“ბავშვები გარყვნილებისგან არიან იზოლირებულნი” – რას აცხადებს მამაკაცის და, რომელმაც 8 შვილი სახლში გამოკეტა
„სულ ახლახან, ერთი ოჯახის ცხოვრებაში სახელმწიფო უხეშად ჩაერია და ციხეში გამოკეტა 8 შვილის მარჩენალი მამა, რომლმაც ისინი ამქვეყნიურ ტალახს გაარიდა და სკოლაშიც კი არ გაუშვა, მის დასახსნელად რკინის ქალამნებს ჩავიცვამ“, – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ირმა დევნოზაშვილი, რომელიც ძმის საპატიმროდან გათავისუფლებისთვის ბრძოლას იწყებს.
ცნობისათვის, მამა, რომელსაც სვანეთში 8 შვილი სახლში ჰყავდა ჩაკეტილი, ორი კვირის წინ დააკავეს. შსს -ს ინფორმაციით, ამირან დევნოზაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით, რაც იძულებას გულისხმობს. დაკავებულის და, ირმა დევნოზაშვილი აცხადებს, რომ მის ძმას შეგნებულად სწამებენ ცილს. მისი თქმით, ამირან დევნოზაშვილმა ზნეობრივად იცხოვრა, ღმერთსა და სამშობლოს ემსახურა.
„ამირანს უმაღლესი განათლება აქვს. ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აფხაზეთშიც ომობდა, დაიჭრა კიდეც. შემდეგ მართლმადიდებელი ოჯახი შექმნა და სამშობლოს 8 შვილი აჩუქა. ერთხანს თბილისში ცხოვრობდნენ, მერე გაუჭირდათ და ცაგერის რაიონის სოფელ რაცხმელურში, მეუღლის ბინაში დასახლდნენ, მთავრობა არ შეუწუხებია. მეუღლეც და შვილებიც საკუთარი სურვილით ცხოვრობენ იმ გარემოში და ეს მათი უფლებაა! ბავშვები ტყვეობაში კი არ იმყოფებიან, მხოლოდ იმ გარყვნილებისგან არიან იზოლირებულნი, რომელიც ქართველ ხალხს იძულებით თავს მოახვიეს. ამ ბავშვებმა არ იციან მხოლოდ თავსმოხვეული გარყვნილება, რისი სწავლებაც ქართულ სკოლებში თანამედროვე განათლების სამინისტრომ სავალდებულოდ გამოაცხადა. ცოლი და 8 ბავშვი ერთხმად ბღავიან და ოჯახის უფროსის სახლში დაბრუნებას იხვეწებიან!“ – აცხადებს გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში ირმა დევნოზაშვილი, რომლის ძმაც სამართალდამცველებმა ორი კვირის წინ დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ სვანეთში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის შესახებ ინფორმაცია იანვარში გახდა ცნობილი. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ამირან დევნოზაშვილს 8 შვილი – სამი ბიჭი და 5 გოგო ჰყავს. შვილების სახლში გამოკეტვის მიზეზად მამა იმ არგუმენტს ასახელებდა, რომ ისინი საზოგადოებისგან მხოლოდ ცუდს ისწავლიდნენ.