დაიბადა ცნობილი მეცნიერის იოსებ მეგრელიძის ოჯახში. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი, შემდეგ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს იუნესკოს განათლების ფონდთან არსებული ეკონომიკისა და საქმიანი ურთიერთობების, ასევე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტები.
მუშაობდა: საქართველოს თეატრალური საზოგადოების სცენოგრაფიის კაბინეტის გამგედ, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და ხელმძღვანელობდა ყოველწლიურ გამოცემას „საიუბილეო თარიღები“. ამავე მუზეუმის სამეცნიერო-საგამომცემლო პროგრამის ხელმძღვანელად.
საქართველოში ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი დამფუძნებელია.
არის: საქართველოს თეატრალური საზოგადოების, საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის და მისი პრეზიდიუმის, საზოგადოება „მემორიალის“, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსი და დიდი სამეცნიერო საბჭოს წევრი.
არჩეული იყო „ჩოხატაურის კულტურულ-ეკონომიკური მემკვიდრეობის აღორძინების ფონდის“ თავმჯდომარედ, სრულიად საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პატიმართა მიმართ სამართლიანობის დაცვის ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტად.
ავტორია: წიგნისა სპექტაკლი „რღვევა“ რუსთაველის თეატრში, სამეცნიერო გამოკვლევების თეატრის ისტორიის დარგში, მრავალი თეატრალური რეცენზიის, პუბლიცისტური წერილის, პუბლიკაციის, ინტერვიუს (1000-ზე მეტი), ტელე-რადიო გადაცემის, ხშირად მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში.
ერთ-ერთი პირველი მეცნიერია, ვინც გაეცნო სუკ-ის არქივში დაცულ რეპრესირებულ ხელოვნების მუშაკთა საქმეებს და არაერთი პუბლიკაცია უძღვნა ამ ტრაგიკული მოვლენის გაშუქებას. მისმა გამოკვლევამ ნათელი მოჰფინა კონფლიქტს და მსახიობთა ერთი ჯგუფის უკანონო რეპრესიების გამომწვევ მიზეზებს.
მიიღო მრავალი ჯილდო, მათ შორის თეატრალური საზოგადოების ჯილდო – საუკეთესო რეცენზიებისთვის, გაეროს 50 წლის საიუბილეოდ – ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ჟურნალისტებს შორის რესპუბლიკურ კონკურსში მიენიჭა პირველი ხარისხის პრემია.
არის ნიკო ნიკოლაძის, ილია ჭავჭავაძის, სერგეი მესხის პრემიების ლაურეატი. მიღებული აქვს საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება. არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის პრემიის ლაურეატი. – თეატრმცოდნის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, გუბაზ მეგრელიძის პერსონა.
– დავიბადე ცნობილ მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა ოჯახში. მამა – იოსებ მეგრელიძე ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. ბაბუა – ბართლომე მეგრელიძე ცნობილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე. 1918 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ გაგზავნა ართვინის ოლქის განათლების განყოფილების უფროსად. ქართული სკოლები გახსნა ხულოში, 1925-26 წლებში საინგილოში.უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ცნობილმა აკადემიკოსმა ნიკო მარმა ჩარიცხა ასპირანტურაში და იქ 1939 წლამდე მოღვაწეობდა. 1934 წელს გალაკტიონ ტაბიძეს შეხვედრა მოუწყვეს და იგი მამის ბინაში ცხოვრობდა.
დედა – ნინო შვანგირაძე ცნობილი თეატრმცოდნე გახლდათ, რომელმაც პირველად მოახდინა რეპრესირებული სანდრო ახმეტელის შემოქმედებითი რეაბილიტაცია, რის გამოც არაერთი უსიამოვნება შეხვდა უფროსი თაობის წარმომადგენლებთან, თუმცა მათთან მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა. ერთ-ერთი კამათის შემდეგ ბესო ჟღენტმა უთხრა – ნინო, შენ არ იცი, ვინ იყო ახმეტელი, რომლისგანაც ფიზიკური ტკივილი მახსოვსო.
ამ ამბის დოკუმენტი თავის დროზე გამოვაქვეყნე, სადაც აღწერილი იყო ახმეტელის მიერ მისი ოპერის ბაღში კედელთან მიყენება… კიდევ ბევრი რამის გახსენება შეიძლება, რისი საშუალებაც დღეს არ მაქვს.
თავად ცელქი ბავშვი ვიყავი, მიყვარდა სხვადასხვა იონის ჩატარება უფროსებისთვის. მაგალითად – იმ პერიოდში ძალიან პოპულარული იყო ფრანგული კინოსერიალი ,,ფანტომასი“. მაშინ სოხუმში ვისვენებდი და გასართობად ასეთი ფრაზა გავლექსე: „Мне нужен труп я выбрал Вас, до скорой встречи Фантомас“, რომელიც ერთ-ერთი დამსვენებლის ოთახის კარში შევაცურე. ვერ წარმოიდგენთ, რა ამბავი ატყდა. ჩემი ხუმრობა სერიოზულად აღიქვეს და მილიცია გამოიძახეს. ისინი რაციებით გადასცემდნენ ერთმანეთს ადგილმდებარეობას და „ფანტომასს“ ეძებდნენ… არავის მოსვლია აზრად, რომ ეს ბავშვური ხუმრობა იყო. ამ ამბავზე იმ პერიოდში დამსვენებელმა კომპოზიტორმა ლილი იაშვილმა საბავშვო ოპერის დაწერაც გადაწყვიტა. ლიბრეტოზე მუშაობაც უნდა დაგვეწყო, მაგრამ გადაიდო, მოგვიანებით კი ქალბატონი ლილი გარდაიცვალა. სკოლაში ნორმალურად ვსწავლობდი, ხოლო უმაღლესი წითელ დიპლომზე დავამთავრე და რეცენზიების წერა პირველი კურსიდანვე დავიწყე…
– რატომ აირჩიეთ თეატრმცოდნეობა?

– ბავშვობიდანვე დედას თეატრებსა და მივლინებებში დავყავდი და ვნახე ქართული თეატრის სპექტაკლები. შემდგომ გადავწყვიტე, თეატრმცოდნეობაზე ჩამებარებინა და ცხოვრებაც თეატრთან დამეკავშირებინა.
ამას გარდა, უკვე ვიცნობდი ქართული თეატრის ცნობილ მოღვაწეებს და მათთან საუბარი ყოველთვის მაინტერესებდა. მათ შორის: ვასო გოძიაშვილი, აკაკი ვასაძე, დიმიტრი ჯანელიძე, ნათელა ურუშაძე, გოგი გეგეჭკორი, ნადია შალუტაშვილი, ბესო ჟღენტი, ეთერ გუგუშვილი, ნოდარ გურაბანიძე, ვასო კიკნაძე, კოტე მახარაძე, ალექსანდრა თოიძე, დოდო ალექსიძე, დოდო ანთაძე და სხვები.
დასამახსოვრებელი იყო პრაქტიკები რიგასა და მოსკოვში, სადაც იმ დროისთვის საინტერესო სპექტაკლებს ვუყურებდი. მეგობრობა მაკავშირებდა რიგის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელ ადოლფ შაპიროსთან, თეატრის ლიტნაწილთან, მწერალ რომან ტემენჩიკთან, მოგვიანებით გავიცანი თეატრის 50 წლის იუბილეზე ჩამოსული ოლეგ იანკოვსკისთან და სხვებთან.
მოსკოვის სამხატვრო თეატრში ვესწრებოდი ოლეგ ეფრემოვის რეპეტიციებს ,,ივანოვი“. რეპეტიციებს გადიოდნენ: ევგენი ევსტიგნეევი, ინოკენტი სმოკტუნოვსკი, მარკ პრუდკინი და სხვები. ძალიან საინტერესო შემოქმედებითი ძიებების თანამონაწილე გავხდი.
– მუშაობდით საქართველოს თეატრალური საზოგადოების სცენოგრაფიის კაბინეტის გამგედ (1979-85), საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში (1985-2009). ხელმძღვანელობდით ყოველწლიურ გამოცემას „საიუბილეო თარიღები“.
– კაბინეტის გამგედ ინსტიტუტის დამთავრებისთანავე დამნიშნეს. ეს ძალიან საინტერესო პერიოდი გახლდათ დოდო ალექსიძის ხელმძღვანელობით. სცენოგრაფთა გამოფენები გავიტანე მოსკოვში. რიგაში, კიშინიოვში და ჩვენს საგამოფენო დარბაზში კი უამრავი გამოფენა-განხილვა. ვხელმძღვანელობდი სცენოგრაფთა საბჭოს და ვამტკიცებდით წლიურ საგამოფენო გეგმას. მუზეუმში მუშაობისას გაქვეყნებდი ხელოვანთა პირად საარქივო მასალებს, რომლებიც საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევდნენ. ამის გარდა დირექტორ ალ. შალუტაშვილთან ერთად საფუძველი ჩავუყარეთ „სააიუბილეო თარიღების“ გამოცემას, რომელიც საფუძვლად დაედო თეატრალური ენციკლოპედიის დაწერას. ერთი პერიოდი ხელისუფლებას უნდოდა ჩვენი შენობის რომელიმე საელჩოსთვის გადაცემა.
მთელი საზოგადოება დავრაზმეთ, არაერთი კოლექტიური ხელმოწერით წერილები ვაგზავნეთ და შედეგიც მივიღეთ. მუზეუმი დღესაც იმავე შენობაშია კარგარეთელის ქუჩაზე. მუზეუმის ფონდები გავამდიდრეთ არაერთი ცნობილი მოღვაწის პირადი არქივით. მუზეუმის სახელწოდებას ცნობილი ქორეოგრაფის თენგიზ უთმელიძის ინიციატივით დავუმატეთ ქორეოგრაფიაც. მუზეუმის ევაკუაცია სამჯერ მოხდა, ვინაიდან ერეკლე მეორეს მოედანზე არსებული შენობა ავარიული იყო. თავისუფლების მოედანზე არსებული ბანკიდან, ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გადავედით. მერე კი ჩვენი დირექციის მონდომებით კარგარეთელის ქუჩაზე არსებული შენობა გადმოგვცეს. აღსანიშნავია, რომ არცერთი ნივთი არ დაკარგულა, ხოლო ახალი დირექტორის გიორგი კალანდიას მოსვლის შემდეგ, გაურკვეველ ვითარებაში, ბიბლიოთეკიდან მალევე გაქრა კავკასიის აქტების ძვირად ღირებული ტომები. დაიწყო გამოძიება, რომელიც დღემდე მიმდინარეობს… დავიცავი დისერტაცია, გამოვაქვეყნე არაერთი საინტერესო დუკუმენტი და სხვა. შემოქმედებითად ძალიან საინტერესო პერიოდი იყო.
– ერთ-ერთი პირველი მეცნიერი ხართ, ვინც გაეცნო სუკ-ის არქივში დაცულ რეპრესირებულ ხელოვნების მუშაკთა საქმეებს და მრავალი პუბლიკაცია უძღვენით. და მაინც, რა ფიქრი გაჩნდა ახმეტელის საქმის გახსნისას?
– ეს ძალიან საინტერესო ამბავია. გახსოვთ ალბათ, ეროვნული მოძრაობის დროს სუკ-ის ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ ისინიც ეროვნულ საქმეს აკეთებდნენ და პატრიოტები იყვნენ. მათი სიტყვაზე დაჭერა გადავწყვიტე და მუზეუმის სახელით წერილი გავგზავნე, მაგრამ პასუხად დამირეკეს, ხელმძღვანელობამ ჩათვალა, რომ თქვენთვის იქ საინტერესო არაფერიაო. მაშინ რუსთაველის საზოგადოების თავმჯდომარეს, ბატონ აკაკი ბაქრაძეს მივმართე და ვითარება ავუხსენი. ძალიან გაბრაზდა და ჩემი მხარდასაჭერი წერილი გაგზავნა. იცოცხლე, ალიაქოთი ატყდა. დაიწყეს ჩემთან სახლში რეკვა (მაშინ ხომ მობილურები არ იყო). სახლში არ ვიყავი და კარგა ხნის შემდეგ დამიკავშირდნენ – გენერალი გეძებთო… შესასვლელთან თავაზიანად დამხვდნენ. მივუყვებოდი კიბეებს და ვფიქრობდი, თუ რამდენმა კაცმა აიარა მასზე, მაგრამ უკან დაბრუნებული არავის უნახავს… ჩემ წინ ათწლეულობით მრისხანედ დაკეტილი კარი იხსნებოდა, რომელსაც მეცნიერებისთვის აქამდე უხილავ დოკუმენტთა სამყარო უნდა გადაშლილიყო. ამ ფიქრებით ფართო მისაღებში აღმოვჩნდი, ცოტა ხნის შემდეგ კი თავმჯდომარის, ტარიელ ლორთქიფანიძის დიდ კაბინეტში შევედი.
ბატონი ტარიელი გულთბილად შემხვდა და ჩემი მიზნის განმარტება მთხოვა. ავუხსენი, რომ სუკ-ის მასალები ქართული თეატრის ისტორიის ახალ ფურცლებს გადაშლიდნენ. ფარდა აეხდებოდა რუსთაველის თეატრის 1935 წლის კონფლიქტსა და დიდი ქართველი რეჟისორის, სანდრო ახმეტელის დაპატიმრების ნამდვილ მიზეზებს. ბოლოს მოუღებდა საზოგადოებაში გავრცელებულ ჭორებსა თუ ლეგენდებს.
ყურადღებით მოსმენის შემდეგ, ბატონი ტარიელი დამთანხმდა. ოღონდაც მთხოვა, მასალები ისე გამომეყენებინა, რომ რეპრესირებულთა ახლობლები არ გამენაწყენებინა, ან ერთმანეთზე არ გადამეკიდებინა. გარდა ამისა, ბატონმა ტარიელმა თავისი კაბინეტის გვერდით საზღვარგარეთიდან წლობით ნაგზავნი „დაპატიმრებული“ წიგნების საცავიც მაჩვენა. ისინი ადრესატეს წლების მანძილზე არ ჩაბარებიათ. ამ ფონდის პროფილის მიხედვით მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებისთვის გადასაცემად კომისიის შედგენაზეც ფიქრობდა, რომელშიც მეც აუცილებლად ჩამრთავდა. სამწუხაროდ, შენობის დაწვამ ეს უნიკალური ფონდი გაანადგურა.
საუბრის შემდეგ, ბატონმა ტარიელმა თანამშრომლებს არქივიდან საქმეების ამოტანა დაავალა. სამუშაოდ შვებულებაში გასული თანამშრომლის კაბინეტი გამომიყვეს. მალე „ახმეტელის საქმის“ ტომები შემოიტანეს და ჩემ წინ 30-იანი წლების სისხლიანი უცნობი სამყარო გადაიშალა. ყველაფერი გაირკვა. ნათელი მოეფინა თეატრში მომხდარ კონფლიქტს, შექმნილ საერთო ვითარებასა და რეპრესიების მიზეზებს. ისიც გამომჟღავნდა, თუ ვის და რატომ სჭირდებოდა ქართული თეატრის ორი ბუმბერაზის – აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის სახელთა გატეხა, მათი გაშავების მცდელობით ზოგი საკუთარ ცოდვებს ჩქმალავდა და ადვილი აღმოჩნდა სხვის ხარჯზე წამებულის თამაში…
თვეზე მეტი ხნის მუშაობისას სუკ-ის თანამშრომელთა კეთილგანწყობას მუდმივად ვგრძნობდი. დერეფანშიც ახალგაზრდა რუსი გოგოების მზერასაც ვამჩნევდი. მათ ხომ სამეცნიერო მიზნით მოსული ,,უჩვეულო“ სტუმარი ჯერ არ ენახათ. კაბინეტშიც ხშირად იხედებოდნენ – არ ვიცი, შემოწმებისა, თუ ინტერესის გამო. ერთ დღეს, მანამდე უცნობი თანამშრომელი შემოვიდა. რაიმე ხომ არ გნებავთო, მკითხა. მე იგი რიგით თანამშრომლად მივიჩნიე და ერთი დოკუმენტის გარკვევა ვთხოვე. ცოტა ხანში მან სრული ინფორმაცია მომაწოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ იგი თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნოდარ მაისურაძე ყოფილა. ასეთი ყურადღებიანი მიღებით გაკვირვებული ვიყავი, რაც ბატონ ნოდარს ვუთხარი. „ეს ჩვენი ბრალიცაა, რომ ამ უწყებაზე საზოგადოებას უარყოფითი აზრი აქვს“ – მიპასუხა მან. კარგად მახსოვს არქივის უფროსი მამია ალასანია, არქივის მუშაკი ოთარ ალთუნაშვილი და თანამშრომელი თემურ დავითაშვილი. ასე გავხდი სუკ-ის არქივის პირველი მკვლევარი…
– უწინ უფრო მეტად უყვარდათ თეატრი თუ დღეს? რამდენიმე წლის წინათ თეატრალური კრიტიკის გარდაცვალებაზე წერდით. ახლაც იმავეს გაიმეორებდით?
– თეატრისადმი ინტერესი დიდია. დარბაზები ყოველ საღამოს სავსეა ახალგაზრდებით. ყველა თეატრს თავისი ერთგული მაყურებელი ჰყავს. კარგია, რომ ახალგაზრდა თაობას ასე უყვარს თეატრი და სულიერ საზრდოდ მიაჩნია. საერთოდ, თეატრისადმი ინტერესი ყოველთვის იყო, რომელიც საზოგადოების მისწრაფებებს გამოხატავდა. კომუნისტების დროსაც განსაკუთრებით აქტუალური იყო რობერტ სტურუას სპექტაკლები, რომლებიც ტირანიის წინააღმდეგ იყო მიმართული და მრავალ ქვეტექსტს შეიცავდა.
ანდა თემურ ჩხეიძის „გუშინდელნი“, რომლის მოქმედებაც გრძელი სუფრის გარშემო მიმდინარეობდა. აღარაფერს ვამბობ XIX საუკუნის მეორე ნახევრისა და XX საუკუნის დასაწყისის ეროვნულ დადგმებზე დ. ერისთავის „სამშობლო“, აკ. წერეთლის „პატარა კახი”, ალ. ყაზბეგის „ქეთევან წამებული”, ან. ფურცელაძის „დიდი მოურავი”. კ. მესხის „რუსთაველი” და „თამარ ბატონიშვილი”, ვ. მონტის „კაი გრაკხი“, ალ. სუმბათაშვილ-იუჟინის „ღალატი“ და სხვა.
დღესაც ქართული თეატრი, ტრადიციისამებრ, ხმას იმაღლებს დემოკრატიისა და ევროპული კურსის დასაცავად. ასე, რომ ინტერესი ყოველთვის არის და იქნება მომავალშიც რაც შეეხება თეატრალურ კრიტიკას. მისი „გარდაცვალების“ შესახებ მე არ მითქვამს. ეს დილეტანტთა ნათქვამია. სადღეისოდ კრიტიკული რეცენზიები ნაკლებადაა, ვინაიდან ზოგი ერიდება პირად კონფლიქტს დამდგმელ კოლექტივთან, რაც არასწორი პოზიციაა. ისტორიული კვლევა კი წარმატებით მიმდინარეობს და არაერთი ნაშრომი დაიბეჭდა.
– თქვენს ოჯახში ინახება პროფესორ იოსებ მეგრელიძის მდიდარი არქივი. რამდენად სიმართლეა, რომ ლოგინად ჩავარდნილ ექვთიმე თაყაიშვილს სიცოცხლის ბოლოს შინაპატიმრობა ჰქონდა მისჯილი და შემდეგ ცემით მოკლეს? რას ამბობდა ამაზე იოსებ მეგრელიძე?

– მამაჩემი დიდ ექვთიმესთან ჯერ კიდევ 30-იანი წლებიდან მეგობრობდა, როდესაც ლენინგრადიდან წერილებსა და წიგნებს უგზავნიდა პარიზში. მამა უკანონო გადასახლებიდან 1947 წელს დაბრუნდა და მეორე დღესვე მიაკითხა ექვთიმე თაყაიშვილს, რომელსაც გარდაცვალებამდე ერთგულად მეგობრობდა და თითქმის ყოველ დღე აკითხავდა, რაც თავის დღიურებშია დეტალურად აღწერილი და გამოქვეყნებულია მის მონოგრაფიაში „ექვთიმე თაყაიშვილი“.
ექვთიმე ერთხელ იყო დაკითხვაზე გამოძახებული და არავითარი შინა პატიმრობა არ ჰქონდა მისჯილი. მას დევნიდნენ. ჯერ უნივერსიტეტიდან დაითხოვეს, ყველას ეშინოდა მასთან მისვლა. დაკრძალვას მხოლოდ 48 კაცი ესწრებოდა და ჩეკისტები მოსულ ხალხს ეუბნებოდნენ, წაბრძანდითო. უნივერსიტეტთანაც არ უნდოდათ შეჩერება. მამამ მძღოლს 30 მანეთი მისცა და მანქანის გაფუჭების მიზეზით მოხდა პროცესიის შეჩერება.
– პროფესორ იოსებ მეგრელიძეს „კავკასიოლოგიის პატრიარქი“ უწოდეს. ახლახან გამოვიდა მისი წიგნი „სიძველეები ლიახვის ხეობაში“, სადაც ორივე ნაწილი გაერთიანდა. ბატონი იოსები წერდა, რომ ადრინდელი გამოცემის დროს მას ხელი არ შეუწყვეს და პირიქით, უშლიდნენ… რატომ? რას იტყოდით ახალ წიგნზე?
– ამ ნაშრომს დღეს მეცნიერულის გარდა პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. ამიტომაც ითავა მისი გამოცემა ცხინვალის ადმინისტრაციამ, რისთვისაც მის ხელმძღვანელობას მადლობას ვუხდი.
ამ ნაშრომით უტყუარად მტკიცდება, რომ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია ქართულია თავისი ძეგლებით, გადმოცემებითა და ლეგენდებით. ეს წიგნი აღიარა ოსმა მეცნიერმა ლუდვიგ ჩიბიროვმა (შემდგომში სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა) და დიდი სამეცნიერო შეფასება და საზოგადოებრივი აღიარება ჰქონდა. რაღა თქმა უნდა, დღესაც აქტუალურ ნაშრომად რჩება.
თუმცა მისი გამოცემის ისტორია დრამატულია. მაშინ არც ქართულმა და არც სამხრეთ ოსეთის გამომცემლობებმა არ დაბეჭდეს და 28-წლიანი ბრძოლის შემდეგ მხოლოდ პირველი ნაწილი გამოსცა „საბჭოთა საქართველომ“. ცხინვალში კი უთხრეს – დააწერე ,,სამხრეთ ოსეთის მხარის სიძველეები“ და გამოვცემთო. ამას მამა არ დათანხმდა. უარის თქმა ვერ გაუბედეს და არაკორექტული ფორმით ხელნაწერი ფოსტით გამოუგზავნეს. აღსანიშნავია, რომ მამა ამ ძეგლებს 1948 წლიდან საკუთარი ხარჯით სწავლობდა და დღიურშიც უწერია – ეროვნული საქმეა და უნდა დავასრულოო. აღსანიშნავია ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა, რომლებიც თავიანთ სახლებში ეპატიჟებოდნენ დაღამებამდე მომუშავე მეცნიერს და არაერთი მეგობარიც შეიძინა.
„კავკასიოლოგიის პატრიარქი“ კი 1992 წელს მაიკოპში გამართულ ევროპის კავკასიოლოგთა VI საერთაშორისო კოლოქვიუმზე უწოდეს აფხაზი მეცნიერის – ინალიფას ინიციატივით. აფხაზ მეცნიერებთან მამას ახლო ურთიერთობა ჰქონდა. გამოსცა წიგნიც „აფხაზმცოდნეობის სათავეებთან“, სადაც მათი ღვაწლი იყო გამოკვეთილი. ადრე კითხულობდა ლექციებს სოხუმის უნივერსიტეტში. 1999 წელს კი ამერიკის ბიოგრაფიის ინსტიტუტმა მსოფლიო 500 მეცნიერთა სიაში შეიყვანა.
უნდა აღვნიშნო, რომ მამას იუბილე ორჯერ აღინიშნა. 1999 წელს 90 წელი თბილისში და 110 წელი ჩოხატაურში. აქ მან დააარსა ნიკო მარისა და მოსე გოგიბერიძის მუზეუმები და სხვა მხრივაც ეხმარებოდა მშობლიურ რაიონს. ხელმძღვანელობა შემპირდა ერთ-ერთი ობიექტისთვის მისი სახელის მინიჭებას, რაც დღემდე გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება…
– ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი დამფუძნებელი ხართ, ჟურნალისტთა ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი წლების განმავლობაში… და ფედერაციის მდივანი – ამჟამად….
– გახსოვთ ალბათ 9 აპრილს შეწირული თამარ ჭოველიძის დედის მკვლელობა, რომელსაც გამოძიებაცა და პრესაც თამარის მეგობრებს აბრალებდნენ. ეს საქმე ძირფესვიანად შევისწავლე და სხვა გარემოებები აღმოჩნდა, რამაც პოლიცია გააღიზიანა. მალევე 5 პოლიციელი დააპატიმრეს, ყალბი გამოძიებისთვის თითოეულ ხუთ-ხუთი წელი მიუსაჯეს. ამის გამო არაერთი უსიამოვნება გადამხდა თავს. ჟურნალისტთა კავშირში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ყველა პოლიციას ამართლებდა, ისინი სიყალბეში ვამხილე და კინაღამ მაღალჩინოსანტან ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
მერე გახმაურებული საქმე ფირმების ,,ომეგასა“ და „ელიზს“ შორის დაპირისპირება იყო, სადაც პრესა „ელიზის“ მხარეს აღმოჩნდა, მაგრამ შევძელი ორივე საქმეზე საზოგადოებრივი აზრის შეცვლა. კიდევ იყო სხვა საქმეებიც სამცხე-ჯავახეთის მეტყევეთა უკანონო დაპატიმრება, შინაგან საქმეთა მინისტრების შოთა კვირაიასა და კახა თარგამაძის შესახებ, კომერციული ბანკების თაღლითობაზე, საქართველოს საზღვრებისა და საინგილოს, რუსთავის მანგანუმის ქარხნის, მარნეულში მიწების უკანონოდ განაწილების, სარკინიგზო პრობლემების, ავტომაფიის შესახებ და სხვა.
– ერთი ფოტო და ერთი ამბავი…
– ძალიან საინტერესოა ისტორიული მნიშვნელობის სურათი, რომელიც 1932 წლის 17 თებერვალს ლენინგრადშია გადაღებული. მასზე აღბეჭდილია პირველ ქართველ ასპირანტთა ჯგუფი, რომლებმაც შემდგომში ქართული მეცნიერება განავითარეს. ამ სურათს „30-იანი წლების თერგდალეულები“ ვუწოდე, რომლის დედანიც ჩემთან ინახება. მარცხნიდან მარჯვნივ პირველ რიგში: გ. ხარატიშვილი, ი. მეგრელიძე, ა. ცხაკაია, მ. ზუხბა, ს. ჟღენტი, გ. წერეთელი, შ. ძიძიგური.
დგანან, მარცხნიდან მარჯვნივ: გ. ხაჯალია, ი. ვეკუა, ვ. კუპრაძე, ს. ჯიქია, ა. რუხაძე, დ. დოლიძე.
ამასთან დაკავშირებით საინტერესოა მამის წერილი იური მარისადმი: ,,…რამდენიმე კაცი კიდევ უნდა ყოფილიყო ხსნებულ ფოტოსურათზე. შოთა ძიძიგურმა და მე გავაფრთხილეთ მეგობრები – ხვალ აკადემიის სასადილოდან მივდივართ და ნევსკის დასაწყისზე, კინო „ბარიკადასთან“ რომ ფოტოგრაფიაა, იქ სურათს ვიღებთო, მაგრამ ზოგი მაინც არ მოვიდა. გვაკლია საშა ღლონტი, მიშა ჩიქოვანი, მიშა ჩხენკელი, სანდრო კალანდაძე“. აი, ასეთი ისტორიაა.
– ჯილდოებიდან რომელს გამოარჩევთ?
– 12 სხვადასხვა პრემია მაქვს მიღებული. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ორჯერ მიღებული პრემია წლის საუკეთესო რეცენზიისთვის, გაეროს დაარსებიდან 50 წლის აღსანიშნავ იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის თემაზე ჟურნალისტებს შორის გამოცხადებულ რესპუბლიკურ კონკურსში პირველი ხარისხის პრემია, თბილისის მერიის, საკრებულოს, P.R განვითარების ინსტიტუტის პრემია, ჟურნალისტთა ფედერაციის უმაღლესი ჯილდო ნიკო ნიკოლაძის სახელობის პრემია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება, სერგეი მესხის სახელობის პრემია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის სახელობის პრემია.
ეს ჯილდოები მნიშვნელოვანია თავისი საერთაშორისო და მნიშვნელოვან პიროვნებათა სახელობის სტატუსით და განაპირობებს საზოგადოებრივ აღიარებას.
– ჰობი…
– სკოლის ასაკიდან კალათბურთს ვთამაშობდი. თეატრალურ ინსტიტუტში კოტე მახარაძის შემდეგ გუნდი აღარ არსებობდა. ჩემი ძალისხმევით აღდგა და მისი კაპიტანიც ვიყავი. ვთამაშობდით ქალაქის პირველობაზე. მიყვარს ფეხბურთი. იყო პერიოდი, როდესაც თბილისის „დინამოს“ ყველა თამაშს ვესწრებოდი. მაშინ ყოველი მოგება და წარმატება ეროვნული ღირსების მნიშვნელობის იყო.
– ოჯახი…
– ჩემი მეუღლე ფილოლოგი მაკო წოწონავაა. ჩვენ საოცარი ურთიერთგაგება გვაქვს. მასთან გავიგე ნამდვილი მეუღლის ფასი. ვსაუბრობთ და ვკამათობთ ხელოვნებაზე, ლიტერატურაზე, მაგრამ საქმე ჩხუბამდე არ მიდის… ერთმანეთის დიდი პატივისცემა და სიყვარული გვაქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი შეხედულებები და რჩევები, რომლებიც მეტწილად მართლდება. ასე ურთიერთსიამტკბილობით ვცხოვრობთ.
– რაზე მუშაობთ ამჟამად? სამომავლო გეგმები…
– ვმუშაობ დედის ბიობიბლიოგრაფიის, მამის ნაშრომზე ,,გურული ფოლკლორი“, რომელიც ფოლკლორის ცენტრმა უნდა გამოსცეს. გეგმაში მაქვს ჩემი ნაშრომების – ,,ახმეტელის თეატრი“ და ,,რუსთაველის თეატრი 30-იან წლებში“ გამოცემაც. აღარაფერს ვამბობ „ტვ პლუსში“ გადაცემების წაყვანაზე (რომლის აღმასრულებელი დირექტორიც გახლავართ) და რეცენზიების, გამოკვლევების ინტენსიურ ბეჭდვაზე.
თამარ შაიშმელაშვილი