„ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ 2012 წლამდე მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარტიის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ძალები ცდილობენ თავიანთი დანაშაულები „ქართულ ოცნებას“ და მის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს დააბრალონ.
„დღეს 1-ელი ოქტომბერია. 6 წლის წინ ამ დღეს ჩვენმა გუნდმა ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა. ჩვენ შევიკრიბეთ იმ მიზნით, რომ გავიხსენოთ და დღევანდელი რეალობა შევაფასოთ. სამწუხაროდ, 6 წელიწადი აღმოჩნდა ძალიან ცოტა იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია პრინციპულად შეცვლილიყო. თუმცა თქვენ მონაწილეები ხართ და თუ არ მონაწილეობდით კარგად გახსოვთ, რა ხდებოდა 2012 წლამდე და იცით, როგორ თანმიმდევრულად ვცვლით სიმახინჯეებს და ქვეყანა მიგვყავს სწორი მიმართულებით. მიუხედავად ამისა, როგორი საოცარიც არ უნდა იყოს, დღეს ის ძალები, რომლებიც ჩვენდა სასირცხვილოდ მართავდნენ ქვეყანას, ცდილობენ ისევ ვირტუალურ სამყაროში აცხოვრონ საზოგადოება. რაც თავად დააშავეს, იმას ცდილობენ დღეს „ქართულ ოცნებას“ და მის მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს დააბრალონ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.