„საქართველო ამოუწურავი თემაა ხელოვანისთვის“ – ალეკო აჭარაძის ულამაზეს ფერთა პალიტრა
მისი ბავშვობა ნაცრისფერი 90-იანებიდან იწყება, სადაც ცოტა სიხარული იყო. წართმეული ბავშვობის თაობად მოიხსენიებს თავს და ხატვის დაწყებასაც ამას უკავშირებს.
ჯერ იაკობ ნიკოლაძის სასწავლებელში, შემდეგ სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. მრავალი დაბრკოლების მიუხედავად, ცდილობს, ინტენსიურად ხატოს. ხშირად მონაწილეობს გამოფენებში. მისი ნამუშევრები გამოფენილი იყო ნიუ–იორკში, კიოლნში… სამომავლოდ პერსონალური გამოფენის მოწყობასაც გეგმავს. – ალეკო აჭარაძის პერსონა.
– მოგეხსენებათ, 90 -იანების ბავშვი ვარ და ყველაზე მეტად, ასე ვთქვათ, „ბნელი 90- იანები“ დამამახსოვრდა – ნავთქურა, შებოლილი კედლები, ლამფის შუქი და პურის რიგები ყაზბეგის გამზირზე.
მახსოვს დელისის მეტროდან გადმოჭიმული ხაზებით განათებული ცალკეული სახლები ვაჟას პირველ კვარტალში, დაბალი ძაბვის შუქი აქა-იქ ანათებდა, ბჟუტავდა და შორიდან ვაკვირდებოდით, ბევრს ვმსჯელობდით, ეს ლამფის შუქი იყო თუ ნათურის. მოკლედ, ბავშვობიდან, ძირითადად, ნაცრისფერი და გამურული ფერები მახსოვს.
ასევე მაქვს სოფელი კახეთში, რაც სრულიად განსხვავებული იყო იმდროინდელი თბილისისგან. იქ მრავალფეროვნება და სიხარული იყო, ძალიან მიყვარდა სოფელში ჩასვლა ისე, რომ თბილისში აღარ მინდოდა დაბრუნება.
– მე-60 სკოლა დაამთავრეთ...
– სკოლის პერიოდში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, იგივე 90 -იანები იყო. მგონია, რომ ჩემს თაობას წართმეული ბავშვობა გვაქვს, ალბათ ამან დამაწყებინა ხატვა.
– პირველი ნახატები…
– სწორედ სკოლის პერიოდში, გაკვეთილების მსვლელობის დროს ვხატავდი რვეულის ბოლო ფურცელზე, რომ არ მყოფნიდა, ბოლო სამ ფურცელსაც მივაყოლებდი,ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ვხატავდი სხვა რეალობას, იმ რეალობას, რომელშიც ცხოვრება გვინდოდა ყველა ბავშვს და ასე გაგრძელდა 9 კლასი, თუმცა სახლში მხატვარი და წინაპარი არავინ მყავდა.
– იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდით…
– 9 კლასის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე, სერიოზულად გავყოლოდი ამ საქმეს და ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სახელობის კოლეჯში, სადაც უკვე პროფესიონალურ დონეზე დავიწყე ყველაფრის შესწავლა, რაც კი ხატვას და ხელოვნებას შეეხებოდა. ამიტომ ის 4 წელი ყველაფრით საინტერესო იყო. იქ გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი, ჩემი თანატოლები, უნიჭიერესი მხატვრები, რომლებიც ახლა წარმატებულ და უძლიერეს თანამედროვე ქართველ მხატვრებად ითვლებიან. ახლა, რა თქმა უნდა, არ შემიძლია, არ გავიხსენო პედაგოგები, რომლებიც მხოლოდ პედაგოგები არ იყვნენ, არამედ – კარგი მეგობრები და ახლაც ვმეგობრობთ.
ნიკოლაძის სასწავლებელში პირველად ვეზიარე ზეთით ხატვას, რამაც ძალიან გამიტაცა. მომეწონა ზეთის საღებავების სიმსუყე და ის საშუალებები, რამაც შეიძლება მოგცეს, ფერის სიღრმე. სამწუხაროდ, ახლა ნიკოლაძეს სასწავლებლის სტატუსი აღარ აქვს და აღარ გრძელდება ის უნიკალური სკოლა, რაც, მართლაც, უამრავ ნიჭიერ ხელოვანს ზრდიდა.
– სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე სწავლობდით…
– ნიკოლაძის სასწავლებლის შემდეგ შემდეგ მოვიდა აკადემიის დროც, სადაც უკვე კარგად მომზადებული მივედი და უფასო სწავლებაზე მოვეწყე. აქ უდიდესი მხატვარი გივი თოიძე იყო ჩვენი ხელმძღვანელი, თოიძემ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მისი სწავლის მეთოდმა. აკადემიაშიც, ნიკოლაძის მსგავსად, ასევე დიდი სითბო ტრიალებდა. აქ ყველა ყველას იცნობდა და ერთი დიდი ოჯახივით ვიყავით. ეს იყო ხელოვანი ხალხის ოჯახი. ყველას ერთ პრობლემა და სიხარული გვქონდა, ფანქარი, ტილო, საღებავი… აქ ვეზიარე მართლაც იმ „მუღამს“, რაც ხელოვან ადამიანს უნდა ჰქონდეს. ეს არის ხელოვნების ერთგულება და ამ საქმის უღალატობა, რასაც ძალიან ვცდილობ.
ამდენი დაბრკოლების მიუხედავად, არ ვჩერდები, წვალებ- წვალებით ვახერხებ, რომ ყოველდღე ერთი ნამუშევარი, თუნდაც ესკიზი გავაკეთო, რომ მშვიდად დავიძინო.
– გიყვართ ქართული პეიზაჟების დახატვა…
– საქართველო ამოუწურავი თემაა ხელოვანისთვის. ერთ-ერთი თემაა პეიზაჟი. ბუნებაში ყოფნა და სიმშვიდე მიყვარს, რაც იქ არის და აქედან შემიყვარდა პეიზაჟები, ამ სილამაზის, სიმშვიდის და უწყინარობის გამოცემა.
– ორიგინალური ხელწერა ჩანს ძველი თბილისის ხედებზე…
– ასევე თბილისი,რომელიც ამოუწურავია ჩვენთვის თავისი კონტრასტებით. საქართველო ზოგადად კონტრასტებით სავსე ქვეყანაა, ამდენი არაქართული ეროვნების ხალხი ცხოვრობს აქ მეგობრულად და ბედნიერად, თბილისში განსაკუთრებით.
დიდი ისტორია აქვს თბილისს და ამ ყველაფრის კვალი ძალიან კარგად ჩანს, თუნდაც თბილისურ მოტივებზე, შენობებზე.
თბილისში არ მომწონს ძალიან ბევრი მანქანა, და ის, რომ საერთოდ არ ვუფრთხილდებით, ვამახინჯებთ ბეტონის ჯუნგლებით, ძველი ფოტოები რომ ჩნდება სოციალურ ქსელში, თბილისი კორპუსების და ჭუჭყის გარეშე – აი, ისეთი თბილისი მინდა.
– დაძაბული გრაფიკი გაქვთ, ოჯახი… სამსახური, დროის დეფიციტი, მაინც ხატავთ… როდის ხართ პირისპირ შთაგონებასთან?
– ეს ძალიან რთულია, მე საჯარო სამსახურში ვმუშაობ და, ბუნებრივია, ძალიან უარყოფითად მოქმედებს ჩემს შთაგონებაზე, დროის მხრივაც. ერთი სიტყვით, მიშლის ხელს, ამის მიუხედავად, მაინც ვახერხებ და არ ვიცი, რატომღაც არ ვჩერდები. სახელოსნო სულ მაქვს და ინტენსიურად ვმუშაობ, შთაგონების პირისპირ მაშინ ვრჩები, როცა სამსახურში არ ვარ.
– საინტერესო ფერების ჰარმონიას ქმნის თქვენი ნატურმორტები, გაზაფხულის აყვავებული ხეები… წელიწადის რომელი დრო გიყვართ?
– რა თქმა უნდა, ზაფხული,ზოგადად წყალი მიყვარს, ცურვა, ზღვის უბრალოდ დაკვირვებაც კი სიმშვიდეს მაძლევს, მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველა დროს თავისი ხიბლი აქვს, წელიწადის ყველა დრო საყვარელია ნიუანსებით, ფერებით, შთაგონებით.
– როგორ მოდის შთაგონება, რა გჭირდებათ ამისთვის?
– ხასიათის მიხედვით, ხან მარტოობა მჭირდება, ხანაც ხალხმრავლობა, სიმშვიდე, ახლობელი ადამიანების ჯანმრთლობა და მათგან კარგი ამბების გაგება.
– ოჯახი…
– მეუღლე ოლია და ორი შვილი – ირაკლი და ლიზი. ირაკლი 8 წლისაა, ლიზი კი 3 წლის. მეუღლე სულ სხვა სფეროში მოღვაწეობს, თუმცა ძალიან უყვარს ხელოვნება, ბავშვები ცელქები არიან, ხშირად მიწევს მათთან ყოფნა, რაც ცოტა ხნით მავიწყებს ყოველდღიურ პრობლემებს და მაფიქრებინებს, რომ ყველაფერი კარგად არის, ხშირად დავსვამ ხოლმე მაგიდასთან და ბედნიერები აკვარელით ხატავენ.
– ჰობი…
– მიყვარს ფილმების ყურება, კარგი ხარისხიანი ნამუშევარი, ეკრანზე გადმოტანილი ბიოგრაფიები.
– მრავალი ჯგუფური გამოფენის მონაწილე ხართ… თქვენი ნამუშევრები გამოფენილი იყო ნიუ–იორკში, კიოლნში… პერსონალურ გამოფენაზეც ფიქრობთ ალბათ…
– რა თქმა უნდა, ვფიქრობ, უკვე კარგა ხანია, მაგრამ თავს ვიკავებ, მგონია, რომ უფრო საფუძვლიანად უნდა ვიმუშავო, უფრო დიდი დრო დავუთმო, თუმცა შეიძლება სპონტანურადაც გაკეთდეს დიდი დაგეგმვების გარეშე.
– სამომავლო გეგმები...
– უპირველესად, მინდა, ბავშვებს სწორი გზისკენ მიმართულების მონახვაში დავეხმარო, ასევე – ბევრი ვხატო და გადავერთო მხოლოდ ამ საქმისკეn.
თამარ შაიშმელაშვილი