ჩოხატაურში უვიზო რეჟიმის ამოქმედებას საზეიმოდ აღნიშნავენ
ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებას ჩოხატაურში საზეიმოდ აღნიშნავენ. გვიან ღამით, კულტურის ცენტრმა, ხელოვნების სასახლეზე საგანგებოდ გაკეთებულ ეკრანზე ფილმი გაუშვა და მოედანზე შეკრებილ მაყურებელს ევროპა ვირტუალურად დაათვალიერებინა.
ღონისძიებას, რომელიც თითქმის ერთი საათი გრძელდებოდა, მუნიციპალიტეტის პირველ პირებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.
“ეს არის ისტორიული და უმნიშვნელოვანესი თარიღი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მინდა ყველას მოგილოცოთ”, – აღნიშნა ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ, ზაალ მამალაძემ.
მოქალაქეებს ეს დღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმაც მიულოცა.
“ყველას გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს! ჩვენ დავბრუნდით ევროპაში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, _ განაცხადა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ირაკლი კუჭავამ.
ვიზალიბერალიცაზიის აღნიშვნა ჩოხატაურში დღესაც გრძელდება. მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის, თამარ კეკელიძის ინფორმაციით, ხელოვნების სასახლის წინ, კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები დღის ორი საათიდან ღონისძიებას გამართავენ, სადაც მაყურებელს სპეციალური ბუკლეტებიც დაურიგდებათ.
“ეს ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი დღეა და დანარჩენ საქართველოსთან ერთად ჩვენც ვცდილობთ, შესაბამისად აღვნიშნოთ. ღონისძიებაში, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს მხარდაჭერით ტარდება, მთელი მუნიციპალიტეტია ჩართული და ვეცდებით, ეს დღე ყველასთვის დაუვიწყარი იყოს”, – აღნიშნა თამარ კეკელიძემ.