სოხუმის დრამატულ თეატრში, 11 მარტს, ინკლუზიური სპექტაკლი „ეთერშია ჰელიოსი“ დაიდგმება
„სოხუმის დრამატულ თეატრში, 11 მარტს, 20:00, ინკლუზიური სპექტაკლი „ეთერშია ჰელიოსი“ დაიდგმება,“- ამის შესახებ ინფორმაციას სოხუმის დრამატული თეატრის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„11 მარტი 2024 / 20:00
„ეთერშია ჰელიოსი“ – ინკლუზიური სპექტაკლი.
„თეატრი კონტაქტი“
(პრემიერის ლოკაცია – სოხუმის დრამატული თეატრის სცენა).
ინკლუზიური თეატრი -კონტაქტი“ რიგით მეცხრე საავტორო სპექტაკლის პრემიერა სახელწოდებით „ეთერშია ჰელიოსი“, რომელიც გაიმართება სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე.
დრამატურგი და რეჟისორი – ირა კოხრეიძე
სცენოგრაფი/დადგმის ხელმძღვანელი – გიორგი მიქაბერიძე
მუსიკის ავტორი – My Equinox Divine
ვიდეო გრაფიკა – არჩილ ბედიაშვილი
ჟანრი: სიმბოლიზმი / აბსურდის დრამა
მონაწილეობენ: მაშიკო თვალაბეიშვილი, გვანცა ჯავახიშვილი, ნანო გორდაძე, გიორგი გვასალია, ვასილ კიპაროიძე, ტატო სიხარულიძე, მანჩო კოხრეიძე, ლევან ბირკაძე ნინი ბიკოვი, ლუკა უშვერიძე, სესილი ღვინჯილია, მაიკო მინჯია, სანდრო დარსაველიძე, თაკო უჯმაჯურიძე, ანანო ჩიტაძე, დაჩი ზერაკიძე.
ეს ამბავი ერთის მხრივ მოგვითხრობს მითოლოგიური მზის ღმერთის ჰელიოსის შესახებ, მაგრამ ამავდროულად არაფერი აქვს საერთო ბერძნულ მითთან. სპექტაკლში ჰელიოსი არ წარმოადგენს ადამიანს ან პიროვნებას, ის მხოლოდ სიმბოლური გასაღებია თვითშემეცნების გზაზე აზროვნების ვაკუუმში მყოფი ადამიანისთვის.
მთავარი მოქმედება ხდება სიმულაციურ სამყაროში არსებულ სარკეებიან ოთახში, სადაც მოსახლეობა ზომბირებულ, „მძინარე“ მდგომარეობაში იმყოფება. ეკრანებზე მიჯაჭვულ ადამიანებს ტელე-რადიო მაუწყებელი აწვდის საგანგებო ინფორმაციას, რომ შესაძლოა მათ სამყაროში გამოჩნდეს „ჰელიოსი“ და სიფრთხილისკენ მოუწოდებს მოსახლეობას.
სოციუმის წევრებში შეინიშნება დაბნეულობა. ისინი არაერთგავაროვნად რეაგირებენ ამ ინფორმაციაზე და ჰელიოსის გამოჩენაზეც სხვადასხვაგვარ მოლოდინებს ამყარებენ. ზოგიერთი მათგანი ხსნას მესიის გამოჩენაში ხედავს .
ნაჩვენებია, ციფრულ ოთახში გამოკეტილი სოციუმის კრიზისული მდგომარეობის თავისებურებები: შინაგანი ქაოსური და ამღვრეული განცდები, საკუთარ თავთან და ერთმანეთთან არსებული დაპირისპირება, გახლეჩილობა, ამპარტავნობა, შინაგანი სიცარიელის განცდა, ცინიზმი, ორპირობა, ტოქსიკური პოზიტივი და გულუბყვილობა რომელიც ვლინდება ყოველდღიურობაში. ფსიქოლოგიური კრიზისის ფონზე მოსახლეობის წევრები ერთმანეთს სთავაზობენ ფსევდო სულიერი და პიროვნული ზრდის სერვისებს და პროფანულ მომსახურეობას.
მიუხედავად ამისა ადამიანთა მცირე ნაწილი მეტად გრძნობს და იაზრებს ოთახში არსებულ მენტალურ ხაფანგებს და ილუზორულობას. ხდება ფასეულობების გადაფასება და თვითრეფლექსის მცდელობები.
ეკრანი მოულოდნელად წყვეტს მაუწყებლობას. მას მერ ჰელიოსის გამოჩენის ინტერესი კიდევ უფრო მძაფრდება და კულმინაციას აღწევს.
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის და სპორტისა სამინისტრო, თბილისის მერია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, Yoga Cave Tbilisi.
ინკლუზიური „თეატრი კონტაქტი“ დაარსდა 2015 წელს ირა კოხრეიძის და გიორგი მიქაბერიძის მიერ. დასი წარმოადგენს პროფესიონალ მსახიობთა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა კოლაბორაციას,. ჩვენი შემოქმედების შინაარსი და სტრუქტურა თანამედროვე დრამატული ხელოვნების ახალი მიმართულებაა, რომელიც განკუთვნილია უნივერსალური კატეგორიის მაყურებლისთვის. არასტანდარტული რეპერტუარი და მიდგომები ამსხვრევს სტერეოტიპებს და ცვლის საერთოდ ინკლუზიურ ხელოვნებაზე წარმოდგენებს. ამ ხნის მანძილზე თეატრმა არა ერთი ჯილდო და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა,” – ნათქვამია ინფორმაციაში.