რა კავშირი აქვს „ომეგას“ საქმეს სამთავრობო ცვლილებებთან?
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ომეგა ჯგუფის“ ირგვლივ აგორებული სკანდალი უკვე პოლიტიკურ ორთაბრძოლაში გადაიზარდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „ომეგას“ მფლობელმა, ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა საზოგადოებას საპრეზიდენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა, თავად მიხეილ სააკაშვილმა კი ოქუაშვილს სატელევიზიო ეთერში გმირი უწოდა. ასეთმა ურთიერთშეფასებებმა სახელისუფლებო გუნდს მისცა საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის შესაძლებლობა და განაცხადა კიდეც, რომ სახეზეა კულუარული გარიგება, რომელიც, ერთი მხრივ, ჯდება სააკაშვილის პოლიტიკურ ინტერესებში და მეორე მხრივ, ზაზა ოქუაშვილის ფინანსურ ინტერესებში, ვინაიდან ამ დროისთვის მას მილიონობით დავალიანება დაუგროვდა, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ისე საბანკო სექტორის.
“ამ სტატიაში პოლიტიკურ წიაღსვლებში შესვლას არ ვაპირებთ. ჩვენ მხოლოდ იმას გიამბობთ, რა პრობლემები ექმნებოდა „ომეგას“ შევარდნაძის დროიდან დღემდე? რა იძულებითი თუ ნებაყოფლობითი გარიგებები ხდებოდა მაღალჩინოსნებთან და კონკრეტულად, როდის და რატომ შეექმნა კომპანიას პრობლემები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან? გთავაზობთ „ომეგას“ ისტორიას და მის გარშემო წლების განმავლობაში განვითარებულ სკანდალურ დეტალებს”,- წერს გაზეთი “პრაიმტაიმი”.
„ომეგა ჯგუფის“ მფლობელი ზაზა ოქუაშვილი 1988 წლიდან აწარმოებს სხვადასხვა ბიზნესსაქმიანობას, მათ შორის თამბაქოს ნაწარმის დისტრიბუციას. 1994 წლიდან მის მიერ დაფუძნებული კომპანიები „ომეგა“ და „ოჯთ“ „ფილიპ მორისის“ ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოში, ხოლო 1999 წლიდან კომპანია „ომეგა მოტორსი“ გერმანულ ავტოკონცერნ BMW-ს ოფიციალური იმპორტიორია. 2000 წლიდან „ომეგა ჯგუფის“ ჰოლდინგში ასევე შედიოდნენ ტელეკომპანია „იბერია ტვ“ და სამი რეგიონული ტელეკომპანია – „ქართლი“, „იმერეთი“ და „ფოთი“, რომელთაც აქვთ შესაბამისი სამაუწყებლო ლიცენზიები.
კომპანიის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ პირველად გამოძიება შევარდნაძის მმართველობის დროს დაიწყო. 2002 წელს უშიშროების მაშინდელი სამინისტრო „ომეგას“ საბაჟო წესების დარღვევას და გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდა.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, გამოძიება გენერალურმა პროკურატურამ გადაიბარა. 2004 წელს სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შპს „ოჯთ“-სა და შპს „ომეგა 2“-ის ოფისებში, საწყობებსა და დამხმარე მეურნეობებში. ამოიღეს საფინანსო-სამეურნეო დოკუმენტაცია, ფილტრიანი სიგარეტი და სხვადასხვა სახეობის საქონელი. დაილუქა საწყობები და შენობა-ნაგებობები, რამაც შეაფერხა ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ის და მისი შვილობილი ტელეკომპანიების „ქართლისა“ და „იმერეთი 2000“-ის მუშაობა, ვინაიდან მათი საქმიანობის დოკუმენტაცია და ტექნიკური აღჭურვილობა განთავსებული იყო შპს „ოჯთ“-ს ტერიტორიაზე, სადაც სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა.
2004 წლის 28 ივლისს „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებში ჩატარდა ფინანსური რევიზია, რომლის შედეგადაც კომპანიას მილიონობით გადასახადი დაეკისრა, კერძოდ: შპს „ოჯთ“-ს დაერიცხა გადასახადი 7 522 517 ლარი, შპს „ომეგა-2“-ს – 11 646 980 ლარი, შპს „ჰელიოს“-ს – 25 455,30 ლარი.
კომპანია მაშინაც რესტრუქტურიზაციას მოითხოვდა, თუმცა ხელისუფლება თანხების გადანაწილებას მხოლოდ მას შემდეგ დასთანხმდა, რაც „ომეგამ“ „იბერია ტვ“-ს სამაუწყებლო ლიცენზია დათმო და ის მაშინდელი ხელისუფლების მიერ სპეციალურად ამ მიზნით სახელდახელოდ შექმნილ შპს „აისის“ გადაულოცა.
სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ომეგა ჯგუფში“ შემავალმა კომპანიებმა ერთობლივი საჩივრით მიმართეს მთავარ პროკურატურას და მათ წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან 2004 წელს ჩადენილი სხვადასხვა სახის დანაშაულზე სამართლიანობის აღდგენა მოითხოვეს, მათ შორის ძალისმიერი მეთოდებით მითვისებული „იბერია ტვ“-ს ლიცენზიის დაბრუნება.
„პრაიმტაიმი“ ზაზა ოქუაშვილის დაკითხვის ოქმს აქვეყნებგს, რომელიც მან პროკურატურას მისცა და სადაც დეტალურად აღწერს, როგორ განვითარდა მოვლენები “ომეგა ჯგუფის” ირგვლივ.
„ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მალევე, 2003 წლის დეკემბრის დასაწყისში დამიკავშირდა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული პირი ბესო კეიდია, რომელსაც ვიცნობდი, როგორც „ომეგა მოტორსის“ კლიენტს და მითხრა, რომ ახალ რეალობაში საჭირო იყო თავის დაზღვევა სახელმწიფო დარტყმისგან, რომ არ მომხდარიყო ჩემს კომპანიებში ძალადობრივი შემოსვლა. დაზღვევის გზად მიმანიშნა ბადრი პატარკაციშვილი, რომელიც იყო ამ უკანასკნელის ახლობელი და რომელსაც შეეძლო ახალ ხელისუფლებასთან დაელაგებინა საკითხები. იქვე მიმანიშნა, რაც ხდებოდა სხვადასხვა ბიზნესმენებთან დაკავშირებით და რომ ხელისუფლება თუ მოინდომებდა, ჩემი ბიზნესებისა და ფაბრიკისგანაც არაფერი დარჩებოდა“, – ყვება საკუთარ ჩვენებაში ზაზა ოქუაშვილი, რომელიც იქვე იხსენებს ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრას და მის რჩევას, რომ ბიზნესის დალაგებასთან ერთად საჭირო იყო ტელეკომპანია „იბერიის“ გაჩერებაც.
ამის შემდეგ ოქუაშვილი ასევე შეხვდა მაშინდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ კიდევ ერთ ბიზნესმენს, კერძოდ, ქიბარ ხალვაშს, რომელმაც გადასცა ხელისუფლების მოთხოვნა კომპანიის საკონტროლო პაკეტის, ანუ 51%-იანი წილის დათმობის შესახებ. ამ დროს „ომეგაში“ უკვე სპეცდანიშნულების რაზმი იყო შესული, საიდანაც კომპანიების თანამშრომლები ძალისმიერი მეთოდით გამოყარეს.
„საწარმოების პარალიზების შემდეგ, 2004 წლის მარტის დასაწყისში შეხვედრა მქონდა ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთან, კერძოდ, უშიშროების საბჭოს მდივანთან – ივანე მერაბიშვილთან, რომლის მეშვეობითაც გავარკვიე, რომ ქიბარ ხალვაშისა და ბადრი პატარკაციშვილის წინადადებები მთავრობის გადაწყვეტილება იყო“, – ჰყვება ზაზა ოქუაშვილი.
ჩვენებაში ის, ასევე, იხსენებს ბადრი პატარკაციშვილის რეზიდენციაში წილების დათმობის გადანაწილების შესახებ გამართულ შემაჯამებელ შეხვედრას, სადაც უკვე პირადად მიხეილ სააკაშვილის სახელმა გაიჟღერა.
„პატარკაციშვილის სახლში მრგვალ მაგიდასთან შედგა შეხვედრა, სადაც ისხდნენ დავით ბეჟუაშვილი, ვანო ჩხარტიშვილი, ბესო კეიდია და თავად ბადრი პატარკაციშვილი. შეხვედრაზე გამაცნეს, ვისზე გადანაწილდებოდა ჩემ მიერ დათმობილი 51%. ბადრიმ განმარტა, რომ: 17% – მიხეილ სააკაშვილი; 14% – ბადრი პატარკაციშვილი; 10% – ირაკლი ოქრუაშვილი; 5% – ვანო ჩხარტიშვილი; 5% – დავით ბეჟუაშვილი. ბადრი პატარკაციშვილმა აღნიშნა, რომ ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინტერესი და მისი გადაწყვეტილება. საუბარი იყო, ასევე, პოტენციურ შემოსავლებზე, რამდენი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს შემოსავლები და რამდენად სწრაფად შეიძლებოდა დაფარულიყო სიმბოლური ჯარიმა, რომელსაც საგადასახადო დააკისრებდა „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს პროკურატურის მითითებით და რომელიც გადაიხდებოდა ბიზნესის მოგებიდან. საბოლოოდ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ იმავე დღესვე გაირკვა, რომ ბიუჯეტში უნდა გადახდილიყო ჯარიმა 3-5 მილიონი ლარი“, – ყვება ზაზა ოქუაშვილი.
მისი ჩვენებით, ასევე, ირკვევა, რომ ოქუაშვილი მაქსიმალურად ცდილობდა წილების გადაფორმების გაჭიანურებას, რაც ცნობილი გახდა ხელისუფლებისთვის. ჩვენებაში „ომეგას“ მფლობელი ჰყვება, რომ პროკურატურა უკვე მისი დაპატიმრებისთვის ემზადებოდა, „რის გამოც 2004 წლის 28 მაისს, მიუხედავად სიძნელეებისა, მოახერხა ქვეყნის საზღვრების დატოვება“.
ოქუაშვილს კომპანიის კონტროლი 2004 წლის იანვარში გადაცემული ჰქონდა საქმიანი პარტნიორისთვის, დევიდ ჰისის კომპანიისთვის. ასე რომ, საქართველოდან წასვლის შემდეგ ყველანაირი მოლაპარაკების გაგრძელება მთავრობასთან უკვე მისი პრეროგატივა იყო. მან მოლაპარაკება დაიწყო დიდი ბრიტანეთის საელჩოს მეშვეობით და უშუალოდ ელჩის – დონალდ მაკლარენის ხელმძღვანელობით.
„დონალდ მაკლარენს ჰქონდა მიმოწერა პრემიერ-მინისტრთან ზურა ჟვანიასთან, გენერალურ პროკურორთან ზურაბ ადეიშვილთან და ასევე, პრეზიდენტთან. ჰქონდა, აგრეთვე, შეხვედრა და საუბარი ზურაბ ჟვანიასთან. ხელისუფლების წარმომადგენლები მას ჰპირდებოდნენ, რომ პრობლემები მოწესრიგდებოდა. დონალდ მაკლარენისა და დევიდ ჰისის ჩარევის გარდა, იყო რამდენიმე წერილი „ფილიპ მორისის“ პრეზიდენტის მხრიდან“…
მიუხედავად ბრიტანეთის ელჩისა და ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების კატეგორიული და დაჟინებითი მოთხოვნისა, აღდგენილიყო „ომეგას“ მუშაობა, მოხდა საპირისპირო.
„ვინაიდან წილების გადაფორმების შანსი აღარ არსებობდა, ჯარი, რომელიც „ომეგას“ ოფისში იდგა, ანადგურებდა სიგარეტის ფაბრიკის დანადგარებს, დანადგარებში არსებულ სპეციფიკურ, ძალიან მაღალი ღირებულების კომპიუტერებს, აგრეთვე, სტამბის დანადგარებს, მილიონობით ღირებულების. როგორც სიგარეტის ფაბრიკას, ისე ყველაფერს ირგვლივ: შენობას, ავეჯს, რომელიც იქნა დამტვრეული ან გაძარცული, ეზოში მდგომ დისტრიბუციის მანქანებს და სხვა ყველაფერს, მაქსიმალურად და განზრახვით, თითქოს დავალების შესრულების სახით. ზოგიერთი დანადგარი იმტვრეოდა ავტოკარის დაჯახების საშუალებით. 2004 წლის ივლისში საწყობიდან გაიტაცეს დაახლოებით 6 მილიონი ლარის ღირებულების თამბაქო, როგორც ადგილობრივი, მზა, ისე იმპორტირებული პროდუქცია, რომელიც ბაზარზე მაღალ ფასად იყიდებოდა სხვა კომპანიის მიერ“.
ამასობაში ირაკლი ოქრუაშვილი გადადგა გენერალური პროკურორის თანამდებობიდან და ის ზურაბ ადეიშვილმა შეცვალა, მაგრამ მისი მოსვლით „ომეგას“ საკითხის გაუმჯობესებას პირი არ უჩანდა. ოქუაშვილს პრეზიდენტის მრჩეველმა გიგა ბედინეიშვილმა შეუთვალა, რომ კომპანიის პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ საჭირო იყო 51-პროცენტიანი წილი და 100 ათასი დოლარი.
დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ „2004 წლის ივლისის ბოლოს ზაზა ოქუაშვილი და მისი მეუღლე ნატო ჩხეიძე ჟენევაში, სასტუმრო „ბორივაჟში“ შეხვდნენ ნაცნობ ბიზნესმენსა და ფინანსისტს ჯორჯ სოროსს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებას აქტიურად ეხმარებოდა და მათთვის ავტორიტეტს წარმოადგენდა. ჯორჯ სოროსს შეძლებისდაგვარად აუხსნეს მდგომარეობა და ბიზნესის პრობლემები“.
„აღნიშნულზე სოროსმა გამოხატა აშკარა აღშფოთება და პროტესტი უკანონობაზე. თქვა, რომ აუცილებლად დაინტერესდებოდა ამ საკითხით. სოროსთან საუბრიდან ზუსტად ორი დღის შემდეგ, შაბათ დღეს, გენერალურმა პროკურატურამ დაიბარა „ომეგას“ წარმომადგენელი ლევან აღდგომელაშვილი, ასევე, ბუღალტერიის თანამშრომლები და უთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა მომხდარიყო საგადასახადო ჯარიმის დაანგარიშება, რაც, ჩემი აზრით, ყველანაირი ლოგიკით უნდა ყოფილიყო ჯორჯ სოროსთან შეხვედრის შედეგი, თუმცა პროკურატურას არ შეუწყვეტია პროდუქციის საწყობიდან გატანა და ქონებისთვის ზიანის მიყენება. 2004 წლის სექტემბერში გაიტანეს საწყობებიდან პროდუქცია მთლიანად“, – ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის დაკითხვის ოქმში.
ამის შემდეგ მისივე ინფორმაციით, საგადასახადო დავალიანების დაანგარიშება დაიწყეს ხელოვნურად. გენპროკურატურის მიერ დასახელდა ჯარიმის სხვადასხვა მაღალი თანხები. საბოლოოდ შეჩერდნენ 23 მლნ ლარზე თავისი დანარიცხებით.
„იმის გამო, რომ კომპანიებს არ ჰქონდათ საგადასახადო ვალდებულებები, ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ერთგვარი უსამართლო პირობა, რის სანაცვლოდაც შეწყდებოდა ფაბრიკის ოკუპაცია. ეს მოთხოვნა ითვალისწინებდა: 1. უსამართლოდ დაკისრებულ ჯარიმებს: 2. ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს ლიცენზიის გადაცემას მათ მიერ შემუშავებული სქემის მიხედვით. სხვა არჩევანი არ იყო, რათა გამოსულიყო ჯარი ფაბრიკის ტერიტორიიდან, ამუშავებულიყო წარმოება, დასაქმებულიყო ერთი წლის მანძილზე უმუშევრად დარჩენილი ათასობით თანამშრომელი, იძულებული გავხდით, პირობას დავთანხმებოდით“.
საბოლოოდ, თამბაქოს წარმოების აღდგენის მიზნით, მიიღეს იძულებითი გადაწყვეტილება, რომ დაეთმოთ „იბერია ტვ“-ს ლიცენზია, რომელიც შემდგომში, ზაზა ოქუაშვილის თქმითვე, ყოველთვის იყო თანამდებობის გავლენიანი პირების განკარგულებაში, მათთან დაახლოებული და კონტროლირებადი პირების მეშვეობით.
და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ „ომეგა ჯგუფში“ შემავალმა კომპანიებმა პროკურატურას სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მიმართეს. საქმეზე სხვა საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად, ჩატარდა საფინანსო-საბუღალტრო ექსპერტიზა, რომლითაც დგინდება, რომ „ომეგასთვის“ დარიცხული 19 194 952 ლარიდან 14 664 182 ლარი დარიცხვას არ ექვემდებარებოდა.
2016 წლის 15 თებერვალს ცალკე წარმოებად გამოიყო საქმე „იბერია ტვ“-ს მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გამოძიების ფარგლებში, უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილისა და მისი მოადგილის გიორგი ლაცაბიძის მიმართ. ამ ეტაპზე აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. თავის მხრივ, პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას ძირითად საქმეზე, რომელიც უკავშირდება „ომეგაში“ ძალისმიერი მეთოდებით შესვლასა და დავალიანებების დარიცხვის კანონიერებას.
პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად, ზაზა ოქუაშვილმა ტელეკომპანია „იბერია ტვ“-ს ლიცენზიაც დაიბრუნა და რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ არხი ეთერს დაუბრუნდა.
„მინდა მოგილოცოთ ყველას. პროკურატურამ მოამთავრა გამოძიება და გამოავლინა დამნაშავეები. ეს ყველასთვის დადებითი მოვლენაა, იმიტომ რომ ეს არის სამართლის აღდგენა. მე რაც გამიგია, ეს არ არის პირველი საქმე. მთავრობა დანაპირებს ასრულებს, როგორც სამართლის აღდგენაში, ისე დანარჩენ ყველაფერში. პროკურატურამ ძალიან რთული საქმე გამოიძია. 12 წელი გავიდა, ბევრი დეტალი მეც არ მახსოვს. ფირმამ იზარალა ათეულობით მილიონი“, – ეს განცხადება ზაზა ოქუაშვილმა 2016 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში დაბრუნებასთან დაკავშირებით გააკეთა და ხელისუფლებას, განსაკუთრებით კი პროკურატურას, მადლობა გადაუხადა.
რა მოხდა ფინანსთა მინისტრის კაბინეტში?
მოკლედ, ზაზა ოქუაშვილმა სატელევიზიო და ბიზნესსაქმიანობა წარმატებით განაგრძო… სიგარეტის ბიზნესი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა მუშაობას და ბოლო დრომდე „ომეგას“ ხელმძღვანელობას რაიმე პრეტენზია არ გამოუთქვამს. მეტიც, ტელეკომპანია „იბერიამ“ დაახლოებით ერთი თვის წინ გააკეთა განცხადება „ომეგა ჯგუფზე“ სახელისუფლებო ზეწოლის შესახებ, თუმცა მაშინ ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ, დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა და ისიც კი განაცხადა, რომ ზეწოლა იყო ის, რაც 2004 წელს მოხდა.
ნატო ჩხეიძემ ეს მოსაზრება მალევე შეიცვალა – „ომეგა ჯგუფი“ სახელისუფლებო წნეხზე ღიად ალაპარაკდა. მედიასივრცეში გამოჩნდა ხმაურიანი აუდიოჩანაწერები, რომლის მთავარი ფიგურანტი სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანია და რომელიც ამ ჩანაწერების მიხედვით, ხელისუფლებასთან შუამავლის როლს ასრულებდა. რაც შეეხება ჩანაწერების შინაარსს, მათ ავთენტიკურობას თუ ვირწმუნებთ, გამოდის, რომ: 1. ზაზა ოქუაშვილს ბიძინა ივანიშვილი სთხოვდა 4 მილიონს; 2. თითოეული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი უნდა წასულიყო „ქართული ოცნების“ სალაროში; 3. „ომეგას“ ხელისუფლების რამდენიმე მაღალჩინოსნისთვის ძვირად ღირებულ ავტომობილები უნდა გადაეცა და 4. ყოფილმა მთავარმა პროკურორმა სპორტის ყოფილი მინისტრი სარდაფში ჩაამწყვდია და მასზე ფიზიკურად იძალადა სწორედ „ომეგას“ საკითხზე.
სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. დაიკითხა ლევან ყიფიანი, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ჩანაწერები ინსცენირებულია, ვინაიდან ზაზა ოქუაშვილს ამით სურდა, უცხოელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაში დაერწმუნებინა და მათთან არსებული დიდი ფინანსური დავალიანება ჩამოეწერა. ყიფიანი ამბობს, რომ მაკომპრომეტირებელი ჩანაწერები მან და ზაზა ოქუაშვილმა ერთობლივად გააკეთეს, თუმცა, მისივე თქმით, ის ჩანაწერებიც კი, რაც ახლა მედიაში გამოაშკარავდა, დამონტაჟებულია.
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი კი ირწმუნება, რომ მან სახელმწიფოსთან გარიგებაზე უარი თქვა, რის შემდეგაც მის კომპანიას მილიონობით დავალიანება დაადეს და პრაქტიკულად გაკოტრებამდე მიიყვანეს. ოქუაშვილს ამ საკითხში მხარდამჭერები პოლიტიკურ სპექტრშიც გამოუჩნდნენ და განაცხადეს, რომ ხელისუფლება ბიზნესის რეკეტით არის დაკავებული…
მთელ ამ ლოგიკაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ იქნებოდა, რომ არა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომელიც ოქუაშვილის კომპანიისთვის ფინანსური ვალდებულებების არაერთგზის გადავადებას ადასტურებს. საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა: როგორ ახერხებდა „სახელმწიფოს მიერ დარეკეტებული“ ზაზა ოქუაშვილი ფინანსური დავალიანებების სისტემატურად გადავადებას, მაშინ, როცა იგივე პრივილეგიით ბევრი სხვა კომპანია დღემდე ვერ სარგებლობს? არეკეტებდნენ თუ ლობირებდნენ „ოჯთ“-ს სახელისუფლებო ეშელონებში? რა კავშირი აქვს „ომეგას“ საქმესთან ყოფილ ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილს, რომელსაც წინა მინისტრთა კაბინეტში სხვადასხვა დროს ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების თანამდებობები ეკავა?
ამ საქმესთან დაკავშირებით ხმაურიანი აუდიოჩანაწერები ამ ეტაპზე გამოძიების შესწავლის საგანია. ამ ჩანაწერების ავთენტიკურობა საზოგადოების ნაწილს უტყუარად მიაჩნია, ნაწილი კი ეჭვქვეშ აყენებს, ისევე, როგორც ექსპერტიზის ბიურო, რომლის დასკვნის მიხედვითაც „მედიაში გავრცელებული ჩანაწერები არ არის ავთენტიკური, დამზადებულია მონტაჟის გზით, ამავდროულად, ყველა ვიდეოჩანაწერი დამზადებულია წყვეტებით და მათზე მრავლობით აღინიშნება ციფრული და მექანიკური მონტაჟის კვალი“.
ფალსიფიცირებაზე საუბრობს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილიც, რომლის სახელმაც, ასევე, გაიჟღერა ზემოხსენებულ ჩანაწერებში. ჩხარტიშვილის ადვოკატმა გაასაჯაროვა ბრიტანელი ექსპერტის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ირწმუნება, რომ ჩანაწერები დამონტაჟებული და გაყალბებულია.
ასე თუ ისე, ერთი რამ ფაქტია – ხმაურიანი ჩანაწერების გამოქვეყნება დროში საეჭვოდ დაემთხვა სამთავრობო ცვლილებებს, რომლის შედეგადაც კვირიკაშვილი-ქუმსიშვილის ტანდემი მთავრობიდან წავიდა.
პოლიტიკურ და საექსპერტო წრეებში არ გამორიცხავენ, რომ წინა მინისტრთა კაბინეტის ეკონომიკური გუნდის, მეტწილად კი დიმიტრი ქუმსიშვილის მთავრობიდან წასვლასთან ერთად, „ომეგამ“ ხელისუფლებაში გავლენიანი ლობისტები დაკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით ხდებოდა ოქუაშვილის კომპანიისთვის მილიონობით ფინანსური დავალიანების გადავადება.
ითქვა ისიც, რომ ქუმსიშვილის მთავრობიდან წასვლის შემდეგ ზაზა ოქუაშვილმა სიტუაციის კულუარული დალაგება ფინანსთა ახალ მინისტრთან, ივანე მაჭავარიანთან სცადა. მაჭავარიანის კაბინეტში შედგა შეხვედრა, რომელსაც ლევან ყიფიანიც ესწრებოდა.
უცნობია, აღნიშნული შეხვედრის ჩანაწერიც აქვს თუ არა ზაზა ოქუაშვილს, თუმცა დაზუსტებული ინფორმაციით, ფინანსთა მოქმედ მინისტრთან მას საკმაოდ დაძაბული საუბარი ჰქონდა. წყარო ამბობს, რომ ივანე მაჭავარიანმა „ომეგას“ მფლობელს საბიუჯეტო დავალიანების დაფარვა კატეგორიულად მოსთხოვა და ისიც განუცხადა, რომ ხელისუფლება აღარ აპირებდა „ოჯთ“-თვის ვალდებულებების გადავადებას. წყაროს ცნობით, დაძაბული საუბარი ლამის ჩხუბშიც გადაიზარდა.
სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ მედიაში ერთი მეორის მიყოლებით გამოჩნდა აუდიოჩანაწერები, რომელთა საფუძველზეც ზაზა ოქუაშვილი ირწმუნება, რომ სახელმწიფო რეკეტის მსხვერპლია.
ოქუაშვილის ამ მოსაზრებას არ იზიარებს ეკონომისტი ვახტანგ ჭარაია, რომელიც ამბობს, რომ „ომეგას“ ბიზნესი სახელმწიფომ არათუ შეავიწროვა, არამედ პირიქით – დიდი ხნის განმავლობაში მას ხელისუფლებაში ლობირებდნენ. ჭარაიას ამის არგუმენტად მოჰყავს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, რომელიც ადასტურებს, რომ „ოჯთ“-ს სახელმწიფოს წინაშე დავალიანება 11-ჯერ გადაუვადეს, რაც, ეკონომისტის თქმით, კერძო მეწარმის მიმართ უიშვიათესი და საეჭვო მხარდაჭერის გამოხატულებაა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გასაჯაროებულ ინფორმაციას და კონკრეტულ ციფრებს ოდნავ ქვემოთ შეგახსენებთ, მანამდე კი ვახტანგ ჭარაიას ვთხოვეთ, განემარტა, კონკრეტულად, რა სახის საგადასახადო დავალიანებაზეა საუბარი.
ვახტანგ ჭარაია, ეკონომისტი, პროფესორი:
– საუბარია აქციზის გადასახადზე, რომელსაც ამ შემთხვევაში თითოეულ კოლოფ სიგარეტზე იხდის მეწარმე. ანუ უფრო მარტივად, რომ ვთქვათ, „ოჯთ“-მ სახელმწიფოს გამოართვა გარკვეული რაოდენობის აქციზური მარკები, ამ მარკებით მოახდინა სიგარეტის რეალიზაცია, თუმცა აქციზის გადასახადი სახელმწიფოს არ გადაუხადა. რამდენადაც ცნობილია, რიგ შემთხვევაში, რაღაც ოდენობის აქციზის გადასახადს იხდიდა, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს – არა. ანუ სახელმწიფოსგან გაჰქონდა აქციზური მარკები, ახდენდა სიგარეტის რეალიზაციას, ნახულობდა ფინანსურ მოგებას, თუმცა შესაბამის გადასახადს აქციზზე არ იხდიდა. ამ ვალის გადავადება ხდებოდა სისტემატურად. რის სანაცვლოდ, ეს კიდევ ცალკე საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დავალიანება დაგროვდა და უკვე 50 მილიონს გადააჭარბა. ახლა სახელმწიფომ მიმართა მკაცრ ზომებს ამ თანხის, ანუ ბიუჯეტის ფულის ამოღების მიზნით. წესით, ეს ნაბიჯები აქამდეც უნდა გადაედგათ.
– ანუ ეს არის აქციზის გადასახადით დაგროვილი ვალი?
– დიახ. როგორც ჩემთვის ცნობილია, ეს კომპანია რაღაც ტიპის გადასახადებს ნამდვილად იხდიდა. ბოლო წლებში მათ, თუ არ ვცდები, 100 მილიონზე მეტი აქვთ გადახდილი, მაგრამ იყო გადასახადები, რომელსაც არ იხდიდა. კონკრეტულად აქციზის გადასახადზეა საუბარი. როგორც ირკვევა, სისტემატურად ხდებოდა ვალდებულებების გადავადება სწორედ ამ კონკრეტულ გადასახადთან მიმართებაში. როგორც ოფიციალური დოკუმენტებით დადასტურდა, ეს გადავადება მოხდა 11-ჯერ, რაც, ჩემი აზრით, არასამართლიანი მიდგომაა სხვა მეწარმეებთან მიმართებაში. მე არ მახსენდება ბიზნესმენი, რომელსაც ამდენჯერ გადაუვადეს ვალდებულებები. ნუ, წინა ხელისუფლების დროს ისეთი საოცრებები ხდებოდა, რომ შეიძლება ასეთი პრეცედენტი არსებობდა, მაგრამ, როგორც წესი, თუ შენ არ ხარ სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ, ამდენჯერ ამხელა გადასახადს არავინ გადაგივადებს. ჩვეულებრივმა მეწარმემ შეიძლება ერთხელ ითხოვოს დავალიანების გადავადება და სახელმწიფო ამ შეღავათზე წავიდეს კიდეც, მაგრამ, როდესაც ეს გადავადება იძენს სისტემატურ ხასიათს, გამოდის, რომ ამ კონკრეტულ მეწარმეს ვიღაც ლობირებს. როგორც ჩანს, სახელმწიფოს მხრიდან იყო მხარდაჭერა, არ ვიცი, ეს კორუფციული სქემა იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ „ომეგა“ ამ მხარდაჭერით სარგებლობდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი გადმოსახედიდან, მიუღებელია, როდესაც ერთ კომპანიას აქვს უპირატესობა – არ გადაიხადოს კონკრეტული გადასახადი და ამ დროს სხვა კომპანიებს ყოველგვარი შეღავათის გარეშე ვთხოვდეთ იგივე გადასახადს. ეს, რასაკვირველია, არასამართლიანია. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს ორმაგ სტანდარტთან.
– კონკრეტულად, ვინ შეიძლება მფარველობდეს „ოჯთ“-ს და ვისი ხელშეწყობით შეიძლებოდა მას ამხელა დავალიანება დაეგროვებინა? მაგალითად, არაერთხელ გაიჟღერა დიმიტრი ქუმსიშვილის გვარმა… გამორიცხავთ მის ჩართულობას?
– ერთადერთი, რაც გარანტირებულად შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ეს კომპანია მართლაც სარგებლობდა ხელისუფლებიდან ვიღაცის მხარდაჭერით. ვინ იყო ეს ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი, ცხადია, ამაზე საუბარი გამიჭირდება, თუმცა შესაძლოა, დამთხვევა არ იყოს, რომ დავალიანების შესახებ საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც მთავრობაში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა და შეიცვალა ეკონომიკური გუნდი. ფაქტია, რომ ამ ცვლილებების შემდეგ „ოჯთ“-ის პრივილეგირებული მდგომარეობის პერიოდი დასრულდა, რაც, ცხადია, აჩენს გარკვეულ ეჭვებს. არ გამოვრიცხავ, რომ მას წინა მინისტრისგან – დიმიტრი ქუმსიშვილისგან ჰქონდა მჭიდრო ხელშეწყობა, რაც ქუმსიშვილის წასვლის შემდეგ, დაკარგა. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო ითხოვს ბიუჯეტის კუთვნილ გადასახადს და კარგია, რომ ერთ კონკრეტულ კომპანიასთან სახელმწიფოსთვის საზიანო გარიგება დასრულდა. არა აქვს მნიშვნელობა, მინისტრი ქუმსიშვილი იყო თუ სხვა, როდესაც ასეთი რამ ხდება, ამასთან ბრძოლაა საჭირო.
– სხვათა შორის, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ ხმაურიან ჩანაწერებშიც გაიჟღერა ქუმსიშვილის გვარმა…
– თვითონ ჩანაწერებზე მე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან ლევან ყიფიანი ამბობს, რომ ეს იყო წინასწარ დადგმული ჩანაწერი, რომელიც შემდეგ კიდევ დამონტაჟდა. აგერ ჩხარტიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ ეს არის
არა თუ დამონტაჟებული, არამედ ფალსიფიცირებული და გაყალბებული ჩანაწერები, თავად ოქუაშვილი ირწმუნება, რომ ეს ჩანაწერები ნამდვილია. აქედან ვინ ამბობს მართალს, ამის გარკვევა რთულია, თუმცა, ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: ყველამ უნდა გადაიხადოს გადასახადი ბოლო თეთრამდე, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა მთავრობის ლობიზმით და მიუხედავად იმისა, ტელევიზიას ფლობს თუ გაზეთს. გადასახადების გადახდა ყველასთვის სავალდებულოა. მთავრობა თუ წნეხს ახდენდა კომპანიაზე, მაშინ როგორ მოხდა, რომ 11-ჯერ მოხდა ვალდებულებების გადავადება? სად არის ლოგიკა?!
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციას… შემოსავლების სამსახურმა წლების მიხედვით გამოაქვეყნა იმ დავალიანებების ნუსხა, რომელიც „ოჯთ“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დაუგროვდა. ოფიციალური უწყების ცნობით:
„2015 წელს, „ოჯთ“-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35 203 170 ლარი, მაგრამ არ გადაუხდია 1 358 919 ლარი, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134 371 ლარი. საგადასახადო დავალიანება 2015 წლის ბოლოსთვის შეადგენდა 1 486 696 ლარს.
2016 წელს, შპს „ოჯთ“-ის მიმართ დარიცხულმა საურავმა შეადგინა 2 143 845 ლარი; ამავე წელს წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე კომპანიას დაერიცხა ძირითადი გადასახადი 20 880 470 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 2 099 350 ლარი, შესაბამისად გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოსთვის აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 21 679 836 ლარი.
დადეკლარირებული თანხების გადაუხდელობით ანალოგიურად გაიზარდა საგადასახადო დავალიანება 2017 წლის განმავლობაშიც, კერძოდ, „ოჯთ“-მ დაადეკლარირა, ანუ აღიარა 19 973 500 ლარი, მაგრამ გადაიხადა მხოლოდ 12 868 653 ლარი. 2017 წლის ბოლოსთვის, გადაუხდელ თანხაზე დარიცხული საურავების გათვალისწინებით, აღიარებულმა საგადასახადო დავალიანებამ შეადგინა 33 411 299 ლარი.
2018 წლის მანძილზე კომპანიამ დაადეკლარირა 16 076 671 ლარი, ხოლო ბიუჯეტში გადაიხადა მხოლოდ 1 214 785 ლარი.
სულ, 2016 წლიდან დღემდე, ბიუჯეტში გადახდილია 16 182 788 ლარი. დღეის მდგომარეობით, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 52 830 844 ლარს“.
ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს რეალურად რასთან გვაქვს საქმე? მართლაც ლობირებდნენ თუ არა ზაზა ოქუაშვილს ხელისუფლებაში, თუ პირიქით, ხელისუფლება ავიწროებს თავისუფალ ბიზნესს? სავარაუდოდ, ამ საქმეზე ჩვენების მიცემა დიმიტრი ქუმსიშვილსაც მოუწევს, რომლის სახელი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებშიც ფიგურირებს… რა დასკვნას დადებს გამოძიება და ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება მთელ ამ სკანდალში, ეს, ალბათ, მალე გახდება ცნობილი.
წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”