ხელოვანი, რომელი სვანურ საკარცხულებს ამზადებს, ხალდეს აღდგენაზე ოცნებობს…

სოხუმში დაიბადა,  ომის დროს 2 წლისამ დატოვა სოხუმი… ბავშვობა  მძიმე 90-იანებში თბილისში გაატარა. აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრა, მაგრამ ბავშვობისდროინდელ ჰობს დაუბრუნდა და ხეზე კვეთა ძირითად საქმიანობად აქცია. მუშაობს საეკლესიო ინვენტარზე, აკეთებს სვანურ საკარცხულებს.
მან დაიწყო კამპანია – „აღვადგინოთ სოფელი ხალდე“.  ამბობს, რომ ახალგაზრდების სოფელში დასაბრუნებლად აუცილებელია თანადგომა ხელისუფლების მხრიდან.
სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს.  – ჯაბა ჯოხაძის პერსონა.

 – სოხუმში დავიბადე, 2 წლის ვიყავი, თბილისში რომ ჩამოვედით დევნილებად. მას მერე თბილისში ვცხოვრობ. ბავშვობიდან, როგორც ყველა 90-იანებგამოვლილს,  უკიდურესი გაჭირვება დამამახსოვრდა.
– აგრარული უნივერსიტეტი დაამთავრეთ, მაგრამ ბავშვობის ჰობს დაუბრუნდით და ხეზე კვეთას მისდევთ…
– უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ვერ ვნახე სამსახური, რამაც გადამაწყვეტინა, დავბრუნებოდი ხეზე კვეთას. დღეს ესაა ჩემი შემოსავლის წყარო.
პირველი ნამუშევრის და შემდეგ კიდევ მრავლის შექმნა ძალიან მიჭირდა, რადგან არ ვიცოდი ამ საქმის საფუძვლები. რაც ვიცი (ბევრი არაფერი), ჩემით ვისწავლე.
სვანურ საკარცხულებსაც აკეთებთ…  ეს თქვენს სვანურ წარმოშობას ხომ არ უკავშირდება?
– საკარცხულის გაკეთება ბავშვობიდან მინდოდა, რადგან სვანებისთვის ის უბრალო ნივთი არაა. მას საკრალური დანიშნულება აქვს და ძველად მასში მხოლოდ მახვში ჯდებოდა.
საეკლესიო ინვენტარზე მუშაობთ, ასევე ხატებს კვეთთ ხეზე…
– ხატები საპასუხისმგებლო საქმეა, დაცული უნდა იყოს კანონიკა. შემდეგ ის მრავალი მართლმადიდებლის ხელში გაივლის.
მუშაობთ საკურთხევლებზეც… ერთ-ერთი  საკურთხეველი სოფელ ხალდეს მაცხოვრის ეკლესიაშია…
– დამოუკიდებლად 4 კანკელი გავაკეთე და რამდენიმეში მონაწილეობა მივიღე.
 დაიწყეთ კამპანია „აღვადგინოთ სოფელი ხალდე“, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ აჯანყენის დროს კოშკებიანად პირწმინდად განადგურდა…
ტაძარში კარი და სასანთლეები თქვენ დაამზადეთ… როგორი გამოხმაურება მოჰყვა ამ კამპანიას, რა გაკეთდა? ზოგადად, როგორ უნდა დაუბრუნდეს ახალგაზრდობა სოფელს?
– ხალდეს აღდგენა არაა მარტივი საქმე, თუმცა ამ კამპანიის საშუალებით ეტაპობრივად მიიწევს წინ ეს საქმე. ახალგაზრდების დასაბრუნებლად აუცილებელია თანადგომა ხელისუფლების მხრიდან, რადგან მაღალმთიან რაიონებში საკმაოდ რთულია ცხოვრება.
–  გაქვთ ფიროსმანის მიხედვით შექმნილი ციკლი…
– ხეზე ნაკვეთი ფიროსმანის ნახატები ნამდვილად ძალიან მიყვარს, რადგან საკმაოდ უცხოა, თვითონ ფიროსმანი კი უნიკალური მხატვარია.
– ჰობი…
– ჰობი ნუმიზმატიკაა… წლებია შუა საუკუნეების ქართული მონეტებით ვარ გატაცებული.
– სამომავლო გეგმები…
– სამომავლო გეგმების მთელი სია მაქვს შედგენილი, თუ რა ნამუშევრები უნდა შევქმნა, საკმაოდ მრავალფეროვანია ეს გეგმა. რამდენიმე წელს მოიცავს… მერე ვნახოთ…
–  რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
–  ყველა პერსპექტიულ ახალგაზრდას დავეხმარებოდი… დღეს ისინი ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას.
– ხალდეს აჯანყების ერთ-ერთი მონაწილის, ჯოხან ჯოხაძის შთამომავალი ხართ. თუ წახვედით ხალდეში საცხოვრებლად, როგორც ამბობდით…
–  ამჟამად ვცხოვრობ თბილისში. ხალდეში საცხოვრებლად გადასვლა, ჩემი გეგმაც და მომავალიც დროის საკითხია.
– 2 ჯერ გქონდათ პერსონალური გამოფენა… რამდენჯერმე ჯგუფურ გამოფენაშიც მონაწილეობდით…
– ისევ ვფიქრობ პერსონალური გამოფენის მოწყობაზე, რადგან მრავალი ნამუშევარი დამიგროვდა. დრო და ადგილი ჯერ არ გადამიწყვეტია.

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები