ლალი მოროშკინა: “მირზამ მითხრა, შენ რა, სამსახურიდან სახლში მიდიხარ?! რომანიც არ გაქვს ვინმესთანო”
ციხეში მირზა სუბელიანის საუბრის აუდიოჩანაწერები ბოლო დღეების ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ჩანაწერების იმ ვერსიაში, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა სხვა საინტერესო ინფორმაციასთან ერთად, ერთი მნიშვნელოვანი დეტალია… საუბარში მირზა სუბელიანი ახსენებს ვინმე „გიოს“, რომლის მეშვეობითაც მან პროკურატურას ციხის ბუნტის გახმაურებული საქმე გაახსევინა.
ვინ არის „გიო“? რა კავშირი ჰქონდა მირზა სუბელიანთან, ნორა კვიციანთან და ბაჩო ახალაიასთან? ამის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი” სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილ მრჩეველს ლალი მოროშკინას ესაუბრა.
გთავაზობთ, სკანდალური ჩანაწერის იმ ნაწილს, სადაც სწორედ ამ თემაზეა საუბარი. აი, რას ამბობს მირზა სუბელიანი “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში:
„ციხის ბუნტის თემა გაიხსენე, მე და გიომ გავხსენით ძმაო, მე და გიომ, ცხონებულმა. გიო შევუშვი ქურდებთან, ქურდები მყავს გაბ..ბული მაგის დედას შე..ცი, ქურდებს მივაცემინე ჩვენებები, უპრეცედენტო რაღაცა მოხდა, ვაბშე ისტორიაში რო არ ყოფილა, მარტო ერთი საქმე რად ღირს, მარტო იმ საქმეზე დაუყენეს ბაჩოს განაჩენი.”
როგორც ირკვევა, ჩანაწერში ნახსენები პიროვნება ნორა კვიციანის ყოფილი სიძე (ქალიშვილის ქმარი) გიორგი ავალიანია. ციხის ბუნტის დროს, ის კრიმინალური „ავტორიტეტის“ სტატუსით სარგებლობდა, 2014 წელს საპყრობილედან გათავისუფლების შემდეგ კი ავალიანი საბერძნეთში „კანონიერ ქურდად“ მონათლეს, თუმცა 2016 წლის ორ ნოემბერს ის საბერძნეთში 35 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„კანონიერი ქურდის“ ცხედარი საბერძნეთიდან საქართველოში გადმოასვენეს და სამშობლოში დაკრძალეს. დაკრძალვას არაერთი ცნობილი პირი დაესწრო, მათ შორის იყო მირზა სუბელიანიც. აღმოჩნდა, რომ „კანონიერი ქურდი“ და ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალჩინოსანი ბავშვობის უახლოესი მეგობრები იყვნენ, შესაბამისად, სუბელიანის მიერ ფარულ აუდიოჩანაწერში ნათქვამი: „ციხის ბუნტის თემა მე და გიომ გავხსენით“, რეალობისგან შორს არ უნდა იყოს.
2006 წელს, ციხის ბუნტის დროს კრიმინალური „ავტორიტეტი“ მართლაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა და 20 წლიან სასჯელს იხდიდა, თუმცა ბუნტის საქმეზე მას სასჯელი კიდევ უფრო დაუმძიმდა და საბოლოოდ 26 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. მაშინ გიორგი ავალიანი სხვა პატიმრებთან ერთად სასტიკად სცემეს. 2013 წელს ამ ფაქტზე ხელახალი გამოძიების ფარგლებში სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია და ამავე უწყების სხვა მაღალჩინოსნები.
-ლალი, როგორ ფიქრობ, რა კონტექსტში იყო ნახსენები გიორგი ავალიანი სკანდალურ აუდიოჩანაწერებში… მართლა ალაგებდა მირზა სუბელიანი მისი მეშვეობით რაღაც თემებს?
– არანაირი დალაგება გიორგის მეშვეობით არ ყოფილა. ის გახლდათ მირზას ბავშვობის მეგობარი. მირზას ძალიან ვაჟკაცური მხარე არის, რომ ის არ წირავს მეგობრებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი გზები გაიყო – ერთი წავიდა პოლიციურ სტრუქტურაში და მეორე კრიმინალური გზით, მირზა მას ბოლომდე ვერ წირავდა. ძალიან უყვარდა და უზომოდ განიცადა მისი გარდაცვალება. აქ არანაირ დალაგებაზე საუბარი არ ყოფილა. ტყუილია, რომ ქურდების მეშვეობით ლაგდებოდა ციხეებში რაიმე. ეს ადამიანები პრაქტიკულად ძმებივით იყვნენ გაზრდილები. საქართველო პატარა ქვეყანაა, ბევრი მაგალითი ვიცით, როდესაც ერთ ოჯახში ყოფილან ზვიადისტებიც და შევარდნაძისტებიც, ქოცებიც და ნაცებიც… ზუსტად ასევე იყო. სვანეთი მით უფრო პატარაა და ერთი საახლობლოდან შეიძლება იყვნენ პოლიციელიც და „კანონიერი ქურდიც“. მაგალითად, ერთი ცნობილი უფლებადამცველია, უბრალოდ არ მინდა მისი სახელი და გვარის დასახელება, ყველა კარგადს იცნობს და ხშირად ჩნდება ტელეთერში, მისი ძმა გახლავთ „კანონიერი ქურდი“, თავად კი წარსულში სასჯელაღსრულების სისტემაშიც მუშაობდა და ახლაც „ნაციონალების“ ერთ-ერთ საყვარელ ენჯეოს წარმოადგენს. ასე რომ ასეთი ურთიერთობები არსებობს და გასაკვირიც არ არის, რადგან ეს არის საქართველო, პატარა ქვეყანა ვართ. დღეს მირზას დადანაშაულება, რომ ის „კანონიერი ქურდებით“ მართავდა ციხეს სრული აბსურდია. ჯერ ერთი მირზას ციხების მართვა იმ პერიოდში საერთოდ არ ეხებოდა. ციხეში თუ ვინმე შედიოდა, ეს ვიყავი მე. გენერალური ინსპექცია ამოწმებდა მხოლოდ თანამშრომლების მუშაობას.
-თუმცა ამბობენ, რომ ბევრი დანაშაული, რომელიც უშუალოდ ციხესთან იყო დაკავშირებული, სწორედ გენერალაური ინსპექციის და მირზა სუბელიანის ჩართულობით გაიხსნა… მათ შორის ციხის ბუნტის საქმე, სადაც ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი სწორედ გიორგი ავალიანი იყო…
-რა თქმა უნდა, გიორგი ფიგირირებს ამ საქმეში, რადგან ბუნტის დროს მან ბაჩო ახალაიას ყბა მოტეხა. ცხადია, ის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი იყო. გიორგი ისე სცემეს რომ დააინვალიდეს, ყველა ძვალი გადატეხილი ჰქონდა და ციხე ინვალიდის ეტლით დატოვა. ის 2016 წელს საბერძნეთში გარდაიცვალა სწორედ ამ მიყენებული ტრავმების გამო. ციხიდან ამინისტიის შედეგად გათავისუფლდა და როგორც ხდება ხოლმე, მაშინვე ქვეყნის დატოვება მოუწია, თუმცა მანამდე მომინახულა, რადგან აი იმ პერიოდში ჩვენ საკმაოდ ნორმალური ურთიერთბა ჩამოგვიყალიბდა. გიორგი ემზადებოდა ურთულესი ოპერაციისთვის, ბერძნულმა მხარემ დაუფინანსა კიდეც ეს ოპერაცია, მაგრამ სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მირზა მას ძალიან უთანაგრძნობდა, ისინი იყვნენ უახლოესი ძმაკაცები. დათა თუთაშხიას მსგავსი ამბავია დაახლოებით.
-თავად ამ ჩანაწერზე რას იტყვი… ფაქტია, რომ სუბელიანი ძალიან სერიოზულ თემებზე საუბრობს და მათ შორის ახსენებს „კანონიერ ქურდებს“…
-ბევრი რამ, რაც ამ ჩანაწერებში ისმის, არის ფაბრიკაციის ნაწილი, მაგრამ არის თემები, რომელზეც მირზას ნამდვილად შეეძლო ესაუბრა. ის ახლა არ არის კარგ მდგომარეობაში. სამ კაცში ნაჭორავებს ჰგავს ეს ჩანაწერი, ცოტა ბაქი-ბუქი, ცოტა გადამეტებული…
-პირადად შენ როგორი ურთიერთობა გქონდა სუბელიანთან?
-მე და მირზა არ ვიყავით მეგობრები, პირიქით, ჩვენ ერთმანეთს ვმტრობდით. ის იყო ჩემი დანიშვნის წინააღმდეგი, მე ვიყავი მისი დანიშვნის წინააღმდეგი. იგი გახლდათ 26 მაისის საქმის პროკურორი, მე კი ამ მოვლენებით დაზარალებული, შესაბამისად ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ვერანაირად ვერ დაემთხვეოდა. უფრო მეტიც, ექსკლუზიურად გეტყვით, რომ ჩვენი ერთობლივი, დაძაბული მუშაობიდან ნახევარი წელი იქნებოდა გასული, როდესაც მან მითხრა: „კი მაგრამ, დაიღალნენ ჩემი ბიჭები შენი დევნით, შენ რა სამსახურიდან მართლა მარტო სახლში მიდიხარ, ან რომანიც არ გაქვს ვინმესთანო“. ანუ, მან პირდაპირ და გულწრფელად მითხრა რომ ჩემზე თვალთვალს ახორციელებდა. ანუ, მე ვიცოდი, რომ ის მისმენდა, ახორციელებდა ჩემს მიყურადებას და ბოლოს ნახევარი წლის შემდეგ ადგა და პირდაპირ სვანურად მითხრა ეს. მინდა გითხრათ, რომ ამის შემდეგ უფრო დავმეგობრდით, რადგან პირდაპირობას ადამიანში ძალიან ვაფასებ. როდესაც ხორავას ქუჩის უბედურება მოხდა, მირზა თავისი ფეხით მიდიოდა ციხეში. მე დავურეკე. მითხრა, რომ ყველაზე ნაკლებად ახლა ჩემ ზარს ელოდა. მე მას ვუთხარი – ძალიან ვაჟკაცურად იქცევი, როდესაც შესაძლებლობის მიუხედავად ქვეყანა არ დაგიტოვებია და კაცურად მიდიხარ სასჯელზეთქო. თვითონ მითხრა, რომ შენც ხომ კარგად იცი რომ მე არც არანაირი ფაილები მაქვს და არც არანაირი კომპრომატებიო. მთხოვა, რომ როდესაც მოხდებოდა მისი დაკავება, აუცილებლად შევსულიყავი მასთან საკანში.
-აპირებ მონახულებას?
-სამართლებრივად რამდენადაც შესაძლებელი იქნება, აუცილებლად მინდა მოვინახულო, ასეთი სურვილი გამოითქვა მისი ოჯახისგანაც. ვიცი, რომ ჩემთვის რაღაც მნიშვნელოვანი აქვს სათქმელი.
-ციხის ბუნტის საქმეზე გიორგი ავალიანის, ანუ როგორც შენ ამბობ მირზა სუბელიანის ძმაკაცის ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ, რამდენად სარწმუნო უნდა ყოფილიყო?
-ანუ მოსთხოვა თუ არა, ან აიძულა თუ არა მირზამ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენება? მაშინ უნდა იცნობდე გიორგი ავალიანს. ის იყო ადამიანი, რომელსაც ვერავინ, მათ შორის ოჯახის წევრიც კი ვერაფერს აიძულებდა და სთხოვდა. თუ ასეა, მაშინ გიორგი გაითვალისწინებდა მირზას ათასგზის თხოვნას და უარს იტყოდა „კანონიერ ქურდობაზე“. მე თვითონ ვარ შემსწრე ამ ყველაფრის. გიორგი რომ გამოვიდა ციხიდან და საბერძნეთში წავიდა, იქ მოინათლა „კანონიერ ქურდად“. ერთია კრიმინალური „ავტორიტეტი“, მეორე უშუალოდ „კანონიერი ქურდის“ სტატუსი, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო მირზა.
-მაშინ რას ნიშნავს ფრაზა – „მე და ცხონებულმა გიომ გავხსენით ეს თემა“?
-ეს არის ოთხ კედელში გამომწყვდეული, დაკნინებული ფსიქიკის მქონე ადამიანის საუბარი. ჩვენ რომ ჩამოვჯდეთ გამორთული დიქტოფონის ფონზე და დავიწყო ბაქი-ბუქი ბევრ რამეზე, რაც გამიკეთებია და არც არ გამიკეთებია, დაახლოებით იგივე სიტუაციაა. მე ვიცნობ მირზას და ეს მას ახასიათებს. მე მის ადვოკატად არ გამოვდები, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა.
-რა მიზნით მოგინახულა გიორგი ავალიანმა ციხიდან გათავისუფლების შემდეგ?
-მე ყველა პატიმართან მქონდა ახლო ურთიერთობა. როდესაც ისინი ტოვებდნენ საპყრობილეს, ციხის ტერიტორიაზე ხდებოდა ხომ ეს, მოდიოდნენ ჩემთან და მემშვიდობებოდნენ. ისე მოხდა, რომ მე ვიყავი ერთადერთი, ვინც შევიდა ქურდების ციხეში. იქ მყოფი პატიმრები უფლებადამცველებსაც კი არ უშვებდნენ ხშირად შიგნით. ამ მენტალიტეტის ადამიანები როგორც წესი არ ურთიერთობენ პაგონებიან ხალხთან, სამინისტროში მე ვიყავი ერთადერთი სამოქალაქო პირი, რომელსაც მათთან კომუნიკაციის უფლებამოსულება მქონდა. შესაბამისად, თუ ვინმეს რამე უჭირდა მხოლოდ მე მესაუბრებოდნენ. დამშვიდობებისას მე მას ვუთხარი – გიორგი ვიცი რასაც აპირებ და იქნებ გადაიფიქროთქო, იმიტომ რომ გზა რომელიც მან აირჩია არ იყო მარტივი გზა. ნუ გაიფუჭებ ცხოვრებასთქო. სხვათაშორის იგივე ვუთხარი მის მეუღლეს, რომ ძალიან რთული გზა აირჩია, როდესაც გიორგის გაყვა ცოლად.
წყარო: გაზეთი პრაიმტაიმი”