„თოვლიან ულამაზეს ცხინვალში თავი ზღაპრის გმირი მეგონა“…
ცხინვალი მისი მშობლიური ქალაქია. თედიაშვილების ტრადიციულ ოჯახში გაიზარდა. პაპა ხეზე კვეთის ცნობილი ოსტატი იყო… სკოლის პერიოდში თავადაც ხატავდა, მაგრამ 2008 წლის ომმა სახლი და ნამუშევრები გაანადგურა.
შემდეგ ისე მოხდა, რომ გერმანიაში მოუწია მოღვაწეობა. ერთ-ერთი ცნობილი წარმოების მთავარი დიზაინერი იყო. იქ დაეუფლა მინაზე მხატვრობის ახალ ტექნიკას და ორიგინალური ნამუშევრები შექმნა, რომლებიც გერმანიის სხვადასხვა ქალაქში გამოიფინა და დიდი ინტერესი მოჰყვა.
რამდენიმე თვეა, საქართველოში დაბრუნდა. ამჟამად თბილისში, ლარსის ქუჩაზე საკუთარი სალონი „ეთო სტუდიო“ გახსნა. სალონის კარი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. აპრილში მორიგ პერსონალურ გამოფენას გეგმავს. არის მხატვართა კავშირის წევრი.
ამავდროულად, პროზაული კრებულის „ბერგ ჰაილის“ ავტორია. წერს ლექსებსაც. მუშაობს რომანზე, რომელიც ცხინვალის მოგონებებზეა. – ეთერ თედიაშვილის პერსონა.
– დედა უცხო ენების ინსტიტუტი დაამთავრა და განაწილებით მოხვდა ცხინვალში, გერმანულს ასწავლიდა. მამა ჟურნალისტი იყო, ცხინვალში გაიცნეს ერთმანეთი და დაოჯახდნენ, დედა დარჩა ცხინვალში.
მე თბილისში დავიბადე, მაგრამ ბავშვობა და ახალგაზრდობა ცხინვალში გავატარე. სკოლა და მუსიკალური სასწავლებელი, შემდეგ ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი იქ დავამთავრე.
გვქონდა დიდი, ტრადიციული საკუთარი სახლი ქალაქის შუაგულში. პაპაჩემი ვასო თედიაშვილი ცნობილი ხელოსანი, დურგალი იყო, რომელსაც თავისი საამქრო, გერმანული დაზგა-დანადგარები ჰქონდა. მოჩუქურთმებულ ხის ავეჯს ამზადებდა. საკუთარი ხელით ააშენა სახლი, ავეჯიც მან დაამზადა… ცხინვალის თეატრის შენობის დიდი კარი მისი მოჩუქურთმებული იყო. გასაბჭოების დროს გააკულაკეს, დაკარგა ყველაფერი და ამ ამბავს გადაჰყვა.
თედიაშვილების ტრადიციულ ოჯახში გაიზარდნენ მამაჩემი, მისი დები, ძმები… გავიზარდე მეც.
დღეს, სამწუხაროდ, ცხინვალში ჩვენი სახლი აღარ არსებობს, 1991 წელს გამოვედით ცხინვალიდან. ის-ის იყო ახალი წელი დგებოდა… გამოვასწარით.
მას მერე ჩვენი სახლ-კარი აღარ გვინახავს. 2008 წლამდე სახლი არსებობდა და 2008 წელს, როგორც გავიგეთ, ააფეთქეს, მიწასთან გაასწორეს.
– ეტყობა, პაპისგან დაგყვათ ხელოვნების ნიჭი?
– პაპა დიდი ოსტატი იყო. საოცრად ლამაზი ნაკეთობებით სახელგანთქმული. მას ვერ მოვესწარი. თუმცა დედის მხრიდან ნიჭიერი ხალხი არ გვაკლდა, ბებიის ბიძა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II, საძგლიშვილი.
დედა გერმანული ენის სპეციალისტი იყო – ჩემი პირველი მასწავლებელი სკოლაშიც და საგნისაც. 2014 წელს გარდაიცვალა.
არასოდეს მიფიქრია, რომ ოდესმე გერმანიაში მოვხვდებოდი. ლტოლვილობის პერიოდში ძალიან გაგვიჭირდა. არსებობისთვის ვიბრძოდით. მაშინ ღმერთმა გადმოგვხედა და ჩემი და – თამარი მოხვდა გერმანიაში. შემდეგ მეც მიმიწვიეს
დასთან სტუმრად.
იქ ვნახე შუშის საწარმო, სადაც ჩემი და წამყვან სპეციალისტად მუშაობდა. სიძე – ვერნერ კუნცელი კი ამ წარმოების უფროსი იყო. საწარმოს საქმიანობის გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ გარდა ჩვეულებრივი მინისა, რომელსაც მანამდე ვიცნობდი, თურმე არსებობდა მინის უამრავი სახეობა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სტრუქტურით, ფერით, თვისებებით,
სისქით… მაშინ დავინტერესდი მინით.
ბავშვობიდან ვხატავდი გრაფიკაში და პასტელით, ძირითადად – პორტრეტებს. ხატვა ჩემი ჰობი იყო, თუმცა ფერებში არასოდეს დამიხატავს.
სამწუხაროდ, ჩემი ყველა ნახატი დაიკარგა. ომის დროს ოჯახის ქონებასთან ერთად ჩემი ნაწერები, ნახატები, ამავე დროს, მამაჩემის ხელნაწერებიც განადგურდა. მამა პიესებს წერდა და მისი აღარაფერი შემოგვრჩა.
სამხატვრო აკადემიაში არ მისწავლია, მაგრამ იქ მოხვედრა ჩემი დიდი ოცნება იყო. უფრო მუსიკამ გამიტაცა, ჯერ ცხინვალის კამერულ ორკესტრში ვუკრავდი ვიოლინოზე, ლტოლვილობის პერიოდში კი – დიდი ხნის განმავლობაში, მუსკომედიის თეატრში, ორკესტრში.
– გერმანიაში თქვენი შემოქმედება აღიარეს, როგორც საინტერესო მხატვრისა, რომელმაც მინაზე ხატვის სრულიად ახალი, საკუთარი ტექნიკა დაამკვიდრა…
– გერმანიაში ისევ განმიახლდა ხატვის სურვილი. არჩევანის წინაშე დავდექი, ან უნდა დავთანხმებულიყავი წინადადებას, რომ ზემოხსენებულ საწარმოში მთავარ დიზაინერ-მხატვრად მემუშავა, ან ისევ საქართველოში დავრჩენილიყავი. მივიღე გადაწყვეტილება და დავრჩი გერმანიაში.„გლაზკუნცელი“ მთელ ევროპაშია ცნობილი, ჩემთვის პრესტიჟული იყო, რომ ამ წარმოების მთავარი დიზაინერი გავხდი.
საწარმო „გლაზკუნცელში“ ვიტრაჟებს, სხვადასხვა მოხატულობის ფანჯრებს, კარებს ამზადებდნენ… მაშინ შევისწავლე ფერებით ღუმელში გამოწვის ტექნიკა.
ღუმელში ფერების გამოწვის ექსპერიმენტების დროს ჩემი სხვა შესაძლებლობებიც აღმოვაჩინე – ფერადი ნახატები შეიქმნა. ნამუშევრები მინაზეა შესრულებული.
– გერმანიის ქალქებში გქონდათ როგორც პერსონალური, ისე ჯგუფური გამოფენები…
– გერმანული წარმოებისთვის შექმნილი დიზაინერული ნამუშევრები, სხვადასხვა დროს, ნიურნბერგისა და დიუსელდორფის მსოფლიო გამოფენებზე იყო წარმოდგენილი, სადაც ჩვენს ნაწარმს უამრავი მნახველი ჰყავდა.
გამოვარჩევ ერფრუტის პერსონალურ გამოფენას და ნიურნბერგის ხელოვნების სახლში პერსონალურ გამოფენას, რომლებმაც დიდი წარმატება მომიტანა. ნიურბერგის მერიის შენობაში ორ კვირას გაგრძელდა ჩემი გამოფენა…
ჩემი ნამუშევრები გამოიფინა გერმანიის შემდეგ ქალაქებში: ბად – ვინდსჰაიმში, ვენდელშტაინში, ნიურბერგში, ერფურტში, ბერლინში…
ერთ-ერთი გამოფენის შემდეგ გერმანული ჟურნალში წერდა: „ქართველმა ხელოვანმა ეთერ თედიაშვილმა წარმოადგინა ნამუშევრები ტექნიკით, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვსო.
საწარმოში ჩემი სახელი „ეთოც“ კი დაარქვეს ჩემი დიზაინით შექმნილ ნამუშევრებს. შეიქმნა კარების ესკიზები – „მედეა“, „აიეტი“, „იაზონი“… საღებავში თხევადი ოქროა გამოყენებული, ამიტომ ოქროს მოპოვების არგონავტების მითს დავუკავშირეთ. საქართველოს პოპულარიზაციას ვეწეოდით.
ქართული სახელები შევიტანეთ: ზეზვა, მზია… საფრანგეთში დღემდე წარმატებით იყიდება კარები „რომეო და ჯულია“.
გერმანულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა ჩემი დიზაინის ესკიზები, დადებითი შეფასებებით…
იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ცნობილმა ადამიანებმა პირდაპირ გამოფენებიდან შეიძინეს ნამუშევრები. ამის გარდა, ერთ-ერთ მონასტერს ვიტრაჟი დავუმზადე.
იმ პერიოდში საქართველოშიც რამდნიმე პერსონალური გამოფენა მქონდა… დიასპორის სამინისტროს ხელშეწყობით სისტემატურად ჩამომქონდა ნამუშევრები ქართველი დამთვალიერებლისთვის.
– 2017 წლის სექტემბრიდან დაბრუნდით საქართველოში… იმედია, გაგიცნობთ ჩვენი საზოგადოება…
– გერმანიაში მოღვაწეობის პერიოდი თითქმის 8 წელი გამომივიდა. სექტემბრიდან უკვე საქართველოში ვარ.
გერმანიიდან ღუმელი, საღებავები, საჭირო ნივთები ჩამოვიტანე, რაც შემოქმედებითი საქმიანობისთვის მჭირდება. ამასობაში საკმარისი ნამუშევრებიც დამიგროვდა. იმედია, თბილისში დაინტერესდებიან. აქაც ბევრი კარგი რამის გაკეთება შეიძლება, თუ ინტერესი იქნება.
– იანვარში პირველად შექმენით მინის წიგნი და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას უსახსოვრეთ…
– მინის წიგნში „ვეფხისტყაოსნის” რამდენიმე აფორიზმი შევიდა. სამომავლოდ უფრო დიდი წიგნის შექმნასაც ვფიქრობ.
– გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვთ?
– ყველა მიყვარს, რადგან ყველა ჩემი ნამუშევარი ექსპერიმენტის შედეგია. ეს ისეთი მასალაა, წინასწარ არ იცი, გამოვა თუ არა. თუ არ გამოვა, მრავალ სიურპრიზს გიმზადებს. ზოგიერთ ნახატს ესკიზის მიხედვით ვამზადებ, მაგრამ ძალიან ბევრი ნახატი სპონტანურად, გზადაგზა იქმნება. განწყობის მიხედვით ვხატავ. ფანტაზიაც დიდი მაქვს. ისეთ რამეს არ დავხატავ, რაც არ მომწონს.
– გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ვერაზე, ლარსის ქუჩაზე სახელოსნო – გალერეა – „ეთო-სტუდიო“ დააარსეთ…
– ჩემი სალონი ყოველთვის ღიაა დამთვალიერებლისთვის. ნებისმიერს შეუძლია, მოვიდეს, შეიძინოს ნამუშევრები… აპრილის ბოლოს ჩემს სალონში ვგეგმავ პერსონალურ გამოფენას.
გამოიფინება მინაზე მხატვრობის ნიმუშები, ღუმელში გამომწვარი ფერადი მინის ნაკეთობები. ამ ხელოვნებას გერმანელები ერთი სიტყვით გამოხატავენ – „ფიუზინგი“.
გამოიფინება როგორც მინაზე ფერწერული ნამუშევრები, ასევე სხვადასხვა ფორმის ლარნაკები, საყვავილეები, თეფშები…
– თქვენი ბავშვობის ცხინვალი… როგორი ქალაქი იყო მაშინ?
– ჩვენ მაშინ ცხინვალს არ ვაფასებდით იმ მხრივ, რა კუთხითაც დღეს ვაფასებთ, ძვირფასი ქალაქი იყო, საინტერესო მდებარეობითა და რელიეფით. ქალაქიდან კავკასიონი ჩანდა. მიშა მამულაშვილის გამწვანებულ ცხინვალს უშველებელი ხეები და ნაძვები გამოარჩევდა. ამ ყველაფერს საოცარი ჰავა ემატებოდა.
საინტერესო იყო ადამიანებთან ურთიერთობები, ყველა ეროვნების ადამიანები ცხოვრობდნენ. ხოლო როდესაც 70-იან წლებში ებრაელებმა დატოვეს ცხინვალი, იქ ახალმოსახლენი გაჩნდნენ, ისინი მაშინ გადმოვიდნენ ცხინვალში. ახალი ფაბრიკა-ქარხნები აშენდა. ვფიქრობ, მათ შექმნეს კონფლიქტური სიტუაცია. ჩვენთან – ქართველებთან ურთიერთობის ტრადიციებს არ იცნობდნენ. სიყვარული ნაკლები ჰქონდათ და მოხდა გაუგებრობა, თუ რა ვიცი რა დავარქვა, რა უბედურებაც დატრიალდა მაშინ… ეს კონფლიქტი, რა თქმა უნდა, რუსეთისგან ინსპირირებული იყო.
– თქვენს ნამუშევრებში ცხინვალის დიდი მონატრებაა…
– ცხინვალი ზამთარში დამიხატავს. წყნარი ქალაქი მახსოვს… განსაკუთრებული ზამთარი იცოდა ცხინვალში, დიდი თოვლი, თითქმის კისრამდე… მახსოვს თოვლიანი, ულამაზესი ცხინვალი. თუ თვალში რამე ცუდად მოგხვდებოდა, თოვლი მალავდა, რჩებოდა მხოლოდ დათოვლილი სახლები, ქუჩები და უშველებელი ხეები. ეს იყო ზღაპარი და ზღაპრის გმირი მეგონა თავი. ზამთარი დიდხანს გრძელდებოდა და სულ ბარდნიდა, ძალიან მენატრება ის სუფთა, გამჭვირვალე ჰაერი და ბედნიერი წლები. ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი დავკარგეთ… ვეღარ ვპატრონობთ ჩვენი წინაპრების საფლავებს…
ახლა რომანს ვწერ ცხინვალის მოგონებებზე და ისტორიაზე.
– პირველად 1986 წელს „მნათობში“ გამოქვეყნდა თქვენი მოთხრობა… მოგვიანებით გამოეცით პროზაული კრებული „ბერგ ჰაილ“, რომლის რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორია ცნობილი მწერალი მაკა ჯოხაძე…
– ჩემი პირველი მოთხრობა „ანტრაქტი“ ქართული მწერლობის ანთოლოგიაშია შესული. „მნათობის“ გარდა, მოთხრობები გამოქვეყნდა ჟურნალ „ჩვენს მწერლობაში“.
2010 წელს გამოცემულ მოთხრობების კრებულში „ბერგ ჰაილ“ 2008 წლის აგვისტოს ომის თემატიკიაა წამოწეული.
სლოვენიაშიც მიმიწვიეს, როგორც კონფლიქტური ზონის წარმომადგენელი, როგორც მწერალი. მიწვეული ვიყავი ქართულ დელეგაციასთან ერთად. ამ ბოლო დროს ლექსების წერაც დავიწყე…
– იმ ფირმამ, სადაც მთავარ დიზაინერ-მხატვრად მუშაობდით, სამების ტაძრის მშენებლობის დროს გუმბათის ყელის ვიტრაჟები დაამზადა… თქვენც მონაწილეობდით ამ სამუშაოებში…
– სამების საპატრიარქო ტაძრის გუმბათის ყელი ჩვენი გაკეთებულია.
წარმოების დირექტორმა ვერნერ კუნცელმა სამების ტაძრის გუმბათის ყელის 156 ვიტრაჟი გერმანიაში, ჩვენს წარმოებაში დაამზადა, ვერნერმა საკუთარი ხელით დაამონტაჟა პირველი ვიტრაჟი სამების ტაძარში და წყალკურთხევის რამდენიმე ელემენტიც საჩუქრად გადასცა სამების ტაძარს. უკვე პენსიაზეა, მაგრამ ძალიან ხშირად ჩამოდის. შეყვარებულია საქართველოზე, გერმანელი ტურისტების ძალიან დიდი წილზე მოდის ვერნერის ღვაწლი იმ მხრივ, რომ მისი პროპაგანდითა და აგიტაციით მრავალი ტურისტი ჩამოდის საქართველოში.
თამარ შაიშმელაშვილი