„სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“… – სახლი, სადაც მუსიკა და ლექსი ჰარმონიულად იბადება

ამას წინათ, რუსთაველის საზოგადოების დელეგაციასთან ერთად საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში მომიწია მოგზაურობამ. იქ  ვიხილე, როგორი სიყვარულით ხვდებოდა მოსახლეობა კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილს, რომელიც დელეგაციაში მეუღლესთან – მანანა დანგაძესთან ერთად იმყოფებოდა. შთამბეჭდავი, დაუვიწყარი წუთები იყო…
კომპოზიტორთან ინტერვიუც რუბრიკა „პერსონისთვის“  მაშინ ჩაიწერა.

– ბატონო ვაჟა, ვიმყოფებით ჰერეთში, მოვინახულეთ წმინდა ადგილები, შევხვდით მოსახლეობას… როგორია თქვენი განცდა?
– ზაქათალაში სტუდენტობის დროს ვიმყოფებოდი. კონსერვატორიის სტუდენტები  ქართულ-ხალხურ სიმღერებს ვიწერდით. კახში პირველად ვარ.  ახლა რაც ვნახეთ, გიში, ქურმუხი, ქოთოქლო, ქართული ტაძრები… ეს ჩვენი ქართველობაა, ვესაუბრეთ მოსახლეობას, გავიგეთ, რა უჭირთ, რა ულხინთ. კმაყოფილი დავრჩი, რომ ჰერეთში, ძირძველ ქართულ მიწაზე ქართული საქმე კეთდება…
კახში წმინდა გიორგის ეკლესიაში  წირვას დავესწარით, გოგონათა არაჩვეულებრივი ანსამბლი ვნახე, რომელიც საგალობლებს მღერის, მათ მშვენიერი ხელმძღვანელი – დამიანე გორდელაძე ჰყავთ, თბილისიდან ჩამოდის და აქ სამი დღე რჩება. მომეწონა, რომ სტიქაროსნები მღერიან და მომავალი მღვდლები იქნებიან. კარგია, რომ ქრისტიანული ესტაფეტა გრძელდება. გაგვიხარდა, რომ ძირძველ ქართულ მიწაზე ქართულად საუბრობენ და ქართულად აღესრულება წირვა.
ძალიან უშუალო ხალხია აქაურები, მოვეფერეთ, სუვენირები გადავეცით. გვთხოვეს, რომ ხშირად ჩამოვიდეთ.
– სტუდენტობა ახსენეთ. კონსერვატორიაში ჩაბარება რამ განაპირობა?
– მამა შალვა აზარაშვილი სწავლობდა კონსერვატორიაში, კარგი ბას ბარიტონით გამოირჩეოდა. მამიდაჩემ ბაბულიასაც მშვენიერი მეცოსოპრანო ჰქონდა. დედის ძმა ვალერიან მიქანაძე ტრავმაი-ტროლეიბუსების სამმართველოს ძალიან ცნობილ გუნდში მღეროდა, გურიაში, დედულეთში ბაბუა ჩონგურს აამღერებდა ხოლმე… ასე რომ, სიმღერა ოჯახური ტრადიცია იყო.
ჯერ კიდევ 1944 წელს, ომი არ იყო დამთავრებული, ჩემს ეზოში ცხოვრობდა მეექვსე სამუსიკო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, ბერძნული წარმომავლობის ქალბატონი,  ნადია ჩილოვა, დედა ქართველი ჰყავდა. ერთხელაც მითხრა: თქვენ არ გაქვთ ფორტეპიანო, ვიოლინოს მოგცემ და ისწავლე, გაუხარდება, მამა რომ ჩამოვა ომიდანო. მე ვუთხარი, მამაჩემი ცოცხალი არ არის, მკვდარია, რა დროს მუსიკა და გართობაა-მეთქი, უარი ვუთხარი, ეს ქალი არ მომეშვა და მეორე წელს მეცადინეობა დავიწყე.
ერთი სიტყვით, სამუსიკო სკოლა  ხუთებზე დავამთავრე. მერე შევედი მე-4 სამუსიკო სასწავლებელში. ქსენია ჯიქია იყო სასწავლებლის დირექტორი, მე და ცხონებულმა ნუგზარ ვაწაძემ ვუთხარით, რომ მუსიკას ვწერდით, მოიწვია კომპოზიტორი ალექსანდრე შავერზაშვილი,  მშვენიერი პედაგოგი გამოდგა. არასოდეს შეგვაქებდა, თუ გვეტყოდა – „ნე პლოხო“, ეს უკვე კარგი იყო. მესამე წელს გვეუბნება: თქვენ კონცერტი კონსერვატორიაში უნდა ჩაატაროთო. მართლა ჩავატარეთ საავტორო კონცერტი და ჩემი ორი ნაწარმოები „ბისზე“ შესრულდა.
შემდეგ იყო კონსერვატორია და იონა ტუსკიას კლასში მოვხვდი, რომელიც მაშინ რექტორი იყო. მეორე კურსზე ვიყავი, როცა კომპოზიტორთა კავშირში დახურული კონკურსი გამოცხადდა,  5 პრემია გაიცა რომანსებზე და აქედან – 3  მეორე კურსის სტუდენტმა ავიღე.
– იმ დროს წყალტუბოში ისვენებდა კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი, რომელიც დაესწრო თქვენს გამოცდას..
– სახელმწიფო გამოცდებს რომ ვამთავრებდი, მეოცე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი დიმიტრი შოსტაკოვიჩი დაესწრო. უმაღლესი შეფასება დამიწერეს. მისი რეკომენდაციით ჩავაბარე ასპირანტურაში, მერე ვასწავლიდი კონსერვატორიაში, პროფესორიც გავხდი.
– 11 წელი კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარედ მუშაობდით…
– ბორჯომში ვატარებდით ფესტივალებს, „მღერიან და უკრავენ კომპოზიტორები“, ჩავაბი ხალხი, ლიანა ისაკაძეს ჩამოჰყავდა მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
როცა ბორჯომის კომპოზიტორთა შემოქმედებით სახლის წართმევა დაიწყეს, მე წარდგენილი ვიყავი რუსთაველის პრემიაზე, შეგნებულად გავწირე პრემია, გახსოვთ ალბათ, რომ ვეუბნებოდით მიშას მთავრობას, ყაჩაღები ხართ, ეს ყველაფერი ჩვენი სახსრებით არის და რა უფლებით გვართმევთ – მეთქი. ვიცოდი, რომ პრემიას არ მომცემდნენ, მართლაც, ასე მოხდა, კონსერვატორიის პროფესორობიდანაც გამომიშვეს. ჩემზე 8-9 წლით უფროსები კი დატოვეს, მე კაცად დავრჩი მაინც.
– ახლა კომპოზიტორთა კავშირის მრჩეველი ხართ…
– გავიდა წლები, კავშირში მივედი და არავინ მადლობა არ მითხრა, გადავდექი, რაზე ვიკლავ თავს-მეთქი. შინ ვზივარ და ინტენსიურად  ვმუშაობ.
ახლახან  კომპოზიტორთა კავშირის მრჩევლადაც ამირჩიეს. თუ რამე წოდება არსებობს, ყველაფერი მაქვს, საქართველოს სახალხო არტისტის, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, რუსთაველის პრემიის ლაურეატის… ხუთი ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ – თბილისის, ბორჯომის, ახალციხის, ხობის და იყალთოსი.
– თქვენი შემოქმედება ინდივიდუალური, გულწრფელი, მრავალფეროვანია… სიმფონიურ, კამერულინსტრუმენტალურ, მიუზიკლ და საესტრადო მუსიკას ქმნით...
– თეატრისთვის 40-ზე მეტი მუსიკალური სპექტაკლი გავაფორმე. დიდძალი კამერული მუსიკალური ნაწარმოები დავწერე, რომელიც ხშირად იკვრება უცხოეთში, ახლახან იაპონიაში დაიბეჭდა ნოტები, ჩემს მუსიკას გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკრავენ, ასევე პოპულარულია რუსეთში…
თამარ გვერდწითელი ასრულებს ჩემს სიმღერებს.  ნანი ბრეგვაძე ჩემი კურსელი იყო, უამრავი სიმღერა დავწერე მისთვის. ეთერ კაკულიას სიმღერა „მზე ჩემი მეგობარია“  სპეციალურად დავუწერე…
სიმღერები იქმნებოდა „ორერასთვის“, „რეროსთვის“… თემურ წიკლაური, ნუგზარ  კვაშალი ასრულებენ. პოპულარულია „ტანგო“, „ესპანური სუიტა“ …
დავწერე ციკლი ფორტეპიანოსთვის „ძველი თბილისის ჩანახატები“, ასევე ვიოლინოსთვის თბილისის სხვა პიესები…  ქალაქური სიმღერები. კიდევ მინდა დავუმატო და ვაპირებ საავტორო კონცერტის ჩატარებას.
– გაიხსენეთ რომელიმე სიმღერის ისტორია…
– როდესაც მუსიკალურ კომედიაში პირველი ოპერეტა „მეცხრე ტალღა“ დაიდგა, იქ იყო ჩემზე ოდნავ უფროსი ნოდარ პიპინაშვილი. ჩვენ ბიძამისთან – იოსებთან ევპატორიაში გავემგზავრეთ. ვიქეიფეთ, მერე ქოლერის ეპიდემია გაჩნდა და იძულებულნი გავხდით, თბილისში დავბრუნებულიყავით. იოსების ნამღერი ქალაქური მელოდიები არ მასვენებდა. გზაში ჩემი მელოდია დავწერე, ჩამოვედი თბილისში. 1969 წელია, „ორერა“ ახალ პროგრამას ამზადებდა… პეტრე გრუზინსკის სახლში შევხვდი ნანი ბრეგვაძეს და რობერტ ბარძიმაშვილს. მოვასმენინე ახალი მელოდია, რომელსაც აღმოსავლური იერი დაჰკრავდა… ამიტომ ნანი ბრეგვაძეს აზერბაიჯანელის როლი უნდა განესახიერებინა, ბიჭებს – ქართველების, მათ შორის იწყება კაფიაობა… ასე დაიბადა „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“, რომელმაც ძალიან მალე  დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ასევე გავიხსენებ სიმღერას კაპიტანზე… მხატვრულ-დოკუმენტური ფილმისთვის „გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს“ დავწერე მუსიკა. ალექსანდრე ჟღენტმა გადაიღო და პრემია მიიღო უცხოეთში.
ერთხელაც მორისთან ვართ სახლში და ჟღენტი მეუბნება, სიმღერა მინდა, – თამაშობს თბილისის „დინამო“,  კაპიტანი (ჩივაძე  იყო მაშინ კაპიტანი) იღლება, დაჯდება და ფიქრებს მიეცემაო… როიალი ჰქონდა მორისს, მივედი და დავუკარი, ექსპრომტად იქვე დავწერე… რა კარგია, ჩაწერეო… ჩავწერე, მორისმა ლექსი დაწერა, თემო წიკლაურმა იმღერა, საუკეთესო გამოვიდა.   უამრავი მსგავსი მაგალითის მოტანა შემიძლია.

ქართული ფეხბურთის ფანი ხართ. 1981 წელს დიუსელდორფშიც კი გაჰყევით თბილისის „დინამოს“… ხოლო როდესაც საკავშირო თასის ფინალში „დინამოელებმა“ ერევნის არარატი 3:0 დაამარცხეს და  პირველად დაეუფლნენ საპატიო პრიზს, მაშინ დაიწერა სიმღერა „დინამოდინამო
– იმ ღამეს  რა დამაძინებდა… მელოდიად დაიბადა ჩემი გულის ძახილი. მეორე დღესვე მორის ფოცხიშვილთან მივედი და მუსიკა მოვასმენინე… შესანიშნავი ლექსი დაიწერა. შემდეგ ალექსანდრე ბასილაიას ხელმძღვანელობით „ივერიამ”  ქვეყანას ამცნო ახალი სიმღერა.
– თბილისზე ბევრი სიმღერა შექმენით, მათ შორის „ყველასათვის ლეგენდავ და არაკო“, ფილმიდან „მზე შემოდგომისა“, რომელსაც ბუბა კიკაბიძე მღერის… რა არ  მოგწონთ დღევანდელ თბილისში?
– მახსოვს თბილისი 70-იან  წლებამდე პატარა ქალაქი იყო, ის ვაჟკაცური თვისებები, რაც მაშინ ხალხს ჰქონდა, სამწუხაროდ, დაიკარგა. იყო ურთიერთპატივისცემა, ერთ კაცს 10 არ დაარტყამდა, გოგონას გვერდით რომ მიდიოდნენ, არ აგინებდნენ, მანქანა რომ გაგიჩერდებოდა, აჩერებდნენ ტაქსის  მძღოლები და გეკითხებოდნენ, აბა, რა გაგიჭირდაო? ახლა ვის სცალია შენთვის?
დიდი თავკომბალა გახდა თბილისი, აირია – დაირია ყველაფრი. ის თბილისი აღარ არის. მაღალი, უსახური სახლებით იერსახე დაუკარგეს, აი სად არის კორუფცია. სხვის ჯიბეში არ ვიყურები, მაგრამ გული მტკივა, რომ თბილისი ასე დამახინჯდა. სამჯერ ვიყავი ბაქოში და გაოცებული ვარ, როგორ უვლიან აზერბაიჯანელები თავიანთ ქალაქს. გული მტკივა, ეს ულამაზესი, კოლორიტული ქალაქი მახინჯდება და კაცი არ არის პატრონი, რომ ხმა ამოიღოს. ახლა მთავარია დევიზი – თუ ფული გაქვს, პირველი ხარ…
– გამორჩეულია თქვენი ვოკალური ციკლები…
– 8 ვოკალ-ციკლი დავწერე, პირველად დავწერე შოთა ნიშნიანიძის ლექსებზე, მერე მოჰყვა – იოსებ გრიშაშვილის „თეატრალური ნიღბები“,  თეოდორ ტიუტჩევის, მორის ფოცხიშვილის,  ნიზამის, ანა კალანდაძის, მანანა დანგაძის, ტარიელ ჭანტურიას ლექსებზე… ვოკალ-ციკლები კიდევ გაგრძელდება.
– გვერდით გიდგათ მეუღლე – ასევე შემოქმედი, პოეტი მანანა დანგაძე
ვაჟა აზარაშვილი: – მეუღლე ჯერ კიდევ ბავშვობაში წერდა ლექსებს… მის ლექსებზე შეიქმნა ვოკალური ციკლი, რომელიც 7 ნაწილისგან შედგება. მანამდე მის ლექსზე სიმღერაც დავწერე – „ჩემო ქართულო მიწავ“. გუნდთან ერთად ვმღერივარ და ამ სიმღერით ვამთავრებ ხოლმე კონცერტებს. ისეთი ლექსი  და მუსიკაა, ხალხი ფეხზე დგება.
ნუნუ დუღაშვილმა, მაცაცო სებისკვერაძემ, მარიკა კვალიაშვილმა, გოგი ჩლაიძემ, მერაბ მერაბიშვილმა… დაწერეს მის ლექსებზე სიმღერები. ზოგი უკვე პოპულარული გახდა.

მანანა დანგაძე:
– საინტერესო,  ორიგინალური ციკლი გამოვიდა და, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. ზოგადად, მრავალი სიმღერა იწერება, რომლებიც უმეტესად მსუბუქი საესტრადო სიმღერებია. ეს კი უფრო სერიოზული მუსიკაა. საოპერო მომღერალი ასრულებს.
– შვილი – ნათია აზარაშვილი ცნობილი კონცერტმაისტერია, ასევე სამუსიკო ხელოვნების დოქტორი…
– ნათია წამყვანი კონცერტმაისტერია  ოპერაში და კონსერვატორიაში. მან წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტის  საერთაშორისო ეკონომიური ფაკულტეტიც.  ნათია საერთოდ მამას ჰგავს, მაგრამ მე მხოლოდ ერთ რაშიც დამემგვანა – არ უყვარს თავის გამოჩენა, მორიდებული და მოკრძალებულია. პროფესიაც ისეთი აირჩია, კონცერტმაისტერობა ძალიან რთული პროფესიაა, ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებს, მაგრამ მისი ნამუშევარი არ ჩანს…
ნათიას ძალიან ლამაზი ოჯახი აქვს, ჰყავს მეუღლე – არჩილ გოგსაძე, შვილები – 19 წლის თეკლა და 9 წლის ლევანი.
– ლექსების მეორე კრებულზე მუშაობთ….
– მეორე კრებულს ვამზადებ, საკმარისად დამიგროვდა ლექსები, მაგრამ იმდენად ბევრმა ლექსმა მოიყარა თავი, უნდა დალაგდეს, რასაც დასვენებული გონება და დრო სჭირდება. პირველ წიგნზე ამდენი არ მიფიქრია, უფრო ადვილად გამოვეცი, მეორეზე დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა გამიჩნდა, მინდა, რომ პირველზე უკეთესი იყოს.
– ორივე შემოქმედი ხართ. როგორ მუშაობთ, რაიმე ხომ არ არის ხელისშემშლელი?
– ვაჟა მიშლის ხელს… (იცინის). ლექსი ჩუმად და სიწყნარეში იწერება, საკუთარ თავთან მარტო რომ ვარ, მაშინ ვწერ. სახლი ვაჟას სამფლობელოა. მას აქვს დაკავებული ინსტრუმენტი. მუსიკა ჩუმად არ იწერება. ამ დროს მე ლექსს ვერ დავწერ. მე თუ ლექსს ვწერ, ჩუმად ვწერ და ვაჟას ხელს არ ვუშლი არასდროს.
გათხოვებამდე ვწერდი ლექსებს. როგორც კი გავთხოვდი, ვაჟა უკვე აღიარებული კომპოზიტორი და წარმატებული შემოქმედი იყო… მივხვდი, რომ ხელშეწყობა უნდოდა, არ გამოდიოდა, მე ლექსები მეწერა, ვაჟას –  მუსიკა, ასე სოფელი არ აშენდება-მეთქი, ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო ხელისშემწყობი. მარტივად, უპრობლემოდ დავდე კალამი და დავიწყე ვაჟას ცხოვრებით ცხოვრება. ამასობაში გავიდა 40 წელი. ვაჟას წარმატება წარმატებაზე ჰქონდა, ძალიან პროდუქტიულია, როგორც კომპოზიტორი, ბევრს მუშაობს, ეს არის მისი ცხოვრების მიზანი, დროს სხვა საქმისთვის არ აცდენს. ვაჟას შემოქმედებას და წარმატებას რომ ვუყურებდი, გული სიამაყით მევსებოდა, რომ ამ წარმატებაში ჩემი პატარა წვლილიც იყო და რომ  ჩემი პასიურობა გამართლებული იყო.
40 წლის მერე ტრაგედია დატრიალდა, გარდამეცვალა ძმა, დედა, მამა… ეს ყველაფერი მოკლე პერიოდში მოხდა. ამასობაში ვერ მოვასწარი იმის გაცნობიერება, რომ მარტო დავრჩი და შვილიშვილი თეკლა გაჩნდა. თეკლა იყო საოცრება. პირველი შვილიც და შვილიშვილიც სხვადასხვა განცდაა, ბედნიერი, გაუცნობიერებელი. მაგრამ თეკლა ჩემთვის მარტო პირველი შვილიშვილი კი არ იყო, ისეთი შეგრძნება მქონდა,  თითქოს ჩემი სამივე საყვარელი ადამიანის სულები განსხეულდა ამ პატარა არსებაში. ამან დამავიწყა ყველაფერი.

ნათია აზარაშვილი

ღმერთმა საშველად მომივლინა პატარა ანგელოზი… ეს ემოცია, ტკივილი, იმედი ისე აირია, წამოვიდა თეკლასადმი მიძღვნილი საბავშვო ლექსები… მანამდე არასდროს მიფიქრია, თუ ოდესმე საბავშვო ლექსებს დავწერდი.
ვეღარ გავჩერდი, სულ წერა მინდოდა. მერე ამას მოჰყვა სადიდო ლექსები… ამ ხნის განმავლობაში რაც სულში გროვდებოდა, ერთბაშად გადმოიღვარა.
დღემდე ასე ვარ… ჯერჯერობით ერთი წიგნი გამოვეცი, მას მერე, როცა თავისუფალი დრო მაქვს, სულ ვწერ. ეს, ძირითადად, შუაღამისას ხდება, როცა ოჯახის საქმეებისგან ვთავისუფლდები და საკუთარ თავთან განვმარტოვდები ხოლმე.
ისე კი, გულდაწყვეტით ვიტყოდი, რომ საქართველოში ხელოვნება აღარ არის პრიორიტეტული. თუ რამ კეთდება, ენთუზიაზმით, რადგან სხვანაირად არ შეგვიძლია.
– რატომღაც  ქართული ოპერებიც  აღარ იწერება…

ვაჟა აზარაშვილი:
– კონსერვატორიაში სწავლის დროს, როგორც კი იონა ტუსკიამ შემხედა, მაშინვე  მითხრა, შენ ოპერას დაწერო. ჯერ არ დამიწერია ოპერა, ამისთვის შეკვეთაა საჭირო…  როცა მუსიკალური კომედიის თეატრმა შემიკვეთა, 7 ოპერეტა დაიდგა მუსკომედიაში.
30 წელია არავინ ფიქრობს, რომ ქართული ოპერა და ბალეტი დაიწეროს. ქუთაისში 1982 წელს დაიდგა ჩემი დიდი ორმოქმედებიანი ბალეტი „ხევისბერი“. მაშინ ოთარ თაქთაქიშვილი იყო კულტურის მინისტრი,  მადლობა გვითხრა, რაზე გინდათ დაგიდებთ ხელშეკრულებასო. ახლა ვინ რას გეტყვის… ძალიან ძვირად ღირებული ხელოვნებაა, არ არის პრიორიტეტული. უწინ უკვეთავდნენ, ისინიც მუშაობდნენ, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომ დაფასდებოდა მათი შრომა.
დაინტერესება არ არის… მანდ კიდევ ორი რამაა. ერთი, რომ დაწერო ტრადიციული ამბებით, ფართო მსმენელს მოეწონება, მაგრამ კომპოზიტორებს, რომლებსაც უკვე მოდერნისტული მიმართულება აქვს, ვერ მოხიბლავს. საგონებელში ხარ ჩავარდნილი…

ისტორიული ჰერეთი. კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზო

თქვენ ხშირად მართავთ კონცერტებს საქართველოს რეგიონებში…
– ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ. მე ჩემს სიმღერებს არც ისე ცუდად ვმღერივარ (იღიმის), ზურაბ კობეშავიძე შემომიერთდა და დუეტებს ვასრულებთ. ჩემი მეუღლე მანანა დანგაძე კითხულობს თავის ლექსებს. იუმორისტი გვყავს ლადო ხელაშვილი, რომელიც ამ კონცერტების ორგანიზატორიც არის. უკვე ვიყავით  იმერეთში, კახეთში, ახლახან მოვიარეთ რაჭა-ლეჩხუმი, ლენტეხი და ცაგერი… ასე დავდივართ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მინდა ჩემი, როგორც ერთ-ერთი ქართველი კომპოზიტორის ხელოვნება გავაცნო მოსახლეობას.
– ჰერეთში ქართველობას  ნოტები ჩამოუტანეთ…
– ნოტები ჩამოვუტანე – სიმღერების პატარა კრებული, ასევე –  საფორტეპიანო პიესა „ნოსტალგია“,  მოსახლეობას დისკები ვაჩუქე – „მღერის და უკრავს ვაჟა აზარაშვილი“. გამიხარდა ქართული სული რომ ვნახე აქ. აუცილებელია ხშირად ჩამოსვლა, ყურადღება, მათი მიტოვება არ შეიძლება.
თბილისში  აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრიც არის, უამრავი მეჩეთი აქვთ, ლოცულობენ, არავინ არაფერს უკრძალავს. აქ რატომ უშლიან  ხელს მოსახლეობას ისტორიული წიგნებისა და სახელმძღვანელოების შემოტანაში?  რომელი საუკუნეა. კეთილი ინებონ და მოიქცნენ ისე, როგორც ეკადრება 21-ე საუკუნის ადამიანს.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები