უკვე საქმე გენეტიკურია და ჩემს მშობლებს დიდი წვლილი მიუძღვით ამ ყველაფერში.
სკოლაში კარგად სწავლობდი, წერდი, ხატავდი, ქსოვდი. რა იყო საინტერესო სკოლის პერიოდიდან?
– სკოლაში კარგად ვსწავლობდი. გამიმართლა იმაშიც, რომ კარგი პედაგოგები მყავდა. ხალისით ვმონაწილეობდი ყველა ღონისძიებაში, თუმცა ბავშვობიდან მიყვარდა და ახლაც მიყვარს მარტოობა, ბევრს ვკითხულობდი, მიყვარდა ხატვა და მუსიკა. სტანდარტული ბავშვი არ ვიყავი და ყოველთვის გამოვირჩეოდი ინტერესებით ჩემი თანატოლებისგან.
თოიძის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრეთ. შემდეგ გათხოვდი და სწავლა ვეღარ გააგრძელეთ…
ეს წლები გამორჩეული ნამდვილად არ იყო. უფერული წლები იყო, 90-იანების დამახასიათებელი სიბნელით და საზრუნავით. შუქის მოსვლა მოვლენა იყო და კულტურა და ხელოვნებაც უკანა პლანზე იყო გადასული. პატარები მყავდა და მახსოვს, რომ ვაძინებდი, როგორ ვქსოვდი და ვკერავდი მათთვის ტანსაცმელს. სწორედ ლამპის შუქზე შეიქმნა ჩემი პირველი თოჯინებიც.
 ერთხანს სკოლაშიც მუშაობდით ხელოვნების პედაგოგად…
– საერთოდ მიყვარს ბავშვები და მათთან ურთიერთობა, მაგრამ სკოლაში 4 წლის მუშაობის შემდეგ მივხვდი, იქ მუშაობა ნამდვილად არ მინდოდა. რა ვქნა, ბუნებით ასეთი ადამიანი ვარ, ვერ ვიტან ჩარჩოებს და ვალდებულებებს. მიყვარს თავისუფლება, როდესაც ჩემი თავის უფროსი და პატრონი ვარ.
როცა ბევრი რამის კეთება შეგიძლია ადამიანს, რთულია გარკვევა და ჩამოყალიბება, რისი კეთება უფრო მეტად გინდა… ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასე იყო. ბევრი რამის კეთება ვცადე, მაგრამ საბოლოოდ თოჯინებმა დაიპყრეს ჩემი გული და გონებაც.
4 წელია, ინტენსიურად ქმნით თოჯინებს… პირველი თოჯინები…
– თოჯინებს ადრეც ვაკეთებდი, მაგრამ მათი შექმნა განვაახლე 4 წლის წინ. თავიდან ბევრის სწავლა მიწევდა და ამაში ძალიან დამეხმარა ინტერნეტი. სწავლით ახლაც ბევრს ვსწავლობ და ზუსტად ვიცი, რომ ეს ჩემი საქმეა. ისინი ჩემთვის ცოცხალი არსებები არიან და მათზე დაუსრულებლად შემიძლია ლაპარაკი.
ვთვლი, რომ ჩემი ეს გატაცება გენეტიკურია, რადგან ჩემი მშობლები და წინაპრები ყოველთვის თავისი ხელით ქმნიდნენ ულამაზეს ნივთებს. თოჯინები უდიდესი სიყვარული და შემოსავლის წყაროცაა. უმათოდ უკვე აღარ შემიძლია. ვფიქრობ, მოწოდებას მივაგენი ცხოვრებაში და ბედნიერი  ვარ.
– როგორ ქმნით თოჯინებს?
– ბევრს უკვირს, როცა ვამბობ, რომ ესკიზს არ ვაკეთებ. ყველა თოჯინა იქმნება ჩემს თავში და შემდეგ უკვე რეალურად. თითქმის ყველა პერსონაჟი გამოგონილია, თუმცა  უამრავი კარიკატურული თოჯინა, პეპი და კარლსონიც გავაკეთე. არცერთი თოჯინა არ მეორდება. არ მიყვარს შეკვეთებზე მუშაობა, მაშინ, როცა დამკვეთს რაიმე კონკრეტული მოთხოვნა აქვს. ყველაფერი უკეთესად გამოდის, როცა სრული თავისუფლება მაქვს.
– საყვარელი თოჯინები…
– ფავორიტი თოჯინა არ მყავს, ყველა უსაზღვროდ მიყვარს იმ მომენტში, როცა მათ ვქმნი. არ მიჭირს მათთან განშორებაც.
გამოფენა…
– ხშირად ვმონაწილეობ საერთო გამოფენებში. პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია, თუმცა ამ ბოლო დროს ვფიქრობ პერსონალურ გამოფენაზეც, იმდენად დიდია ინტერესი ჩემი თოჯინების მიმართ.
ხართ 49 წლის, 3 შვილის დედა და 1 შვილიშვილის ბებია... როგორ უთავსებთ თოჯინების კეთებას ოჯახის საქმიანობასთან?
– საქმისთვის, რომელიც გიყვარს, ყოველთვის მოინახება დრო. ვცდილობ, შევუთავსო ერთმანეთს ოჯახის საქმეები და ჩემი საყვარელი საქმე, რამდენად კარგად გამომდის, ეს ჩემი ოჯახის წევრებს უნდა ჰკითხოთ. ჩემს ოჯახს არასოდეს გავცვლი არაფერზე, მაგრამ ვთვლი, რომ განვითარებაც აუცილებელია, თუნდაც ჩემს ასაკში, განსაკუთრებით თუ ამის პოტენციალი გაქვს ადამიანს.
– გვიამბეთ თქვენს ოჯახზე, თუ აინტერესებთ მათ ხელოვნება, ხატვა?
–  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩემს არცერთ შვილს არ აქვს ამის ნიჭი, აი ხელოვნება კი უყვართ და ყველანაირად მიწყობენ ხელს ამ საქმეში. ვნახოთ, იქნებ შვილიშვილებში იჩინოს თავი ამ ნიჭმა.
ჰობი…
– 2 წლის წინ გეტყოდით, რომ ეს არის თოჯინები, მაგრამ ახლა სხვანაირად ვფიქრობ… მაქვს კიდევ ერთი საყვარელი საქმე, რომელიც შეძლება ჰობად ჩაითვალოს, ეს არის ოთახის და ეზოს მცენარეები.
– სამომავლო გეგმები…
– ამას უფრო ოცნებას დავარქმევდი, რომელიც ვიცი, რომ ადრე თუ გვიან განხორციელდება. ეს არის: პერსონალური გამოფენა და ჩემი პატარა მაღაზია-სალონი, სადაც ყველა მსურველს შეეძლება, დაათვალიეროს და შეიძინოს ჩემი ხელნაკეთები და, სურვილის შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს თოჯინის გაცოცხლებაში.

 

 თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები