პრეზიდენტის თქმით, კომისიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ უდო-მ, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს, შეწყალებაზე უარი ექვსჯერ უთხრა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, შეწყალების კომისიას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ უდო-ს კომისიამ, ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ ვეფხია ბაქრაძეს, შეწყალებაზე უარი ექვსჯერ უთხრა.
შესაბამისი განცხადება გიორგი მარგველაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„მოგახსენებთ, რომ ჩვენ ვერ გვექნებოდა ინფორმაცია ე.წ. უდო-დან, რადგან ეს უარი ნათქვამი იყო მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჩვენ გავუნახევრეთ სასჯელი. ანუ თხოვნა შეტანილი იყო ამის შემდეგ- ეს ერთი მომენტი. მეორე მომენტი – აქ არ არის ლაპარაკი მოწესრიგებულ დოკუმენტზე, აქ საუბარია დასკვნაზე, სადაც თქვენ ნახავთ, რომ საუბარი უარყოფით დახასიათებაზე კი არ არის, არამედ უაღრესად დადებით დახასიათებაზე და ბოლოს, თუ უდო-ს ჰქონდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პიროვნება ასე უარყოფითად ხასიათდებოდა, რატომ არ გვქონდა ეს ინფორმაცია ჩვენ?! – ანუ ჩვენ გვქონდა დადებითი დასკვნა და თურმე უდო-ს ჰქონდა უარყოფითი დასკვნა. ჩვენ ხომ ვემყარებით იმ წყაროებს, რომელსაც ლეგიტიმურად უნდა ვემყარებოდეთ – ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და ადმინისტრაციის დასკვნას. თუ ამ პიროვნების თაობაზე, ის, რომ უარყოფითად ხასიათდებოდა, იცოდა ე.წ. უდო-მ, რატომ დაუმალეს კომისიას ეს ინფორმაცია?!“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები