ვანო ჩხარტიშვილი ზაზა ოქუაშვილზე: გაუგებარი, არათანამიმდევრული და არაპროგნოზირებადი ადამიანია, რომელიც წინა დღეს რაღაცაზე ხვეწნით დაგითანხმებს და მეორე დღეს არათუ პირს გიცვლის, რაზეც დაგითანხმა, იმ შეთანხმებას შეუტევს
“15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის დემპინგი ანუ არაკეთისლინდისიერი კონკურენციის მოდელი, როდესაც ტრანსნაციონალური მეგაკორპორაციები საკუთარ პროდუქციას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან, რათა ჩვენ ვერ გავუძლოთ კონკურენციას და გავკოტრდეთ. როდემდე იმუშავებს ჩვენი მასშტაბის საწარმო წაგებაზე? მილიარდიან კორპორაციებს ამის საშუალება აქვთ – მათ შეუძლიათ წლები იმუშავონ წაგებაზე, რათა განდევნონ ადგილობრივი მწარმოებელი და როდესაც მონოპოლიურად დაეპატრონებიან ბაზარს, ყველა დანაკარგს ერთბაშად ამოიღებენ.” – აცხადებს “აიპრესთან” ვანო ჩხარტიშვილი.
ბატონო ვანო, გუშინ რუსთავი 2-მა გაავრცელა მორიგი ფარული ჩანაწერი თქვენი მონაწილეობით, სადაც თქვენი და რუსეთის ხელიხუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების ურთიერთობაზეა საუბარი. ადასტურებთ თუ არა გავრცელებული აუდიოჩანაწერის შინაარსს?
რაოდენ აბსურდულიც არ უნდა იყოს ამ ფარული ჩანაწერის შინაარსი, რაც გუშინ გამოაქვეყნა რუსთავი 2-მა და როგორი ცდუნებაც არ უნდა არსებობდეს, დასცინო ამ უნიჭო ფარსს (რაც მოახერხა კიდეც ჩემმა ოფისმა), საქმე სულ სხვანაირად დგას: სააკაშვილი-გვარამია-ოქუაშვილის დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ ჩემი დისკრედიტაცია განიზრახეს იმ მიზნით, რომ მოეხდინათ პრევენცია და ფასი დაეკარგათ იმ სიმართლისთვის, რომელიც, როგორც ჩანს, ან არ იცოდა ან არ თქვა გუშინდელ ინტერვიუში თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაჩიაშვილმა.
რას გულისხმობთ?
ტრიუმვირატი დარწმუნდა, რომ ფარდა ეხდებოდა იმ ავანტიურისტულ სქემას, რომელიც თავის დროზე ქართული მეთამბაქოეობის აღორძინების კეთილშობილური იდეით შეიფუთა და ბოლოს ამ იდეის ჩაკვლით და ტრანსნაციონალური კორპორაციაზე მისი მიყიდვით დასრულდა. ამიტომ იჩქარეს ჩემი დისკრედიტაცია და ამ გზით სცადეს სიმართლის დევალვაცია.
გიორგი ბაჩიაშვილის ინტერვიუში მსგავსი არაფერი იყო ნათქვამი. ის უბრალოდ საუბრობდა ბიზნესპროექტზე, რომელიც არ განხორციელდა და რომლის დაფინანსებასაც ბიძინა ივანიშვილი აპირებდა. ითქვა აგრეთვე, რომ თქვენ, ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილიც მონაწილეობდით პროექტში. ბაჩიაშვილი ადასტურებს, რომ პროექტი არ მოსწონდა, თუმცა ამ პროექტის სკანდალურობაზე ან ფარულ მიზნებზე არაფერი უთქვამს. იქნებ უფრო დეტალურად განგვიმარტოთ რას გულისხმობთ?
მაშინ ცოტა შორიდან უნდა დავიწყო…
15 წელია თამბაქოს ინდუსტრიაში ვარ და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ეროვნული წარმოება აწყდება, ეს არის დემპინგი ანუ არაკეთისლინდისიერი კონკურენციის მოდელი, როდესაც ტრანსნაციონალური მეგაკორპორაციები საკუთარ პროდუქციას თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასად ყიდიან, რათა ჩვენ ვერ გავუძლოთ კონკურენციას და გავკოტრდეთ. როდემდე იმუშავებს ჩვენი მასშტაბის საწარმო წაგებაზე? მილიარდიან კორპორაციებს ამის საშუალება აქვთ – მათ შეუძლიათ წლები იმუშავონ წაგებაზე, რათა განდევნონ ადგილობრივი მწარმოებელი და როდესაც მონოპოლიურად დაეპატრონებიან ბაზარს, ყველა დანაკარგს ერთბაშად ამოიღებენ.
ფაქტია ისიც, რომ სახელმწიფო ეფექტურად ვერ ებრძვის ამ პრობლემას და ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე გვამყოფებს ადგილობრივ მწარმოებლებს. დაახლოებით ორი წლის წინ გაჩნდა პერსპექტივა, რომ ამ პრობლემას მოევლებოდა, როდესაც დამიკავშირდა ზაზა ოქუაშვილი და მითხრა, რომ მან ლევან ყიფიანის შუამდგომლობით მოახერხა დაეყოლიებინა ბიძინა ივანიშვილი, რათა მას განეხორციელებინა მრავალმილიონიანი ინვესტიცია ქართული თამბაქოს აღორძინების საქმეში, რაც გვაძლევდა შანსს ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე გვეწარმოებინა სიგარეტი. როგორც ჩანს, ზაზა ოქუაშვილმა სწორად მოუძებნა გასაღები ბიძინა ივანიშვილს. საყოველთაოდ ცნობილია მისი დამოკიდებულება დათო ყიფიანისადმი და ასევე, მისი ზრუნვა ჩვენი თანამემამულეების დასაქმებაზე, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობიოს დარგში. პროექტი ხომ ლაგოდეხსა და აჭარაში თამბაქოს პლანტაციების გაშენებას ითვალისწინებდა, რაც უამრავ ადამიანს დაასაქმებდა და ჩვენ, მწარმოებლებს, მოგვცემდა საშუალებას ხარისხიანი ნედლეულის ბაზაზე გვეწარმოებინა ფართო ასორტიმენტის პროდუქცია, მათ შორის საექსპორტო პოტენციალის.
მაგრამ ამ პროექტის მთავარი ღირებულება იყო ის, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებდა ვალდებულებას, რომ “ფილიპ მორისის” და ბრიტიშ ტობაკოს” მხრიდან აგრესიული დემპინგის პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში, ადგილობრივ მწარმოებლებს შეგვეძლებოდა დოტაციურ ფასებში მიგვეღო თამბაქო, რათა დაგვებალანსებინა ბიზნესი და ეს დოტაცია შეიძლება 100 პროცენტიანიც კი ყოფილიყო, ანუ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებდა ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, უფასოდაც კი მიგვეღო ნედლეული, რათა გავმკლავებოდით ინდუსტრიის ვეშაპების არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.
ეს იყო ამ ახალი პროექტის ფინანსური უსაფრთოების ბალიში, რომელიც პირველ ეტაპზე 20 მილიონ დოლარს შეადგენდა და ამ ტვირთს პირადად ბატონი ბიძინა იღებდა. ეს იმდენად მომხიბვლელი რამ იყო, რომ მე სიამოვნებით დავთანხმდი ამ ბიზნესში თანამონაწილეობას და მზადყოფნა გამოვთქვი არათუ ჩემი კუთვნილი 2 მილიონი დოლარი შემეტანა კაპიტალში, არამედ ოქუაშვილის მაგივრადაც დამედო ფული, როცა მან სიტუაციის გაჯანჯლება და ვაჭრობა დაიწყო. მაგრამ როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ოქუაშვილს ეს პროექტი არა ქართული წარმოების გადასარჩენად, არამედ მეგაკორპორაციებთან სავაჭროდ სჭირდებოდა. ყიფიანს რომ ბიზნესის 100 პროცენტს ჰპირდებოდა და ასე უქმნიდა მოტივაციას, შეეწუხებინა ივანიშვილი, ესეც მისი მზაკვრული გეგმის ნაწილი იყო.
ასეც მოხდა, მიიღო თუ არა პროექტის განხორციელებაზე ბიძინა ივანიშვილის გარანტია, მან დაიწყო საკითხების გაჯანჯლება, რადგან როგორც გაირკვა, პარალელურად ეს პროექტი ფილიპ მორისისთან ჩაიტანა და მიჰყიდა მათ, ანუ ფული ამ პროექტის ჩაშლაში გამოართვა. სწორედ ამიტომ ჩავარდა ეს პროექტი, რომელიც მართლა არ მოსწონდა ბაჩიაშვილს, რადგან უფრო ქველმოქმედების ელემენტებს შეიცავდა, ვიდრე წმინდა ბიზნესმოდელის.
ბაჩიაშვილი სხვა რამეს ამბობს, ის ხაზს უსვამს, რომ თქვენ არ დებდით ფულს. რასაც გიორგი ყვება, არ მოდის წინააღმდეგობაში, იმასთან რასაც მე ვამბობ, რადგან ბაჩიაშვილი არასოდეს შეხვედრია ოქუაშვილს და არ გამოუცდია მასთან ურთიერთობის სპეციფიკა – ოქუაშვილი აბსოლუტურად გაუგებარი, არათანამიმდევრული და არაპროგნოზირებადი ადამიანია, რომელიც წინა დღეს რაღაცაზე ხვეწნით დაგითანხმებს და მეორე დღეს არათუ პირს გიცვლის, რაზეც დაგითანხმა, იმ შეთანხმებას შეუტევს. ასე იყო ამ პროექტშიც, ჯერ 100 პროცენტს აძლევდა ყიფიანს, მერე ვითომ ორ მილიონს დებდა თავის წილად, მერე გადაიფიქრა ფულის დადება და სიგარეტის ქარხნის გარანტიით აპირებდა კაპიტალის შევსებას. ბაჩიაშვილი მას არ ხვდებოდა და ჩემგან უწევდა ამ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მიღება და იმიტომ ამბობს იმას, რასაც ამბობს. მე იმდენად ვიყავი დაინტერესებული პროექტის წარმატებაში, რომ ვუთხარი ოქუაშვილს, მე დავდებ დროებით მაგ შენ კუთვნილ 2 მილიონს, ოღონდ პროექტი არ ჩაშალო და ხელი მომიეწერე-თქო, მაგრამ ამაოდ. მისი წამოწყებული პროექტი იქით გაგვიხადა სახვეწარი, თუმცა საბოლოოდ მაინც გასხლტა და ჩაშალა პროექტი, რადგან სულ სხვა რამ ამოძრავებდა თურმე.
სკანდალურ ამბებს ყვებით… მაშინ ისიც გეცოდინებათ, რა დაუჯდა ეს ფილიპ მორისს, ანუ რამდენი ფული აიღო ოქუაშვილმა თქვენი ინფორმაციით ამ პროქტის ჩაშლაში?
ჟურნალისტები თქვენ ხართ, ჩაატარეთ კვალიფიციური ჟურნალისტური გამოძიება და ყველფერი დღესავით ნათელი გახდება თქვენთვის. მე პირადად, ძალიან მაღალი სანდოობის ბიზნეს-წრეებმა მომაწოდეს ეს ინფორმაცია და რაც მთავარია, ყველა ნაბიჯი, იმ პერიოდიდან დღემდე, რასაც დგამდა ოქუაშვილი და მისი დღევანდელი პატრონები, მთელი ეს სიბინძურე, რაც იღვრება ეკრანებიდან, მთელი ეს მონტაჟი და შანტაჟი, მიმტკიცებს აზრს, რომ სიმართლეა. გარდა ამისა, ყველა ადამიანს აქვს რენომე და რეპუტაცია, რაც მის სანდოობას განსაზღვრავს. კონტრაბანდის ფუძემდებელი, ყველას და ყველაფრის გადამგდები ოქუაშვილი, რასაკვირველია, ამაზე ხელმომწერი კაცია.
თუ რეპუტაციაზეა საუბარი, თქვენზეც ბევრ რამეს ამბობენ.
ალბათ ყბადაღებულ „საბჭოთა ანაბრების“ თემას და ბადრი პატარკაციშვილის მემკვიდრეებთან ჩემს ურთიერთობას გულისხმობთ. ორივე თემა აბსოლუტურად ხელოვნურია, რადგან ჯერ კიდევ სააკაშვილის საპარლამენტო კომისიამ დაადგინა, რომ მე არანაირი შეხება ანაბრების თემასთან არ მქონია, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იმ პერიოდში შემნახველ ბანკში საერთოდ არ ვმუშაობდი, ხოლო ჩემი აწგარდაცვლილი მეგობრის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან არსებულ გაუგებრობას ლონდონის სასამართლომ დაუსვა წერტილი და როგორც შედეგი, დღეს ჩვენ აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობა გვაკავშირებს. საპარლამენტო კომისიის დასკვნაც საჯაროა და პატარკაციშვილებთან დაკავშირებაც არ წარმოადგენს სირთლეს – ნუ მენდობით სიტყვაზე, თავად გადაამოწმეთ ყველაფერი და დარწმუნდით, მე ვტყუივარ თუ მიშას პროპაგანდა.
ოქუაშვილის და ყიფიანის შუამდგომლობა რატომ უნდა დაგჭირვებოდათ ბიძინა ივანიშვილთან? ხელისუფლებლებასთან დაახლოებული პირი ხართ და ცნობილია, რომ მშვენიერი ურთიერთობა გაქვთ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც სულ რამდენიმე ხნის წინ პირადადაც გსტუმრობდათ გურიაში.
ხელისუფლებასთან სიახლოვეს რაც შეეხება, ამაზე ფაქტები მეტყველებს – მეც წამართვა ქონება სააკაშვილმა და ოქუაშვილსაც. მას ზარზეიმით დაუბრუნეს, მე კი დღემდე სასამართლოებში დავდივარ; მე და ჩემი ბიზნეს-ჯგუფი 65 მილიონ ლარს ვიხდით ბიუჯეტში ყოველწლიურად, ოქუაშვილი კი, მინუს 50-ს, ანუ იქით მიაქვს ბიუჯეტიდან ფული. პასუხი კითხვაზე, თუ რატომ არ მივმართე ივანიშვილს იმ პროექტით, რომელზედაც ახლა ვსაუბრობთ, მარტივია – მე იმდენად მოკრძალებული ურთიერთობა მაქვს ბატონ ბიძინასთან, რომ არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, მივიდე და ფული ვთხოვო ჩემი ბიზნესისთვის. დათო ყიფიანის შვილს ეხმარებიოდა და ასე აღმოვჩნდი ამ პროეტის თანამონაწილე, რადგან ყველა ქართველი მწარმოებელი თუ არ გავერთიანდებოდით, ბაზრის დაცვა შეუძებელი იქნებოდა და პროექტი აზრს კარგავდა. ბაზარზე კი სულ ორი მსხვილი მწარმოებელი ვართ – მე და ოქუაშვილი. გურიაში სტუმრობა ახსენეთ. არ მიყვარს საუბარი გაკეთებულზე, რადგან ქველმოქმედებას ხმაური არ უხდება, მაგრამ ამ ნიაღვრის ფონზე იძულებული ვარ ორიოდე სიტყვა მეც ვთქვა. უწმინდესის კურთხევით ოზურგეთში, სიმბოლურად იმ ადგილას, სადაც ბოლშევიკებმა ეკლესია დაანგრიეს, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ავაგე. უწმინდესისვე კურთხევით ჩამოვაყალიბე და დღეს პატრონაჟს ვუწევ მსოფლიოში უნიკალურ ქართული ტრადიციული გალობისა და სიმღერის უნივერსიტეტს. ბოლო წლებში ჩამოვაყალიბე სმენადაქვეითებული ბავშვების რეაბილიტაციის ცენტრი, სადაც ბავშვები სრულფასოვან პროგრამას გადიან და თავიდან ეუფლებიან სმენის სამყაროს. გალობის ფონდის მეშვებოით კი წლებია ვატარებთ მუსიკის ფესტივალებს და ღვაწლმოსილ ადამიანებს პატივს მივაგებთ. სწორედ ფოლკლორთან იყო დაკავშირებული ბიძინა ივანიშვილის სტუმრობა ოზურგეთში, როდესაც ქართული ფოლკლორის ყველაზე დიდ მეხოტბე და ამაგდარი მოვიწვიე ჩემს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე – ფოლკლორის მუზეუმის გახსნაზე, სადაც ბატონი ბიძინას მეგობრები – ანზორ ერქომაიშვილი და ჯემალ ჭკუასელიც ბრძნადებოდნენ და თუ დანაშაულად ითვლება ასეთი სტუმრების გამასპინძლება დე, იყოს დანაშაული.
წყარო: https://ipress.ge