„მშობელთა სკოლა“ მოსახლეობის სამედიცინო განათლების მიზნით სოფლებში ჩადის
საჩხერის სამედიცინო ცენტრის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მშობელთა სკოლის“ ფარგლებში უკვე 5 თვეა, 2016 წლის 1 ნოემბრიდან, ყოველი კვირის პარასკევს იმართება შეხვედრა-ტრენინგები რეგიონის მოსახლეობასთან. შეხვედრებზე მსმენელთა დასწრება თავისუფალია, თუმცა პროექტის სამიზნე აუდიტორია ორსული ქალები და ახალშობილთა დედები არიან.
შეხვედრებზე ექიმები ქალებს აწვდიან ინფორმაციებს ორსულის კვებასა და მოვლაზე, ფიზიოლოგიური მშობიარობის უპირატესობაზე, ახალშობილის მოვლის თავისებურებებზე, მათი დღის რეჟიმზე, ძუძუთი კვების უპირატესობაზე, დედის კვებაზე ლაქტაციის დროს, დამატებითი კვების სწორ ტაქტიკაზე, ბავშვის ჯანსაღ კვებაზე, ფსიქომოტორულ განვითარებაზე, სიმსუქნესა და ფიზიკურ აქტივობაზე, თამბაქოს და სხვა მავნე ჩვევების ზეგავლენაზე, სეზონური დაავადებების დროს პრევენციაზე.
განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ინდივიდუალურ მსმენელთა ჯგუფისთვის აქტუალურ საკითხებზე.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ექსპერტის, პედიატრის, ნუტრიციოლოგ ნინო თოთაძის განცხადებით, დღემდე ასეთი 12 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო გასვლითი შეხვედრები სოფლებში – კორბოული, პერევი და სხვ. ასევე, შეხვედრა – ჭიათურაში.
ექიმის თქმით, „მშობელთა სკოლის“ შეხვედრებმა თითქმის სრულად მოიცვა საჩხერის რეგიონი, სადაც როგორც ოჯახის ექიმებს, ასევე მშობელ-მსმენელებს საშუალება ეძლევათ, მოისმინონ მათთვის აქტუალური სამედიცინო სიახლეები და ლექციით გათვალისწინებული სამედიცინო თემატიკა.
აღნიშნული პროექტით გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის დაინტერესება დიდია.
„მსმენელ ორსულებს მშობიარობის შემდეგ უჩნდებათ სურვილი, კვლავ დასვან კითხვები ახალშობილთან დაკავშირებით და ამიტომ სისტემატურად ვხვდებით მათ და რეკომენდაციებს ვაძლევთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ შორის ნდობა ღრმავდება და მსმენელებს უხერხული კითხვების დასმის პრობლემაც ნაკლებად აქვთ“, – აღნიშნავს ნინო თოთაძე, – „მართალია, მსგავსი ინფორმაციების მიღება ტელევიზიითაც შეიძლება, მაგრამ სოფლებში, შესაძლოა, ტელესივრცეს ვერ იყენებდნენ. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ცოცხალ ურთიერთობას, კითხვა-პასუხის აქტიურ რეჟიმს.“
საჩხერის სამედიცინო ცენტრის პატრონაჟით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
„რადგან პროექტის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მოსახლეობის ინფორმირებულობა სამედიცინო საკითხებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა და ექიმთან ვიზიტის კულტურის ჩამოყალიბება, ვგეგმავთ, მომავალში კიდევ მეტი დრო დავუთმოთ თითოეულ მსმენელს მისი კონკრეტული პრობლემის განსახილველად. პროექტი სრულად გავრცელდება როგორც საჩხერის, ასევე ჭიათურის და ზესტაფონის რეგიონების კონტინგენტზე“, – დასძენს ნინო თოთაძე.