„იშვიათად ვტირი თვალებით“… – როგორ გადაიღო ფილმი გოდერძი ჩოხელზე თიკო ბეკოშვილმა  

ბავშვობიდან გართობას წიგნის კითხვა ერჩია… ხოლო როდესაც ერთხელ პედაგოგმა გოდერძი ჩოხელის სწორი თეთრი ხაზი“ წაუკითხა ბავშვებს, რადიკალურად შეიცვალა მისი ცხოვრება. გოდერძი ჩოხელის პირადად გაცნობა ვეღარ მოასწრო, ის გარდაიცვალა… მაგრამ სწორედ მაშინ გადაწვიტრეჟისორობა, რომ მასზე ფილმი გადამეღო.
ასეც მოხდა  –  10 პროცენტიანი მხედველობით მაინც შეიქმნა ფილმი
ყოველ დღე მხედველობა აკლდება, მაგრამ წერს, ქმნის…  მაინც ახერხებს და საქველმოქმედო კონცერტებს და…  ეხმარება სხვებს… – თიკო ბეკოშვილის პერსონა.

– ცოტა უცნაური ბავშვი ვიყავი, თამაშს და გართობას წიგნების კითხვა მეკითხა, ჩანაწერები მეკეთებინა. დღიურებს ვწერდი.
ვფიქრობ, ლამაზი ბავშვობა მქონდა. ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ტაძარში დავიწყე სიარული და გალობა. ეს ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. მსიამოვნებდა ჩემს მოძღვართან ურთიერთობა. ფაქტობრივად, მამა ნიკოლოზ მურვანიძემ აღმზარდა  და ერთ ოჯახად გვაქცია მგალობლები და სტიქაროსნები. მომწონდა ტაძრის მოვლა.
– რით იყო საინტერესო სკოლის პერიოდი?
– სკოლის პერიოდი ძალიან ბედნიერ წლებად მახსენდება და ამავდროულად სირთულეებიც იყო. მონდომებული მოსწავლე გახლდით, თუმცა მეცადინეობებში დედა მეხმარებოდა, ვისხედით და მიკითხავდა გაკვეთილებს და ასე ვსწავლობდი.
ჩემ ირგვლივ ადამიანები გვერდში მედგნენ, კლასელები, მშობლები, პედაგოგები -ყველა ხელს მიწყობდა.
მახსოვს, მათემატიკის საკონტროლოებზე ამოცანების ამოხსნის ნაცვლად ლექსებს ვწერდი და ამაში მიწერდა პედაგოგი ქულას, რადგან ტექნიკური საგნები მიჭირდა.
ძალიან ძლიერი ოჯახი მყავს – დედა, მამა და ძმა. მათ ეს რთული პერიოდი ჩემთან ერთად გაიარეს და არც კი მაგრძნობინეს პრობლემა.
ყოველთვის ვამბობ, ჩემი დედიკო გმირია და ვერასდროს შევძლებ მისნაირი მშობელი ვიყო. მთელი ეს წლები საოპერაციოს კართან ცრემლიანი თვალებით მელოდება მომავლის იმედით.
– მომავალი პროფესია – რეჟისორობა ვიცი, რომ გოდერძი ჩოხელს უკავშირდება…
– ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, მომწონდა ხალხთან კომუნიკაცია. პროფესიადაც ჟურნალისტიკა ავირჩიე,თუმცა ერთხელაც ქართულის გაკვეთილმა რადიკალურად შეცვალა ჩემი ცხოვრება.
პედაგოგმა მარინა რამაზაშვილმა წაგვიკითხა გოდერძი ჩოხელის „სწორი თეთრი ხაზი“, ჩემში სხვა ემოციები დაბადა, ჩემად ვიგრძენი და გადავწყვიტე, ამ მწერალზე ყველა ინფორმაცია მომეძიებინა, მის შემოქმედებას გავცნობოდი.
ვგეგმავდი მის გაცნობას და მალევე შევიტყვე, რომ გარდაიცვალა. მაშინ ვეჩხუბე პირველად უსამართლობას, მაშინ შემიპყრო სიკვდილის შიშმა და დავწერე პირველი ლექსი, სადაც საფლავზე წასვლას და ჩოხელთან საუბარს აღვწერდი.
მაშინ გადავწყვიტე რეჟისორობა, რომ ამ დიდებულ ადამიანზე ფილმი გადამეღო.
– სტუდენტობიდან რა იყო დასამახსოვრებელი?
– სტუდენტობა იყო ყველაზე დიდებული პერიოდი, გამიმართლა და მოვხვდი კახა კახაბრიშვილის ხელში. ჩვენი ლექციები მხოლოდ პროფესიურ სწავლებას არ წარმოადგენდა, ადამიანებთან ურთიერთობას და ზოგადად ადამიანობას გვასწავლიდა, გვერდით დამიყენა და ლეგენდარული ხალხი გამაცნო – ოტია იოსელიანი, რეზო ჩხეიძე, გურამ დოჩანაშვილი, ნუგზარ ბაგრატონ-გრუზინსკი, კახი კავსაძე, რომელი ერთი ჩამოვთვალო. მე ამ ადამიანებთან ერთად მუშაობა, ვახშმობა მიწევდა. მათ ჩემს უფროს მეგობრებად მივიჩნევდი. ბევრჯერ რჩევებიც მიკითხავს და მიეშმაკია კიდეც. ყურადღებით ვისმენდი და ვაკვირდებოდი მათ ქმედებას და საუბარს, რომ მათ დავმსგავსებოდი.
წარჩინებული მოსწავლე ვიყავი და უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე.
– როგორი იყო ფილმის გადაღების წინაპერიოდი…
– ფილმის გადაღებებიც მრავალ სირთულეს უკავშირდება. გამუდმებით ფინანსებს ვეძებდი… ვცდილობდი, გოდერძის ახლობლებს დავკავშირებოდი და ამაშიც გოდერძი დამეხმარა.
ერთ-ერთ ღონისძიებაზე გავიცანი ნინო ზედელაშვილი, ალბათ ესეც გოდერძიმ გამომიგზავნა. ნინო დეიდასთან ყოველი შეხვედრა და კონტაქტი ჩემს გოდერძის უფრო მაახლოვებდა. ნინო დეიდამ ოჯახი  და გოდერძის ახლობლები გამაცნო. ბევრს მიყვებოდა გოდერძიზე.
ჩვენ ერთად გავიარეთ ეს გზა ფილმის პრემიერამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ დამყვებოდა და მეხმარებოდა.
სრულიად შემთხვევით ახლა მეორე საჩუქარი გამომიგზავნა გოდერძიმ – ასმათ ჩიტაური, რომელმაც ეს ფილმი დამიფინანსა.
სარეჟისორო ფაკულტეტის სტუდენტმა, 10-პროცენტიანი მხედველობით  გადაიღეთ სადიპლომო ნაშრომი, ფილმი „მე ვარ გოდერძი ჩოხელი“….
– იმ პერიოდში 10 პროცენტი მქონდა მხედველობა და ჩემს თავს ვებრძოდი, რომ ეს ფილმი დამესრულებინა. გადაღებებზე ოპერატორ გიგი ჯობავას ხელჩაკიდებული დავყავდი, მისი უფრო დიდი ღვაწლია –  ზუსტად იმას ხედავდა, რასაც მე ვგრძნობდი.
დღესაც კი მიკვირს, რომ ვუყურებ ფილმს, ასე ზუსტად როგორ გავაკეთე ფილმი, რომელზეც წლები ვფიქრობდი… ეს დიდმა სიყვარულმა გამაკეთებინა.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ყველას მადლობა გადავუხადო ოცნების ასრულებისთვის.
– გადაღებების დროს ოპერაცია დაგჭირდათ და მაინც დაასრულეთ ფილმი… როგორია თქვენეული  გოდერძი ჩოხელის პორტრეტი…
– გოდერძი ჩოხელი ჩემთვის ყველაფერია. ამას სიტყვებით ვერ გადმოვცემ… აი, შიგნით, სადღაც სიღმეში, გულის გულში დაიდო ბინა…
ხშირად, როდესაც წინააღმდეგობებს წავაწყდები ხოლმე, დავფიქრდები, აბა, ამას გოდერძი როგორ გააკეთებდა-მეთქი… რაღაც კავშირიც არსებობს ალბათ… არ მინდა ვინმეს შეშლილი ვეგონო, მაგრამ   ჩემ  გვერდით ვგრძნობ მის ყოფნას, დახმარებას… ვგრძნობ, როდის რა სწყინს და როდის მიბრაზდება, როდის მიწონებს საქციელს…ის ჩემი უკანასკნელი იმედია.
– მხედველობის პრობლემა გაქვთ და მაინც წერთ ლექსებს… სევდა, ტკივილი, სიყვარული… ყველაფერია ჩატეული სტრიქონებში….
– აუცილებლად ვწერ, როცა მარტო ვარ ან ღამით, როცა ყველას სძინავს, ამ დროს ვრჩები ჩემს სევდასთან მარტო. რომ არ დავწერო, მოვკვდები, გული ვეღარ გაუძლებს იმ ცრემლს, რასაც თვალები მალავს. არასდროს ვახვევ ჩემს დარდს გარშემომყოფებს, არასდროს ვანახვებ ჩემს ცრემლებს არავის. იშვიათად ვტირი თვალებით. ამიტომ ამას სტროფებად ვდევნი ჩემიდან.
ვერ დავიბრალებ პოეტობას, მაგრამ ვწერ ისე, ჩემთვის. შეიძლება ერთ დღესაც გავაქრო, ასე დრო რომ გადის ავდგები ხოლმე და ვაქრობ – ვხევ, ვშლი, ამას წინათ, დაახლოებით 20 ლექსი გადავაგდე ნაგავში.
სირცხვილია, გალაკტიონის ქვეყანაში პოეტობა დავიბრალო, თენგიზ აბულაძის ქვეყანაში რეჟისორობა დავიბრალო, გოდერძი  ჩოხელის ქვეყანაში მწერლობა დავიბრალო.
–   წერთ რომანს ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე…
– ერთ საღამოს უცებ გონებაში პატარა სიუჟეტი დავხატე, მეორე დღეს გავაფერადე, მესამე დღეს რაღაც დეტალები დავამატე და ეს გრძელდებოდა 3 წელი… თან არ ვწერდი და არც არაფერი მავიწყდებოდა… ვამატებდი და ვამატებდი სიუჟეტებს…
ფინალამდე რომ მივედი, წერა გადავწყვიტე… ავედი 400 გვერდამდე.
აფხაზეთიდან დევნილ ობოლ და- ძმაზეა ამბავი. ბიჭი თვითნასწავლი მხატვარია, დედ-მამა აფხაზეთის ომის დროს დაუხოცეს და დის გადასარჩენად ნახატს რუს ოლიგარქს მიჰყიდის…
ძალიან მინდა ამის ფილმად ქცევა.
– ოცნება…
– ვოცნებობ, ჯანმრთელად ვიყო, ვხედავდე იმდენს, რომ დამოუკიდებლად ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო. ვწერო, გადავიღო, მენატრება გადასაღებ მოედანზე დგომა… ჰაერივით მჭირდება ტელევიზიაში ყოფნა, მუშაობა მენატრება. მხედველობაა ჩემი ოცნება.
რამდენიმე პროცენტის მომატებაც კი ამიხდენს ოცნებებს.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ამჟამად საბავშვო თეატრ „იების“ ხელმძღვანელად ვმუშაობ, მოსწავლეები მყავს, სპექტაკლებს ვდგამ… და მომღერალ დათო მეთაფლიშვილის პროდიუსერი ვარ. ვაკეთებთ ახალ სიმღერებს. შემდეგ მე რადიოში მიმაქვს და ასე შემდეგ…
–  საქველმოქმედო კონცერტებს ატარებთ…  ვის დაეხმარეთ?
როდესაც ვიცი, რას ნიშნავს ჯანმრთელობით გაჭირვება, არ შემიძლია, რაღაც არ გავაკეთო ადამიანისთვის, ვისაც წამლის ფული არ აქვს…
საბედნიეროდ, ჩემ გვერდით დგანან ადამიანები, ვინც ამ საქმის კეთებაში მეხმარებიან – ჩემი თანაორგანიზატორი, ჟურნალისტი მარიკა ბარბაქაძე და მომღერალი დათო მეთაფლიშვილი.
ჩვენ, მრავალი სირთულის მიუხედავად, ვახერხებთ კეთილი საქმის კეთებას.
მრავალ ადამიანს დავეხმარეთ. ერთ-ერთი გახლდათ სპორტსმენი გიორგი დოინჯაშვილი.
– სამომავლო გეგმები…
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დიდი გეგმები მაქვს, თუმცა ჩემს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. მინდა, რაც შეიძლება მალე გავიკეთო ოპერაცია, შემდეგ კი მივხედავ ჩემს შემოქმედებას.
აუცილებლად უნდა გადავიღო ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, ჩემი რომანი ფილმად ვაქციო და რაც შეიძლება მრავალი კეთილი საქმე ვაკეთო.

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები