გაშიფრული სქემა – როგორ ივსებოდა ქურდული „ობშიაკი“ წალკაში?

როგორ გროვდებოდა ქურდული საერთო, ანუ ე.წ. ობშიაკი? ვინ ხელმძღვანელობდა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ორგანიზებულ ჯგუფს საზღვარგარეთიდან და რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ფიზიკურად „კანონიერი ქურდები”, რომლებიც წალკის რაიონში გავლენებს ერთად ინაწილებდნენ?

გაზეთი “პრაიმტაიმი” წერს იმ სქემის დეტალებზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ გაშიფრა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში ექვსი პირი მისცა. გამოძიებას ბრალდებულთა ვინაობები არ დაუკონკრეტებია, თუმცა ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ. სტატიაში წარმოდგენილ ფოტოებზე სწორედ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებული პირები არიან: 26 წლის ბექა რეზესიძე, 29 წლის გიორგი ოთხვანი, 35 წლის ზაქრო კვანჭიანი, 30 წლის თემურ ვიბლიანი, 33 წლის მარად დეკანაძე და, ასევე, 33 წლის ლუკიანე გადრანი.

ექვსივე მათგანი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოსა და წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქუთაისსა და წალკაში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად აიყვანეს. როგორც ირკვევა, ისინი თურქეთში მყოფი ქართველი „კანონიერი ქურდების“ მითითებებით მოქმედებდნენ.

გამოძიების ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში, თურქეთში, ქართველმა „კანონიერმა ქურდებმა“ – მინდია გორაძემ (ლავას ოღლი) და ჯეირან კინწურაშვილმა ერთ-ერთ ბრალდებულს – მარად დეკანაძეს ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი მიანიჭეს და მას წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეკრების ორგანიზება დაავალეს.

ბრალდების მიხედვით, იმისთვის, რომ „ქურდული საერთოს“ შეგროვების პროცესს ორგანიზებული ხასიათი ჰქონოდა, მარად დეკანაძემ ერთ-ერთ ბრალდებულთან თემურ ვიბლიანთან ერთად, ე.წ. „ქურდული შეკრება“ მოაწყო. გაიწერა კონკრეტული თარიღი, როდესაც წალკის მაცხოვრებლებს ქურდულ „ობშიაკში“ თანხები უნდა შეეტანათ. შეკრებაზე დაადგინეს, რომ წალკის რაიონის მაცხოვრებლებს „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა ყოველი თვის 10 რიცხვში უნდა გადაეხადათ, ხოლო ვისაც ხელფასი ბანკში ერიცხებოდა, ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ შესატანს, ხელფასის ჩარიცხვის მეორე დღეს გაიღებდა.

სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ სია. ასევე, ამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ქართველ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტებზე მიმდინარეობს, თუმცა საინტერესოა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება… ქურდულ სამყაროში საყოველთაოდ ცნობილია მინდია გორაძისა და ჯეირან კინწურაშვილის დაპირისპირების ამბავი… ცოტა ხნის წინ ეს დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბშიც კი გადაიზარდა. კრიმინალური გარჩევა საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლომდებარე ქალაქ ხოფაში მოხდა. მედიაში გავრცელდა ფარულ ვიდეოჩანაწერიც, სადაც ასახულია ქართველი „კანონიერი ქურდების“ ხელჩართული ჩხუბი. როგორც ამ ჩანაწერით ირკვევა, ერთმანეთს სწორედ მინდია გორაძე (ლავას ოღლი) და ჯეირან კინწურაშვილი (ხონსკი) დაუპირისპირდნენ. სათვალთვალო კამერით გადაღებულ ჩანაწერში ჩა“ნს, როგორ უსწორდებიან „ლავას ოღლი” და მასთან ერთად მყოფი სხვა პირები „კანონიერ ქურდ“ ჯეირან კინწურაშვილს. ადგილზე, ასევე, იმყოფებიან „კანონიერი ქურდები“: გია გოგელიანი, აკაკი ლანდია, ჯუმბერ ბაირამიდი, თამაზ ქარცუვაძე და პაატა ბაქრაძე. ირკვევა, რომ ქურდული გარჩევის მიზეზი ჯეირან კინწურაშვილის მიერ მინდია გორაძის მეუღლისთვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა, როდესაც ეს უკანასკნელი სასჯელს საქართველოს ციხეში იხდიდა.

საინტერესოა, როგორ გასცემდნენ ერთობლივ მითითებებს „ობშიაკის“ შეგროვებაზე ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადამტერებული ქურდები? ერთი ვერსიით, ლავას ოღლისა და ჯეირან „ხონსკის“ შორის დაპირისპირება აგვისტოში გამწვავდა, მანამდე კი მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ, მათ შორის საქართველოში. ზემოხსენებული ერთობლივი სქემაც სწორედ ამ კონფლიქტამდე ორიოდე თვით ადრე შემუშავდა. ირკვევა, რომ წალკაში ქურდული საერთოს შეკრების ორგანიზება მიმდინარე წლის მაისში მოხდა, ლავას ოღლისა და ჯეირან კინწურაშვილის ფიზიკური დაპირისპირება კი კამერებმა აგვისტოში გადაიღეს.

არსებობს მეორე ვერსიაც… ლავას ოღლი და ჯეირან კინწურაშვილი სულაც არ მოქმედებდნენ ერთობლივი ინტერესებით… პირიქით, ამბობენ იმასაც, რომ მათი დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ საქართველოში მოქმედი შავი სამყაროსა და „ობშიაკის“ კონტროლი გახდა… ამ ორ „კანონიერ ქურდს“ შორის ხოფაში მომხდარი დაპირისპირება დროში ემთხვევა ჯეირან კინწურაშვილის მითითებით „ობშიაკიდან“ საფრანგეთში გადარიცხულ თანხებს.

მივყვეთ ისევ გამოძიების ინფორმაციას: ზემოხსენებული ბრალდებულების მიერ ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისგან გარკვეული თანხა შეგროვდა, მიმდინარე წლის აგვისტოში აღნიშნული თანხის ნახევარი, „კანონიერი ქურდის“, ჯეირან კინწურაშვილის გადაწყვეტილებით და ბრალდებულ მარად დეკანაძის მითითებით, საფრანგეთში მყოფი „კანონიერი ქურდის“ გიორგი ფოლადაშვილის დედას გადაერიცხა.

ანუ გამოდის, რომ ჯეირან კინწურაშვილმა, ლავას ოღლის გვერდის ავლით „ობშიაკის“ თანხის ნახევარი საფრანგეთში გადარიცხა, რასაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ყოველ შემთხვევაში ეს ორი ფაქტი, დროში ზუსტად ემთხვევა ერთმანეთს და ცხადია, დასკვნის გაკეთების საშუალებასაც იძლევა.

და ვინ არის გიორგი ფოლადაშვილი? 37 წლის ფოლადაშვილს კრიმინალურ წრეებში „სინკარას“ მეტსახელით იცნობენ. ის 2013 წელს „კანონიერ ქურდად“ თურქეთში „მონათლეს“. გასული წლის ნოემბერში ფოლადაშვილი სხვა „კანონიერ ქურდებთან“ ერთად პარიზში სპეცოპერაციის დროს დააკავეს. საფრანგეთის პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფი დაკავებული იყო ბინების ძარცვით, ქურდობითა და სიგარეტის კონტრაბანდით. აღნიშნულ დანაშაულებრივ ჯგუფთან დაკავშირებით გამოძიება ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც, ასევე, იყო ჩართული საფრანგეთში საქართველოს პოლიციის ატაშე, ევროპოლი და ინტერპოლი. გავრცელებული ინფორმაციით, 35 დაკავებულიდან 8 ქალია, ძირითადად ქართველები. დაკავებისას პოლიციელებმა 70 ათასი ევრო, იარაღი, მანქანები და 200 ათასი ევროს ღირებულების ქონება ამოიღეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი მამუკა ჭელიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს საზღვარგარეთ ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი „კანონიერი ქურდია“ დაკავებული. მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად აგრძელებს ქურდული სამყაროს წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას, რომლის მიზანია ქვეყანაში ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის საბოლოოდ აღმოფხვრა.

მამუკა ჭელიძემ საზოგადოებას, ასევე, შეახსენა, რომ ქურდული სამყაროსა და მასთან დაკავშირებული კრიმინალური მენტალიტეტის აღმოფხვრის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებების წრე გაფართოვდა.

კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილის თვიდან, „კანონიერ ქურდობასა“ და „ქურდული სამყაროს წევრობასთან“ ერთად, სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის ან კანონიერი ქურდისთვის მიმართვა“, რაც 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შედეგად კი, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისა და ქურდული სამყაროს მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოში დაკავებულია 39 პირი, მათ შორის 2 „კანონიერი ქურდი“. ევროპის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის შედეგად კი, საფრანგეთსა და საბერძნეთში დაკავებული არიან სხვადასხვა ორგანიზებულ-დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები – საქართველოს 127 მოქალაქე და 12 ქართველი „კანონიერი ქურდი“, – აცხადებს მამუკა ჭელიძე.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები