2001 წელს პუტინმა ნინო ანანიაშვილი “მამულის წინაშე დამსახურებისთვის” დააჯილდოვა
„რუსეთის დამსახურებული არტისტის“ ნინო ანანიაშვილის საბჭოთა კარიერით და ქართული ბიზნესით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა.
როგორც გამოცემა წერს, “ნაციონალური მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მეორე მეუღლეს ნინო ანანიაშვილს ახალგაზრდობის მიუხედავად უკვე ჰქონდა მიღებული რუსეთის დამსახურებული არტისტის ტიტული. 1991 წლამდე ნინო ანანიაშვილი ცეკვავდა, ვაშაძე კი საბჭოთა დიპლომატიურ მივლინებებში დადიოდა.
„1991 წელს საბჭოთა კავშირი დაიშალა, ვაშაძემ და ანანიაშვილმა საბჭოთა პასპორტები შეცვალეს რუსეთის მოქალაქეობით. საბჭოთა ეპოქიდან საბაზრო ეკონომიკაში გადასვლამ ნინო ანანიაშვილის შემოსავლები გაზარდა, მითუმეტეს რომ გრიგოლ ვაშაძე მის მენეჯერობასაც ითავსებდა. 2001 წელს პუტინმა ნინო ანანიაშვილი დააჯილდოვა ორდენით “მამულის წინაშე დამსახურებისთვის”. იმავე პერიოდში ოჯახმა გადაწყვიტა რუსეთის გარდა საქართველოშიც წამოეწყოთ ბიზნესი, ამჯერად მეღვინეობის მიმართულებით. დაარსდა კომპანია “გრეგორი ვაშაძე & ბრ”, თუმცა ბიზნესმა ვერ გაამართლა.
სამაგიეროდ გაამართლა ოჯახის დამეგობრებამ სააკაშვილთან. სააკაშვილი დათანხმდა რუსეთის მოქალაქე ანანიაშვილისთვის გადაეცა საქართველოს მოქალაქის პასპორტი და “მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე” რომელშიც ბალერინას საბალეტო სკოლის გახსნა უნდოდა, სამაგიეროდ ანანიაშვილიც და ვაშაძეც რუსეთის მოქალაქეობის შენარჩუნების პირობით, გვერდში დაუდგებოდნენ სააკაშვილს. მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის გასხვისების გადაწყვეტილებას საზოგადოების იმდენად დიდი პროტესტი მოჰყვა, რომ მას ვერ უშველა ვერც მაშინდელმა მერმა, გიგი უგულავამ და ვერც პრეზიდენტის პიარ მანქანამ. თემა გაჩერდა, 7000-მა ბავშვმა შეინარჩუნა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. ნინო ანანიაშვილი კი იმდენად განაწყენდა, რომ მზად იყო საქართველოდან უკან, რუსეთში დაბრუნებულიყო. სააკაშვილმა დაძაბულობა განმუხტა და 2005 წელს ანანიაშვილს ოპერის და ბალეტის თეატრი, გრიგოლ ვაშაძეს კი საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის დეპარტამენტი ჩააბარა”, – წერს გამოცემა.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”