„მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ“ – დარიკო ბერიძის გაუნელებელი ნოსტალგია
50 წელიწადზე მეტია სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ბავშვობიდან ხატავდა… ჯერ კიდევ სტუდენტობისას, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას, გაიცნო მომავალი მეუღლე, რომელიც ლენინგრადელი იყო და მას შემდეგ პეტრეს ქალაქს არ მოშორებია…
დროსთან ერთად სამშობლოს განცდა სულ სხვანაირი, ფერადოვანი გახდა და საქართველოზე ერთი დიდი სერია შეიქმნა.
ამბობს, რომ ძალიან უნდა სამშობლოში დაბრუნდეს… გამოფენით, მაგრამ არავის აწუხებს და სჯერა, რომ აუცილებლად მოიწვევენ, როგორც ეს 30 წლის წინათ მოხდა. ეს იქნება მისი „მეორე დაბრუნება“ სამშობლოში. – მხატვარ დარიკო ბერიძის პერსონა.
– დავიბადე და გავიზარდე საქართველოში. ბავშვობა, ჩემთვის, უწინარესად, ბებიას ნიშნავს, რომელსაც ვაღმერთებდი – მისი ზღაპრები, მისი ხელების სითბო და სიყვარული დღემდე ჩემთანაა. ვწერ და გული მიცემს მისდამი სინაზით. მკაცრი და მოსიყვარულე დედა, ემოციური და ნიჭიერი მამა მყავდა. სხვათა შორის, იგი ბრწყინვალედ ხატავდა, წერდა ლექსებს და ზღაპრებს.
– როგორ დახატეთ პირველი ნახატი. თავიდანვე იცოდით, რომ მხატვარი გახდებოდით?
– პირველი ნახატი მშვენივრად მახსოვს. 7 წლის ვიყავი და ნაძვის ხის გარშემო საახალწლო ცეკვას ვხატავდი. ცენტრში ნაძვის ხე იყო, სხვადასხვა ფერის სათამაშოებით…ზოგი ბავშვი ანფასში დავხატე, ზოგი – პროფილში… მაგრამ როგორ დამეხატა ბავშვები ზურგიდან? ბავშვურმა გონებამ ვერაფერი მოიფიქრა გარდა იმისა, რომ დამეხატა ისინი თავდაყირა, თავით ქვემოთ, ფეხებით ზემოთ… მახსოვს, ყველანი როგორ იცინოდნენ…
საერთოდ, მეც ისე ვხატავდი, როგორც ყველა. ხატვაში სკოლაში სამებს მიწერდნენ… ეტყობა, რაღაცას არასწორად ვაკეთებდი…
მაგრამ ბედი სხვას მიმზადებდა… თავიდან ჩემს „საშინელ“ ნახატებს ყურადღება მიაქცია მამიდა მაშიკომ. ჩვენი შორეული ნათესავი იყო უჩა ჯაფარიძე. მაესტრომ ნახა რა ჩემი ნამუშევრები, სხვათა შორის თქვა: დაე, ხატოს! ხოლო მაშიკომ მშობლებს განუცხადა, რომ ბავშვი გენიოსია. აი, ასე განისაზღვრა სამხატვრო აკადემიის ტექსტილის დიზაინის განყოფილება (როგორც გოგონასთვის)…
სიმართლე უნდა ვთქვა, რომ უფრო მეტად ლიტერატურა მიტაცებდა, ცუდად არ ვწერდი, კურიოზიც კი მოხდა… მისაღებ გამოცდებზე დაწერილი ჩემი თხზულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებს (ვინც იბარებდნენ გამოცდებს) ისე მოეწონათ ჩემი თავისუფალი თემა „რატომ მიყვარს მთაწმინდა“, დიდხანს მარწმუნებდნენ, რომ მათთან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე გადავსულიყავი.
მაგრამ ბედი უკვე ხატავდა ცაზე თავის იდუმალ ნახატს და მე ლენინგრადში აღმოვჩნდი. ეს მოხდა 1963 წელს.
– სრულიად ახალგაზრდამ ლენინგრადში დაიწყეთ ცხოვრება… მეუღლესთან ერთად… რა განცდა გქონდათ? ასეთი ცხოვრებისული ეპიზოდები ხომ თავის კვალს ტოვებს შემოქმედის სულში…
– თავიდან ძალიან ძნელი იყო სხვა ქალაქში, როცა ირგვლივ ყველაფერი უცხოა… პატარა გოგონა… სწავლისადმი სხვა მოთხოვნილებები… მრავალი გასართობი და მოსაწყენიც ბევრი იყო. მაგრამ რაღაც შინაგანმა ძალამ მაიძულა, ეს სირთულეები გადამელახა. ახლობლების დიდი მხარდაჭერა მქონდა… იყვნენ და არიან ჩემი შესანიშნავი კურსელები. ახალგაზრდობა უმთავრესია… ამ პერიოდს ყველაზე ნათელი და ამაღელვებელი მოგონებები უკავშირდება… მეგობრების დახმარებით ყველა ჭირ-ვარამი გადავლახე.
– 50 წელზე მეტია რუსეთში ცხოვრობთ… აღიარება სწორედ ლენინგრადიდან დაიწყო… ის პირველი წლები გაიხსენეთ, როცა თქვენეულ ხელწერას მიაგენით…
– არ მჯერა, რომ ნახევარი საუკუნე გავიდა. პირველი შთაგონება და იმპულსი, როგორც მხატვართან უცაბედად, მხოლოდ 24 წლის ასაკში, მომავალ სტუდენტთან მოვიდა… რაღაც შეიცვალა ცნობიერებაში და ხელმა თავისით ძალდაუტანებლად დაიწყო სულის პატარა მოძრაობების გადმოცემა… მივხვდი, რომ იოლად შეიძლებოდა იმის გადმოცემა, რასაც ვერ ვხედავდი… გადავწყვიტე, დამეხატა მოგონებები… ხშირად მომყავს იაპონელების მაგალითი – შენ შეიძლება ხშირად უყურო ჩანჩქერს, დღეების, თვეების, წლების განმავლობაში, მაგრამ ჩანჩქერი მისგან შებრუნებით უნდა დახატო. უნდა დახატო არა ჩანჩქერი, არამედ ჩანჩქერისგან მიღებული შთაბეჭდილება.
– რა გავლენა მოახდინა სამშობლოს ნოსტალგიამ თქვენს მოღვაწეობაზე?
– სამშობლოს თემა ჩემთვის ძალიან მტკივნეულია. დროის მსვლელობასთან ერთად ეს განცდა ღრმავდება. მე მას ყველაზე დიდი სერია მივუძღვენი – „ეს საქართველოა“. ამ სერიას მთელი ცხოვრების მანძილზე ვქმნი. ვიხსენებ ყველაფერს, ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლებს… დედასთან მეგობრებთან, ნათესავებთან ერთად გატარებულ წლებს… ჰაერი, სურნელება… – ეს ყველაფერი არის ჩემს ნახატებში… სამშობლოზე საათობით შემიძლია ლაპარაკი. ყოველთვის მახსოვს, ვინ ვარ და საიდან.
– 1979 წელს ლენინგრადში პირველი პერსონალური გამოფენა შედგა. 1980 წელს დეკორატიული ქსოვილების მოხატვაც დაიწყეთ... რომელ ქვეყნებშია თქვენი ნამუშევრები?
-1979 წლიდან დღემდე 40-ზე მეტი პერსონალური გამოფენა მქონდა. ძირითადად, რუსეთსა და საქართველოში. ასევე პერსონალური გამოფენები გაიმართა აშშ-ში, გერმანიაში, ინგლისში და ფინეთში. გამოფენებზე ყოველთვის წარმოდგენილია ფერწერა, გრაფიკა, კერამიკა და დეკორატიული ტექსილი. ამ დროის განმავლობაში 20 მსხვილი ობიექტი გავაკეთე. განსაკუთრებით ძვირფასია თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლის ფარდები.
თუ ჩამოვთვლი, სად მდებარეობს ჩემი ნამუშევრები… იოლი სათქმელია, სად არ არის ისინი… აი, ავსტრალიაში ნამდვილად არ არის… ვამაყობ, რომ მრავალი ჩემი ნახატი თბილისის სახელმწიფო მუზეუმშია. ნახატები არის, აგრეთვე, მრავალი ქვეყნის კერძო კოლექციებში. ესენია: აშშ, არგენტინა, ევროპის ყველა ქვეყანა, აფრიკა, ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია…
– თქვენს ნამუშევრებში ჭარბობს ქალის ფიგურები… რატომ?
– რატომ უმთავრესად ქალის ფიგურები? – ამ კითხვას მრავალი სვამს, განსაკუთრებით -კაცები. ფლობერმა თქვა: მადამ ბოვარი – მე ვარ!. ყოველ ნამუშევარში ქვეცნობიერად ვარ მე. მე ვიგულისხმები. ჩემი მეგობრების ისტორია, ყველაფერი წაკითხული და ნანახი შემდეგ შემოქმედებაში აისახება. როცა მაგიდასთან ვჯდები, წინასწარ არასოდეს ვიცი, რას გავაკეთებ… ხელი და აზრები თითქოს თავისით ირჩევს სიუჟეტს, და როცა სურათი უკვე დასრულებულია, მხოლოდ მაშინ იწყებს ჩემზე ზემოქმედებას და ვიწყებ გვერდიდან ყურებას… ხოლო ქალი – დასაწყისია ცხოვრების… სიყვარულის წყარო!
– რამდენად დაფასებული ხართ ლენინგრადში?
– მთელი ამ წლების განმავლობაში ჩემი შემოქმედებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულება იყო. ყოველთვის სიხარულით მცნობდნენ კოლეგები. ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის. ბევრს უკვირს, რომ არანაირი წოდება არ მაქვს. სიმართლე გითხრათ, ასეთი მისწრაფება არასოდეს მქონია… განა რაიმე წოდება ან ჯილდო ნიჭს ჰმატებს რამეს? კარგი მხატვარი ყოველთვის ისეთივედ რჩება, როგორიც შექმნა ღმერთმა. განა შეიძლება დამსახურებულ მხატვრებად ველასკესის ან ფიროსმანის წარმოდგენა?
– სანქტ-პეტერბურგის ინტელიგენცია… რას ფიქრობენ საქართველოზე და მასთან ურთიერთობაზე? რამდენად გაძლევთ შთაგონებას პეტრეს ქალაქი?
– სანქტ-პეტერბურგის ინტელიგენცია ცალკე საუბრის თემაა. რომ არ ყოფილიყო ჭკვიანი, მოწესრიგებული… ნათელი, განათლებული და კეთილი ხალხი, მე ვერ შევძლებდი ნახევარ საუკუნეზე მეტხანს ამ ქალაქში ცხოვრებას. შეუძლებელია ყველა მაგალითის მოხმობა – პეტრეს ქალაქზე და მის მცხოვრებლებზე წიგნი დაიწერება.
რაც შეეხება შემოქმედებას, როგორც ჩანს, უნდა წახვიდე ხანგრძლივად და შორიდან გაიხსენო და დახატო ყველა საყვარელი ადგილი…
რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ბოლო დროს მუდმივად მესმის მხოლოდ აღფრთოვანების სიტყვები! ბუნებისა და ხალხის სიყვარული… პოლიტიკოსებს არ შევეხები… ისინი მოდიან და მიდიან… დრო იცვლება. ხოლო ცოცხალი ურთიერთობა და გრძნობა რჩება სამუდამოდ. ამ ორ ქვეყანას მრავალსაუკუნოვანი კულტურა აერთიანებს… რწმენა… როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება!
– თქვენს ნახატებს ლექსები ამშვენებს… განსაკუთრებით იაპონური ლირიკა, ახმატოვა, ბალმონტი, ანმაშევი, ნაბოკოვი, მარკესი… ივანოვი, მიხეილ ქვლივიძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, ჰაინე, ბროდსკი, ანა კალანდაძე… როგორ არჩევთ პოეტებს? ხატვის განწყობილებას ლექსი გიქმნით? რომელ პოეტთან გრძნობთ განსაკუთრებულ სულიერ სიახლოვეს?
– პოეზია… გვიან, 40 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. როცა ბავშვები პატარები იყვნენ და ხატვის საშუალება არ მქონდა, მე ჩემთვის ლექსებს ვსწავლობდი… შემდეგ დავიწყე მათი დეკლამირება შემოქმედებით საღამოებზე… ხოლო შემდეგ… დავიწყე შერჩევა და ლექსების ილუსტრირება… ხოლო ჩემს ცხოვრებაში ინტერნეტის შემოსვლის შემდეგ, მარტო ნახატების განთავსება თავიდანვე არ მომწონდა… და მე ვფიქრობ საინტერესო გზა მოვნახე. პოეზია და ხატვა გავაერთიანე. ასე შეიქმნა ახალი შემოქმედება.
ახმატოვა პირველი მცდელობა იყო… 1987 წლიდან მოყოლებული თითქმის 10 წელი გაგრძელდა. ამ დღეებში ისევ დავუბრუნდი ანა ანდრეევას. თითქმის ერთი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი თანამედროვე პოეტის მიხაილ ანმაშევის შემოქმედება. თითქმის ასი ნახატი შეიქმნა მის ლექსებზე.
2015 წელი მთლიანად ნაბოკოვის შემოქმედებას დავუთმე. დიდი ხანია მზად მაქვს წიგნის მაკეტი, მის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მაქვს! მოულოდნელად, 10 წლის წინ აღვფრთოვანდი აღმოსავლეთით! იაპონიამ, სადაც არასოდეს ვყოფილვარ, სამუდამოდ მომაჯადოვა.
ლექსების კითხვის დროს ნახატები თავისუფლად და იოლად იბადება… ჩვეულებრივ, სერია – 20-მდე ნამუშევარი იხატება… ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნება მოზაიკა… ლექსები ნაზად ერწყმის სურათს და იწყებენ ერთობლივ სუნთქვას. ეს შთაგონებაა!
– როგორ ხატავთ?
– როგორ ვმუშაობ?.. ნეტავ, ვიცოდე… უბრალოდ არის სულის მოთხოვნილება… ყოველდღიურად დაჯდე მაგიდასთან. უკვე გავიდა დრო, როცა კილომეტრიან ქსოვილს ვხატავდი. ამისთვის ძალა და სივრცე აღარ არის. ვცხოვრობ უნიკალურ ადგილას – ცარსკოე სელოში… გვერდით ეკატერინეს პარკია. სიმშვიდე… მე ვიცი, რომ უკვე წამსვლელი ვარ. დარჩა არცთუ ბევრი… და ბევრი უნდა მოვასწრო.
ყოველ დილით მე ვჯდები სუფთა მაგიდასთან! (ეს აუცილებელია). ირგვლივ საოცარი წესრიგი უნდა სუფევდეს! (ესეც აუცილებელია) – წყალი, ფუნჯები, აკვარელის საღებავები, ტემპერა… 10 წუთის შემდეგ ვგრძნობ, რომ ხელი თავისით მიდის… შემდეგ უკვე ყველაფერზე შეიძლება ფიქრი… ხელი თავის საქმეს აკეთებს.
ხანდახან, როცა სურათებს ვუყურებ, ვხედავ, არსად არცერთი დეტალი არ მეორდება, ფერთა გამა და ფურცლის კომპოზიცია ყოველთვის დასრულებულია. არ შემიძლია, დავწერო ჩემს ნამუშევრებზე ისე, როგორც ჩემი მეგობრები წერენ ფეიბუქზე. ალბომიც კი შევქმენი, სადაც ინახება კომენტარები. ჩემი დიდი მადლიერება შესანიშნავ ადამიანებს!
– თქვენი შემოქმედებით მრავალი – რეზო თაბუკაშვილი, რობერტ სტურუა, გურამ საღარაძე, რეზო გაბრიაძე… ჭაბუა ამირეჯიბი მოხიბლულა…
– ო, რა ზღაპრული სახელები ჩამოთვალეთ… რობერტ სტურუა ლენინგრადში, 1983 წლის გასტროლების დროს გავიცანი. მის სპექტაკლებზე მაყურებელი, შეიძლება ითქვას, „ეკიდა“ იარუსებზე და ბალკონებზე. იგი ხშირად მოდიოდა ჩემს სახელოსნოში გურამ საღარაძესთან ერთად. არცთუ იშვიათად თბილისშიც შევხვედრივართ. განსაცვიფრებლად მომხიბლავი და ნიჭიერი რეზო გაბრიაძე. მისი თოჯინების უნიკალური თეატრი… მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული ვიიყავი ყველა სპექტაკლით და თავად რეზოთი…
…ჩემს შესანიშნავ მეგობარზე და ადამიანზე რეზო თაბუკაშვილზე წერა და ლაპარაკი შეუძლებელია. ის ყოველთვის კეთილი იყო ჩემ მიმართ. შემთხვევით შევხვდით თბილისის სადღესასწაულო რიტუალების სასახლეში. ის მაშინვე მშობლიურად მეჩვენა… მაშინ გავიხსენეთ, რომ იგი ბავშვობიდან მიცნობდა. 30 წლის შემდეგ ისევ შევხვდით… ამიტომ მასთან ყოველი შეხვედრა ჩემთვის დღესასწაული იყო.
1986 წელს, როცა „ფიროსმანის“ დარბაზში ჩემი ყველაზე დიდი – 350 ნამუშევრის გამოფენა მიმდინარეობდა, რეზო თაბუკაშვილმა მოიწვია ჭაბუა ამირეჯიბი და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. ფილმი „დაბრუნება“ საქართველო-86-ის მატიანეში შევიდა, როგორც კულტურის სფეროს საუკეთესო ნაწარმოები.
უნდა ითქვას, რომ გურამ საღარაძის ლექსების ალბომი თითქმის სამაგიდო დისკია. უნიკალურად წაკითხული!
– საყვარელი მხატვარი…
– საყვარელი მხატვარი? ძალიან მოკლედ ვიტყვი – როცა დალის ჰკითხეს, რა არის ახალი ხელოვნებაშიო? მან უპასუხა: ახალი ველასკესი!
– როგორია შორეული თბილისი?
– ჩემი შორეული, საყვარელი, მშობლიური თბილისი! უკვე 27 წელი არ ვყოფილვარ… 27-წლიანი ნოსტალგია მაქვს… მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ – თითქოს მე თბილისში ვარ და ვერაფრით ვაგნებ საკუთარ სახლს ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც დედა მიცდის… და მერე ტანჯვისგან ვიღვიძებ… საქართველო ჩემს ნახატებშია, დედა კი მუდმივად გვერდით მყავს… ნახატები ყველაფერს ამბობს… მხოლოდ ასე შემიძლია გამოვხატო ჩემი სიყვარული…
– ოჯახი… მეუღლე და შვილები…
– მყავს ორი ქალიშვილი და ასევე ორი შვილიშვილი, უკვე დიდები არიან… ხატვას არცერთი არ გაჰყვა. თუმცა ნიჭი აქვთ, როგორც ამ დროს ამბობენ, შემოქმედებითი ნატურები არიან… მათი მამა იყო მხატვარი, მაგრამ 11 წლის წინ ტრაგიკულად დაიღუპა… ჩემი ბავშვები ჩემი პირველი დამხმარეები და რაც მთავარია, მეგობრები არიან…
– საქართველოში აპირებთ დაბრუნებას?
– ოჰ, ისე არაფერი მინდა, როგორც სამშობლოში დაბრუნება. თანაც, მინდა დავბრუნდე გამოფენით, როგორც ეს 30 წლის წინათ მოხდა… მეორე „დაბრუნება“. მაგრამ მე მარტოს ამას ვერ გავაკეთებ… თხოვნა კი არ შემიძლია. და აი ასე ველოდები… რომ ვინმეს დავჭირდები… მე ფატალისტი ვარ და მჯერა ბედისწერის… არ ვჩქარობ… თუმცა ძალიან მჯერა…
– სამომავლოდ…
– სამომავლოდ ვლადიმირში პერსონალური გამოფენით მიმიწვიეს – ოქროსფერი შემოდგომის დღეებში… ვწერ მოგონებებს. ახალ სერიას ვიწყებ – ამომავალი სამყაროების, დანიელ ანდრეევის წიგნის „სამყაროს ვარდის“ მიხედვით. გადავწყვიტე, შეუცნობელში შევიხედო.
ნება მომეცით, მადლობა გადაგიხადოთ, კითხვების გამო. ჩემი პატივი და მადლიერება -ყველა მკითხველს. ვიმედოვნებ, შეხვდებით. წარმატებები და სიხარული თქვენ!
თამარ შაიშმელაშვილი