ქართველი „კანონიერი ქურდები“ დიდი გარჩევისთვის ემზადებიან – დაზავდებიან თუ არა შუშანაშვილისა და ჯანგველაძის კლანები?

მრავალწლიანი დუმილის შემდეგ ქურდულ სამყაროში ერთ-ერთი გადამწყვეტი „სხოდკა“ დაინიშნა, სადაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული კლანები შესაძლოა, ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ… და როგორც ამ საკითხებში გარკვეული ადამიანები ამბობენ, ეს შეხვედრა ან დიდი სისხლისღვრით დასრულდება, ან დაზავებით. როგორც ჩანს, ამ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით ელოდებიან რუსულ სპეცსამსახურებშიც, ვინაიდან ქართული წარმოშობის „კანონიერი ქურდები“ უკვე წლებია მათ სერიოზულ თავისტკივილად ექცათ, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც რუსეთის უშიშროება მათ, პირიქით, საკუთარი ინტერესების გასატარებლად იყენებს და უფრო მეტიც, აქტიურად მფარველობს.

რუსულ პრესაში უკვე გამოჩნდა პირველი ცნობები იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ ლაშა შუშანაშვილის კლანის წევრი ზვიად პაპიაშვილი პირადად შეხვდა ლაშა შუშანაშვილთან დაპირისპირებულ მერაბ ჯანგველაძეს („სოხუმსკი“), რომელმაც შუშანაშვილის „ბერძნულ კლანს“ დაზავება შესთავაზა. გამოცემა „პრაიმ კრაიმი“ წერს, რომ პაპიაშვილს ეს ნაბიჯი „ბერძნებმა“ შესაძლოა, ღალატად ჩაუთვალონ. ყოველ შემთხვევაში მას „სხოდკაზე“ მოსაწვევი უკვე გაუგზავნეს.

ასეა თუ ისე, ახლა მერაბ ჯანგველაძეც და ლაშა შუშანაშვილიც თავისუფლებაზე არიან. არ გამორიცხავენ, რომ მათ შორის კონფლიქტი, რომელიც შაქრო კალაშოვის დაპატიმრებამდე გაყინული იყო, სწორედ ახლა დაიძრას. პაპიაშვილთან შეხვედრაზე ჯანგველაძის მიერ სამშვიდობო ნაბიჯი უკვე გადაიდგა, თუმცა ახლა ჯერი ლაშა შუშანაშვილზეა.

ვინ არის ზვიად პაპიაშვილი, რომელიც ამ მოვლენების ცენტრალურ ფიგურად იქცა? ის „კანონიერ ქურდად“ 1996 წელს „აკურთხეს“ და შუშანაშვილის კლანის ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად მიიჩნევა. იგი ქურდად თბილისში ცნობილმა „კანონიერმა ქურდმა“ გიორგი ჯანეზაშვილმა, იგივე „ამბერგიჩმა“ მონათლა. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ალეკო ქურასბედიანთან, მეტსახელად „წრიპასთან“, თუმცა ეს ურთიერთობა პაპიაშვილისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა, ამაზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი გეტყვით, რომ პაპიაშვილი „წრიპასთან“ ერთად მოვლენების ეპიცენტრში „ვარდების რევოლუციიდან“ მალევე ორთაჭალის ციხეში მომხდარი ინციდენტით აღმოჩნდა… და აი, რა მოხდა მაშინ:

2004 წელს, მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში,  საქართველოში ცნობილი „კანონიერი ქურდი“ ბაიკო ქუთათელაძე დააკავეს. იგი საქართველოში დედის დაკრძალვაზე ისრაელიდან ჩამოვიდა. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელშეუხებლობის გარანტიები ჰქონდა მიღებული, თუმცა ბაიკო ქუთაისში ისე დააპატიმრეს, რომ არც სახლამდე მისვლის და არც გარდაცვლილ დედასთან გამომშვიდობების უფლება არ მისცეს. ქუთათელაძე მისივე უსაფრთხოების გამო, ორთაჭალის ციხეში გადაიყვანეს, ვინაიდან ქუთაისის ციხეში მყოფი ქურდები – ამბროლაძე და კუხიანიძე მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. მათ ციხის ადმინისტრაციას უთხრეს კიდეც, რომ თუ ბაიკოს აქ შემოიყვანთ, სისხლი დაიღვრებაო.

ასე აღმოჩნდა ბაიკო ქუთათელაძე ორთაჭალის ციხის #49 საკანში, სადაც მას, სხვა „კანონიერ ქურდებთან“ ერთად, სწორედ ალეკო ქურსაბედიანი („წრიპა“) და ზვიად პაპიაშვილი დახვდნენ. როდესაც ეს ცნობილი გახდა ლაშა შუშანაშვილისთვის, მოსკოვიდან დაუკავშირდა ზვიად პაპიაშვილს და უთხრა, რომ  „ბაიკო ხერხემალში გადაემტვრია“, რათა შური ეძია დათო სებისკვერაძის გამო. ეს უკანასკნელი სწორედ ბაიკოს წყალობით დაინვალიდდა.

ამის შემდეგ პაპიაშვილმა და „წრიპამ“ რადიკალურად შეცვალეს დამოკიდებულება ქუთათელაძის მიმართ და კონფლიქტიც გამოიწვიეს, თუმცა ადმინისტრაციის დროული ჩარევით, სიტუაცია განიმუხტა, რამდენიმე დღეში კი ყველასთვის მოულოდნელად ბაიკო ქუთათელაძე თბილისი-მოსკოვის ავიარეისზე რუსეთის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან, იგორ ივანოვთან ერთად აღმოჩნდა.

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე, რომელიც იმ დროისთვის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე გახლდათ, ამ მოვლენებს ასე იხსენებს:

„ქუთათელაძის პატიმრობა გრძელდებოდა დაახლოებით ორი თვე. ერთ ღამეს დამირეკა ზურაბ ადეიშვილმა და მითხრა, რომ ბაიკო უნდა გაესამართლებინათ თბილისში, თანაც – დაუყოვნებლივ, ამიტომ შენი მოსამართლე თბილისში უნდა ჩამოვიდესო. ქუთაისის მოსამართლე სჭირდებოდათ იმისთვის, რომ ჩვენი განსჯადი საქმე იყო, რადგან თავიდანვე ქუთაისის პროკურორს დააწერეს. მე, ადეიშვილის მითითების შესაბამისად, მართლაც დავურეკე მოსამართლე კოზმავას, რომ მომზადებულიყო თბილისში გასამგზავრებლად. ასევე, გვიან ღამით გააღვიძეს ქუთაისის პროკურორი და ორივე სასწრაფოდ ჩაიყვანეს თბილისში, მიიყვანეს მე-7 საპყრობილეში. პროცესიც იქვე სახელდახელოდ ჩატარდა. მანამდე მოსამართლეს ჰქონდა მითითება, ქუთათელაძეს დაკისრებოდა მინიმალური ჯარიმა, თუ არ ვცდები, 2 ათასი ლარი. იმავე ღამეს გამოიყვანეს ციხიდან. როგორც ამ მოსამართლემ და პროკურორმა მითხრეს, ქუთათელაძეს ციხის გარეთ ელოდებოდა ორი ავტომობილი – „მერსედესი“ და ლიმუზინი. ლიმუზინთან „კანონიერ ქურდს“ დახვდა იგორ ივანოვი. მაშინ, თუ არ ვცდები, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი გახლდათ. შემდეგ, როგორც ქუთაისში ბაიკოს ნათესავებისგან გავიგე, პირადად ივანოვმა სთხოვა სააკაშვილს, გაეთავისუფლებინა რუსეთის მოქალაქე, გვარად ქუთათელაძე. ესკორტი მივიდა თბილისის აეროპორტში და გამთენიისას ერთად გააცილეს ქუთათელაძე და ივანოვი მოსკოვში. ეს შეუძლიათ დაადასტურონ იმ მოსამართლემ, პროკურორმა და ადვოკატმაც, რომლებიც მე-7 საპყრობილეში გამართულ ე.წ. სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ“.

მოკლედ, ბაიკო რუსეთში წაიყვანეს, თუმცა შუშანაშვილმა „წრიპასა“ და პაპიაშვილს ამაგი მაინც დაუფასა და რამდენიმე თვეში „კანონიერ ქურდებად“ აკურთხეს მათი ძმები – ბესო პაპიაშვილი და სანდრო ქურასბედიანი.

მალევე ალეკო ქურასბედიანი „გოგირდის აბანოების“ სკანდალში გაეხვა…  აღმოჩნდა, რომ ის ციხიდან ბიძასთან, ტარიელ ქურასბედიანთან ერთად აბანოებში ჰყავდათ გაყვანილი, თუმცა იმავე ადგილზე სპეცოპერაციის შედეგად დემონსტრაციულად დააკავეს, რამაც თვით ქურდულ სამყაროშიც კი ბევრი ეჭვი გააჩინა. ამბობენ, რომ „წრიპა“ სისტემის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ საკუთარი თამაშისთვის გამოიყენა, რითიც „კანონიერ ქურდებს“ რეჟიმის გამკაცრების შესახებ აუწყაო. ამის გამო „წრიპას“ პრობლემები შეექმნა თანასაკნელ „კანონიერ ქურდებთან“ და ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. მოგვიანებით, ასევე, ფიზიკურად გაუსწორდნენ და სტატუსი შეუჩერეს ზვიად პაპიაშვილს, რომელსაც ამ გარჩევაში ნეიტრალური პოზიციის დაჭერას ედავებოდნენ.

პაპიაშვილი ციხიდან 2011 წელს გამოვიდა და ერთი წელი დასჭირდა იმისთვის, რომ სტატუსი აღედგინა. „სხადნიაკზე“ მისი საკითხი რამდენჯერმე გადაიდო, ზოგჯერ სამართალდამცველების ჩარევით, ზოგჯერ კი სხვა ხელისშემშლელი მიზეზით. ბოლოს კი, ისევ ლაშა შუშანაშვილის გადაწყვეტილებით სტატუსი აღუდგა. ის მიიჩნევდა, რომ სტატუსი უსამართლოდ ჩამოერთვა, თუმცა ერთადერთი, რასაც მიაღწია, იყო მხოლოდ ის, რომ მის ცემაში მონაწილე „კანონიერ ქურდს“ ძაგანიას, რომელსაც „მოხუცის“ მეტსახელით მოიხსენიებდნენ, სიკვდილის წინ სტატუსი ჩამოართვეს. ინციდენტის სხვა მონაწილეების მიმართ, მსგავსი გადაწყვეტილება არ მიღებულა.

მიუხედავად ამისა, დღეს იმ „კანონიერ ქურდებს“ შორის სტატუსის მატარებელი მხოლოდ ორი პირი დარჩა – ჯინჭარაძე და კუპრაშვილი. ძაგანია და ტარიელ ფოცხვერია გარდაიცვალნენ, გიგა ვიბლიანს კი სხვა მიზეზით ჩამოართვეს სტატუსი. რაც შეეხება ჯინჭარაძესა და კუპრაშვილს, მათ მერაბ ჯანგველაძე ლობირებს და დიდი ალბათობით, ზემოხსენებულ „სხოდკაზე“ შუშანაშვილის ბერძნული კლანი მათ პრეტენზიებს  წაუყენებს.

 

“პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები