ოზურგეთში 52 წლის ქალი ლამინირებული იატაკის საწმენდი ხსნარის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა
უბედური შემთხვევა ოზურგეთში. ოზურგეთში 52 წლის ქალი ლამინირებული იატააკის საწმენდი ხსნარის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. ქათამიძემ საკუთარ სახლში იატაკი ქიმიური ხსნარით 6 მაისს საღამოს მოწმინდა, მეორე დღეს კი ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განუცხადეს, ლია ქათამიძემ იატაკი ქიმიური ხსნარით მოწმინდა.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, ხსნარი ოზურგეთში შეიძინა. თეთრი ბიდონია და მას ლათინურად ლამინატი აწერია. სახლში ლამინატის იატაკი აქვთ დაგებული. იატაკი საღამოს მოწმინდა. საავადმყოფოში მიყვანამდე ღამით, 4 საათზე ცუდად გახდა, სასწარაფოც გამოიძახეს, მაგრამ მერე მდგომარეობიდან გამოსულა და სასწრაფოს გამოძახება გააუქმებია. დილით რომ სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, უკვე შოკში იყო. მაღალი სიცხე, ტანზე სისხლჩაქცევები და პირღებინებები ჰქონდა. საერთოდ, ალერგიული იყო, შეიძლება ხსნარი არასწორად გამოიყენა. თანამშრომლები შოკირებულები ვართ“, – განუცხადეს „კვირას“ გამგეობაში.
ოზურგეთის გამგეობის საბიუჯეტო განყოფილების ხელმძღვანელის ლია ქათამიძის ცხედარს, ოჯახის წევრების მოთხოვნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა არ ჩაუტარდება – ამის შესახებ „კვირას“ შპს “მედ ალფას” ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, ლია ქათამიძე კლინიკაში გუშინ, დაახლოებით 10:00 საათზე მოათავსეს. პაციენტი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, წნევა და პულსი არ ესინჯებოდა, მთელ სხეულზე მრავლობითი სისხლჩაქცევები ჰქონდა. ამასთან, კლინიკაში მიიყვანეს ლია ქათამიძის მცირეწლოვანი შვილიშვილები, რომლებსაც პირღებინება, გულისრევის შეგრძნება და მუცლის არეში ტკივილი აღენიშნებოდათ.
“ქალბატონი წინა დღეს თავს კარგად გრძნობდა, არაფერი აწუხებდა. შემდეგ, როგორც ოჯახის წევრებმა გვითხრეს, რაღაც ხსნარით მოწმინდა იატაკი. რა ხსნარი იყო ეს, ვერ გეტყვით, რადგან ჩვენ არ ვართ სამართალდამცავი სტრუქტურა. ეს პოლიციის გასარკვევია. შოკში იყო, ჰემოდინამიკური მაჩვენებლები ანუ წნევა, პულსი არ აღენიშნებოდა, უგონოდ იყო. მთელ სხეულზე, კიდურებზე, სახეზე, ტანზე მრავლობითი სისხლჩაქცევა და მიკროცირკულაციის მოშლა აღენიშნებოდა. გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, დაახლოებით 14.00 საათზე გარდაიცვალა. სავარაუდოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაუდგენელი საშუალებით ინტოქსიკაციამ რაღაც გართულებას ბიძგი მისცა, რადგან ასე სწრაფად კარგად მყოფი ადამიანი არ იღუპება”, – აღნიშნა დავით მდინარაძემ.
რაც შეეხება გარდაცვლილის შვილიშვილებს, ექიმის თქმით, მათაც, სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია დაუდგინდათ. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში გაწეული პირველადი დახმარების შემდეგ, პატარები ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მცირეწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. როგორც „კვირას“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ განუცხადა, ლია ქათამაძის დაკრძალვის ხარჯებს ნაწილობრივ გამგეობა დაფარავს.