ინტერნეტში ახალი სახიფათო თამაში გამოჩნდა – „მიზანი მოთამაშის თვითმკვლელობამდე მიყვანაა“
ინტერნეტში ახალი სახიფათო თამაში „მომო“ გამოჩნდა. ამის შესახებ გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერს.
როგორც გამოცემა წერს, არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს განათლებისა და განვითარების ცენტრი” რამდენიმე თვის წინ, შეუდგა ქართულ ინტერნეტსამყაროში არსებული სიტუაციის შესწავლას. ორგანიზაციის წევრი ალექსანდრე ადამაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” აცხადებს, რომ დღეისათვის, ქართულ ინტერნეტსივრცეში არაერთ მავნე თამაშს შეხვდებით, მათი პოტენციური მსხვერპლი კი არასრულწლოვნები არიან. გამოკითხული მოზარდებიდან ყოველი მე-7 ინფორმირებული ან ჩართულია ამ თამაშებში, ყოველი მე-3 კი რაიმე ფორმით გამხდარა ინტერნეტბულინგის მსხვერპლი.
“ლურჯ ვეშაპს” ქართულ ინტერნეტრეალობაში ახალი სახიფათო თამაში “მომო” მოჰყვა. დღემდე ვერ გაარკვიეს, ეს პროგრამა ალგორითმია თუ სხვა რამ. თამაში სწრაფად გავრცელდა ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც. ასევე სწრაფად გავრცელდა სავარაუდოდ, ყალბი გვერდები, რომელთა მეშვეობითაც ქართულად სწერენ ბავშვებს და მათ სხეულის სხვადასხვა ადგილას „მომოს“ ამოკაწვრას სთხოვენ. დავალების მიცემამდე, დადგენილი აქვთ ამა თუ იმ ბავშვის მისამართი, მათი და მათი ოჯახის წევრთა შესახებ პირადი ინფორმაცია, რომელსაც მეტწილად სოციალური გვერდიდან მოიპოვებენ, შემდეგ კი იწყება შანტაჟირება. ორივე თამაშის – “ლურჯი ვეშაპისა” და “მომოს” მიზანი მოთამაშის თვითმკვლელობამდე მიყვანაა.
როგორც აღმოვაჩინეთ, “მომო” უმეტესად მარტოსულ, დეპრესიულ, ფაქიზი ფსიქიკის მქონე მოზარდებს არჩევს. უგზავნის ხმოვან და ტექსტურ შეტყობინებებს და აძლევს დავალებებს. ჩვენი მონაცემებით, სამი პოსტი სუიციდზე, უიმედობასა და დეპრესიის გამომხატველი ფოტოები, მარტოობა – ამ შინაარსის სოციალური გვერდი საკმარისია „მომოს“ მოზარდით დასაინტერესებლად. დღეში 10-მდე პროფილს ვსწავლობდით, რომელიც მსგავს ფოტოებს ან ინფორმაციას მოიცავდა. სხვადასხვა გზით ვახერხებდით გვერდის მფლობელთან დაკავშირებას და 80% შემთხვევაში, დასტურდებოდა, რომ უკვე მისწერეს ან ჩართული არიან ამგვარ თამაში“, – აცხადებს ალექსანდრე ადამაშვილი.
ის ერთ-ერთ კონკრეტულ მაგალითსაც იხსენებს.
„ბოლოს, მაგალითად, დავუკავშირდით 12 წლის გოგონას მშობლებს. გოგონა უიმედოდ შეყვარებული ყოფილა. უცნაურ სტატუსებს დებდა, მაგალითად, “ვინც თავს იკლავს, ყველა ჯოჯოხეთში ხვდება თუ არა?” ჩვენ ის პოტენციურ მსხვერპლად მივიჩნიეთ, რადგან მის გვერდზე “მომოს” შესახებ სტატუსიც აღმოჩნდა, რომელშიც სვამდა კითხვას, ეს რა არისო?. სასწრაფოდ მივიღეთ ზომები და მშობლების გვერდში დგომით, დღეს ყველაფერი რიგზეა. ფსიქოლოგებთან თანამშრომლობით, მათ ყველაფერი შეძლეს. სამწუხაროდ, ყველა შემთხვევა ასე კარგად არ მთავრდება“, -აცხადებს ალექსანდრე ადამაშვილი.