ნონა გაფრინდაშვილი: სააკაშვილი სასწრაფოდ, ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ

“სააკაშვილი საქართველოს ისტორიაში მკვლელის სახელით შედის”, – ამ სათაურით გაზეთი “ასავალ-დასავალი” დღევანდელ ნომერში ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონთან და ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსთან, ნონა გაფრინდაშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. როგორც ნონა გაფრინდაშვილი ინტერვიუში აცხადებს, იგი დარწმუნებულია, რომ ბიზნესმენ პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზების შესახებ ინფორმირებული იყო მაშინდელი გენერალური პროკურორი და ამჟამად ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.
“არასოდეს შემპარვია ეჭვი, რომ ბადრი მოკლეს! სააკაშვილი რომ ვერ იტანდა და მისი ძალიან ეშინოდა, ეს იმთავითვე ცხადი იყო, მაგრამ რაც მოვისმინე, შოკში ვარ. ის, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა ბადრის მკვლელობას გეგმავდნენ, ჩვენ ვიცოდით. ერთ პიროვნებას ხელში ჩაუვარდა სააკაშვილის ერთ-ერთი ბანდიტის, თუ არ ვცდები “მასტერას” სატელეფონო საუბარი ვიღაც ჩეჩენ ტერორისტთან და ფირი მოგვიტანა, მაგრამ მთელი სახელმწიფო მანქანა, სააკაშვილის ბოროტების ბუდე თუ ამ დონეზე იყო “მოქოქილი” ბადრის მოსაკლავად, კიდევ ვერ წარმოვიდგენდი. ხომ გეუბნებით, მოსმენილით, ნანახითა და განცდილით შოკში ვარ”, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი.
ამავე ინტერვიუში გაფრინდაშვილი მიხეილ სააკაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის დაპირისპირებას იხსენებს.
“სააკაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის “შავმა კატამ” მას შემდეგ გაირბინა, რაც 2005 წლის თებერვალში ზურაბ ჟვანია მოკლეს! ბადრი ზურაბ ჟვანიასთან მეგობრობდა და ეჭვი არ ეპარებოდა, რომ ჟვანია სააკაშვილმა მოკლა! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ბადრი პატარკაციშვილი სააკაშვილს დაუპირისპირდა და სხვა ბანაკში აღმოჩნდა. ბადრი სააკაშვილს მეგობრის მკვლელობას არ პატიობდა! ეს ძალიან შინაურული წრეებიდან ვიცი. სხვათა შორის, ამ ჩანაწერებიდანაც ჩანს, რომ სააკაშვილის ბანდამ ჟვანია მოკლა! იქ არის ერთი ფრაზა, სადაც ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზეა ლაპარაკი! “ – აცხადებს გამოცემასთან ნონა გაფრინდაშვილი.
ამავე ინტერვიუში ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” ბრალია, რომ დღეს “ნაციონალური მოძრაობის” “ბანდა”, ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის.
“ეს ბანდიტები, მკვლელები და ნაძირლები რომ ბოგინობენ და ქვეყნის განვითარებას ხელს უშლიან, “ქართული ოცნების” ბრალია. ციხიდან ამბავი გამოვიდა, მერაბიშვილისთვის უკითხავთ, დღეს რომ ისევ მინისტრი იყო და 26 მაისის აქცია იმართებოდეს, რას იზამო? – ისევ იმას გავიმეორებო! – ესენი არიან მანიაკები და ამათი გამოსწორება წარმოუდგენელია!
“რუსთავი 2 “-ს არ ვუყურებ, რადგან მიმაჩნია, რომ ნიკა გვარამია ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევა. ხომ გახსოვთ, რას შვრებოდა, როცა გენპროკურორის მოადგილე იყო? თვითონ შეადგინა ტექსტი, თვითონ გადაიღო ბინძური ფილმი ბადრისა და დანარჩენი ოპოზიციის შესახებ და მთელი ქვეყანა რუსეთის აგენტებად გამოაცხადა. სააკაშვილი სასწრაფოდ, ბორკილებით უნდა ჩამოიყვანონ და პასუხი აგებინონ”, – აცხადებს ნონა გაფრინდაშვილი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები