დიმიტრი ლორთქიფანიძე გიგა მაქარაშვილს სასამართლოში უჩივის და მისგან მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

„მაქარაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელს შევიტან, რომლითაც მორალური ზიანის ანაზღაურებას მოვითხოვ“, – აცხადებს ყოფილი დეპუტატი, დიმიტრი ლორთქიფანიძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც დიმიტრი ლორთქიფანიძე გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, ტელეკომპანიის ეთერში მომხდარი ფაქტი წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია იყო.
„რაც ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მოხდა, ეს ლიბერალისტული პედერასტიის წარმომადგენელთა მხრიდან განხორციელებული მორიგი უზნეო პროვოკაცია იყო. ვინმე გიორგი მაქარაშვილმა ტელეკამერების წინაშე მარიხუანის გაბოლებით ქართველი საზოგადოება მასხრად აიგდო, რასაც ტელეკომპანია „იბერიამაც“ შეგნებულად შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ტელეკომპანია „იბერიამ“ საზოგადოებას ბოდიშიც კი არ მოუხადა იმის გამო, რომ საკუთარ ეთერში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაცია მოახდინა. აღარაფერს ვამბობ, რომ „იბერიამ“ უხეშად დაარღვია კანონმდებლობა, რისთვისაც ტელეკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან 5000 ლარით უნდა დაჯარიმდეს. დაგეგმილი პროვოკაციის მიზანი იყო, სტუდიაში მყოფი ოპონენტები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში , მე და კობა დავითაშვილი, მწყობრიდან გამოვეყვანეთ და ადამიანისათვის, რომელმაც მთელი ქვეყნის დასანახად, ცხვირწინ ნარკოტიკი გაგვიბოლა, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიგვეყენებინა, რის შემდეგაც ლიბერასტული პროპაგანდა მოძალადეებად, ბნელებად და ფაშისტებად გამოგვაცხადებდა“ – აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.
მისი თქმით, მან შემთხვევის ადგილზე, კერძოდ, „იბერიის“ შენობაში მისულ სამართალდამცველებს ჩვენება მისცა, ხოლო გიორგი მაქარაშვილი ექსპერტიზაზე წაიყვანეს.
ამასთან, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნარკოტიკული ომია გაჩაღებული, რასაც საზოგადოება წინ უნდა აღუდგეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები