„არ გაინტერესებთ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურიდან რამდენი ადამიანია გარდაცვლილი?!“ – ინტერვიუ ვალერი გელაშვილთან
გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო დაპირება, პრეზიდენტობის შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილისა და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების შეწყალების შესახებ, საზოგადოების არაერთგვაროვანი შეფასების მიზეზი გახდა. პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, სხვა საქმეებთან ერთად, გრიგოლ ვაშაძეს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება ვალერი გელაშვილზე ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზეც მოუწევს, რისთვისაც ექსპრეზიდენტს დაუსწრებლად ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
დაანონსებული შეწყალება კატეგორიულად მიუღებელია თავად ვალერი გელაშვილისთვის, რომელიც გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში ქაოსსა და არეულობას პროგნოზირებს. რა აძლევს ამის საფუძველს? ამის გასარკვევად გაზეთი „პრაიმტაიმი“ ვალერი გელაშვილს ესაუბრა. მანამდე, კი გამოცემა მისი ადვოკატის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარის კახა კოჟორიძის შეფასებას აქვეყნებს.
„მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა, ეს მექანიზმი არ უნდა იყოს ისე გამოყენებული, რომ საზოგადოებაში აჩენდეს უსამართლობის შეგრძნებას“, – ამბობს კახა კოჟორიძე.
„თუ ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ, დადასტურებულ დანაშაულებზე მოხდება შეწყალება, მით უმეტეს, ისე, რომ ზოგიერთ მათგანს არანაირი საპატიმრო ვადა არ მოუხდია, რა თქმა უნდა, ეს იქნება იმის მაჩვენებელი, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობა არ მოქმედებს. რამდენიმე საუკუნის წინათ ითქვა ასეთი ფრაზა: ზოგჯერ კანონი ჰგავს ობობის ქსელს, სადაც ეხვევიან წვრილი მწერები და მსხვილები დაუსხლტებიან ხოლმე ხელიდან. თუ რიგითი მოქალაქე მოიპარავს პურს, ან ჯართს და ამის გამო, შეიძლება მრავალი წელი ციხეში ისე იჯდეს, რომ არც არავინ შეიწყალოს, რანაირად შეიძლება ასე ხელაღებით ვისაუბროთ უმძიმეს დანაშაულებში მხილებული პირების შეწყალებაზე. ჩემთვის, ეს არის მიუღებელი. თუ რომელიმე თანამდებობის პირი მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის უდანაშაულობას, მაშინ შეწყალებაც არ უნდა დასჭირდეთ. იდავონ და დაადასტურონ, თუ მართალია. დღეს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს სასამართლოს, გავახსენებ მას, რომ ეს სისტემა სწორედ მისი შექმნილია. მაშინ ნდობას უცხადებდა, როდესაც სანოტარო აქტებივით იბეჭდებოდა სასამართლო გადაწყვეტილებები და ზუსტად ამ სასამართლოს უამრავი მართლა უდანაშაულო ადამიანი ჰყავს გასამართლებული. ვალერი გელაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის განაჩენია გამოტანილი და თუ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შეუძლია, გაასაჩივროს ზემდგომ ინსტანციაში, მაგრამ მე მგონი, ბავშვმაც კი იცის, რომ დეპუტატის ცემა პრეზიდენტის ნების გარეშე ვერ განხორციელდებოდა. ეს გამორიცხულია. თუ ვინმეს აინტერესებს უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ჩართულობა ამ საქმეში, შემიძლია, სასამართლოს განაჩენიც მივაწოდოთ“, – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
კოჟორიძე, ასევე, გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტის იმ განცხადებასაც, რომლის თანახმადაც ის გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეწყალების თხოვნით მიმართვას არ აპირებს.
„ჩვენ მოვისმინეთ, რომ მიხეილ სააკაშვილი და თუნდაც ბაჩანა ახალაია არც კი მიმართავენ შეწყალების თხოვნით გრიგოლ ვაშაძეს, თუ ეს უკანასკნელი გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მინდა აქვე განვმარტო, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდადებულის მიმართვა საჭირო არ არის შეწყალების აქტის გამოსაცემად. ანუ მიუხედავად იმისა, მიმართავს თუ არა მიხეილ სააკაშვილი, ან რომელიმე სხვა პირი პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, პრეზიდენტს აქვს უფლება, საკუთარი ნებით შეიწყალოს ესა თუ ის პირი“, – ამბობს კოჟორიძე.
და რას ამბობს თავად ვალერი გელაშვილი? რატომ მიიჩნევს საფრთხედ ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებას და თუნდაც ყოფილი მაღალჩინოსნების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას?
ვალერი გელაშვილი, ყოფილი დეპუტატი:
– ეს არის ხალხის პროვოცირება, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს დაპირისპირებას. 2012 წელს იმისთვის ვიბრძოლეთ, რომ ისევ მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდეს და დაუსჯელად იაროს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს ქვეყანაში გამოიწვევს ახალ შიდა დაპირისპირებას.
– თქვენი აზრით, რამ განაპირობა არჩევნების ის შედეგი, რაც პირველ ტურში ვიხილეთ?
– ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს ამის. ზოგი ფიქრობს, რომ დამნაშავეების დიდმა ნაწილმა პასუხი არ აგო და სათანადოდ არ დაისაჯა, მაგრამ, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას „ნაციონალების“ მსგავსად რომ დაეწყო მასიური დაჭერები, ესეც არაფერს კარგს არ მოგვიტანდა. მიხეილ სააკაშვილის მსგავს რეპრესიებს ეს ხელისუფლება ვერ გამოაცხადებდა. სააკაშვილს ვინც არ ეთანხმებოდა, ან ისე არ გააკეთებდა რამეს, როგორც პირადად მას სურდა, ანადგურებდა ყველას და ყველაფერს. ეს ხომ ჩვენ წარსულში მოვიტოვეთ. იგივეს ხომ ვერ გააკეთებდა ახალი ხელისუფლებაც. გადახედეთ ისტორიას, არ გაინტერესებთ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურიდან რამდენი ადამიანია გარდაცვლილი?
– რას გულისხმობთ?
– ვგულისხმობ იმას, რომ სპეცსამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც სააკაშვილის დაცვას ახორციელებდა, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. ისინი ხდებოდნენ რაღაც ისეთის თვითმხილველები, რომ მათი მოცილება, როგორც ჩანს, ვიღაცას აწყობდა. ზოგი ავარიაში კვდებოდა, ზოგიც სხვა გაურკვეველ ვითარებაში. ამოიღეთ ეს ისტორიები და გაარკვიეთ, რა ვითარებაში დაიღუპნენ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრები.
– თუკი რაიმე საეჭვო ვითარება მართლაც არსებობს, ამას, ალბათ, პროკურატურა უნდა არკვევდეს… მე მაინტერესებს, პირადად თქვენ, რამდენად კმაყოფილი ხართ სამართლიანობის აღდგენის პროცესით, რომელსაც სწორედ პროკურატურა ხელმძღვანელობს?
– რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს იყო იმხელა ზარალი, რაც სააკაშვილმა მიაყენა არაერთ მოქალაქეს, რომ ამ ყველაფრის გასტუმრება ფიზიკურად შეუძლებელია. ქვეყანა ფინანსურად ამას ვერ აიტანდა. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ცოტა მეტის გაკეთება იყო საჭირო. ვფიქრობ, ზედმეტად ფაქიზად მოვექეცით წინა რეჟიმის წარმომადგენლებს და დღეს ამიტომაც არიან ჰონორზე. „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, დანაშაულებრივ ორგანიზაციად რომ გამოგვეცხადებინა, დღეს ამდენის უფლებას აღარ მისცემდნენ საკუთარ თავს.
– დღეს რამდენად რეალურად გეჩვენებათ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნება?
– არარეალურია. მე ხომ ველაპარაკები ხალხს. ბევრი განაწყენებული იყო და პირველ ტურზე არ წავიდა, მაგრამ ვერ წარმოიდგენდა, რომ საქმე აქამდე მივიდოდა და ნაცების შესაძლო მობრუნება დადგებოდა დღის წესრიგში. ახლა ყველა მობილიზებულია, როდესაც რეალურად იგრძნეს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს მათმა არმისვლამ. ახლა უკვე ყველა წავა და ხმას მისცემს სალომე ზურაბიშვილს. ხალხი ამბობს, როგორ შეიძლება ამ ხალხის უკან მობრუნებაო?!
– არ ფიქრობთ, რომ საზოგადოება ზედმეტად პოლარიზებულია?..
– კი და ეს ძალიან ცუდია. მე იმის წინააღმდეგიც ვარ, რომ ტელევიზიებმა ღია ომი გამოუცხადეს ერთმანეთს. მედიამ ობიექტურად უნდა გააშუქოს ყველაფერი. ჩვენ არ მოგვწონდა და არ მოგწონს, რასაც „რუსთავი 2“ აკეთებს, მაგრამ, მეორე მხრივ, მასთან ომის გამოცხადება მეორე ტელევიზიის მიერ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. ღიად დაფიქსირება, რომ ვაცხადებთ ომს, ეს არ შეიძლება. ჩემთვის მიუღებელია.
– რატომ არის მიუღებელი თქვენთვის გრიგოლ ვაშაძე, როგორც კანდიდატი? ბალანსისთვის იქნებ სჯობდეს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ოპოზიციის ხელში იყოს?..
– გრიგოლ ვაშაძე არის მაგათი „პეშკა“. მიშა რასაც ეტყვის, იმას გააკეთებს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს კაცი კიდევ ვის თამაშს თამაშობს, ცალკე საკითხია.
– ანუ?
– ვის აწყობს დღეს „ნაცმოძრაობის“ მოსვლა ამ ქვეყანაში? ვის აწყობს არეულობა? რა თქმა უნდა, რუსეთს. იმ დღეს ხაშურში ჩემთან სასტუმროში ჩამოსული იყო რუსი ახალგაზრდა ბიჭი. ეს იყო პირველი ტურის წინ, საარჩევნო კამპანიის დროს. როგორც გავარკვიე და 100-პროცენტიანი ვიცი, „ნაციონალებს“ ეხმარებოდა. საარჩევნო პერიპეტიებზე ჰქონდა საუბრები იქ ვიღაცებთან.
– ხომ მაგრამ გრიგოლ ვაშაძის დაკავშირება პრორუსობასთან გადაჭარბებული ხომ არ არის?..
– რატომ არის გადაჭარბებული?! რუსეთს გრიგოლ ვაშაძესთან თუ არ აქვს კავშირი, აბა, ვისთან აქვს. მოქალაქე იყო მაგათი, იქ მიიღო განათლება და საბჭოთა კავშირის დროს იქვე მუშაობდა სახელმწიფო სამსახურში. მეტი რაღა კავშირი უნდა ჰქონდეს. დღეს რუსეთს საქართველოს ხელისუფლების სათავეში აწყობს ერთადერთი ძალა და ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. რატომ? იმიტომ რომ ქვეყანაში დაიწყოს არეულობა. დალაგებული საქართველო რუსებს არ აწყობთ. მიშა რომ ჩამოვა, ვანო მერაბიშვილს, კოდუასა და ახალაიებს რომ გარეთ გამოუშვებს სასჯელის მოხდამდე, ხალხი ამას აიტანს?! რა თქმა უნდა, ვერ აიტანს. მე რა, გგონიათ, გავჩერდები და დაველოდები, ხელმეორედ როდის გამისწორდებიან?! მიშა რომ დავინახო ქუჩაში, ან მერაბიშვილი, ან კოდუა, როგორ ფიქრობთ, რა რეაქცია მექნება?! მეც ხომ ადამიანი ვარ, მეც ხომ მაქვს ნერვები…
– როდესაც თქვენ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობთ, რაც ცალსახად მიუღებელია, ალბათ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ამას წინ უძღოდა თქვენი შეურაცხმყოფელი განცხადება პრეზიდენტის მეუღლის მიმართ?
– შეურაცხყოფა მომაყენეს მათ და არა მე. სააკაშვილმა გამომიგზავნა ჩუბინიშვილი, იქნებ გახვიდე ამ ტერიტორიიდანო (საუბარია ავლაბრის რეზიდენციის ტერიტორიაზე, რომლის ნაწილი ვალერი გელაშვილის საკუთრება იყო. – ავტ.). ვუთხარი, დიდი სიამოვნებით-მეთქი. ჩემი ფული გადამიხადეთ და არანაირი პრობლემა არ არის-მეთქი. ფულის გადახდა არ უნდოდათ. ჩემს საკუთრებაში რემონტი გააკეთეს და მოამზადეს, როდის შევიდოდა მიშა საცხოვრებლად. ეს ნორმალურია? ეს არ იყო ჩემი ოჯახის შეურაცხყოფა? მივედი, დავპლომბე სახლი და ვუთხარი მათ: არ დავინახო აქ მიშა შესული, სანამ ჩემთან ფინანსური ანგარიშსწორება არ მოხდება-მეთქი. ეს იყო ბრძანება ზურაბ ჟვანიასი, რომ ან ფინანსურად, ან ქონებრივად უნდა მომხდარიყო ჩემი დაკმაყოფილება ამის სანაცვლოდ. ჩემს სახლში გაგლოევა რომ დადიოდა, ეს არ იყო შეურაცხყოფა?! ამის შემდეგ ვილნიუსში ვიყავი, დამირეკეს იქ და მითხრეს: თუ საქართველოში დაბრუნდები, ტერორისტულ აქტს მოგიწყობთო.
– ვინ?
– არ ვიცი. ხმაზე ვერ ვიცანი. სავარაუდოდ, სპეცსამსახურის წარმომადგენელმა.
„პრაიმტაიმი“ მკითხველს აქვე შეახსენებს, რომ 2018 წლის 28 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა ამნისტიის შესახებ კანონით, დანიშნული სასჯელი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით შეუმცირდა. სააკაშვილს, ასევე, აეკრძალა თანამდებობის დაკავება სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში 2 წლითა და 3 თვის ვადით.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, სააკაშვილმა, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირმა, ძალადობითა და იარაღის გამოყენებით, ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. მანვე ჩაიდინა ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისთვის და რომელმაც გამოიწვია სახის წარუშლელი დამახინჯება.
საქმე ეხება 2005 წლის 14 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, თბილისში შსს-ს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის შეიარაღებული მებრძოლების მიერ მირცხულავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ვალერი გელაშვილსა და მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის ფაქტს.
საქმის მასალების თანახმად, 2005 წლის 29 ივნისს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული, პარლამენტის იმჟამინდელი წევრის – ვალერი გელაშვილის სტატიის შემდეგ, სადაც ეს უკანასკნელი შეურაცხმყოფელი ფორმით საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების შესახებ, ბრალდებულმა, პირადი შურისძიების მოტივით, მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება განიზრახა. ვალერი გელაშვილის სამაგალითო დასჯა დაავალა იმჟამინდელ თავდაცვის მინისტრს, რაზედაც მიიღო უარი. აღნიშნულის შემდეგ, ფიზიკური ანგარიშსწორება ბრალდებულმა საქართველოს შს მინისტრს დაავალა, რომელმაც, თავის მხრივ, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზებით უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის დავალების შესრულება. დაზარალებულმა ცემის შედეგად მიიღო სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელმაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”