ადვოკატი: მეუფე იაკობი თვითონ არის ავაზაკი, რომელსაც ძალიან დიდი ცოდვები ამძიმებს
„მეუფე იაკობი, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ავაზაკად მოიხსენია, თვითონ არის ავაზაკი, რომელსაც ძალიან დიდი ცოდვები ამძიმებს“, – აცხადებს ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ გიორგი მამლაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
როგორც ადვოკატი გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნავს, მას საერთოდ არ ადარდებს მეუფე იაკობის მუქარები.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ მან მეუფე იაკობს სასამართლოში რამდენიმე წლის წინ უჩივლა, თუმცა საქმის განხილვა მოსამართლის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, არც კი განხილულა. ამასთან, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მან სარჩელის განხილვის მოთხოვნით, სასამართლოს თავმჯდომარეს რამდენჯერმე მიმართა, მაგრამ რატომღაც სარჩელი განსახილველად სხვა მოსამართლეს არ გადასცეს.
„მეუფე იაკობი, რომელმაც დეკანოზი გიორგი მამალაძე ავაზაკად მოიხსენია, თვითონ არის ავაზაკი, რომელსაც ძალიან დიდი ცოდვები ამძიმებს. პირდაპირ ასე დაწერეთ, კონსტანტინე იაკობაშვილი, რომელსაც დღეს მეუფე იაკობი ეწოდება, შარში თვითონ არის გახვეული და მისი მუქარები საერთოდ არ მადარდებს. შეიძლება, ვიღაცისთვის გავლენიანი იყოს, ჩემთვის კი სრული არარაობაა! ყველამ თავის წარსულს გადახედოს და სხვას მერე უწოდოს ავაზაკი“, – აცხადებს მიხეილ რამიშვილი გამოცემასთან.
მისი თქმით, მან გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით, საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართა, მაგრამ მაშინ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მიზეზს ადვოკატი გამოცემასთან ინტერვიუში ასახელებს:
„პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე თეოდორე ჭუაძე შეწყალების კომისიის წევრია და დიდი ალბათობით, ყველანაირად ეცდება, გიორგი მამალაძის შეწყალება არ მოხდეს“, – აცხადებს გიორგი მამალაძის ადვოკატი – მიხეილ რამიშვილი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.
მიუხედავად ამისა, ადვოკატმა, გიორგი მამალაძის შეწყალების მოთხოვნით, პრეზიდენტს კვლავ მიმართა.